მოლოდინი, რომ პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებს განახორციელებს, რამდენიმე მიზეზის გამო გაჩნდა. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ ახალი წესდების ჩანაწერმა ეს ეჭვი გააძლიერა. პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს წესდებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს პრემიერ მინისტრის კანდიდატის წარდგენა შეუძლია.
მმართველი პარტიის ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში თავისი დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზად ხელისუფლებაში კორუფციული რისკების მატება დაასახელა. ამ განცხადებას დროში საინტერესოდ დაემთხვა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, რომლის ინფორმაციითაც, 2024 წელს „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო“ 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციას შეამოწმებს.
თანამდებობის პირთა შორის, რომელთა ქონებრივი დეკლარაციებიც შემოწმდება, არიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები, მათი მოადგილეები და პარლამენტის წევრები. შემოწმება ასევე შეეხება თბილისის მერს, კახა კალაძეს, ასევე - სხვადასხვა სამინისტროების და თანამდებობის პირების ქონებებს.
დოკუმენტის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მომუშავე თანამდებობის პირების, ასევე საქართველოს საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის, საქართველოს ფოსტის, საქართველოს რკინიგზის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერეატორის (ესკო), საქართველოს განვითარების ფონდის, ეროვნული ბანკის, პროკურატურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, საპენსიო სააგენტოს, სატყეო სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებაზე.
რატომ შეიძლება ივანიშვილს საკადრო ცვლილებები დასჭირდეს და რას მისცემს ეს მას პოლიტიკურად? - ამ კითხვაზე ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პორგნოზირება საკამაოდ რთულია, თუმცა, მეორე მხრივ, ივანიშვილი არის ისეთი პიროვნება, რომელიც თუკი დასჭირდება, უკან არაფერზე დაიხევს. საჭირო თუ გახდა, მთელს პოლიტიკურ შემადგენლობას სახლში, ან კიდევ ნაწილს ციხეში გაუშვებს.
„ივანიშვილი გადაწყვეტილებას არ ღებულობს ემოციების ნიადაგზე ან ერთგულების კუთხით. ის არის ბიზნესმენი, მენეჯერული თვისების ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ასე, ვინ სჭირდება და ვინ არა. თუ დაინახავს იმის აუცილებლობას, რომ კორუფციას სერიოზულად უნდა შეუტიოს, ის ამას გააკეთებს. ასევე, თუ საჭირო გახდება, ის მთელ პოლიტიკურ შემადგნელობას შეცვლის.
ამ შემთხვევაში, საუბარი უნდა იყოს იმაზე, რამდენად საჭირო გახდება მისთვის ამ გუნდის ცვლილება. თუ ივანიშვილი იმის საფრხეს იგრძნობს, რომ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შანსი ოპოზიციას უჩნდება, ის დაიწყებს რადიკალურ ცვლილებებს. ასევე, არის კიდევ მეორე ვარიანტი, რომელზეც ნაკლებად საუბრობენ, ის რომ ივანიშვილი დაბრუნდა უკან არა მხოლოდ იმისთვის, რომ სისტემა დაალაგოს და სახელისუფლებო გუნდის მუშაობა გააუმჯობესოს, არამედ იმისთვის, რომ მან ამ ძალაუფლებით ივაჭროს, თუკი ეს საჭირო გახდება. თუ ივანიშვილმა დაინახა, რომ ის ხელისუფლებას კარგავს, მაშინ ივაჭრებს უსაფრთხოების გარანტიებით, როგორც ეს თავის დროზე შევარდნაძემ და სააკაშვილმა გააკეთეს“, - ამბობს ძაბირაძე.
მისი აზრით, შესაძლოა, მან გარანტიები დასავლელი პარტნიორებისგანაც მიიღოს და თუკი დაინახა, რომ სხვა გზა არ არის, ხელისუფლების გადაბარება მშვიდად უზრუნველყოს. თუმცა ანალიტიკოსი ახლა ამის საჭიროებას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ივანიშვილს ჯერ არც ერთი სცენარისკენ წასვლა არ სჭირება. თუკი მოვლენები ამ 10 თვეში სხვაგვარად განვითარდა, ის თავს დაიზღვევს - მისი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებაც ერთგვარი დაზღვევაა.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი კი მიიჩნევს, რომ ამ მომენტისთვის არ არსებობს რაიმე იმის წინაპირობა, რომ მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. გოგოლაშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ სახელისუფლებო გუნდში საკადრო ცვლილებები დაიწყოს.
„ოცნების“ ყრილობაზე მისი გამოსვლიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი ხედავს საკადრო ცვლილებების აუცილებლობას, მაგრამ არ იცის, პოლიტიკურად რა შედეგს მიიღებს თუ საკადრო ცვლილებებს მთავრობასა და მმართველ გუნდში დაიწყებს. საქმე იმაშია, რომ ახლანდელი ივანიშვილი, ძალიან განსხვავდება 2012 წლის ივანიშვილისგან, ასევე, პოლიტიკაში მეორედ მობრუნებული ივანიშვილისგან, როცა გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გაშვება მოხდა.
მგონია, მაშინ ივანიშვილი გადაწყვეტილებას ყველა ეტაპზე იღებდა, ახლა კი ამაში დარწმუნებული არ ვარ. საქმე ისაა, რომ „ოცნების“ შიგნით, სხვადასხვა ჯგუფები და ლიდერები მოძლიერდნენ, რომლებიც ივანიშვილისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. თუმცა, ჯერჯერობით, მგონია, რომ მას ბერკეტები „ქართულ ოცნებაში“ მაინც აქვს, მაგრამ აღარ აქვს აბსოლუტური ძალაუფლება. გუნდმა, რომელიც მან „ქართულ ოცნებაში“ დატოვა, თავის გარშემო მოახერხა ძალიან ბევრი ადამიანის შემოკრება. ამიტომ ის ახლა ფრთხილობს და მოვლენებს აკვირდება. ასევე სჭირდება გუნდის შიგნით სიტუაციის კიდევ უფრო გარკვევა“, - ამბობს გოგოლაშვილი.
მისივე თქმით, შესაძლოა, პრემიერ ღარიბაშვილს მმართველ გუნდში სრული მხარდაჭერა არ ჰქონდეს, მაგრამ მას ჰყავს თავისი გუნდი მინისტრების და მისი მოადგილეების სახით. თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ მას საპარლამენტო უმრავლესობაზეც ასეთივე გავლენა ჰქონდეს. გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი მხარდამჭერთა გუნდი პარლამნეტში ირაკლი კობახიძეს ჰყავს, ამიტომ რომელიმე მათგანის გადაყენება ასე მარტივი არ იქნება. შესაბამისად, ივანიშვილიც ჯერ სიტუაციაში გარკვევას შეეცდება.