„სააკაშვილის ბრძოლა ეკლესიასთან, მინიატურულად, შუასაუკუნეობრივ ბრძოლას მოგვაგონებდა საერო ხელისუფლებასა და რომის პაპს შორის“

„სააკაშვილის ბრძოლა ეკლესიასთან, მინიატურულად, შუასაუკუნეობრივ ბრძოლას მოგვაგონებდა საერო ხელისუფლებასა და რომის პაპს შორის“

„არა მგონია, უცხოელი დონორების გეგმაში იყოს საქართველოს ეკლესიის წაქცევა, მაგრამ უცხოელებს აქვთ ერთიანი მიდგომა და რაც ტრენდულია, იმის დაცვას ითხოვენ ყველა ქვეყანაში. ასეთი ტრენდული აღმოჩნდა ლგბტ თემის დაცვა, ახლა კი ტრენდულია, რომ თეთრკანიანები ვალში ვართ შავკანიანების მიმართ. მართალია, საქართველოში არასდროს ჩამოგვიყვანია მონები აფრიკიდან, მაგრამ მონანიებას, ალბათ, ჩვენც მოგვთხოვენ, როგორც თეთრკანიანებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბარში „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე.

რას ემსახურება ოპოზიციისა და არასამთავრობოების მხრიდან ეკლესიის თემით სპეკულაცია? რამდენად აწყობთ უცხოელ დონორებს ეკლესიის მიმართ ტერორი და ხომ არ ნიშნავს ეს მიზანმიმართულ ბრძოლას სარწმუნოებისა და ეკლესიის წინააღმდეგ?

- ანალიზისთვის უნდა დავყოთ ეს საკითხები და ცალ-ცალკე განვიხილოთ. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი პირადად მტრობდა უწმინდესსა და უნეტარესს და ეს გასაგებიც იყო. სააკაშვილისთვის, მისი ფსიქოპათიიდან გამომდინარე, აუტანელი იყო ისეთი ინსტიტუტის და, უპირველეს ყოვლისა, ისეთი ადამიანის არსებობა, რომელიც გაცილებით დიდი პოპულარიბითა და ნდობით სარგებლობდა მასთან შედარებით. აბსოლუტურად ყველა გამოკითხვა ამას აჩვენებდა, იქნებოდა ეს უცხოური ორგანიზაციების, „ენდიაის“, „აირაის“ კვლევები, თუ ადგილობრივი გამოკითხვები. ასევე, ქართული არმია სარგებლობდა მაღალი ნდობით, იყო შემთხვევები, როცა თავიდან პოლიციაც მაღალი ნდობით სარგებლობდა, მაგრამ ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის რეიტინგი სააკაშვილისთვის მიუღებელი იყო. სააკაშვილი ცდილობდა, ეკლესიაც ექცია ინსტრუმენტად თავისი ძალაუფლებისთვის. გვახსოვს, როცა ეკლესიის თავკაცებს ჯიპები აჩუქეს. ერთი მხრივ, ეს იყო მოსყიდვის მცდელობა და, მეორე მხრივ, მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს ყველა ამ ჯიპში. ეს იმიტომ, რომ კომპრომატი ჰქონოდათ სასულიერო პირებზე.

სრულიად ამაზრზენი რამ მოხდა 2008 წლის დეკემბერში, როდესაც უწმინდესი გაემგზავრა მოსკოვში, იქ შეხვდა რუსეთის ეკლესიის ხელმძღვანელებს, შეხვდა მაშინდელ ნომინალურ პრეზიდენტ მედვედევს, თორემ ძალაუფლება, რა თქმა უნდა, პუტინის ხელში იყო. ჩამოსვლისთანავე უწმინდესმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრებისას რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, მზად არის, განიხილონ საკითხი, დაიხიოს რუსეთის ჯარმა იმ პოზიციებზე, რაც თავის დროზე ჰქონდა. პატრიარქმა პერევიც ახსენა, სოფელ პერევიდან ხვალვე დაიწყებენ გასვლას რუსის ჯარებიო. ამასთან, დასძინა, რომ ამიერიდან საჭიროა ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები ჩაერთონ ამ მოლაპარაკებაში რუსეთთანო. სააკაშვილმა მაშინვე ბათუმიდან გააკეთა განცხადება, უწმინდესი რომ მიდიოდა, მე ვურჩიე თუ ვთხოვე, ეს ასე გააკეთეო, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა სააკაშვილის საუბრიდან გამომდინარე, რომ რა ქნას პატრიარქმა, არ არის ეს კაცი არც დიპლომატი, არც სახელმწიფო მოღვაწე და რაღაც მაინც გააკეთა.

შემდეგ რუსეთის ჯარმა ორგანიზებულად დაიწყო პერევიდან გასვლა, კარვები შეკრეს და დაიძრნენ, ამასობაში დილიდან უკვე ყვიროდნენ კოლექტიური ცისკარიშვილები, გაბაშვილები და სხვები, კუდით ქვა ვასროლინეთ რუსებს, როგორც ახლა პერევიდან გარბიან, ასე გაიქცევიან ყველა ადგილიდან. ადგილზე კიდევ „ფსიქოლოგიური შეტევა“ განახორციელეს, ქართული ჯარი ავტომატებით ხელში მისდევდა რუსებს და სააკაშვილის ტელევიზია იღებდა, როგორ გარბოდნენ რუსები „სააკაშვილის შიშით“. ეს იმიტომ მოხდა, რომ უწმინდესს ხალხის თვალში არ შერჩენოდა, რომ მან თავისი ავტორიტეტით რუსები გაიყვანა პერევიდან. რუსებმა 800 მეტრით კი დაიხიეს, მაგრამ მერე რუსმა გენერალმა თქვა, აქ რაღაც უბედურება ხდებაო, შეაჩერა უკანდახევა, გამოიძახა დამატებითი ძალა, მედესანტეები და კუდით ქვა ასროლინა სააკაშვილის ხალხს. რამდენიმე წლით სიტყვა „პერევი“ პოლიტიკური რუკიდან წაიშალა. არავის უხსენებია პერევი. მერე ჩვენ გვახსოვს, როდესაც უწმინდესი არ მივიდა 26 მაისის აღლუმზე, რადგან 2011 წელს დარბევა მოხდა. მანამდე, 2009 წელს პედაგოგებს ხვდებოდა უწმინდესი და პედაგოგებმა ჰკითხეს, აგვისტოს ომი გარდაუვალი იყოო, უმწინდესმა, რომელიც ღრმად ჩახედულია ამ საკითხში, სიმართლე თქვა, არა, ეს იყო აბსურდული ომი.

სააკაშვილს პატრიარქთან მეტოქეობის სურვილი არ უშლიდა ხელს, ქუთაისში ბაგრატის ტაძართან თავისი სახელი გაეიგივებინა, რომ თითქოს იგი საქართველოს გამაერთიანებელი ბაგრატ მეფის სულიერი მემკვიდრე გახლდათ, გელათის რესტავრაცია დაეგეგმა, ასევე, მახათას მთაზე პატრიარქის სავარძელში მოკალათებულიყო, წმინდა თარიღებისადმი ავადმყოფური დამოკიდებულება გამოევლინა... მოგვიანებით, როდესაც უკრაინაში წასულ სააკაშვილს ჰკითხეს ეკლესიების დანგრევასთან დაკავშირებით, მან იკითხა, რომელი ეკლესია დავანგრიე, გლდანის ფარდული? მე 600 ეკლესია აღვადგინე, სამება რომ მიიწერა ივანიშვილმა, ასე არ იყო, სამებაზე მოოქროვილი გუმბათი მე დავადგმევინე.

- ეს მაშინ უბინძურესი კამპანია იყო, თეა თუთბერიძე და სხვები რომ ჩართეს, რა არ დაიწერა უწმინდესზე პირადად, მაშინაც კი საზოგადოება არ შეუშინდა, მეც ვმონაწილეობდი პროტესტის გამოხატვაში, იკრიბებოდნენ ჩვენი პოეტები, მწერლები, მეცნიერები ხან სად, ხან სად და სააკაშვილი მიხვდა, რომ თავზე დაემხობოდა ეს უზნეობა. ერთ მშვენიერ დღეს სააკაშვილმა შეაჩერა ანტიეკლესიური კამპანია. ეს მაგალითები ხალხს აღარ ახსოვს, ეს ხდებოდა იმის გამო, რომ ეკლესია რჩებოდა სააკაშვილის ავტორიტარული, პოლიციური რეჟიმისგან დამოუკიდებლად, საპატრიარქოს უნივერსიტეტმა არაერთი ადამიანი შეიფარა, რომელიც განდევნეს და ჩარეცხეს სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი უნივერსიტეტებიდან, პატრიარქი მზრუნველობდა პოლიტპატიმრებზე. ეს ბრძოლა სულ იყო და მინიატურულად ეს ბრძოლა გვახსენებდა შუასაუკუნეებში ევროპაში გაჩაღებულ ბრძოლას საერო ხელისუფლებასა და რომის პაპის ხელისუფლებას შორის. ეკლესია რომ გადარჩა ევროპაში, მერე უკვე ამან განაპირობა ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტის ჩამოყალიბება.

საქართველოში ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ დასავლეთიდან გამოყოფილი გრანტები ჩვენი ეკლესიის საწინააღმდეგოდაა მიმართული. რატომ მონაწილეობენ ანტისაეკლესიო კამპანიაში ზუსტად ის არასამთავრობოები, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან?

- რაც შეეხება დასავლურ გრანტებს, არა მგონია, დონორების ამოცანა მაინცდამაინც ქართული ეკლესიის დანგრევა იყოს, მაგრამ ახლა ისეთი ტრენდია, რომ ლგბტ უფლებები წინ წამოწეულია. დღეს კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიები ცნობენ ლგბტ პირთა ქორწინებებს და ეკლესიებში აკურთხებენ ამ გაუგებარ კავშირებს. არ დამავიწყდება, საქართველოში ჩამოსულმა ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა, რომელიც საქართველოს კარგად იცნობდა, ერთხელ მითხრა, სამწუხაროდ, დასავლეთსა და ამერიკაში არ ესმით, რომ როდესაც რომელიმე ამერიკელი დიპლომატი საქართველოში სიტყვით გამოდის და იტყვის, რომ თქვენ უნდა ჩაატაროთ ლგბტ პარადი, მათ არ ესმით, პუტინმა მილიონებიც რომ დახარჯოს ანტიდასავლურ პროპაგანდაზე საქართველოში, ამერიკელი დიპლომატის ეს ერთი განცხადება უფრო მეტს აკეთებს პუტინის სასარგებლოდ, ვიდრე პუტინის მილიონები. ანუ დასავლელი დიპლომატები თვითონ აკეთებენ პუტინის საქმეს და არ ესმით, რომ უნდა გაითვალისწინონ მოცემული ერის ტრადიციები, კულტურა, მენტალიტეტი, რელიგია. სამწუხაროდ, ამის გაგება დასავლეთში უჭირთ. ერთიანი მიდგომა აქვთ დასავლეთში, როცა დამკვიდრებულია ერთიანი მიდგომა, მორჩა და გათავდა. ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ რეციდივისტ და ნარკომან ჯორჯ ფლოიდს მთელი ამერიკა რაცხავდა, როგორც წმინდანს. კაცმა, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა, ბოლოს ორსული ქალი გაძარცვა, პისტოლეტი მიაბჯინა მის მუცელს და ისე ძარცვავდა, ეს ნარკოტიკებით გაჟღენთილი ადამიანი როცა გარდაიცვალა პოლიციის მიერ დაკავების დროს, ოქროს კუბოთი დამარხეს და ამერიკელი ყველა ეპისკოპოსი და სამღვდელო პირი ქვითინებდა, ჯორჯ, შენ ნამდვილი წმინდანი და წამებული ხარ. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სხვანაირი დროა.

თავის დროზე შეშლილი მსოფლიო უწოდეს ოქროს ციებ- ცხელებით დაავადებულ ადამიანებს, ახლაც შეშლილია მსოფლიო, ოღონდ ლგბტ-ობით ჩაიციკლნენ?

- არა მარტო ლგბტ-ობით, ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან გამოსული სტუდენტობა, მათ შორის, ეთნიკური ევროპელები, თეთრკანიანები, ქრისტიანები, ასევე, ჰარვარდის და სხვა წამყვან უნივერსიტეტებში ნასწავლი ახალგაზრდები დგანან და ყვირიან, „ჰამას, ჰამას“, ანუ მოითხოვენ, რომ განადგურდეს ისრაელის სახელმწიფო და მხოლოდ პალესტინა უნდა იყოს მის ადგილას. ამის გამო გაერომ ვერ მიიღო რეზოლუცია „ჰამასის“ ტერორისტული აქტის დაგმობისთვის, ხმები არ ეყო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ დონორები, არასამთავრობოები, ოპოზიცია ვერაფერს მიაღწევენ ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიით. პირიქით, ძალთა თანაფარდობა საქართველოში ისეთია, ნებისმიერი ასეთი თავდასხმა ეკლესიასა და უწმინდესზე უფრო აძლიერებს ეკლესიას. უწმინდესი გახდა ადამიანი - სიმბოლო. დასავლეთის წამყვან მოაზროვნეთა მიერ აღიარებულია, რომ ადამიანის უდიდესი დანიშნულებაა, როცა ის სიმბოლო ხდება. მით უმეტეს, როცა ის სიცოცხლეშივე სიმბოლო ხდება, ეს არის რეალიზაცია ადამიანის. უწმინდესი გახდა სიმბოლო სიცოცხლეშივე. რაც არ უნდა შეთხზან და გამოაქვეყნონ მის წინააღმდეგ, თავად დაემხობათ თავზე, ვინც ამას აკეთებს. სწორედ, ამიტომ, თავის დროზე, სააკაშვილს ჭკუა ეყო ჰარაკირს ვიკეთებო და ერთ დღეში დაასრულა საშინელი კამპანია პატრიარქის მიმართ. არავინ არ იფიქროს, რომ უცხოელი დონორები გაწერდნენ თავიანთ გეგმებში, მოდით, წავაქციოთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, დავუკარგოთ მას ნდობა, ეს შეთქმულების თეორიაა, უცხოელ დონორებს აქვთ ერთიანი მიდგომა, მაგალითად, ახლა პოპულარულია მემარცხენეების მოძრაობა, რომ უნდა გავიჟღინთოთ იმის შეგნებით, რომ ჩვენ, ყველანი, თეთრკანიანები ვართ დიდ ვალში და დამნაშავენი შავკანიანების მიმართ, საერთოდ, ვინც კი დაჩაგრულია, ამის ტვირთი აწევთ ჩვენს თეთრკანიან მამებს და პაპებს. საქართველოში არასდროს არ ყოფილა მონათმფლობელობა, არასდროს არ ჩამოგვიყვანია ქართველებს მონები აფრიკიდან, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, თეთრკანიანები ხომ ვართ, ასეთი ტრენდებია მთელ მსოფლიოში გაბატონებული, ამიტომ თურმე ჩვენც უნდა მოვინანიოთ. დასავლეთში მუშაობენ პატიოსანი, მაღალი დონის მეცნიერები, სოციალური ფსიქოლოგები, ანთროპოლოგები და სწავლობენ ასეთ მიმდინარეობებს. ჩვენ ვიცით, რომ იყო პერიოდი, როცა ამერიკის უნივერსიტეტებში ინტელექტუალებში დომინირებდნენ ტროცკისტები, თუნდაც 30-იან წლებში, ამერიკა თითქოს თავისუფლების და დემოკრატიის ფორპოსტია, მაგრამ იქაურ უნივერსიტეტებში მემარცხენე იდეოლოგია, თანაც ტროცკისტული იყო გავრცელებული. მოგეხსენებათ, ტროცკი იყო პერმანენტული რევოლუციის მომხრე ადამიანი, მისი იდეოლოგიით, ქალები და კაცები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ ბარაკებში და შრომა უნდა ყოფილიყო იძულებითი. ასეთი რაღაცები დასავლეთში ხდება, ასეთი მიმდინარეობები არსებობს. წლების წინათ ევროკომისიის ფორმირება რომ ხდებოდა, ყველა ქვეყანას ეკუთვნოდა კომისრის ერთი პორტფელი, მაშინ 28 ქვეყანა იყო და 28 კომისარი არსებობდა. კომისრის თანამდებობაზე იტალიელი იყო წარდგენილი, ცნობილი იურისტი, შეკითხვა იყო ასეთი, თქვენ აღიარებთ თუ არა ლგბტ პირთა ქორწინებას? მან თქვა, არავითარ შემთხვევაში, მე ვარ მორწმუნე კათოლიკე, ამას არასდროს არ შევეგუები და არ ვაღიარებ. ასეთი გულახდილი პასუხის შემდეგ იტალიელი არ დაამტკიცეს ევროკომისრად და ამის გამო საერთოდ არ დაამტკიცეს წარდგენილი კაბინეტი. ეს არის დღევანდელი მსოფლიოს ტრენდი.