საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, საქართველოში არჩევნები ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა, დამკვირვებლებმა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ევროპული სტანდარტის არჩევნები უწოდეს. საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, წარმომადგენლებმა გიორგი მასრგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს და აღნიშნეს, რომ ეს არჩევნები კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.
გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ნატო-ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენიც. რასმუსენის მისალოცი ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
„ამ არჩევნებით, საქართველომ დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდა ჩააბარა და კონკრეტული ნაბიჯი გადადგა ევროატლანტიკური სტანდარტებისკენ. მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში, გააგრძელონ ერთად მუშაობა საქართველოს ამბიციური რეფორმის მიღწევაში“, - აცხადებს რასმუსენი.
მისივე განცხადებით, საქართველო ნატო-ს ახლო და სანდო პარტნიორია და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააგრძელებს ახალ პრეზიდენტთან და მის გუნდთან მუშაობას, რომ დაეხმარონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის მიღწევაში და ნატო-საქართველოს ურთიერთობის უფრო გაძლერებაში.
დაგვეხმარება თუ არა წარმატებულად ჩატარებული არჩევნები ნატო-სკენ სწრაფვა კიდევ უფრო ჩქარი ტემპით გავაგრძელოთ და კიდევ რამდენი გამოცდა აქვს საქართველოს ამ თვალსაზრისით ჩასაბარებელი, ამ თემაზე ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.
ბატონო რამაზ, შეიძლება ითქვას, ეს არჩევნები იყო ერთ-ერთი გამონაკლისი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ცალსახად დადებითი შეფასება დაიმსახურა. გახსენდებათ, მაგალითად, სხვა არჩევნები, რომელიც უცხოელთა მხრიდან ასე დადებითად შეფასდა?
- შეფასება დადებითი ბევრჯერ იყო, მათ შორის 2003 წელსაც, იმ არჩევნებზე, რომელმაც „ვარდების რევოლუცია“ გამოიწვია, მაგრამ არ მახსენდება ასე ერთმანეთთან შეხმატკბილებული ყოფილიყო ქართული საზოგადოება და დასავლეთის ექსპერტები. ანუ საზოგადოებასაც ჰქონდა ის განცდა და განწყობილება, რომ არჩევნები კარგად, მშვიდად და პატიოსნად ჩატარდა და იგივე თქვეს დასავლეთის დამკვირვებლებმაც. ეს თანხვედრაა ყველაზე უნიკალური ამ შემთხვევაში.
ეს რაზე მეტყველებს? პირველი შემთხვევაა, როდესაც დასავლეთის და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია ემთხვევა ერთმანეთს...
- არჩევნები მართლაც ნორმალურად ჩატარდა, ჩატარდა ენერგიის ზედმეტი ხარჯვის გარეშე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ზეწოლისა და თავხედური დარღვევების გარეშე; თორემ ხალხში მაშინვე ვრცელდება ინფორმაცია, როდესაც ამ ტიპის გადაცდომებს აქვს ხოლმე ადგილი. ამ არჩევნებზე ხალხში მსგავსი ხმები არ გავრცელებულა.
ბოლო პერიოდში დასავლეთის კრიტიკული განცხადებების გამო თუნდაც ექსპერტების მხრიდან არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ დასავლეთის ამგვარი დამოკიდებულების გამო შესაძლო იყო, ქართველ ხალხს მისთვის ზურგი შეექცია. არის თუ არა მათი მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნების დადებითად შეფასება ადრინდელი კრიტიკის ერთგვარი კომპენსაცია?
- ადრინდელი, ქართველის თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად ტენდენციური შეფასებები დასავლეთისა, უნდა ვივარაუდოთ, რომ დღესაც გრძელდება, რადგან უცხოეთის პოლიტიკა ასე სწრაფად არ იცვლება, ასე სწრაფად ვერ იცვლის ვექტორებსა და პრიორიტეტებს, როგორც ჩვენი შიდა პოლიტიკა. მათთვის შეიძლება, ძნელი დასაჯერებელია ის, რა მიზეზითაც ქართველმა ამომრჩეველმა უპირატესობა არ მისცა სააკაშვილს. ასე რომ, კრიტიკა შეიძლება, გაგრძელდეს პრიორიტეტების მიმართულებით, მაგრამ რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, ამაში რომ გვეთანხმებიან ეს სასიამოვნოა.
არჩევნების შეფასებისას მათ მადლობა გადაუხადეს მიხეილ სააკაშვილს იმ 10-წლიანი ღვაწლისთვის, რაც მან გაწია, საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო აღარ არის ის ქვეყანა, რაც იყო 10 წლის წინ. რამდენად ობიექტურია მათი მხრიდან ასეთი შეფასება?
- ყველაფერში დავეთანხმებოდი, გარდა მადლობისა. საქართველო მართლაც აღარ არის ის ქვეყანა, რაც იყო 10 წლის წინ. საქართველო უფრო გამოცდილი გახდა ამ 10 წლის განმავლობაში, ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ იმედია, ასეა.
რა თქმა უნდა, სააკაშვილს ჰქონდა გარკვეული პოზიტივი, ისე, როგორც საქართველოს ყველა პრეზიდენტს - ყველა პრეზიდენტმა რაღაც პოზიტივი მოიტანა. სააკაშვილის შემთხვევაში იყო ბიუჯეტის ზრდა, წესრიგისა და კანონის პატივისცემის დაკანონება და ა.შ. ამ ტიპის მოვლენები ნამდვილად პოზიტიური იყო. დანარჩენი - დასავლეთზე ორიენტაცია, სააკაშვილს არ დაუწყია, მან ამ იდეის ექსპლუატირება დაიწყო. დასავლეთზე ორიენტაციისთვის იმაზე უფრო ხელშემშლელი ფაქტორი, როგორიც 2008 წლის ომია, ძნელად წარმოსადგენია - დასავლეთმა ამ ომის შემდეგ ჩვენგან დისტანცირება დაიწყო და ვინ იყო ამ ომში მოქმედი ერთ-ერთი მთავარი პირი?! ასე რომ, ეს მადლობები და რევერანსები დასავლელი ექსპერტების მხრიდან გაუგებარია, თორემ სააკაშვილს გარკვეული პოზიტივი ჰქონდა.
ის ექსპერტებიც, რომელთა სიტყვასაც მერე უკვე ფასი ეკარგება საქართველოსთვის, თუ ეს სიტყვა ცალმხრივია, თუ უფრო მრავალმხრივები იქნებიან და იმასაც აღნიშნავენ, რა ხარვეზები ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას, იმის ნიშნად, რომ მათ ეს ხარვეზები შეუმჩნეველი არ დარჩათ, კარგი იქნება - თუნდაც იმიტომ, რომ მომავალმა ხელისუფლებებმა აღარ გაიმეორონ მსგავსი ხარვეზები, არ ჩათვალონ, რომ დასავლეთი მას მაინც ვერ დაინახავს; ისევ დასავლეთის იმიჯს წაადგებოდა, თორემ ასე ავტომატებივით ერთ ხმაში რომ იმეორებენ, მადლობა სააკაშვილს, ეს რა ქვეყანა გააკეთაო - კი, ნამდვილად სხვა ქვეყანა გააკეთა - ცოცხებიანი ქვეყანა, ბოლოს და ბოლოს!
ჩვენ გვახსოვს საპარლამენტო არჩევნების წინ სააკაშვილისა და ობამას შეხვედრა, როდესაც გაისმა მთავარი გზავნილი საქართველოს მიმართ მაშინ გაისმა - ეს იყო დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩასატარებელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ის პროგრამა-ნიმიმუმი, რაც შესასრულებელი გვქონდა, შესრულებულია, ამის შემდეგ რა ნაბიჯები იქნება მოსალოდნელი დასავლეთისაგან?
- მერე იქნება დემოკრატიულად ჩასატარებელი ადგილობრივი არჩევნები, შემდეგ საპარლამენტო, შემდეგ ისევ საპრეზიდენტო, არჩევნებს რა დალევს და ყველა მათგანი იქნება „ჩასაბარებელი“.
რაც შეეხება ნატოს? „ჯილდო“ ნატოსთან დაახლოება უნდა ყოფილიყო... ეს იქნებოდა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი...
- წინგადადგმული ნაბიჯები ამ გზაზე სულ გვექნება, მაგრამ ეს გზა როდის მთავრდება, ამას არ გვეუბნებიან და არც ის ვიცით, რამდენი ნაბიჯია გადასადგმელი. ყველა არჩევნებზე გვეტყვიან, წინგადადგმული ნაბიჯიაო, ადგი ეს ნაბიჯები და იყავი...
ნატოში ჩვენი გაწევრიანება, როგორც არაერთხელ აღნიშნავს ხოლმე ბევრი ანალიტიკოსი, რომელსაც ახლა ალმაცერად უყურებენ, ნატოში ჩვენი გაწევრიანება ამ შეძახილებზე არ არის დამიკიდებული და თუ ამას ხაზს ვუსვამთ, მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობის მოლოდინის ექსპლუატურება არ მოხდეს, პოლიტიკოსებს კი მოსახლეობის მოლოდინის ექსპლუატირება ძალიან ხშირად, ხელს აძლევს.
დავაკვირდეთ, რა ინტერესების თანხვედრაზეა დამოკიდებული ჩვენი გაწევრიანება ნატოში. თვითონ ევროპული ქვეყნებისთვის მიუღებელია კონფლიქტის მატარებელი ქვეყანა, იმიტომ, რომ მათ კარგი ცხოვრება უნდათ და უნდა უნდოდეთ კიდეც. მეორე მხრივ, რუსეთთან ურთიერთობის გართულება არ უნდათ, ისევ იმიტომ, რომ კარგი ცხოვრება უნდათ. ჩვენი არჩევნები ამ ორ თემასთან არის რამით დაკავშირებული? -არა, მაგრამ ეს ქვეყნები ხომ ვერ იტყვიან, ჩვენ კარგი ცხოვრება გვინდა და რუსეთის გვეშინიაო. ამიტომ ამბობენ იმას, რაზეც ჩვენც დიდი ამბით თავს ვუქნევთ, რომ აი, არჩევნები კარგად ჩატარდება და ერთი ნაბიჯით კიდევ წინ წავიწევთ. მაგრამ სანამ არ შეიცვლება ზოგადი სქემა და კლიმატი ურთიერთობებისა, დასავლთსა და რუსეთს შორის - ცოტა არ დათბება, შესაძლოა, ნატოს თემაში კიდევ სხვა ფაქტორები შემოვიდეს. ასე რომ, ჩვენი ნატოში გაწევრიანება ასე ადვილად არ მოხდება.
რაც შეეხება ვილნიუსის სამიტს, ამ კუთხით მაინც თუ ექნება საქართველოს წარმატება?
- მე მგონი გვაქვს, იმიტომ, რომ ეს ერთ-ერთი ნაბიჯია და არა გადამწყვეტი, მერე ხელმოწერის ეტაპი დგება და.ა.შ. ასე რომ, ამ ტიპის ნაბიჯებს დასავლეთი გადადგამს, იმიტომ, რომ მას მართლა უნდა კავკასიისა და საქართველოს გაეწევრიანება, თუმცა სურს, ეს პროცესები მოხდეს მათთვის მინიმალური დანაკარგის ხარჯზე. ვიდრე შეეძლება დანაკარგების გარეშე ასეთი ნაბიჯის გადადგმა, ის გადადგამს, მაგრამ თუკი დადგება რისკის ქვეშ თვითონ ევროპისა და რუსეთის ურთიერთობა, მაშინვე გაჩნდება პრობლემა.
მარგველაშვილი იქნება პრეზიდენტი, რომლის მოვალეობასაც სწორედ საგარეო ურთიერთობების მართვა წარმოადგენს. თქვენი შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რამდენადაც ვიცნობთ მარგველაშვილს, როგორ გაართმევს თავს?
- საგარეო ურთიერთობების მოგვარება რომ იქნება მისი ძირითადი საქმიანობა და არა სამეურნეო საკითხების, სწორედ ეს მიმაჩნია ძალიან ხელსაყრელ მომენტად, იმიტომ, რომ პოლიტიკურ, საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში მარგველაშვილი საკმაოდ რბილად შედის, და კიდევ უფრო კარგად იგრძნობს თავს ამ გარემოცვაში. ასე ვთქვათ, ეს უფრო ჰუმანიტარული დონეა, რომელიც მისთვის ადვილია და მშობლიური. სამეურნეო ურთიერთობები რომ ებაროს - ის, რაც პრემიერის ფუნქციებში შედის, მარგველაშვილს უფრო ბევრი რამის სწავლა მოუწევდა. ამ როლში კი, ის ძალიან ადვილად შევა.
იმედი უნდა ვიქონიოთ რომ მომავალში საგარეო ურთიერთობების თვასლსაზრისით დადებითი ნაბიჯები გველოდება?
- მარგველაშვილის მხრიდან რა თქმა უნდა, გადაიდგმება დადებითი ნაბიჯები. ოღონდ ჩვენ რატომღაც ვსაყვედურობთ ხოლმე მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვამბობთ, რომ უცხოელებმა არ შეგვიყვანეს ნატოში, იმიტომ, რომ რომელიღაც სამინისტრო მუშაობს ცუდად. არ არის ეს საგარეო ურთიერთობები ჩვენი უწყებების მუშაობაზე დამოკიდებული. იგი ბევრ რამეზეა დამოკიდებული - მნიშვნელოვანია, როგორ დალაგდება მაგალითად, მსოფლიოს პოლიტიკური სტრუქტურები. ჩვენ, შეიძლება ითქვას, ყველაზე ბოლო ინსტანცია ვართ, ვისზედაც არის დამოკიდებული, როგორ დალაგდება საგარეო ურთიერთობები.