“ვის და როგორ შეუძლია ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მიმხრობა, რომლებისთვისაც მიუღებელია როგორც “ქართული ოცნება”, ისე “ნაციონალური მოძრაობა”? ანალიტიკოსთა შეფასებით, არჩევნებამდე დარჩენი 10 თვეში ახალი ე.წ. მესამე ძალის ფორმირება პრაქტიკულად შეუძლებელია და ამას, სავარაუდოდ, ოპოზიციაშიც აცნობიერებენ. მოქმედ პარტიებში კი, მათივე შეფასებით, არის რამდენიმე პოლიტიკური ძალა და ფიგურა, რომელიც, საარჩევნო კამპანიის სწორად წარმართვის შემთხვევაში, შუაშისტებისათვის შეიძლება მიმზიდველი იყოს. რა უნდა გააკეთონ მათ იმისათვის, რომ “შუაშისტების” მაქსიმალური მხარდაჭერა მოიპოვონ არჩევნებზე? ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამის მზა რეცეპტი არ არებობს, თუმცა, პირველ რიგში, ასეთი პარტია არ უნდა ასოცირდებოდეს არც ენმ-სთან და არც “ქართულ ოცნებასთან”. ასევე მას უნდა ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული საარჩევნო კამპანია და გეგმა და უნდა იყოს ავტორიტეტული პოლიტიკური ფიგურებით დაკომპლექტებული”, - წერს გაზეტი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შუაშისტების მიმხრობის ფორმულა - ვისკენ გადაიხრება ამომრჩეველი, რომელსაც არც “ოცნება” მოსწონს და არც ენმ.
“გარდა ამისა, მას უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ნდობა და რეპუტაცია, რათა ამომრჩეველში ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად იქნას აღქმული. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით საქართველოში ე.წ. მესამე ძალა არ არსებობს, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ვარიანტები, რომლის შედეგადაც შესაძლოა ქვეყანაში მესამე პოლიტიკური ძალა წარმოიქმნას. მისი თქმით, თუკი “ლელო” და მელია-გვარამიას ახალი პარტია ერთად იქნებიან, 5%-იან ბარიერს უპრობლემოდ გადალახავენ, მაგრამ ზრდის პერსპექტივა რამდენად ექნებათ, რთული სათქმელია, რადგან ეს ამომრჩეველი უფრო გახარიასკენ შესაძლოა გადაიხაროს. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს ამ ეტაპზე იმის შანსი, რომ ე.წ. მესამე პოლიტიკური ძალად ჩამოყალიბდეს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მელია-გვარამია და “ლელო” თუკი ერთად გამოჩნდებიან, მათ ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მიმხრობის ყველაზე ნაკლები შანსი ექნებათ. გარდა ამისა, აბაშიძეს ამ მხრივ ექსპრემიერ გახარიას პარტიის პერსპექტივასაც ეჭვით უყურებს და მიიჩნევს, რომ შუაშისტი ამომრჩევლის მიმხრობის შანსი არც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქვს, თუკი ის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“შუაშისტური არის ისეთი ამომრჩეველი, რომელსაც არც “ოცნება” უნდა და არც “ნაციონალური მოძრაობა” არ სურს. ამიტომ ეს ამომრჩეველი ცოტა პრეტენზიული და დაკვირვებულია. შეიქმნება თუ არა ე.წ. მესამე პოლიტიკური ცენტრი, ჯერ არ ვიცით, რადგან ენმ-ის გაყოფის თუ გაჩეხვის პროცესი არ დასრულებულა. უფრო სწორი იქნება ვიფიქროთ იმაზე, თუ მელიას გუნდის შემადენელი ნაწილი ვინ იქნება. არ მგონია, რომ შუაშისტი ამომრჩევლისთვის ნიკა გვარამია, მელია და ენმ-ის სხვა ყოფილი წევრები მისაღები იყოს მათი წარსულისა და ბევრი სხვა ფაქტორიდან გამომდინარე. მართალია, “ლელოც” ცდილობს ამ შუაშისტურ ამომრჩეველზე იმუშაოს, მაგრამ მის მიმართ ნდობა ამ ამომრჩეველს დაკარგული აქვს. ამის მიზეზი კი გვახსოვს, 2020 წლის არჩევნებია. მეორეს მხრივ კი, ამ პარტიამ შეიფარა ყოფილი “ნაცები”. ასევე მათი ნარატივი და განცხადებები თითქოს ენმ-ის დღის წესრიგის მსგავსია. ამიტომ “ლელოს” ნაკლები შანსი აქვს, რომ ეს ამომრჩეველი მიიმხროს. ამის პარალელურად შუაშისტ ამომრჩეველზე მუშაობს გიორგი გახარიაც. ამ ორს შორის ამ ამომრჩევლის დაინტერესების უფრო მეტი პერსპექტივა აქვს გახარიას. გახარია ერთდროულად ხელისუფლების და ენმ-ის მხრიდანაც დარტყმის ობიქქტია. ამიტომ შუაშისტი ამომრჩევლისთვის ის უფრო საინტერესო ფიგურა იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს საპარლამენტო ჯგუფი. არ ვგულისხმობ გოცირიძე-დეკანოიძეს, რომლებიც ალბათ მელიას გუნდში იქნებიან. ვგულისხმობ, “გირჩს”, ელისაშვილს და კიდევ რამდენიმე დამოუკიდებელ დეპუტატს. არსებობს კიდევ ანა დოლიძე, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწია. ამიტომ შესაძლოა ამ საპარლამენტო ოპოზიციამაც თუ გაერთიანება მოხდება, შუაშისტური ამომრჩევლის ხმები წაიღოს. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ამ ამომრჩევლის გადაბირება. თუ გვარამია, “ლელო” და მელია ერთად იქნებიან, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, შეეცდება, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობა 2”-ად წარმოაჩინოს. ამიტომ შუაშისტი ამომრჩეველი დააკვირდება პარტიების ყველა განცხადებას და მოქმედებას. შუაშისტი ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტია დისტანცირებული იყოს ხელისუფლებისგანაც და ენმ-ისგანაც”, - დაასკვნის ძაბირაძე.
“ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ოპოზიციურ ფლანგზე იმდენად არის გაკოტრებული, რომ რა ამომრჩეველიც ჰყავდათ, ისიც დაკარგეს და ახალი ელექტორატის მოძიების ხომ არანაირი შანსი არ აქვთ. “ლელო”, რომელსაც ე.წ. მესამე ძალის ამბიცია ჰქონდა, ისე დაემსგავსა ენმ-ს, რომ 2%-ის გარშემო ტრიალებს. რაც შეეხება სხვა პერსონაჟებს - გვარამია და მელიას, ისინიც რეპუტაციულად იმდენად გაკოტრებულები არიან, ალბათ ენმ-ის ელექტორატზე თუ იმუშავებენ და იმის რაღაც პროცენტს წაიღებენ, თორემ სხვა ამომრჩევლის დაინტერესების შანსი მათ არ აქვთ. არც იმას ვფიქრობ, რომ გიორგი გახარია შეძლებს ამ კატეგორიის ამომრჩევლის მიმხრობას. ეს ადამიანი ამ ხნის განმავლობაში იყო გაუჩინარებული, ხოლო როცა გამოჩნდება, იმდენად აბსურდულად საუბრობს, რომ საერთოდ არ გამოჩნდეს ის სჯობს. ზურაბიშვილთან ერთად თუ რაიმე ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნება, ურეიტინგო ზურაბიშვილის ვის მიმხრობას და დაინტერესებას შეძლებს?! ესეც გამორიცხულია, რადგან ის საკუთარ ამომრჩეველს დაუპირისპირდა და “ოცნების” მეშვეობით ვინც მხარს უჭერდა, ისინიც კი გადაიმტერა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისა გია აბაშიძე.