ქართული ოპოზიცია სააკაშვილის განთავისუფლებას ზელენსკისგან ითხოვს

ქართული ოპოზიცია სააკაშვილის განთავისუფლებას ზელენსკისგან ითხოვს

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ახალი სტრატეგიის ფარგლებში, მისი მხარდამჭერები ვოლოდომირ ზელენსკის, უკრაინის რადას და ომში მყოფი ქვეყნის სახალხო დამცველს მიმართავენ. მიმართვის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ უკრაინის საგამოძიებო უწყებები უკრაინის მოქალაქის დარღვეული უფლებებით უნდა დაინტერესდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები თვლიან, რომ სააკაშვილი არის არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი. ქართული ხელისუფლება „რუსი ოლიგარქის“ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით ცდილობს ფიზიკურად გაანადგუროს პოლიტიკური ოპონენტი.

„2024 წლის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის და გარდამტეხი მომენტი მისი ევროპული მომავლისთვის. მიხეილ სააკაშვილი არის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარი და საერთო ევროპული პოლიტიკური სპექტრის უმნიშვნელოვანესი ლიდერი, რომლის თავისუფლებაზე ყოფნა დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას. ვთანხმდებით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის პოლიტიკური პატიმარი და ის უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. გთხოვთ, მიმართოთ უკრაინის პროკურატურას დაიწყონ გამოძიება და გამოვლინდეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი“, - ნათქვამია მიმართვის ტექსტში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს გადაეგზავნა.

სააკაშვილის წარმომადგენელის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში მონაწილე ადამიანები უნდა დაისაჯონ და უკრაინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს. ასევე, მისი თქმით, შესაბამისი მოთხოვნით ისინი უკრაინის რადას დეპუტატებს მიმართავენ.

„მივმართავთ უკრაინას, რომ ჩაერთოს უკრაინის პროკურატურა და გამოვლინდეს ყველა პირი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში არის მონაწილე. მიხეილ სააკაშვილი იყო და არის უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და არა მხოლოდ პოლიტიკოსი - ის არის ზელენსკის მთავრობის მაღალჩინოსანი და ვფიქრობ, რომ უკრაინული მხარე ამ მიმართულებითაც უნდა იყოს ჩართული“, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოშიც და უკრაინაშიც უნდა მოხდეს იმ ადამიანების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა, ვინც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული სააკაშვილის წინააღმდეგ.

„უნდა ესმოდეს ყველას, რომ დაუსჯელი არ დარჩება არავინ, ვინც ჩაიდინა დანაშაული პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ და მონაწილეობდნენ არაადამიანურ მოპყრობაში“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან.

„მნიშვნელოვანი ინიციატივაა საზოგადოების მხრიდან, უკრაინის პოლიტიკური წრეების მიმართულებით, რომ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიან, შესაბამისი რეაქცია ჰქონდეს უკრაინის შესაბამის ორგანოებს. წელს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და პოლიტიკურ ანგარიშსწორებებს წარსულს ჩავაბარებთ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიცია თვლის, რომ სააკაშვილი უდანაშაულოდ იხდის სასჯელს, რომ მისი პრეზიდენტობის წლები არ ასოცირდება მძიმე დანაშაულებთან, თუმცა არაფერს ამბობენ იმ უძმიეს ბრალდებაზე როგორიც არის საზღვრის უკანონო კვეთა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი საქართველოში არჟნით დატვირთული კონტეინერით შემოიპარა.

უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ყველამ, ვინც წინდით არ ცდილა რაღაცის გამოტანას, დაადასტურა, რომ არავითარ წამებას ადგილი არ აქვს.

„ყველამ თქვა, რომ არავითარ წამებას ადგილი არ აქვს. ყველამ, ვინც წინდით არ ცდილობს რაღაცის გამოტანას, დაადასტურა ეს გარემოება. სათქმელი რაღა დარჩათ? იმ ფოტოებსაც ხომ ყავლი გაუვიდა, რეალურად, რომლითაც მანიპულირებდნენ, თითქოს სააკაშვილი წამების მსხვერპლია.

მე მგონია, რომ ასეთი მოთხოვნების წამოყენების ერთადერთი მოტივი არის არა ის, იმსახურებს თუ არა სააკაშვილი იქ ყოფნას, სადაც იმყოფება, არამედ ის, რომ უბრალოდ, მათ ასე სურთ, ეს კი სამართლებრივ სახელმწიფოში არასდროს შეიძლება განაპირობებდეს სასჯელისგან გათავისუფლებას“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ბლოგერი და ანალიტიკოსი ლევან ადეიშვილი თვლის, რომ ოპოზიციის ახალი სტრატეგიის მიზანია უკრაინასთან მორიგი დაპირისპირება. ადეიშვილი ურჩევს ქართულ ოპოზიციას, რომ უკრაინის ხელისუფლებას მიმართონ კითხვით - სააკაშვილი მიერ უკრაინის საზღვარი უკანონოდ კვეთის საქმეზე აღძრულია თუ არა საქმე და თუ არა - რატომ?

„არავის დოკუმენტები არ გამოუქვეყნებია, რომ მან გადაკვეთა ნებადართვით საზღვარი, ჯერ ამაზე გაგვცეს უკრაინის ხელისუფლებამ პასუხი და მერე იკითხოთ ჩვენ რატომ გვყავს დაჭერილი. რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა უკავშირდება არჩევნებს, მაგრამ ზელენსკის ახლა მაგისთვის არ სცალია, თვითონ აქვს შავად საქმე. შეიძლება განცხადება გააკეთოს, თუმცა ესეც საეჭვოა და ამით დამთავრდება ყველაფერი.

რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტპატიმრობას, ახლა პოლიტპატიმარს არქმევენ ყველას, ვისაც არ ეზარება. ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა პატივცემულ „ოცნებას“ გაესამართლებინა იმ მუხლით, რომლითაც არავინ არ დავობს და ეს არის საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა. ვიცით, რომ დასავლეთს ვეტო აქვს დადებული სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაზე. ამიტომ, ყველაზე უკეთესი იქნება, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით გაესამართლებინათ და დანარჩენი გადაეშვათ გამოძიებაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ადეიშვილმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე თვლის, რომ ოპოზიციის მოთხოვნა არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ეს ძალა არის არაქართული, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიხალხური. ანალიტიკოსი სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნას უკვაშირებს „ხალხის ძალის“ მოთხოვნას - გამოძიებული იქნას 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშუალებები.

„ფაქტია, რომ სააკაშვილმა დაარღვია ყველაფერი, თუკი რამის დარღვევა შეიძლებოდა. მას ჩადენილი აქვს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულებები. „ხალხის ძალა“ ითხოვს, რომ გამოძიებული იქნას 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებები, რომელშიც მონაწილეობა მიღებული აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მაშინდელ ხელისუფლებას. როგორც ვიცი, 2008 წლის საქმეზე სააკაშვილს ბრალი არ აქვს წაყენებული.

ამიტომ, ახალი გამოძიების შიშია, იმ დანაშულებების შიშია, რომლის მიხედვითაც, თავად სააკაშვილის მიერ წარგზავნილმა დელეგაციამ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს 16/33 რეზოლუციას, რომ საქართველომ დაიწყო ომი, რაც ისჯება კანონით. ამიტომ ესენი ფიქრობენ არა სააკაშვილზე, არამედ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ერთ ხანს დავიწყებული ძველი სცენარია, რომელიც ახლა ისევ გააცოცხლეს. მისი თქმით, ამ სცენარის ამოღების სტიმულირება მოხდა იმითი, რომ შემოწმების შედეგად იყო საყვედურები იმაზე - კამერა როდის უყურებს სააკაშვილს და როდის არა, რითაც სააკაშვილის თემა მეტ-ნაკლებად ამოტივტივდა.

„აქამდე ბევრი სხვა თემით მოქმედება გაუჭირდათ და ახლა ისევ აპირებენ, ალბათ, სააკაშვილის თემით მსოფლიო ყურადღების მიქცევას, მაგრამ წამგებიანი თემაა. დასავლეთის წრეებმა ერთ ხანს მხარი დაუჭირეს სააკაშვილს, რომ მას ჯანმრთელობის გამო უნდა გაეწიოს ანგარში, მერე აღმოჩნდა, რომ სააკაშვილი მოღონიერდა. დემენციის საფრთხე აღარ ემუქრება, აგერ, დგას და ეკრანიდან უტევს ყველას და ყველაფერს. ე.ი. ის წინა დიაგნოზები ტყუილი იყო.

წესით, დასავლეთში და მით უმეტეს სერიოზულ წრეებში უნდა გაჩნდეს ეჭვი საქართველოდან წასული მოთხოვნები სააკაშვილთან დაკავშირებით, რეალურია, თუ ყალბი. წესით, გაყალბების ეჭვის საფუძველი უნდა ჰქონდეს ჩვენს პარტნიორებს. სავარაუდოა, რომ ასეთი ხალხი შეიძლება მოიძებნოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ლაზი ალბათ უკრაინის საზღვრის კვეთის გამოძიებაზეა საუბარი.
9 თვის უკან
ლევკოთეა არადა, კონფლიქტის დაწყების მეორე დღეს, ეს იდიოტი რომ გამოვიდა პირდაპირ ეთერში და ,,მე მინდა ჩემს ხალხს ჩავაბარო ანგარიში ჩვენს მიერ დაკავებულ ტერიტორიებზეო", თუ რაღაც მსგავსი რომ ილაპარაკა, ვერავფრით დავუშვი, რომ რუსეთთან არ ჰქონდა ეს ყველაფერი შეთანხმებული და მართლა ფინთი გოიმივით გაება მახეში.
9 თვის უკან