ბოლოს ჩატარებული ყველა კვლევით ჩანს, რომ „ნაციონალების“ და „ოცნების“ გარდა, ვერც ერთი სხვა ოპოზიციური პარტია 5%-ს ვერ გდალახავს. ამიტომ ხელისუფლებას აქვს ეჭვი, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ეცდებიან ე.წ. მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის იმიტაციას, რათა ამ ამომრჩევლის გადაბირება მოხდეს.
„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ აერთიანებს პარტია „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, ვაშაძისა და გახარიას პარტიებს, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „დროას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“. ამ ძალებს „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ პოლიტიკურ გასაღებს უკითხავად არგებს და საკუთარი პოლიტიკური საჭიროებებით ათამაშებს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ ყველა პოლიტიკურ ბრძოლაში წაგებული ძალაა, რომელსაც არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის რესურსი არ აქვს, რის გამოც, ხან ღია, ხანაც ფარულ კოალიციაშია სხვა ოპოზიციურ ძალებთან.
მეგრელიშვილის განცხადებით, ზურაბიშვილსა და სააკაშვილს შორის საბოლოო არჩევანს „გლობალური ომის პარტია“ არჩევნებამდე ორი თვით ადრე გააკეთებს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ნიკა მელია, ნიკა გვარამია, სალომე ზურაბიშვილი, ასევე „ლელოს“ ლიდერები პოლიტიკურად სრულიად გაკოტრებულები არიან. აბაშიძის აზრით, მათ არც ქარიზმა, არც თანმიმდევრულობა არ გააჩნიათ და მათი მთავარი მიზანი მხოლოდ ქართულ სახელმწიფოსთან დაპირისპირებაა.
„სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ამომრჩეველს დაუპირისპირდა. მას რა მხარდაჭერაც ჰქონდა, ისიც „ოცნების“ ელექტორატი იყო, რომელიც საერთოდ დაკარგა. „ლელო“ კი მუდმივად ორი პროცენტის გარშემო ტრიალებს. ე.წ. მესამე ძალა ვარო და „ნაციონალური მოძრაობისგან“ ადამიანი ვეღარ გაარჩევთ. ისეთ განცახდებებს აკეთებენ, რომ ამ ორ პარტიას შორის სხვაობა აღარ ჩანს, მით უმეტეს ენმ-ის ყოფილი პიარ-კონსულტანტი დაიქირავეს. რაც შეეხება გვარამია-მელიას, რეპუტაციულად საზოგადოებაში ყველაზე დაზიანებული ფიგურები არიან. მათ საზოგადეობა, რა ახალი პოლიტიკური ძალაც არ უნდა შექმნან, ნაციონალებისგან ვერასდროს განასხვავებს, მით უმეტეს მათ ხმას ე.წ. შუაშისტური ამომრჩეველი არ მისცემს. ეს არის მორიგი სუსტი მცდელობა იმის, რომ ხელისუფლების ალტერნატიული ძალა შექმნან. თუმცა, მიაღწევენ კი ისინი 5%-ს და თუ აიღებენ, რამდენი პარლამენტარი ეყოლებათ? ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ყველანი ამბიციური პოლიტიკოსები არიან, ხოლო სიის ხუთეულზე და ათეულზე ისეთი დაპირისპირება ექნებათ, მესამე პოლიტიკური ძალა კი არა, საერთოდ რაიმეზე შეთანხმებაც კი არ შეუძლიათ“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, უკვე გაზაფხულზე ეს გადაჯგუფებები უნდა ვიხილოთ. ამავე დროს, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ საინტერესო იქნება რას იზამს „ნაციოანლური მოძრაობა“ კეზერაშვილი - მერაბიშვილის თაოსნობით. აბაშიძე ვარაუდობს, რომ მელია - გვარამიას ახალი პარტია მათ დამატებით ხმებს წააართმევს და ელექტორატს გაუყოფს. ამის ფონზე, ის ელის, რომ დაპირისპირება და კომპრომატებით ომი თავად ოპოზიციის შიგნით ამომრჩევლის გამო დაიწყება. ამიტომ ის არ ელის, რომ ე.წ. მესამე ძალის ფორმირება მოხერხედება.
ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მთავარი უბედურება ის არის, რომ ამ დრომდე ქართველ ხალხთან როგორ უნდა ილაპარაკონ და რაზე, ის არ იცინ. ნიკოლეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციას ხალხთან კომუნიკაციის უნარი არ გააჩნია და რეალობის აღქმა აქვს დაკარული. მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ წინასაარჩევნოდ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მოსახლეობას „მუსტანგიდან“ ესაუბრება.
„ოპოზიციას თუ დამხმარე ხელსაწყოები ხელთ არა აქვს, არჩევნები როგორ შეიძლება მოიგოს? მხოლოდ იმის ამბიცია, რომ ხელისუფლებაში მოხვიდე და არ ელაპარაკო იმ ხალხს, ვინც ამ ხელისუფლებაში უნდა მოგიყანოს, არ ვიცი, რა დონის პოლიტიკოსებზე შესაძლოა იყოს საუბარი. აქ ასევე 5%-იანი ბარიერის გადალახვაზეა ლაპარაკი, რაც ძალიან ბევრი პარტიისთვის სერიოზული გამოწვევა გახდა. ეს კი ძალიან ბევრი მიზეზებით არის განპირობებული.
ხალხს არ ეუბნებიან ვინ არის ის გუნდი, ვისთანაც ერთად ხელისუფლებაში მოსვლას აპირებენ. რა თანამდებობები უნდა დაიკავონ ამ ადამიანებმა. კი ბატონო, არსებობს ხალხი, რომელთაც ხელისუფლების მუშაობა არ მოსწონს, მაგრამ ვერ იღებს ოპოზიციიდან პასუხს, ის როგორ გააკეთებდა ამას. გვახსოვს „ლელოს“ ყრილობა, სადაც აბსურდი ილაპარაკეს. დაწყებული რუსულნომრიანი ავტომობილების აკრძალვიდან, რუსული ბიზნესით დამთავრებული. ამას კი იძახის ხაზარაძე, რომელსაც რუსეთთან ყველაზე მეტი ბიზნეს საქმიანობა აქვს განხორციელებული. ეს ხომ ხალხმა იცის, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის თვალში მატყუარაა და მის მიმართ ნდობა იკარგება“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.
მისივე თქმით, ოპოზიციურ ლიდერებს არა აქვთ პოპულარობა და ქარიზმა, ხოლო მათი წარსული იმდენად მძიმეა, რომ მაგალითად, ხაზარაძეს ხალხი, როგორც მევახშეს ისე აღიქვამს: „ეს რომ იყოს 90-იანი წლების ამომრჩეველი, მას კიდევ რაღაცით მოატყუებდნენ, მაგრამ დღევანდელი ამომრჩევლის მოტყუება ძნელია და ის მკაცრია. ქართველების პოლიტკური გემოვნება და თვალსაწიერი გაიზარდა, რასაც ჩვენს პოლიტიკოსებზე ვერ ვიტყვით. ამიტომ საზოგადოება ვერ ხედავს ალტერნატივას, რომელიც „ოცნებას“ ჩაანაცვლებდა“.