კულუარულად ცნობილია, რომ უშიშროების საბჭოს მდივნად, სავარაუდოდ, მანდილოსნის კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი. ნაწილობრივ ეს გენდერული ბალანსით აიხსნება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ პოსტზე ოთხი კანდიდატურა განიხილება - ხათუნა ლაგაზიძის, თინა ხიდაშელის, მაია ფანჯიკიძის, სალომე ზურაბიშვილის.
ხათუნა ლაგაზიძის შემთხვევაში, ალბათ, სერიოზული ანალიტიკა წამოვა წინა პლანზე, თინა ხიდაშელის ამ პოსტზე ყოფნისას უშიშროების საბჭოს ბოკერიას კადრებისგან გასუფთავება და მისი საქმიანობის შესწავლა დაიწყება, სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, შესაძლოა, ეს იყოს რევერანსი ევროპისკენ და პროდასავლურ კურსზე ხაზგასმა, ხოლო - მაია ფანჯიკიძის ამ თანამდებობაზე ყოფნა საგარეო ვექტორის პრიორიტეტს მიუთითებდეს.
ამ ეტაპზე ხათუნა ლაგაზიძე უარყოფს გავცელებულ ინფორმაციას, რომ ის უშიშროების საბჭოს მდივნად ინიშნება. ექსპერტი აცხადებს, რომ მსგავსი შეთავაზება არ მიუღია და, ასეც რომ იყოს, შეზღუდული ფუნქციების მქონე უშიშროების საბჭო მისთვის ნაკლებად საინტერესოა.
„არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა და არც ველი, იმიტომ, რომ გიორგი მარგველაშვილი არ მიცნობს იმდენად ახლოს, რომ რაიმე თანამდებობა შემომთავაზოს. გარდა ამისა, რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, მას ჰყავს სათანადო კვალიფიკაციის კადრები ამ სფეროში“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
ბოლო ინფორმაციით, გამორიცხული არაა, პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე და კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნოს.
თავად იმერლიშვილი, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს. იგი საქართველოში ერთადერთი ქალია, რომელიც ჩინით გენერალია. პროფესიით ირინე იმერლიშვილი ბიოლოგია. ის მუშაობდა ცესკოში, მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს იყო მისი მოადგილე. ასევე, იყო ხათუნა გოგორიშვილის მოადგილე, როდესაც ის პარლამენტის აპარატის უფროსი იყო.
თავად საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ გიორგი მარგველაშვილს უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიციაზე კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს. უბრალოდ, მის ვინაობას მარგველაშვილი არ ასახელებს, რადგან მისი სურვილია, ჯერ თავად ამ კანდიდატმა იცოდეს ამ სიურპრიზის შესახებ და შემდეგ-ჟურნალისტებმა.
დასახელებული ოთხი მანდილოსნიდან ვინ დაიკავებს გიგა ბოკერიას ყოფილ თანამდებობას და რა პლუსები და მინუსები გააჩნიათ ამ კანდიდატურებს?! ამის შესახებ ექსპერტებს ვესაუბრეთ.
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული საბჭოს ფორმირება სხვანაირად უნდა მოხდეს და, თუ აქამდე ძალოვანებს კურირებდა ეს საბჭო, ახლა საუბარია თავდაცვის სფეროს საკითხებზეც და - არა მარტო ამ საკითხებზე. ექსპერტის თქმით, თავდაპირველად ეს საბჭო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის შეიქმნა და მისი პრიორიტეტი საგარეო უსაფრთხოება იყო, თუმცა, როგორც საქართველოში ხდება ხოლმე, ეს უწყებაც თავდაპირველ მისიას ვერ ასრულებდა.
ვახტანგ ძაბირაძე ეჭვობს, რომ ამ სფეროში გენდერული თვალსაზრისით მიდგომა სწორი იყოს. მისთვის მთავარია, უშიშროების საბჭოს მდივანმა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაა საჭირო. თუ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მოხდება, მაშინ საერთოდ აზრი არ აქვს ასეთი უწყების არსებობას.
„რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ ქალბატონებს, რამდენადაც სწორად მახსოვს, თავის დროზე ხათუნა ლაგაზიძეს ამ უწყებაში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, დანარჩენებს კი შეხება არ ჰქონიათ ამ სფეროსთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსები არიან,“ - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ამ პოსტზე თინა ხიდაშელის დანიშვნის შემთხვევაში, ბოკერიას კადრების დაკნინებასა და, გარკვეულწილად, კოაბიტაციის დასრულებას ვახტანგ ძაბირაძე არ პროგნოზირებს. მისი აზრით, კოაბიტაციასთან უშიშროების საბჭოს შეხება არ აქვს.
ექსპერტი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე რთულია იმის გაანალიზება, ახალი კონსტიტუციური მოდელის პირობებში რა უფლებამოსილება დარჩება უშიშროების საბჭოს, რადგან, ერთი მხრივ, მთავრობა არ ემორჩილება პრეზიდენტს, მეორე მხრივ, უშიშროების საბჭო იქნება პრეზიდენტთან არსებული სათათბირო ორგანო. ამდენად, ალბათ, უშიშროების საბჭოში ძირითადი აქცენტი გაკეთდება ანალიტიკაზე. ამიტომ ექსპერტის აზრით, უპრიანი იქნებოდა, კარგი ანალიტიკოსი ყოფილიყო უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე წარდგენილი.
ამასთან, კახა კახიშვილი გამორიცხავს, ამ პოსტზე თინა ხიდაშელი წარადგინონ, რადგან ხიდაშელი პარლამენტარია და კარგად ართმევს თავს მოვალეობას. ხოლო, თუკი მაია ფანჯიკიძეს არ დანიშნავენ საგარეო საქმეთა მინისტრად, შეიძლება იგი მართლაც გადაიყვანონ უშიშროების საბჭოში, რათა სამსახურის გარეშე არ დატოვონ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს და ხათუნა ლაგაზიძეს, ექსპერტს მათ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
მისი აზრით, უშიშროების საბჭო არ არის ის კომპეტენტური ორგანო, რომელიც მთავრობის კურსს განსაზღვრავს. ამდენად, სალომე ზურაბიშვილის ამ პოსტზე დანიშვნა ვერ დაადასტურებს ქვეყნის საგარეო კურსს. ექსპერტს აინტერესებს, რომელიმე სხვა სრულიად უცნობი ანალიტიკოსი რომ დაენიშნათ ამ პოსტზე, ნუთუ ეს პრორუსულ კურსს დაადასტურებდა?!
„ვინ იქნება უშიშროების საბჭოს მდივანი, მარჩიელობის დაწყებას აზრი არ აქვს. სიმართლე გითხრათ, დაგვღალეს ამ მარჩიელობით, ხან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე მინიშნებით, ხანაც მერობის კანდიდატებზე მსჯელობით. მაგალითად, დღეს გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელძღვანელი ლაშა აბაშიძე იქნება, რასაც წინასწარ ვერაფრით ამოვხსნიდით. მით უფრო, როცა კონკრეტულ თანამდებობაზე ბევრი ადამიანი განიხილება“ - აცხადებს კახა კახიშვილი.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ოთხივე კანდიდატს თავისი პლუსები აქვს და, ამდენად, ამ პოსტზე რომელიმე მათგანს ვერ გამოარჩევს. მისი თქმით, ხათუნა ლაგაზიძის შემთხვევაში, ანალიტიკური მხარე იწევს წინა პლანზე, თინა ხიდაშელთან-შიდა უსაფრთხოების თემები, სალომე ზურაბიშვილთან და მაია ფანჯიკიძესთან კი -საგარეო ურთიერთობები. თუმცა, რამაზ საყვარელიძეს თავად აინტერესებს, რამდენად მოსალოდნელია ამ პოსტზე მაია ფანჯიკიძის გადმოყვანა, „ნუთუ თავის პოსტზე ის ცუდად არის?“
ექსპერტის აზრით, ყველა ქალბატონის პლუსები რომ შევაერთოთ, შესაძლოა, სუპერიდეალური გამოვიდეს. თუმცა არ მიიჩნევს, რომ ამ პოსტზე ყოფნაში მაინცდამაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს გენდერულ მომენტს. მისთვის მთავარია პროფესიონალიზმი და იმ მოთხოვნების შესრულება, რაც უშიშროების საბჭოს მდივანს მოეთხოვება პრეზიდენტისა და, მთლიანად, ხელისუფლების მხრიდან. დანარჩენ შემთხვევაში კი, ექსპერტის აზრით, უფრო საინტერესო და მომხიბვლავი გახდება თანამდებობა გენდერული ბალანსის ელემენტის შეტანით.
შეგახსენებთ, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია პოსტის დატოვებას უახლოეს დღეებში გეგმავს.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე პრეზიდენტის უმაღლესი სათათბირო ორგანოა.
საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი ეს ინსტიტუტი სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის, ეროვნული უშიშროების, სტაბილურობისა და მართლწესრიგის, ასევე უსაფრთხოების საკითხებზე უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.
ეროვნული უშიშროების საბჭო შეიქმნა 1996 წელს და მისი საქმიანობის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ.