სამშენებლო სექტორიში ყოველი მეხუთე დასაქმებული უცხოელია

სამშენებლო სექტორიში ყოველი მეხუთე დასაქმებული უცხოელია

სამშენებლო სექტორმა მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში შექმნილი კადრების დეფიციტის დასაბალანსებლად მუშახელის შემოყვანა დაიწყო. მუშახელის პრობლემა სხვა დარგებშიც აშკარაა. გაზრდილი ანაზღაურების პირობებშიც კი ადგილობრივი მუშახელის დაინტერესება ვერ ხერხდება.

ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიმდინარე პროექტების ზრდის და ემიგრაციის ფონზე საჭირო რაოდენობისა და კვალიფიკაციის კადრების მოძიება სულ უფრო რთულდება. შესაბამისად, სხვა გამოსავალი აღარ რჩება, გარდა კადრების ქვეყნის ფარგლებს გარედან მოზიდვისა.

როგორც კომპანია „ინსის“ დირექტორმა ზვიად თოიძემ განაცხადა, სამშენებლო სექტორმა რეგიონის ქვეყნებიდან კადრების დეფიციტის ფონზე მუშახელის შემოყვანა დაიწყო. კადრებთან დაკავშირებული ცვლილება თოიძემ იმით ახსნა, რომ მიმდინარე პროექტების რაოდენობის ზრდისა და ემიგრაციის ფონზე ამ მიმართულებით მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება და სექტორს სხვა გამოსავალი არ აქვს.

კომპანიებმა კადრები თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და შუა აზიის ქვეყნებიდან შემოიყვანეს. ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, ეს გარდაუვალი მოცემულობა იყო.

„არის პრეცედენტები, თურქეთიდან მუშახელი შემოჰყავთ. იცით, რომ თურქეთში დევალვაცია იყო, შესაბამისად, იქიდან მოხდა კადრების საქართველოში შემოყვანა. გამიგია, რომ აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, შუა აზიიდანაც შემოჰყავთ კომპანიებს მოსამსახურე პერსონალი. მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, მთავარია პროექტები განხორციელდეს. დარწმუნებული ვარ, არც ერთი კომპანია არ არის მოწადინებული ქართველი ჩაანაცვლოს უცხო ქვეყნის მოქალაქით, უბრალოდ, თუ არ იქნება საკმარისი, უნდა მოხდეს სხვადასხვა ქვეყნის მუშახელის გამოყენება“, - აღნიშნა ზვიად თოიძემ „ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას.

დარგში შექნილ რთულ მდგომარეობას ადასტურებენ სხვა ბიზნესმენებიც. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბების ზრდიდან გამომდინარე, უცხოელი მუშახელის წილის ზრდა გარდაუვალი იყო. კომპანია „სამშენებლო ლაბორატორიის“ დირექტორის, ლაშა ჭოჭუას თქმით, სამშენებლო ობიექტებზე მომუშავეების 20-40% საქართველოს მოქალაქე არ არის.

„კადრების დეფიციტი მუშახელის გადინებამ გამოიწვია. ეს არ არის გამოწვეული ანაზღაურებიდან გამომდინარე. ჩვენ კვლევა გავაკეთეთ, რა ტიპის ანაზღაურებაა იმ ევროპულ ქვეყნებში, სადაც ჩვენი სექტორის მუშახელი მიემგზავრება. მივხვდით, რომ ეს მხოლოდ ანაზღაურების თემა არ არის, უფრო სტაბილურობის საკითხია. მათ იციან, რომ იქ მუდმივად ექნებათ სამსახური.

რაც შეეხება კადრების დეფიციტს, ამ ეტაპისთვის ვცდილობთ, ეს პრობლემა პროექტების შენელებით დავარეგულიროთ და არა იმით, რომ კადრები უცხოეთიდან შემოვიყვანოთ. ახლო მეზობელი ქვეყნებიდან სამუშაო ძალის დიდი შემოდინებაა. ეს მხოლოდ ჩვენს სფეროში არ ხდება, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებულად იგრძნობა. ობიექტზე რომ მიხვიდეთ, ნახავთ, რომ დასაქმებულთა დაახლოებით 20-40% უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან“, - განაცხადა ლაშა ჭოჭუამ.

პრობლემა ერთი სექტორის ფარგლებს აღემატება და ძნელად მოიძებნება სფერო, სადაც ანალოგიური გამოწვევა არ არის. კომპანია „გეფერინის“ დამფუძნებელი ილია გეფერიძე ვერ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ბაზარზე ვერანაირი პირობით ვერ მოიზიდეს თანამშრომლები, ამიტომ უცხოელი მუშახელის დასაქმების გადაწყვეტილება მიიღეს.

„შრომის ანაზღაურების და პირობების მხრივ პრობლემას არავის ვუქმნით, მაგრამ საჭირო კადრს მაინც ვერ ვშოულობთ. როცა საზოგადოებაში ისმის კრიტიკა, რომ ბიზნესი არ არის ხელგაშლილი და ვინმეს ხელფასზე პრეტენზია აქვს, ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ განვითარებული ქვეყნის პოლიტიკა აქ ვერ იმუშავებს.

ვფიქრობთ, მისაღები და საკმაოდ კარგი შრომის გარემო გვაქვს შექმნილი. უცხოელებს, ვინც მოდის და შრომა სურს, ყველას ვიღებთ, რამდენიმე თვის წინ ირანელები დავასაქმეთ. უკრაინელებსაც მივიღებთ, მთავარია, პირს საქართველოში ბინადრობის უფლება ჰქონდეს“, - აღნიშნა გეფერიძემ.

ლაზი საქართველოში პროფესიონალი კადრების დეფიციტია თორემ, უმაქნისი (არაფრის გაკეთება რომ არ იცის) და უსაქმური ადამიანებით სავსეა ქალაქები. სოფლებშიც ბლომად აბირჟავევბენ დაბოლილ მდგომარეობაში. ეს ყველაფერი გამოწვეულია 18-20 წლის წინათ ქალბატონების მასობრივი წასვლით საბერძნეთსა და იტალიაში, რაც მაშინ ოჯახების გადარჩენად იყო აღქმული, მაგრამ სამწუხაროდ ასეთმა ფინანსურმა უზრუნველყოფამ გამოიწვია უსაქმურობის ნორმად დამკვიდრება. ასეთი ოჯახების, აქ დარჩენილი წევრების საქმიანობა გზავნილების მიღებისა და მისი ხარჯვით შემოიფარგლებოდა. შესაბამისად არანაირ საქმიანობას არ ეწეოდნენ და მათგან რაიმეს მკეთებელი პროფესიონალი ვეღარასოდეს ჩამოყალიბდება.
ემიგრაცია, განსაკუთრებით ქალბატონებისა, ანგრევს ქვეყანას, როგორც მენტალური, ასევე პროფესიონალური კადრების, ანუ შემქმნელობითი პოტენციალის თვალსაზრისით.
9 თვის უკან