„კერძო კლინიკა რატომ მიმიღებს, როცა თავისი ხალხი ჰყავს და მუშაობს?“ - რესპუბლიკურის პერსონალი პროტესტისთვის ემზდება?!

„კერძო კლინიკა რატომ მიმიღებს, როცა თავისი ხალხი ჰყავს და მუშაობს?“ - რესპუბლიკურის პერსონალი პროტესტისთვის ემზდება?!

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს. ჯანდაცვის სამინისტრო შენობის სადემონტაჟო პროექტისა და კლინიკის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პროცედურებს იწყებს. საავადმყოფოს პერსონალი კი პროტეტსტისთვის ემზადება. მათ დაპირებების არ სჯერათ და უმუშევრად დარჩენის დიდ საფრთხეს ხედავენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მულტიფუნქციური, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი. ამასთან, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა ჯიდიპი სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა.

თანამშრომელთა ნაწილი, ჯანდაცვის სამინისტროს აქტიურობით, სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილისთვის კი სპეციალური ანაზღაურების პაკეტი მომზადდა. პროცესს უშუალო მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური.

- ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი;

- თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, კომპენსაციის სახით ოთხი თვის ხელფასს მიიღებს;

- სამედიცინო პერსონალს, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო სხვა სამედიცინო კლინიკაში, იმავე პოზიციაზე დასაქმებასა და ოთხი თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს;

- სამედიცინო პერსონალს, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება სამი წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, დასკვნების მიხედვით, დღეისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოს არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია.

„5 სხვადასხვა, დამოუკიდებელი დასკვნის მიხედვით, სამწუხაროდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეისთვის არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია. გვაქვს ბოლო დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, სადაც ჩვენ ვთხოვდით, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, თუ იქნებოდა შესაძლებელი არსებული შენობის რეაბილიტაცია, მასზე დანახარჯების გაწევა და საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა. ამ დასკვნის მიხედვით გამოიკვეთა, რომ არსებული კლინიკის რეაბილიტაციის შემთხვევაში, კლინიკაში ჩასატარებელი ყველა საჭირო და აუცილებელი სამუშაო არც მიზანშეწონილი და არც ხარჯთეფექტური არ იქნებოდა.

ძირითადი სამკურნალო კორპუსი იქნება ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი აშენდება, რომელიც იქნება 500 საწოლზე გათვლილი და ექნება ყველა ის მიმართულება თუ პროფილი, რომლებიც აუცილებელია მრავალპროფილური კლინიკისთვის“, - განაცხადა აზარაშვილმა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს მილიონობით ლარის ზარალი აქვს. კლინიკა 2022 წელს 3,438 მლნ ლარის ზარალზე გავიდა.

რაც შეეხება შემოსავალს, ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2022 წელს (2023 წლის ანგარიშგება მოგვიანებით გამოქვეყნდება) კლინიკამ 25,494 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, წინა წელს კი შემოსავალმა 54,440 მლნ შეადგინა. საერთო ჯამში, შემცირებულია მთლიანი შემოსავლებიც 101,949 მლნ ლარიდან 44,687 მლნ ლარამდე.

განცხადება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა უნდა დაინგრეს, სრულიად მოულოდნელი იყო არა მხოლოდ ექიმებისთვის, არამედ დირექციისთვისაც, რადგან სამინისტროს გაცხადებული ჰქონდა, რომ არც ერთი გადაწყვეტილება პერსონალის ჩართვის გარეშე არ მიიღებოდა.

„რაც გუშინ სამინისტრომ გააკეთა, იყო სრულიად მიუღებელი. ჯერ ერთი, არანაირი დასკვნა თვალით არავის უნახავს, არანაირი ფურცელი და არანაირი პროექტი არ აქვთ. ასე, ჰაერზე საუბრობენ. საბოლოო ჯამში, ბოლო შეხვედრა სამინისტროში გვქონდა დეკემბერში და ყველა შეხვედრისას ხაზს უსვამდა ილია ღუდუშაური, რომ ჩვენს გარეშე არ გაკეთდებოდა არაფერი, ყველა საბუთს, რომელსაც მიიღებდნენ, გაგვაცნობდნენ, ერთად დავსახავდით სამუშაო გეგმას. საბოლოო მიზანი იყო ის, რომ დაახლოებით მარტისთვის, ველოდებოდით საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც მოგვაწვდიდა პროექტის რამდენიმე სცენარს და იმის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ავირჩევდით, შემდეგ დავიწყებდით ამაზე საგნობრივ განხილვას.

რაც მოვისმინეთ ტელევიზიით, მოულოდნელი იყო არა მხოლოდ ჩვენთვის, დირექციისთვისაც კი, არავინ საქმის კურსში არ იყო. რატომ ჩქარობენ ჩვენს გაყრას რესპუბლიკური საავადმყოფოდან? დაგვიდონ პროექტი, დაგვიდონ სამუშაოები, ექსპერტიზის დასკვნა“, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნინო ოთარიშვილმა.

მას არც იმ დაპირების სჯერა, რომ თანამშრომლებს სადმე დაასაქმებენ. ამასობაში კი რესპუბლიკურიდან გაზიდეს ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა:

„მულტიპროფილური სახელმწიფო კლინიკა არის მხოლოდ რესპუბლიკური თბილისის, ბათუმის, ასევე, ცენტრალური საუნივერსიტეტო, რუხის კლინიკა და ქუთაისის „ჩხობაძე“, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და თავისით ინგრევა შენობა. ყველა კლინიკა დაკომპლექტებულია და მუშაობს, სად უნდა გადაგვიყვანონ 650 თანამშრომელი? წარმოუდგენელია. თბილისში გამორიცხულია, „ჩხობაძე“ ინგრევა, ბათუმი მუშაობს, ერთადერთ რჩება რუხის კლინიკა, რომელიც არის ცარიელი, ახლა აკომპლექტებენ.

რესპუბლიკურიდან გაზიდეს ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა, კოვიდის შემდეგ განყოფილებები რომ დაიკეტა, იყო აბსოლუტურად ახალი აპარატურა და საწოლები, ყველაფერი იქ გაიტანეს. გვეუბნებიან, ჩვენ დაველაპარაკებით კლინიკებს და მიგიღებენო. რომელი კლინიკებს დაელაპარაკებიან, კერძო კლინიკა რატომ მიმიღებს ან სახელმწიფო, იგივე ლევან რატიანის კლინიკა რატომ მიმიღებს, როცა თავისი „სტაფი“ ჰყავს და მუშაობს? 700 კაცს როგორ მიიღებს, წარმოუდგენელია.

პერსონალში საპროტესტო მუხტი ძალიან დიდია. ვაპირებთ შეკრებას და სამომავლო გეგმების დასახვას. ბატონ მინისტრს სჩვევია, ტელევიზიიდან გვიანონსებს ყოველთვის ახალ ამბებს, ამიტომ როდესაც ასეთი დამოკიდებულებაა, საპასუხო პროტესტს აუცილებლად მიიღებენ“, - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ნინო ოთარიშვილმა.

საავადმყოფოს თანამშრომლების სხვა კილინიკებში გადანაწილების არ სჯერათ ექსპერტებსაც. ვატო სურგულაძის აზრით, ამ მხრივ, პროექტი სრულიად გაუთვლელია.

„თანამშრომლებს, მაგალითად, სთავაზობენ, რომ ერთწლიან კომპენსაციას მისცემენ, როცა კლინიკის აშენებას აპირებენ 3-4 წლის განმავლობაში. დანარჩენი დრო ამ ხალხმა რა გააკეთოს? გარდა ამისა, შეთავაზებებში ნათქვამია, რომ თანამშრომლებს სხვა კლინიკებში დაასაქმებენ. სად დაასაქმებენ, მეც ძალიან მაინტერესებს, საქართველოს კლინიკების 90% კერძოა და კერძო საავადმყოფოს სჭირდება, რომ დამატებით ვიღაც მიიღოს და ხელფასი უხადოს? ამიტომ მგონია, რომ პროექტი სრულიად გაუთვლელია“, - განაცხადა სურგულაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს უკვე შეხვდა, სადაც აღნიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით.

ამასობაში შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა და კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილებაც შეიზღუდა.