გიორგი მარგველაშვილი ინაუგურაცია 17 ნოემბერს, პარლამენტის შენობის წინ გაიმართება. ინაუგურაციის შესახებ მოქმედი ბრძანებულების მიხედვით, ფიცის დადების ცერემონიალი თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს. ამასთან, ინაუგურაციის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით უახლოეს ორ დღეში მთავრობაში სპეციალური კომისია შეიქმნება.
ინაუგურაციის ცერემონიალთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ტექნიკური დეტალები „საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულებით არის განსაზღვრული. აღნიშნული ბრძანებულება 2001 წელს არის მიღებული. ბოლო ცვლილებები მასში 2003 წელს შევიდა, თუმცა არა პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებულ ნაწილში. აღნიშნულ დოკუმენტში რამდენიმე ისეთი დეტალია, რაც მიუთითებს, რომ პრეზიდენტის ფიცის დადების ადგილი არის რუსთაველის გამზირი - თბილისში მდებარე პარლამენტის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია.
როგორც for.ge-ს საუბრისას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, „საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ფიცის დადების ცერემონიალის ადგილად თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაა განსაზღვრული. მისივე თქმით, ბრძანებულება პრეზიდენტს ეკუთვნის და მასში ცვლილებების შეტანაც მხოლოდ მისი პრეროგატივაა.
სად გაიმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციია, ეს იქნება თბილისში, როგორც ეს კანონით არის განსაზღვრული, თუ ქუთაისში პარალამენტის შენობის წინ?
ირინა იმერლიშვილი: ვერ გეტყვით, რა მოხდება ამ მხრივ - ინაუგურაცია კვლავ დედაქალაქში გაიმართება, თუ პარლამენტის დღევანდელი ადგილსამყოფელის მიხედვით. ნათელია, რომ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, ინაუგურაციის ცერემონიალის გამართვის ადგილად პარლამენტის თბილისში მდებარე შენობაა განსაზღვრული, ხოლო თუ რაიმე შეიცვლება, დადგენილი წესებში ცვლილების შეტანა მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც საკმაოდ მოძველებული ბრძანებაა, მაგრამ ის ძალაშია, ინაუგურაციის ადგილად განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტი. თუმცაღა 30 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე შეიქმნება ინაუგურაციიის საორგანიზაციო კომისია, რომელიც ამ საკითხებზე იმსჯელებს.
ვინ უხელმძღვანელებს საორგანიზაციო საკითხებს?
- ჯერჯერობით, ეს არაა გადაწყვეტილი. ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე შეიქმნება ეს კომისია და მერე გადაწყდება ვინ უხელმძღვანელებს. კითხვის ნიშნები არ დგას არც ერთი მხარის მხრიდან, მაგრამ ამასობაში ცესკოსაც დასრულებული ექნება საჩივრების განხილვა და ყველა ოქმების დათვლა. შესაბამისად, ოთხშაბათს ეს კომისია უკვე ოფიციალურად შეიქმნება.
რამდენად გრანდიოზული იქნება ეს ინაუგურაციია, როგორც ეს იყო სააკაშვილის დროს? როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის ბოლო ინაუგურაციია 3 მილიონი დაუჯდა ბიუჯეტს...
- რამდენადაც ვიცი, პომპენზური ინაუგურაციია არ იგეგმება, თუმცა ჯობია დაველოდოთ კომისიის გადაწყვეტილებას და გვეცოდინება მისი შემადგენლობა. რაც შეეხება თანხას, ამ საკითხებს საორგანიზაციო კომისია გადაწყვეტს. მათ შორის მოწვეულ სტუმრებზე.
წინასწარი მონაცები თუ გაქვთ ვინ იქნება მოწვეული, იქნებიან თუ არა სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები?
- ეს მე ნამდვილად არ ვიცი. ამ კომისიის შემდაგენლობაში, ალბათ, იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი. პროტოკოლით ყველა არის მოწვეული, მაგრამ ეს საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს.