ამერიკის პენალტი უკრაინის კარში - რუსეთმა უკრაინის ფრონტზე ინიციატივა მთლიანად აიღო

ამერიკის პენალტი უკრაინის კარში - რუსეთმა უკრაინის ფრონტზე ინიციატივა მთლიანად აიღო

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ნატოს აქვს მზადყოფნა და ძალა, რათა არასწორი გათვლების ან გაუგებრობების ნებისმიერი შესაძლებლობა აღმოფხვრას, რომელიც მოსკოვში არსებობს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვიდრე ამას ალიანსი აკეთებს, რუსეთის მხრიდან ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმა არ იქნება. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ რუსეთის ომი უკრაინაში საბრძოლო მასალისთვის ბრძოლად იქცა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა საკუთარი მარაგები შეავსონ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და ალიანსის მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) გენერალურმა მენეჯერმა, სტეისი კამინგსმა დაახლოებით 220 000 ერთეული 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვის შესაძენად 1,2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს. ნატო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ნატო-ს ლიდერები 2023 წლის ივლისში ალიანსის თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ, ნატო-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტომ კონტრაქტები დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალის შესყიდვაზე გააფორმა.

შესყიდვები მოიცავს 5.5 მილიარდი აშშ დოლარის კონტრაქტს Patriot-ის 1 000 რაკეტის შესაძენად, 4 მილიარდ აშშ დოლარს 155 მმ-იანი არტილერიისთვის, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისთვის და სატანკო საბრძოლო მასალისთვის. ეს შესყიდვები ადასტურებს, რომ ალიანსი განიხილავს რუსეთთან საომარ მოქმედებას. ნატო საკუთარ უსაფრთხოებაზე იწყებს ზრუნვას, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას მხოლოდ მორალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს.

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბი აცხადებს, რომ მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება. მისი თქმით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გადამწყვეტი იქნება მისი თავდაცვისთვის, ამიტომ კონგრესმა სწრაფად უნდა იმოქმედოს უკრაინის მხარდაჭერისთვის.

„რუსები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას დრონებითა და რაკეტებით. ამიტომ, უკრაინის სარდლობას უკვე უწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ რომელი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენოს იმ პირობებში, როდესაც მათი რეზერვები მცირდება. ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს დახმარების, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების მიღებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეადან. გარდა ამისა, რუსებმა ჩამოაყალიბეს დრონების და სხვა იარაღის სისტემების საკუთარი წარმოება. აშშ-ს ადმინისტრაცია უკრაინის გამარჯვების ერთგულია. ჩვენ გვინდა, რომ გავაგრძელოთ უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერა, რათა მან შეძლოს ამ შედეგის მიღწევა“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის ის დრო, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შეასუსტონ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ დროა მეტი გააკეთონ და უფრო სწრაფად, ფინანსური რესურსებით, სამხედრო აღჭურვილობით, ჯარისკაცების წვრთნებით და ყველაფრით, რაც უკრაინას თავის დასაცავად სჭირდება.

„ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენების შესახებ პოლიტიკური შეთანხმება არსებობს. ასევე, მიმდინარეობს დისკუსიები უკრაინის იარაღით მხარდაჭერის ფონდის შესახებ. იმედი მაქვს, ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი 5 მილიარდი ევროთი შევავსოთ, რათა უკრაინის დახმარების ფონდი შეიქმნას“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

თავის მხრივ რუსეთი უარს ამბობს უკრაინის და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ საკუთარი პირობებით.

„ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი და ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა მოლაპარაკებებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შენარჩუნდნენ ხელისუფლებაში კიევის რეჟიმის ლიდერები, არამედ ქვეყნის მრავალწლიანი ძარცვისა და მის ხალხზე ძალადობის, უკრაინისთვის ტრაგიკული სიტუაციის მიზეზების აღმოსაფხვრელად.

ყველა სხვა მშვიდობიანი გეგმა, პლატფორმა და ფორმულა, რომელსაც კიევის რეჟიმი და მისი ბატონები უშედეგოდ დაატარებენ, საერთო არაფერი აქვს მშვიდობასთან და მხოლოდ ომის გაგრძელებას ემსახურება. რაც უფრო მალე გააცნობიერებს ამას ვაშინგტონი, ლონდონი, პარიზი და ბრიუსელი, მით უკეთესი იქნება უკრაინისთვისაც და დასავლეთისთვისაც“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე კი ვითარება იძაბება და არაპროგნოზირებადი ხდება. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ინიციატივა გადავიდა რუსი ოკუპანტების ხელში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ომი დასრულდება ძალიან მალე, რადგან ამ ომს გააჩნია საკმაოდ სერიოზული და ხანგრძლივი მიმიდინარეობის სახე.

„ომი ახლა შედის მთავარი განვითარების სტადიაში. ანუ, ეს დაახლოებით გავს მეორე მსოფლიო ომის აღმოსავლეთის ფრონტზე საბჭოთა კავშირის და ნაცისტური გერმანიის დაპირისპირების ხასიათს. აქაც იგივე ვითარებაა, მაგრამ ბუნებრივია, რომ ძალთა ბალანსი ვის მხარეს არის, ჯერ გაურკვეველია. როგორც მაშინ იყო ტაქტიკური ინიციატივა გერმანელების მხარეზე, აქაც რუსმა ოკუპანტებმა ხელში ჩაიგდეს ტაქტიკური ინიციატივა.

რუსეთმა მოახერხა თავისი სამხედრო სამრეწველო კომპლექტის აღდგენა, უკრაინას რაც ჰქონდა, ის რუსებმა გაუნადგურეს ომის პირველ პერიოდში, ამიტომ მთლიანად დამოკიდებული გახდა დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერაზე და ამერიკის სენატმა ერთგვარი პენალტი დაურტყა უკრაინელებს საკუთარ კარში, როდესაც უარი განაცხადეს უკრაინის მხარდაჭერაზე. გაურკვეველია ამერიკული დახმარების მიღება, რომელიც მთავარი იყო მაშინაც და დღესაც. „ლედვიზი 2“-ის შეჩერება სერიოზული გამოწვევაა უკრაინელებისათვის“, - აცხადებს მაისაია.

მისი თქმით, დღეს რუსეთს განვითარებული აქვთ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, ახალ ტექნოლოგიებს კიდევ უფრო ამატებენ და რაც მთავარია, გამოიტანეს დასკვნები მეორე ფაზიდან. გარდა იმისა, რომ თვითონ აწარმოებენ შეიარაღებას, რეგულარულად აწვდიან შეიარაღებას სტრატეგიული მოკავშირეები - ჩრდილოეთ კორეა და ირანის ისლამური რესპუბლიკა.

„რუსებს არ გააჩნიათ არავითარი შეფერხებები შეიარაღების, სამხედრო მომარაგების და სამხედრო ლოჯისტიკური უზრუნველყოფის კუთხით, რაც უკრაინელებს თანადათან ეტყობათ. ამიტომ, თუ დასავლეთის დახმარება თუნდაც ისეთი არ იქნება, როგორც ეს იყო 2023 წელს, მაშინ სიტუაცია შეიძლება კრიტიკული აღმოჩნდეს უკრაინისათვის. ევროპული დახმარება ეს არის მეორადი დახმარება. მთავარი ამერკული დახმარებაა და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ევროპული დახმარებით უკრაინა დიდხანს ვერ გაქაჩავს, იმიტომ, რომ ნატოს ევროპულ სახელმწიფოებს თავისი პრობლემები გააჩნიათ.

მაგალითად, სლოვაკეთმა და უნგრეთმა საერთოდ შეწყვიტეს ყოველგავრი დახმარება და პირიქით, ბლოკავენ დახმარების გამოყოფას. ამ პესიმისტურ სახელმწიფოებს ევროპის რომელი ქვეყნები შეუერთდება არავინ არ იცის. ასე რომ, ევროპის სამხედრი პოტენციალი ძალიან სუსტია და ამ ომმა აჩვენა, რომ ევროპის ქვეყნები არ იყვნენ მზად საომარი მოქმედებისთვის. ვხედავთ რა კატასტროფის წინაშე დადგა გერმანია, რომელსაც ასეთი ვითარება არ ჰქონია არასოდეს.

სიტუაცია რთულია, ამერიკას უწევს ორ ფრონტზე გაშლა. ისრაელის სამხმედრო დახმარება, იქ ტაივანის პრობლემა დგას, იემენის პრობლემა წამოვიდა. მეოთხე უკვე უკრაინა ნამეტანი დიდი ტვირთია ამერიკისათვის და მისი ეკონომიკა ამდენს ვეღარ გაუძლებს. არჩევნებია და ასეთ დროს ამერიკა ყოველთვის არის პასიური საგარეო და გეპოლიტიკურ პროცესებში. მით უმეტეს ვხედავთ, რომ, დიდი ალბათობით, ტრამპი მოიგებს ამ არჩევნებს და როგორ წაიყვანს ვითარებას, არავინ არ იცის. ასე რომ, ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას უკრაინა, არა მარტო პოლიტიკური და ეკონმიკური კუთხით, არამედ სამხედრო კუთხით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ დღეს უკვე დღის წესრიგში არ დგას საუბარი უკრაინის დამარცხებაზე, საუბარი არის უკრაინის არსებობაზე. შესაბამისად, მისი თქმით, რუსი დიპლომატის განცხადება, სავარაუდოდ და ალბათობის მაღალი ხარისხით, აწყობს აშშ-ს, რადგან ლავროვის განცხადება ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში შედის.

„წინააღმდეგ შემთხვევაში მოვლენები სხვაგვარად შეიძლება განვითარებულიყო. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უკრაინის ხელისუფლებას ამ ორი პოზიციის აწონვისა და საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების შესაძლებლობა ეძლევა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი საზრუნავი გახლავთ ის, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობა დგას საფრთხის ქვეშ. აქიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ განცხადებები საკმაოდ საყურადღებოა და ყველაფერი მომდინარეობს იმ ქმედებებისგან, რასაც უკრაინასთან მიმართებაში აკეთებს კოლექტიური დასავლეთი და შესაბამისად, კოლექტიურ დასავლეთს არ უნდა აღიაროს რუსეთის გარკვეული მოთხოვნები, რომელიც მან ჯერ კიდევ 2007 წელს ერთ-ერთ მაღალი დონის ფორუმზე გააკეთა“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.

მისი თქმით, ამ პროცესში გასათვალისწინებელი არის აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები და იქედან გამომდინარე, რომ თვითონ აშშ-ის პრეზიდენტი წარმოადგენს სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ლობიზმს, მოვლენათა განვითარება სწორედ სამხედრო და ფინანსური წრეების ინტერესი არის, რომლებიც უზარმაზარ თანხებს შოულობენ ასეთი პროცესებისგან.

„ასე რომ, კიდევ ერთხელ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ სიტუაციის განტვირთა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, ვითარება გადაწყდება არა უკრაინის სასარგებლოდ. რა პროცესებიც არ უნდა განვითარდეს უკრაინის ირგვლივ, ეს პროცესები არასოდეს არ იქნება უკრაინის სასარგებლოდ. ყველაზე ცუდი შედეგი იქნება უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაკარგვა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

trampi ვაააა
ეს რა უბედურების ზარმა შემოჰკრა..... ეს რა გავიგე,............. ეს რა მითხარით?

ან ნაცების გარდა, სხვა ვინმე რამე სხვას ელოდებოდაა?/
მე უკრაინა მეცოდება, თორე..ამერიკა და რუსეთს დაუჭამიათ ერთმანეთი..
გააქეზეს მურია და მგელს შეაჭამესო...ისე დაემარეთა უკრაინას
არადა აფსუსსს .......კაი ქვეყანა იყო უკრაინა
ისე მიშა ზელინსკიზე ჭკვიანი გამოდგა.... მესამე დღესვე ..გერმანია პლეეენო--- ატეხა ყვირილი
კიდევ კარგი ჩქარა მოვიდა(მოიყვანა პუტინმა) აზრზე
9 თვის უკან
ლაზი უკრაინა ევროპის უდიდესი და უმდიდრესი ქვეყანაა. ის ფაქტიურად (ლვოვს თუ არ ჩავთვლით) მეორე რუსეთია და ვინმეს უნდა ასეთი პოტენციური მეტოქის არსებობა ევროპაში?
9 თვის უკან