„ჩვეულებრივი ტერორიზმი“, - ასე აფსებს უმრავლესობა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს, რომელსაც სახელი აუცილებლად დაერქმევა. სახელმწიფო მნიშვნელოვან ინსტიტუციაზე ნებისმიერი თავდასხმა დამაზიანებელია ქვეყნისთვის, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი გეგმავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებით უპასუხოს თავდასხმას ეკლესიაზე. საქართველოს საპატრიარქო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტია არა მარტო საქართველოში, არამედ თავისი ავტორიტეტით სარგებლობს დასავლეთშიც.
შტურმი, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს, წლებს ითვლის, მაგრამ ახლა დაიწყო შტურმის ახალი ეტაპი და შეცვლილია მოქმედების გეგმა, ისევე როგორც მოქმედი პირები. რადიკალური ოპოზიციის წევრების შემდეგ, შტურმში ჩაერთო ოპოზიციას ამოფარებული ე.წ. სამოქალაქო სექტორი, ეკლესიიდან განკვეთილი სასულიერო პირები და მედია. როგორც for.ge-სთვის არის ცნობილი, ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული შტურმში გაცილებით მასშტაბური და რადიკალური იქნება, რომელშიც ჩართული იქნებიან რადიკალური ოპოზიციის წევრები, მაგრამ არა საჯაროდ.
არსებობს გეგმა, რომ უნდა გაიხსნას ბრძოლის ორი ფრონტი - პოლიტიკური ფრონტს ხელისუფლების წინააღმდეგ აწარმოებს ოპოზიცია, მაგრამ ასეთივე ფრონტი გაიხსენება ეკლესიის წინააღმდეგ სწორედ ეკლესიიდან განკვეთილი სასულიერო პირების მიერ, რომელიც ასევე დაფინანსებული იქნება ოლიგარქ კეზერაშვილის მიერ, რომელმაც აუდიენცია უკვე გამართა საქართველოს ეკლესიიდან განკვეთილ სასულერო პირებთან.
ეკლესიის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, ხისტ დამოკიდებულებას, ფიზიკურ შეხებას და თავდასხმებს ვიცე-სპიკერის შესაფასებით, შეიძლება, ტერორიზმის გამოვლინება ვუწოდოთ. გია ვოლსკის თქმით, ნებისმიერი თავდასხმა სახელმწიფოს ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციაზე, როგორიცაა ეკლესია, ქმნის დესტაბილიზაციის გარკვეულ წინაპირობას.
„ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც ათეისტი, რომელიც საღად მსჯელობს, კონკრეტულ განცხადებებსა და ქმედებებში აუცილებლად ამოიკითხავს ტერორიზმისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, გინდ სიტყვიერს, გინდ იდეოლოგიურს და გინდ ფიზიკურ ტერორიზმს, რაც ეკლესიის წინააღმდეგ ხორციელდება. ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელია და პოლიტიკური ჯგუფების სტრატეგიას ემთხვევა. მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაზე არ არის საუბარი, ხვალ სხვა კონფესიებსაც გადასწვდებიან.
ეკლესიის მიმართ მიმდინარეობს ჩვეულებრივი ტერორიზმი, რომელსაც სახელი აუცილებლად დაერქმევა. როცა იცით ქვეყნის ისტორია, სხვა ქვეყნის მაგალითები და საზოგადოებაში დაპირისპირების კერების გაჩენის მეთოდოლოგია, ეს ყველაფერი საფრთხის შემცველია. ეს მხოლოდ მართლმადიდებელ კონფესიას არ ეხება - ეხება ყველა ადამიანს, თუნდაც ათეისტს, ვისაც სახელმწიფოს მიმართ გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გია ვოლსკიმ.
აშკარაა მიზანმიმართული ბრძოლა სარწმუნოების, ეკლესიის წინააღმდეგ, რასაც საზოაგდეობა ამ ეტაპზე რეაქციის გარეშე ადევნებს თვალ-ყურს. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არის კონკრეტული ფაქტები და ქმედებები, რომ ეს ადამიანები ებრძვიან ეკლესიას, სარწმუნოებას, ებრძვიან ყველაფერ ძვირფასს და მნიშვნელოვანს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს.
„ჩვენი კულტურა, წარსული, ჩვენი ადათ-წესები. რომელი ერთი მაგალითი მოვიყვანო მათი ქმედებებიდან? ასეთი უმსგავსო ფაქტი მოხდა და ხმა არ ამოუღია არავის. არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას განცხადება არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება არსებულ რეალობას და კარგ ანალიზსაც აკეთებს, ვინ ვინ არის. ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება და ვისი ხელით იმართება, ამას საზოგადოება ხვდება. გადავხედოთ წლების წინ მათ ქმედებებს. რა თქმა უნდა, ახლა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის მომავალი და მშვიდობა შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
„გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია თვლის, რომ ეკლესიასთან ბრძოლაში მოწინავე ხელისუფლებაა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ოპოზიციაშიც იქნება ხალხი, ვისაც, მისი თქმით, ასეთი გართობა მოსწონს.
„ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას ვხედავ, მაგრამ მთავარი მებრძოლები არიან „ქოცები“. სწორედ მათ გამოაქვეყნეს კრეფსები, ისინი უსმენდნენ მღვდლებს და მღვდლების შეყვარებულებს, შემდეგ კი, საზოგადოებას ეს ინფორმაცია გააცნეს. შეიძლება, ეკლესიას სხვაც ებრძვის, მაგრამ ეკლესიასთან ამაზე მეტად არავის უბრძოლია. ეკლესიასთან ბრძოლაში მოწინავე ხელისუფლებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაშიც იქნება ხალხი, ვისაც ასეთი გართობა მოსწონს. მიზანი შეიძლება იყოს, რომ მიგაჩნდეს, რომელიღაც მღვდელი შენი მხარდამჭერი არ არის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე, რომლის პოლიტიკური ძალის - „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობა დატვირთულია ეკლესიასთან ბრძოლის მაგალითებით და იგივეს აგრძელებს ოპოზიციური ველიდიან, ამბობს, რომ თუკი შალვა პაპუაშვილი ეკლესიის თემაზე სპეკულაციას გააგრძელებს, მას „წმინდა იოსებ სტალინის“ ხატს აჩუქებს.
„ეკლესიას არავინ ებრძვის. ჩვენ ვართ ეკლესიის მთავარი პატივისმცემელი ხალხი. ეკლესიას ყველა ის ადამიანი ებრძვის, ვინც ცდილობს, ეკლესია გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ვიწრო მიწიერი მიზნებისთვის. ეკლესია არის ზეციერი და პაპუაშვილს უნდა, ქრისტე საარჩევნო კამპანიაში ჩართოს, რაც არ გამოუვა“, - თქვა პაატა მანჯგალაძემ.
ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლის ახალ ეტაპზე ამახვილებს ყურადღებას თეოლოგი ლევან აბაშიძე, რომლის განცხადებით, ზოგადად, ჩვენს პოლიტიკაში დომინირებს ასეთი აზრი, ვინაიდან საქართველოში უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, პოლიტიკოსი ცდილობს გამოჩნდეს როგორც მართმადიდებელი, ეკლესიის მეგობარი. მისი თქმით, არის ზოგადი ტენდენცია და ყველა ხელისუფლება ცდილობდა თავის მხარეზე მიემხრო ეკლესია და გამოეყენებინა ეკლესიის ავტორიტეტი.
„ამას ცდილობდა როგორც ხელიუფლება, ისე ოპოზიცია. ამავე დროს არის მეორე ტენდენცია, როდესაც ატყობენ, რომ ეს არ გამოდის, მაშინ ცდილობენ ეკლესიის დისკრედიტაციას, მისი ავტორიტეტის დაცემას, რომ ეკლესიას არ ჰქონდეს დიდი გავლენა. თუ გავიხსენებთ, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, ერთი მხრივ, ეკლესიას რაღაცებს აძლევდნენ, მაგრამ ამავე დროს, ებრძოდნენ კიდეც და იყო მცდელობა, საკუთარი კადრების გაყვანის და ა.შ.
ზოგადად, ეს ასეა, პოლიტიკოსი ცდილობს ან გამოჩნდეს როგორც ეკლესიის მეგობარი, მაგრამ თუ ეს არ გამოსდის და მის წარმოდგენაში ხედავს, რომ ეკლესია საპირისპირო მხარეს არის, იწყებს მის დისკრედიტაციას, რომ ეკლესიას ნაკლები გავლენა ჰქონდეს ამომრჩეველზე. ახლანდელ ოპოზიციას მიაჩნია და ასე იქცევა, რომ თითქოს ეკლესია არის ხელისუფლების მხარდამჭერი და ორივე არის პრორუსული“, - აცხადებს აბაშიძე.
თეოლოგი განმარტავს, რომ ეს არის ძირითადი ხაზი, რომელსაც მიყვებიან თითქმის ყველა ოპოზიციური ძალები. შესაბამისად, ახალი არაფერი არ არის, როდესაც ხელისუფლებაზე თავდასხმა არ გამოსდით და სამიზნე გახდა ეკლესია.
„ყველაფერი იმაზე იყო აგებული, რომ ხელისუფლებას არ უნდოდა კანდიდატის სტატუსის მიღება, მერე თქვეს, რომ მაინც მიიღეს და ახლა ტრაურში არიანო, მაგრამ ეს არაა დამაჯერებელი. ახლა იყო ქრისტეშობა და ისევ დადგა კალენდრის საკითხი, მერე ხატის ისტორია. ეს ხატი თითქმის ორი წელია იქ არის და მაინც და მაინც ახლა ნახეს? ეს ყველაფერი გავს ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს არაა ახალი. გავიხსენოთ რა ხდებოდა კოვიდის დროს და რას არ ამბობდნენ, ლამის, მკვლელებად შერაცხეს სასულიერო პირები და ეკლესია.
ჩემი აზრით, არაფერი ახალი არაა. შეიძლება ვიღაცა გულწრფელად აღშფოთდა სტალინის ნახვით ეკლესიაში, მაგრამ ასეთი ისტერიის ატეხვა, წარმოუდგენლად არაპროპორციული რეაქციაა. არ იგრძნობა, რომ რაღაცა სტკივათ და გამოსწორება უნდათ, არამედ მიზანია ეკლესიის დისკრედიტაცია, რომ მას აღარ ჰქონდეს გავლენები, ხალხმა არ იაროს, ახალგაზრდები აღარ დაინტერესდნენ. ძალიან ანტიეკლესიური კამპანია მიმდინარეობს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან აბაშიძემ.
ბლოგერი და ანალიტიკოსი ლევან ადეიშვილი აცხადებს, რომ თუკი მთლიანობაში განვიხილავთ, იმ ფორნტზე, რომელიც ახლა უტევს ეკლესიას, შედიან სასულიერო პირები, ლიბერალური ძალები და ასევე შედიან ოპოზიციის წარმომადგენლები. მისი თქმით, თუკი ვიტყვით, რომ ეს პროცესები დასავლეთის მიერ არის მართული, აქვს ლოგიკური ახსნა.
„ძალიან მნიშვნელოვანია არჩვენები, როგორც აშშ-ისთვის, ისე დასავლეთისთვის და ჩვენთვისაც და ვკითხულობ, სულ მთლად შეშლილია ჩვენი ოპოზიცია, რომ ასე უტევს ასეთ ძლიერ ინსტიტუციას, რომლისაც სჯერა ბევრ მათ მომხრეებსაც? შევხედოთ რას აკეთებენ - პოლიტიკურ ხარაკირზე მიდიან, თუ უბრალოდ, დასავლეთია პოლიტიკურ ხარაკირში შესული და ის, მიუხედავად ყველაფრისა, მრავალი უაზრობისა და გაუთვლელი პოლიტიკისა, აძლიერებს ოპოზიციას რომ შეუტიონ ეკლესიას? ასეთ შემთხვევაში, გამოდის და უნდა ჩავთვალოთ, რომ დასავლეთი შესულია უკვე აგონიაში, ვეღარ ხვდება, რომ ეს მისთვის დამღუპველია და ჩვენი იდიოტებიც ვეღარ ხვდებიან, რომ ეკლესიაზე შეტევა, მით უმეტეს არჩევნების წინ, არის ხარაკირის ტოლფასი.
თუკი ჩვენ ვიტყვით, რომ ეს პროცესები დასავლეთის მიერ არის მართული, კიდევ აქვს ლოგიკური ახსნა. ყველამ კარგად ვიცით, რომ მარაზმშია შესული დასავლეთი, საქართველოში აბსოლუტურად გაუთვლელი პოლიტიკა აქვთ და ყველა მიმართულებით წააგეს. სასარგებლო ემისრებად გადაიქცნენ მაგათი ემისრები. როდესაც ბუღაძე, ფერაძე და ბოკერია აღიქმებიან როგორც დასავლეთთან აფილირებულ ადამიანებად, დამთავრებულია საქმე. ასეთი ხალხით როდესაც შენ ელაპარაკები რომელიმე ქვეყანას და მით უმეტეს მართლმადიდებელს, სადაც ჭირის დღესავით სძულთ ეს პერსონაჟები და პერსონაჟებს აქვს დიდი მნიშვნელობა, ეს არის აბსოლუტურად გაუთვლელი ნაბიჯი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ადეიშვილმა.