„კოაბიტაცია დამთავრდა და ივანიშვილი ცდილობს, „ნაცმოძრაობა“ ჩააჩოჩოს, ხოლო მის ადგილას მოიყვანოს ჯანსაღი ოპოზიციური ძალა“

„კოაბიტაცია დამთავრდა და ივანიშვილი ცდილობს, „ნაცმოძრაობა“ ჩააჩოჩოს, ხოლო მის ადგილას მოიყვანოს ჯანსაღი ოპოზიციური ძალა“

პოლიტიკაში დაბრუნებული და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში 30 დეკემბერის შემდეგ არ გამოჩენილა. ახლა პოლიტიკური სპექტრი ივინაშვილის მორიგი განცხადების მოლოდინშია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ინტერვიუს მალე ვიხილავთ და ამის შემდეგ უკვე ივანიშვილი აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში. პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოველ ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოდიოდა პოლიტიკაში, ეს ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით მთავრებოდა.

„ჩვენ დავინახეთ ერთგვარი სასოწარკვეთილება ოპოზიციაში. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების დღიდან ერთი დღე არ გასულა, რომ მათ ამ ფაქტზე არ ესაუბროთ, რაც მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმედ მიიღეს მათ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში. როდესაც საუბარია, ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ამ კუთხით არის უმნიშვნელოვანესი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. ყველა მიმართულებით, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, განსაკუთრებული როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამ ოპოზიციის გეგმები მთლიანად შეცვალა. ყველა კვლევის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა დასული, პარტია იშლება, ამის ფონზე, მეტ-ნაკლებად, აქტიურდება „ლელო“, რომელიც ცდილობს შეისრუტოს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. „ნაციონალური მოძრაობის“ დასავლელი ლობისტების ჯგუფმა პარტია „ლელოსთვის“ კონსულტანტი ჯერემი როზნერი გამოყო, რომ პარტიასთან კონსულტაციები გამართოს. როზნერს საქართველოში დღეს ელოდებიან.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ ივანიშვილი, რომელიც ბიზნესმენია და გარდა იმისა, რომ ის პოლიტიკაში იყო, ხოლო ყოფილი პოლიტიკოსები არ არსებობენ, დაბრუნდა პოლიტიკაში, სწორედ, ცვლილებების მოსახდენად და ეს ცვლილებები უნდა იყო ის, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებში მოიგოს. მისი თქმით, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიგო, დიდი ალბათობით, თვლის, რომ კოალიციას გააკეთებენ მათთან ახლოს მდგომ ძალებთან.

„ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში ძალიან მკაფიოდ, პრიორიტეტების მიხედვით ჩამოთვალა ის მიზეზგარემოებები, რამაც გამოიწვია მისი პოლიტიკაში დაბრუნება, პრინციპში, მე ვეთანხმები ამას, რომ ეს არის როგორც ქვეყნის შიგნით მიმიდინარე პროცესები, ასევე თავად პარტიაში დაწყებული გარკვეული მოძრაობები. ბიძინა ივანიშვილმა მიიჩნია, რომ შესაძლოა, ამას სჭირდებოდეს დამატებითი კონტროლი მისი მხრიდან და მეორე მხრივ, გეოპოლიტიკური მოცემულობაა, რომელშიც აღმოჩნდა საქართველო. მას უნდა, რომ საქართველო ამ რთული გეპოლიტიკური მოცემულობიდან, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გამოიყვანოს და შესაძლოა, რაღაცა დივიდენდებიც კი მიაღებინოს“, - აცხადებს ანჯაფარიძე.

რაც შეეხება ივანიშვილს ფაქტორს ოპოზიციურ ველზე, ანალიტიკოსის თქმით, ივანიშვილმა მიანიშნა, რომ ოპოზიცია არის მძიმე მდგომარეობაში, შესაბამისად, აქ იყო არა პირდაპირი მინიშნება, მაგრამ ირიბი მინიშნება იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება ძლიერი და ჯანსაღი ოპოზიცია.

„შესაძლოა, ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებით ცდილობს იმ პროცესებსაც შეუწყოს ხელი, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი და ძლიერი ოპოზიცია, რომელიც არ იქნება დესტრუქციაზე ორიენტირებული, როგორც „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ კონკურენციას გაუწევს, მაგრამ ჯანსაღ საწყისებზე და მე ვფიქრობ, არ არის გამორცხული, რომ ეს ოპოზიცია გამოიძერწოს „ოცნებიდან“ წასული ადამიანების პოლიტიკური გაერთიანების ხარჯზე.

ასევე, პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდნენ ახალი ძალები, რომლებიც იკისრებენ ოპონირების როლს. ვფიქრობ, კოაბიტაციის პერიოდი „ნაცმოძრაობასთან“ და მის დანაყოფებთან, რომელიც მიდიოდა 2012 წლიდან, 2019 წელს დამთავრდა ამ ე.წ. გავრილოვის ღამის მოწყობის შემდეგ. დღეს, უკვე, „ქართულ ოცნებას“ აღარ აწყობს „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა და ცდილობს, რომ ჩააჩოჩოს ამ როლიდან და მის ადგილას მოიყვანოს კონსტრუქციული, ჯანსაღი ოპოზიციური ძალა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

ბლოგერი და ანალიტიკოსი ლევან ადეიშვილი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი სამი მიზეზის გამო შემობრუნდა პოლიტიკაში. მისი თქმით, 2024 წელს მოხდება დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომელსაც ივანიშვილი წინა პლანზე უნდა შეხვდეს.

„პირველი - „ქართული ოცნება“ გაძეძგილია ნაცებით. ერთი მხრივ, გადამწვეტ მომენტში არც ინდობიან. მეორე - „ოცნების“ რეიტიგნი არის დავარდნილი და ფიქრობს, რომ ისეთ სიტუაციაში ჩადგება, როგორც იყო 2018 წელს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოუწია გამოსვლა და თხოვნა ხალხისთვის, არიქა, გამოდით, თორემ დავიღუპებითო, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებს არ აქვს მეორე ტური, რომ იგივე გაიმეოროს.

ამიტომ, ერთია, რომ გამოვიდეს, უხელმძღვანელოს და იდგეს გუნდთან და მეორეა ის, რომ რუსეთმა შეიძლება ძალიან წინ წაიწიოს უკრაინის ფრონტზე და იმდენად დამაჯერებელი გახდეს რუსეთის გამარჯვება, რომ დასავლეთმა ხელი ჩაიქნოს. ჩვენს წინაშე დადგება ორიენატაციის არჩევის ახალი დიდი გზაჯვარედინი და ამისთვისაც მზად უნდა იყოს.

იცვლება გარე პოლიტიკა. მოხდება დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები. გეოპოლიტიკურ ცვლილებას ივანიშვილი უნდა შევხდეს წინა პლანზე და ამიტომ შემოვიდა. მესამე - არაა გამორიცხული, რომ ივანიშვილი ამდენი ხნის განმავლობაში თამაშობდა დასავლეთის მორჩილის როლს, ელოდებოდა საჭირო დროს და ფანჯარას, რომელიც ახლა დადგება.

შეიცვლება სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, ამიტომ ამ მნიშვნელოვან მომენტს აუცილებლად სათავეებთან უნდა დახვდეს ივანიშვილი, მით უმეტეს, რომ „ოცნება“ ძალიან გაფარჩაკებულია და გაძეძგილია ნაცებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ადეიშვილი.

 

ლაზი ოცნება, განსაკუთრებით ადგილობრივ დონე, ნამდვილად ნაცებით არის სავსე, მაგრამ პრაგმატული ნაცებით, რომლებიც შესანიშნავად ირგებენ ოცნების ნაბადს. ისინი ყოველთვის იდგებიან ძლიერის გვერდით. მით უმეტეს, რომ ბევრ მათგანს, უკან დასაბრუნებელი ხიდები დამწვარი აქვს. არჩევნებზე, ხმებისთვის რომც მიიღონ, მერე მაინც არ აპატიებენ ოცნებასთან თანამშრომლობას. სწორედ ამიტომ არის საჭირო ოცნებისაგან სიძლიერის სიგნალის მიცემა, რაც კეთდება კიდეც.
10 თვის უკან