აზერბაიჯანის შემდეგ USAID-მა შესაძლებელია საქმიანობა საქართველოშიც ვეღარ გააგრძელებს. ამერიკულ ორგანიზაციას აზერბაიჯანში პოლიტიკურ კორუფციაში, აზერბაიჯანოფობიასა და თურქოფობიაში ადანაშაულებენ, საქართველოში კი ეს ორგანიზაცია აფინანებს რადიკალურ ძალებს, ლობირებს როგორც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას, ასევე აფინანსებს ანტიეკლესიურ ძალებს. USAID-ის „ქველმოქმედებას“ ნიღაბი პარლამენტის თავმჯდომარემ ჩამოხსნა.
როგორც აღმოჩნდა, „ტოლერანტობის ცენტრი“, რომელსაც ბექა მინდიაშვილი ხელმძღვანელობს, სწორედ USAID-ის მიერ ფინანსდება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ამერიკული დაფინანსების მიღებას ახერხებს.
„რაც შეეხება ამ ე.წ. ცენტრის დაფინანსებას, როგორც ირკვევა, ის ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთ-ერთი პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში. ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე მერამდენედ, USAID ექცევა მისი სახელით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ახერხებს ამერიკული დაფინანსების მიღებას, თანაც იმ საქმისთვის, რომლის აბსოლუტურად საპირისპიროდაც თავად მოქმედებს.
საქართველოს ეკლესიის და მისი მრევლის წინააღმდეგ საქმიანობის ხელშეწყობა ქართველი ხალხის ინტერესს რომ არ პასუხობს, ეს თავისთავად ცხადია, თუმცა მე, ამავე დროს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის დაფინანსება არც ამერიკელი ხალხის ინტერესშია. ამიტომ, ჩემი მოლოდინია, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა მალე გაერკვევა ამ საკითხში და იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებას კრიტიკით პასუხობს საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობა და აღნიშნავენ, რომ აშშ-ის მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, ქვეყნის ხელშეწყობის ფარგლებში და საქართველოს საკეთილდღეოდ, მრავალ ორგანიზაციასთან მუშაობს ტოლერანტობის მხარდასაჭერად. ამერიკულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია აქვს საქართველოს მთავრობასთან იმის თაობაზე, თუ როგორ უჭერს მხარს მისი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა თავად ბექა მინდიაშვილიც და განმარტა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, მიმართული მისი, როგორც ტოლერანტობის ცენტრის ხელმღვანელის წინააღმდეგ, არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ეთიკის უხეში დარღვევა.
„პარლამენტის თავმჯდომარე არაკომპეტენტურია რელიგიური და თეოლოგიური ხასიათის საკითხებზე მსჯელობისა და შეფასებისას. ამ კუთხით, მისი მხრიდან ეკლესიის „დაცვის“ მცდელობა ფარისევლობაა. ამგვარი განცხადებების საფუძველი ხელისუფლების მხრიდან ეკლესიით პოლიტიკური მანიპულირების სურვილია და, ამავდროულად, ტოლერანტობის კულტურის, რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები შეიძლება იყოს. ტოლერანტობის ცენტრი დაარსების დღიდან იცავს რელიგიის თავისუფლებას და ემსახურება სამოქალაქო ინტეგრაციის მიზანს“, - წერს ბექა მინდიაშვილი.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გაუხარდებოდა, USAID-მა არ იცოდეს, რომ მის მიერ დაფინანსებული პროგრამა „უგვანოდ“ გამოიყენა კონკრეტულმა ადამიანმა და ადამიანების ჯგუფმა. მისივე თქმით, როდესაც USAID აკეთებს განცხადებას, მან წინასწარ უნდა იცოდეს, რომ მის მიერ დაფინანსებული გარკვეული პროგრამა, კონკრეტული ორგანიზაციის მიერ არ არის იმ კონტექსტში განხილული, რისთვისაც თანხა აქვს მიღებული.
„შალვა პაპუაშვილი ვალდებულია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ყველა წევრს მიაწოდოს ინფორმაცია. შემდეგ, უკვე, საზოგადოება გადაწყვეტს ვინ აკეთებს სწორ განცხადებას და ვინ დგას სწორ პოზიციაზე. USAID-მა უფრო უნდა ჩაიხედოს თავის დაფინანსებულ პროგრამებში, ვინაიდან სათაური, რომელსაც იგი აფინანსებს, აბსოლუტურად სხვა არის. ეს განმეორებით არ უნდა მოხდეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ამ ორგანიზაციამ უნდა შეიცვალოს სახელწოდება და საზოგადოებას უნდა გააცნონ არა როგორც ტოლერანტული ძალები, არამედ ტროცკისტულ, ნიკიტისტური ძალები.
„მათი მიზანია ქართველ ხალხს აევსოს მოთმინების ფიალა და ვინაიდან ქუჩაში ვერაფერს ვერ მიაღწიეს, არჩევნებში მერამდენად დამარცხდნენ, ახლა უნდათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია ეკლესიის გამოყენებით, ვინაიდან ქართველი ხალხისათვის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია არის დედაეკლესია და თქვენ წარმოიდგინეთ, როცა ვიღაცა დედას ეხება და ეხება ისეთი სახვრალი ხელით, როგორც ამას აკეთებს იგივე ბერძენიშვილი, მინდიაშვილი, ლიანკა ხოშტარია, ნინია კაკაბაძე და ეს „ნახმარა“ ფერაძე, ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს.
ეს ძალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოში სიტუაცია არიონ, გააუბედურონ ქვეყანა და იცოდეს ყველამ, რომ ესენი იკვებებიან იმ ცენტრიდან, რომელიც იმყოფება ოკეანის გაღმა და ოკეანის გაღმა ორგანიზაცია არის სწორედ USAID, რომელიც გაძევებულია აზერბაიჯანიდან და, ალბათ, მალე მოუწევთ იმ რეალობის წინაშე დგომა, რომ გაძევდებიან საქართველოდან.
ესენი არიან ქართველი ხალხის აშკარა მტრები. მტრები ჩვენ საკმარისად გვყავდა, მაგრამ ყველა მტერი მოვიცილეთ და საქართველოს სახელმწიფო დგას. ამ ჩვენს ეკლესიას, ამ ჩვენს მართლმადიდებლობას და რწმენას ვერაფერი ვერ მოუხერხეს მონღოლება, არაბებმა და ათასი სხვა რჯულის დამპყრობლებმა და ამიტომაც, ამათაც იქ გავისტუმრებთ, სადაც ჩინგიზ-ყაენები, თემურლენგები, ჯიბღუ ხაკანები და მისნაირები არიან“, - აცხადებს გვენეტაძე.
ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ შესაძლებელია, საქართველოს ხელისუფლებამ მიბაძოს აზერბაიჯანს და უკვე საქართველოშიც შეუჩერდეს მუშაობის უფლება ამერიკულ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში აფინანსებს ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციებს, მათ შორის აფინანსებს რადიკალურ ძალებს.
„საქართველოს ხელისუფლებას უნდა თუ არა, ასე უნდა მოიქცეს და რატომ? - იმიტომ, რომ ეს ორგანიზაცია პირდაპირ ემუქრება საქართველოს ხელისუფლებას, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ორგანიზაციის საქართველოდან გაგდება არ მოხდება არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ არა მარტო ამ ორგანიზაციის გაგდებას, არამედ მთელი რიგი კანონების მიღებას ველოდები, რომლის მეშვეობითაც მინდიაშვილები, კაკაბაძეები, ფერაძეები და ასეთი ნაყარ-ნუყარები აუცილებლად უნდა წარსდგნენ ქართული სასამართლოს წინაშე და, რა თქმა უნდა, კანონის ძალით ქვეყნიდან უნდა იქნენ გაძევებული ის ორგანიზაციები, რომლებიც ამათ აფინანსებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.
„ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის შეფასებით, როგორც კი ამ ქვეყნის რომელიმე მამულიშვილი გაბედავს საკუთარი ისტორიის, წინაპრების, დედა-ეკლესიის სადარაჯოზე დადგეს და დაიცვას ისინი „ლუციფერის მსახურებისაგან“ - ყველა ხვრელიდან ამოდიან ეს „ავი სულები“, „ენ-ჯე-ო“-ს სექტორს ამოფარებული ლაქიები და რიტუალურ „ვუდუ-ცეკვებს“ გვთავაზობენ, ჯერ კიდევ 2003 წლიდან გამოცხადებული ქართველობის გენოციდის ფარგლებში.
„ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი კობახიძის შემდგომ, მათი სამიზნე - შალვა პაპუაშვილი გახდა. USAID-ის მიერ ცინიზმზე და პარლამენტის სპიკერის „ბულინგზე“ წახალისებული „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ და მისი მენეჯმენტი, შალვა პაპუაშვილის მიერ ეკლესიის და სარწმუნოების დაცვას უწოდებს „მანიპულაციურ, სპეკულაციურ, არაეთიკურ და სიძულვილის ენის შემცველ“ განცხადებას.
დღეს სწორედ USAID და მისი „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრის“ მსგავსი მარიონეტები უკვე ტაძრებიდან გვდევნიან, გვიბილწავენ ხატებს, შეურაცხყოფენ საუფლო დღესასწაულებს და სამიზნეში ჰყავთ აყვანილი ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის სადარაჯოზე მყოფი პატრიოტები. „დასაჭერთა“ და „დასახვრეტთა“ სიები უკვე გავლილი გვაქვს. დღეს შალვა პაპუაშვილია ამ სიებში, ხვალე ჩვენი ჯერიც დადგება. პრეცედენტი - თუ როგორ უნდა შეაჩერო ეს განუკითხაობა, ჩვენს უშუალო სამეზობლოში უკვე შეიქმნა“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.