წითელი ზღვაზე და სუეცის არხზე შექმნილმა დაძაბულმა ვითარებამ, მსოფლიოში სატრანსპორტო პოლიტიკა მკვეთრად შეცვალა. ლოგისტიკა უკვე გაძვირდა და ეს დაახლოებით 2 თვეში საქართველოზეც იქონიებს გავლენას. კომპანიების წარმომადგენლები უკვე ალაპარაკდნენ ფასების ცვლილებაზე.
წითელი ზღვის კრიზისის გამო, კონტეინერის ღირებულება გაიზარდა, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან იმპორტირებული პროდუქციის ფასზე დაახლოებით თვენახევარში აისახება. „სოფმარის“ დამფუძნებელის ვახტანგ ალანიას თქმით, ახალი შეკვეთების ტრანსპორტირება უკვე განსხვავებული ფასით მოხდება, რაც პროდუქტსაც გააძვირებს.
რაც შეეხება ალტერნატიულ გზას, როგორც ვახტანგ ალანიამ აღნიშნა, შექმნილ ვითარებაში ბიზნესისთვის რკინიგზა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა.
„ფასების ზრდა ჯერ წინ გველოდება. დაახლოებით, თვე, თვენახევარი სჭირდება, რაც არის გზაში. ის ძველი ფასით არის დაჯავშნილი და ბუნებრივია, ახლი კონტეინერები რომ წამოვა, უკვე სხვა ფასით იქნება, რაც მოახდენს გავლენას შიდა ბაზარზე.
არსებობს ალტერნატიული გზა, ეს არის რკინიგზა, ჩინეთიდან საქართველომდე. ეს გზა უკვე მუშაობს, ეს არის ჩვენი რკინიგზის დამსახურება, რომ ამის ორგანიზებას სათავეში ედგა. ეს გზა დღეს გახდა ალტერნატიული. წარმოიდგინეთ, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა რკინიგზა, ვიდრე ეს იყო პანდემიის დროს. იმის გამო, რომ აქ არა მარტო ფასი, არამედ დროც გაიზარდა, კრედიტი, ხარჯი ბიზნესს გაეზარდა მკვეთრად და რკინიგზა გახდა ძალიან მიმზიდველი. უკვე არის მოსაზრება, რომ რაღაც ნაწილი ტვირთის წამოვა რკინიგზით“,- განაცხადა ვახტანგ ალანიამ.
ტერორისტულმა აქტმა, რაც მოხდა წითელ ზღვასა და სუეცის არხში, გამოიწვია ძალიან ცუდი შედეგები. გაზრდილი მარშრუტი, ტვირთბრუნვას შეანელებს, რაც კონტეინერების დეფიციტს და ფასის კიდევ უფრო გაზრდას გამოიწვევს.
„გაძვირდა გადაზიდვები, წარმოიდგინეთ, ჩინეთიდან შავი ზღვის ნავსადგურამდე თუ კონტეინერის ფასი 2000 დოლარი იყო, გახდა 5000 დოლარი. მე ვფიქრობ, ეს ამით არ დამთავრდება და ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. იმის გამო, რომ კონტეინერების ბრუნვა მეტ დროს მოითხოვს. თუ ჩინეთიდან შავ ზღვამდე გჭირდებოდა 45-50 დღე, ახლა დაგვჭირდება 70-75 დღე, შესაბამისად, კონტეინერების ბრუნვა შენელდება, ეს გამოიწვევს კონტეინერების დეფიციტს და ეს ბუნებრივია, ზრდის ფასს. ალბათ, ფასი ერთ თვეში, თვე-ნახევარში კიდევ გაიზრდება.
პანდემიის დროს, რაც იყო, ამის გამოცდილება გვაქვს, გავიარეთ ეს პერიოდი, წარმოიდგინეთ, იმ დროს კონტეინერის გადაზიდვის ფასი, ჩინეთიდან ჩვენს რეგიონში დაახლოებით, 9000 -10 000 დოლარი ღირდა, არ მგონია, ასეთ დონემდე აიწიოს ფასმა, მაგრამ დაახლოებით, 1500–2000 დოლარით შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ალბათ, 7000 დოლარამდე გაიზრდება“, - განაცხადა გადაცემაში „საქმე“ ვახტანგ ალანიამ.
სავაჭრო გემებზე, ჰუსიტების თავდასხმების გამო საზღვაო ხაზები წითელ ზღვას თავს არიდებენ, სანაცვლოდ, აფრიკის კონტინენტის შემოვლით გზას ირჩევენ, 6000 მილით გაზრდილი მარშრუტი კი საზღვაო გადაზიდვის ღირებულებას აძვირებს.
ჩინეთიდან გაძვირებული საზღვაო ტრანსპორტირების ფონზე საქართველოში მოქმედი კომპანიებიც სამშენებლო მასალების, ტექნიკის და ტანსაცმლის გაძვირებას აანონსებენ.
კომპანია „გორგიაში“, რომელსაც 60 000 სახეობის პროდუქცია შემოაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან და ინდოეთიდან, ტრანსპორტირების ხარჯების ზრდაზე საუბრობენ. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მომდევნო 2-3 თვეში ტრანსპორტირების ზრდის ფონზე პროდუქციაზე ფასები გაიზრდება.
„ბოლო პერიოდის მოვლენებმა გვაჩვენა ის, რომ მკვეთრად გაიზარდა ფასები ლოგისტიკაზე ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ჩინეთში და ინდოეთში არის წარმოებული. თუ ადრე ჩვენ 40-ფუტიან კონტეინერს 1800-2000 დოლარის ფარგლებში ვყიდულობდით, დღეს ეს ხარჯი 7000-8000 დოლარია. ამას დაემთხვა ჩინური ახალი წელიც, საწარმოები 2-3 კვირის განმავლობაში იკეტებიან ხოლმე და ამ პერიოდში მკვეთრად იზრდება კონტეინერებზე მოთხოვნა. გაზრდილმა მოთხოვნამ და ლოგისტიკის ხანგრძლივმა მარშრუტებმა უფრო მეტად შეცვალა ხარჯები.
ასევე შეიცვალა ინდოეთის ფასებიც. თუ ჩვენ ადრე 1200 დოლარის ფასებში მოგვქონდა 20-ფუტიანი კონტეინერი, ახლა დაახლოებით 4000 დოლარი ჯდება. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ის პროდუქცია, რომლებიც გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯებით მოდის, აუცილებლად გაძვირდება, საუბარია იმ პროდუქციაზე, რომელიც ჩინეთიდან და ინდოეთიდან მოდის“, - განაცხადა კომპანია „გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გურულმა.
ცნობილია, რომ წითელი ზღვის ჩაკეტვის გამო გადაზიდვების მიმართულებაში პრობლემები შეიქმნა. იემენში ჰუსიტების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 2023 წლის ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ გახშირდა. შედეგად, ყველა გადამზიდ კომპანიას მოუწია ალტერნატიული მარშრუტზე გადართვა, რაც ზრდის გადაზიდვის დროს და იმავდროულად ფასსაც.