ნელ-ნელა ფასის ზედა ზღვარი მედიკამენტების უმრავლესობაზე დაწესდება. ამ მხრივ სიახლე ისაა, რომ მალე რეფერენტული ფასი ურეცეპტო მედიკამენტებზეც გავრცელდება. აღნიშნული არ შეეხება მცენარეულ, ფიტო-პრეპარატებს. სხვა მხრივ ჯანდაცვის სამინისტრო წელს ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების კუთხით ისევე აქტიური იქნება, როგორც შარშან.
ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის ლელა სულაბერიძის ინფორმაციით, 2024 წლის განმავლობაში ზედა ზღვარი ურეცეპტო მედიკამენტებსაც დაუწესდება.
„ამ ეტაპზე რეფერენტული ფასები ეხება, ძირითადად, რეცეპტულ მედიკამენტებს, თუმცა ამ წლის ბოლომდე ეს მიდგომა გავრცელდება ურეცეპტო მედიკამენტებზეც და განსაკუთრებით იმ ტიპის წამლებზე, რომლის მოხმარებაც განსაკუთრებით მაღალია მოსახლეობაში. კიდევ და კიდევ იმ მიზნის საპასუხოდ, რომ ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე ფასები იყოს ადეკვატური, სამართლიანი, რომ მოსახლეობას ფინანსური ტვირთი შეუმსუბუქდეს. აქედან გამომდინარე, ეს მიდგომა ურეცეპტო მედიკამენტებზე გავრცელდება. ნაწილი ამ წამლების უკვე მოხვედრილია ამ ჩამონათვალში, რომლის ფასებიც უკვე ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის და ფარმაცევტული კომპანიებისთვისაც. ამ მხრივ გაგრძელდება მუშაობა“, - განაცხადა ლელა სულაბერიძემ გადაცემაში „საქმე“.
მისი თქმით, ზღვრული ფასი ფიტო-მეტიკამენტებს არ შეეხება. ზოგადად კი სამინისტროს გეგმის თანახმად, 2024 წლის პირველი კვარტალში რეფერენტული ფასები აქტიურ მიმოქცევაში მყოფ ყველა მედიკამენტზე დაწესდება.
„5 ათასზე მეტ მედიკამენტზე უკვე განსაზღვრულია ზღვრული ფასები, აქედან 3 ათასზე მეტია ძალაში შესული, დანარჩენები კი გადახედვის ეტაპზეა. საუბარია ქიმიურ პრეპარატებზე და აღნიშნული არ შეეხება მცენარეულ, ფიტო-პრეპარატებს. იდეა იმის შესახებ, რომ თითქმის ყველა მედიკამენტს შეხებოდა რეფერენტული ფასი, არის ის, რომ მოსახლეობას შეუმცირდეს ჯიბიდან გადასახადი,“ - განმარტა სულაბერიძემ.
აღნიშნული სისტემის ფარგლებში მედიკამენტების ჩამონათვალი ეტაპობრივად იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, ფასის ზედა ზღვარი 5 148 მედიკამენტზეა დაწესებული. აქედან, 3 045 წამალზე რეფერენტული ფასი უკვე მოქმედებს, 2 103 მედიკამენტზე კი ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში შევა ძალაში.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე ადასტურებს, რომ რამდენი წამალიც შემოვა საქართველოში, ნელ-ნელა ყველგან იქნება დაწესებული ზედა ზღვარი.
„საერთოდ, ეს არის სტრატეგიული სვლა და საერთაშორისო გამოცდილებასთან შეხამებული მექანიზმი, რომ ბაზარზე რამდენი მედიკამენტიც არის, ყველა მათგანზე ყოფილიყო რეფერენტული ფასი. ეს არის ჩვენი შეთავაზება სექტორთან, რაც გათვლილია პოტენციურ პაციენტზე.
შეიმჩნევა და დადასტურდა კიდეც, რომ ზოგიერთ მედიკამენტზე ფასები იყო ძალიან გაზრდილი, ამიტომ აფთიაქების მიმართ რაღაც სანქციაც დაწესდა. მათ უნდა გაითვალისწინონ საკანონმდებლო რეგულირების საკითხები.
ბრენდულ წამლებს ვერ ვეხებით. დანარჩენზე კი, რა წამალიც შემოვა საქართველოში, ნელ-ნელა ყველგან იქნება ზედა ზღვარი“, - განაცხადა კახაძემ.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვა ერთერთი ლიდერი სექტორია ფასების შემცირების კუთხით. „საქსტატის“ მონაცემებით, დეკემბრის თვის მაჩვენებლით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ჯანდაცვის სექტორში ფასები 3,1%-ით შემცირდა. ჯანდაცვის სექტორთან შედარებით ფასები უფრო მეტად, თუმცა უმნიშვნელო სხვაობით (3,2%) შემცირდა ავეჯის, საოჯახო ნივთების, მორთულობისა და სახლის მოვლა-შეკეთების ჯგუფში.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2023 წლის დეკემბერი) საქსტატმა უკვე გამოაქვეყნა.
ჯანდაცვის ჯგუფში ფასების კლება მედიკამენტების გაიაფების შედეგია. ეს კი, თავის მხრივ, რეფერენტული ფასების დაწესებითა და თურქეთის ბაზრის გახსნითაა განპირობებული.