ბრძოლა და ცილისწამებები ეკლესიის წინააღმდეგ არახალია. თუმცა, საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია განსაკუთრებული სამიზნე 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გახდა. „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობა, ძირითადად, აგებული იყო იმაზე, რომ საქართველოს საპატრიაქოში განხეთქილება შეეტანა, რადგან ყველა სოციოლოგიური კვლევა ადასტურებდა, რომ საქართველოს საპატრიარქო სარგებლობდა საზოგადოების მაღალი ნდობით და უპირობო ლიდერი იყო პატრიარქი. მიუხედავად დაპირისპირებისა და ცილისწამებისა, რომელშიც ყოფილ ხელისუფლებას მხარს უჭერდა ე.წ. სამოქალაქო სექტორი, უწმინდესის მიმართ ნდობა იზრდებოდა.
ბრძოლისა და ცილისწამების პარალელურად, რომელშიც სამწუხაროდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული სასულიერო პირები მონაწილეობდნენ, დღესაც აქტიურობენ. ამ კამპანიაში ჩართული არიან ე.წ. სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციური მედია-საშუალებები. მაგალითად, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ მედიის წარმომადგენლები ერთმანეთის კვლადაკვალ გამოდიოდნენ მოწოდებით, რომ გამოეყვანათ საპატრიარქოდან უწმინდესი და ის სასულიერო პირები, რომლებიც მათ ნარატივში არ ჯდებოდნენ და საჯაროდ გაეპარსათ. ამის შემდეგ იყო ე.წ. კრეფსები ისევ ეკლესიის და სასულიერი პირების წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, რადიკალები ვერ აცნობიერებენ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას და ქვეყნის ეროვნული იდენტობისთვის საფუძვლის გამოცლას. სწორედ ამას ემსახურება ეკლესიის წინაააღმდეგ დაწყებული ბრძოლის ახალი ტალღა, როდესაც ე.წ. სამოქალო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა.
გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო, თუმცა ფერაძე ამ დრომდე გამოძიებას არ დაუკითხავს. ფაქტია ისიც, რომ ფერაძე დამოუკიდებლად არ მოქმედებდა და აღნიშნული ვანდალზიმი იყო წინასწარ დაგეგმილი ქმედება. ამ ეტაპზე უცნობია, როგორ დასარულდება გამოძიება და შემდგომი რეაგირებისთვის საქმის რა მასალები გადაიგზავნება სასამართლოში. ფაქტია ისიც, რომ რადიკალების საარჩევნო კამპანია აგებული იქნება ეკლესიის და „ურჩი“ სასულიერო პირების წინააღმდეგ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე. ცხადია, ეს საზოგადოებაში გამოიწვევს დაპირისპირებას, რაც არის ოპოზიციის გეგმის ნაწილი. ამის აღსაკვეთად, გვიან, მაგრამ მაინც, მმართველი გუნდი საკანონმდებლო ცვლილების მიღებას გეგმავს, რომლის თანახმად, მკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“ და „დასავლური“ კვარცხლბეკიდან, არა ეკლესიას, არამედ თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს. პაპუაშვილი აცხადებს, რომ მტრული შეტევები ეკლესიაზე შეთანხმებული კამპანიის ნაწილია, რაც გულისხმობს, რომ ეროვნული და რელიგიური ღირებულებები შეუთავსებელია დასავლურ ღირებულებებთან.
„ქართველების უმრავლესობას ეს კამპანია ეკლესიაზე ბოლშევიკების თავდასხმას აგონებს, რომელმაც ქართული სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის დიდი ნაწილი გაანადგურა. არ არის გასაკვირი, რომ რადიკალებს, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განაყოფ პარტიებს, როგორებიცაა „დროა“, „გირჩი“, „ლელო“ და „ევროპული საქართველო“, ხალხში ნეობოლშევიკებად მოიხსენებიან.
აუცილებელია, რომ საზოგადოებამ არ გააიგივოს ეს რადიკალები დასავლურ ლიბერალიზმთან, როგორც ისინი თავს წარმოაჩენენ. ამგვარი აღქმები პოტენციურად დამაზიანებელია ქართველების უდიდესი ნაწილის სურვილისათვის, მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაცია. რადიკალების ცილისმწამებლური კამპანიის ნამდვილი მიზანი არა ეკლესიაზე გულწრფელი ზრუნვა, არამედ ეკლესიისა და ხელისუფლების დაზიანება და ჩვენი საერთო ისტორიული ძალისხმევისთვის ხელის შეშლაა“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
მაშ ასე, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა მიმართულია პირდაპირ სახელმწიფოს, ეკლესიის და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაზეც დგას ქართული იდენტობა. მისი თქმით, წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას და იდენტობას.
„ეს არ არის ახალი. ეს არის მათი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი და მთავარი მიმართულება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ. ამას, პირველ რიგში, ქართული საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს და აუცილებლად დაუპირისპირდება. მორიგი განაჩენი დადგება ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას და ჩვენს იდენტობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არაოფიციალური ინფორმაციით, რადიკალური ოპოზიცია ეკლესიის წინააღმდეგ იმ სასულიერო პირებს ჩართავს, რომლებიც ეკლესიიდან განკვეთილები არიან, ასევე საუბარია იმ სასულიერო პირებზე, რომელიც დღემდე ეკლესიის წევრები არიან, მაგრამ დაპირისპირებულები არიან საპატრიარქოსთან. საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იქნება ჩართული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელსაც 2021 წელს სინოდურმა კომისიამ მღვდელმსახურება შეუჩერა. ჭიღლაძე ერთ-ერთია, რომელიც გამოირჩევა რადიკალური და ამავე დროს ცილისმწამებლური განცხადებებით ეკლესიის და პირადად უწმინდესის მიმართ. არაოფიციალური ინფორმაციით, რადიკალებთან დაახლოებული სასულიერო პირები კომუნიკაციაში არიან ოლიგარქ დავით კეზერაშვილთან. საარჩევნო პროცესში ჩართულ სასულიერო პირების ხელმძღვანელი კი იქნება პეტრე ცაავა, რომელსაც ასევე შეჩერებული აქვს მსახურება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი თვლის, რომ ქართული ეკლესიის დისკრედიტაციაა, როცა გელათის რეაბილიტაცია პრაქტიკულად ჩავარდნილია, ის, რაც ხდება ჯვრის მონასტერში, კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლებთან მიმართებით და ის, რაც ხდება ეპისკოპოსების და მღვდელმსახურების მოსმენებთან დაკავშირებით.
„საზოგადოებამ კარგად იცის, რა დამოკიდებულება აქვს „ქართულ ოცნებას“ ეკლესიის მიმართ. მათი მმართველობის პერიოდში ეპისკოპოსებს და სხვა მღვდელმსახურებს რომ უსმენენ, მათი ცხოვრების ფარული კადრები და ჩანაწერები რომ არსებობს და გამოქვეყნებულია სწორედ მათი ხელისუფლების დროს; ის, რა დღეშიც არის გელათი, ჯვრის მონასტერი, როგორ ექცევიან კულტურული მემკვიდრეობის პროექტებს, ამის ნათელი დადასტურებაა. ამიტომ შალვა პაპუაშვილის ეს განცხადებაც ეკლესიის თემით მორიგი მანიპულაციაა ამომრჩევლის მოსატყუებლად“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ბრალდებას არ ადასტურებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე, რომლის განცხადებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ოცნების“ ლიდერები საეჭვოდ გაიტაცა რელიგიურმა თემატიკამ და ყოველდღე ცრუ ეპისტოლეებს ახვევენ საზოგადოებას თავს. მისი თქმით, „ოცნება“ რელიგიურ თემატიკას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რაც ფარისევლობა და მკრეხელობაა.
„პირველი - რწმენა და ღმერთი იმდენად ღრმა და წმინდა საკითხია ჩემთვის, მისი საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ფარისევლობად და მკრეხელობად მიმაჩნია, მით უფრო, როცა ეკლესიის ავტორიტეტს სიცრუისა და ცილისწამების ტირაჟირებისთვის იყენებენ. მეორე - მესმის მათი მიზანი, მათ უნდათ ღმერთი და რწმენა ბნელი საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენონ. აქედან ნათლად ჩანს, რომ მათ არც რწმენის და არც ქრისტიანობის არაფერი გაეგებათ, რაც სავალალო და დასანანია. მესამე - მესმის უჭირს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ყველაფერი არ უნდა იკადროთ, რაღაც უნდა დატოვოთ წმინდა და ხელშეუხებელი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია თვლის, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მთავარი მებრძოლი ხელისუფლებაა, რომელიც ჯერ კრებსებს აგროვებს სასულიერო პირებზე, მერე მათ აშანტაჟებს და ამით ჯიბეში უზის სამღვდელოების დიდი ნაწილი. ხვიჩიას თქმით, სტალინისა და წმინდა მატრონას ხატის გარშემო განვითარებული რეაქცია ხელისუფლებას „ეცოტავა“ და ამიტომ ეს თემა კვლავ შემოაბრუნა.
„ჩემი აზრით, მთელი ეს ისტორია სტალინის და მატრონას შესახებ არის მოფიქრებული ხელისუფლების მხრიდან და რომ დაინახეს სათანადო რეაქცია მაინც არ მოჰყვა და ეცოტავათ რეაქცია, ისევ შემოაბრუნეს და თვითონ გახდნენ მატრონას ჭირისუფლები. მთელ ქვეყანას ანერვიულებენ და საკუთარ მოქალაქეებს რეპრესიებით ემუქრებიან იმის გამო, რომ მატრონას და სტალინის სიწმინდე არ შელახონ.
როგორ შეიძლება აქ გარდა ხელისუფლების პრობლემისა, მორწმუნეთა პრობლემა დაინახო. მგონია, რომ საერთოდ არავის ემახსოვრებოდა ეს ამბავი, არაფერი ამის შესახებ არ გვეცოდინებოდა, ხელისუფლებას რომ არ დაეგეგმა ეს კამპანია სტალინის და მატრონას შესახებ. ეკლესიის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლას როგორ არ ვხედავ, ოღონდ მთავარი მებრძოლია ხელისუფლება“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.