ოპოზიციაში დიდი გადაჯგუფება დაიწყო და ირწმუნებიან, რომ მსხვილი პოლიტიკური ალიანსების შესაქმნელად მოლაპარაკებები ფინალში გადის. ოპოზიციის გაერთიანება კი „ქართული ოცნებისთვის“ ღიმილის მომგვრელია. ჯერ არშექმნილ პოლიტიკურ ერთობაზე ხელისუფლებაში ამბობენ, რომ არაფერი გამოუვათ და არჩევნებს კვლავ დამაჯერებლად მოიგებენ. მელია-გვარამიას გაერთიანების ბედი სამი კვირაში გაირკვევა. ახლა მთავარი ინტრიგაა - იქნება თუ არა მელიას პარტიის დაფუძნების დღეს მის გვერდით გვარამია?
საარჩევნო მარათონი 2024 „ლელომ“ოფიციალურად დაიწყო. პარტიის წევრები ამბობენ, რომ მელიასთან გაერთიანება არ იქნება - არც ნაცები არც ქოცები - პარტია ამ დღის წესრიგს მიყვება. ახლა საინტერესოა, გამოჩნდება თუ არა ასპარეზზე გიორგი გახარიასთან ერთად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. როგორც „ოცნებაში“ ამბობენ, ეს ერთობა გამორიცხული არაა, როელსაც ე.წ. მესამე ძალის ელფერი უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ მათთან ალიანსი მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მოისურვა. ერთად იქნებიან ასევე „გირჩი“ და „დროა“. სად წავა და ვისთან ითანამშრომლებს დანარჩენი საპარლამნეტო ოპოზიცია, ჯერ უცნობია.
„დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს, გვექნება მანდატების სოლიდური რაოდენობა, პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა“, - ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აკეთებს.
კობახიძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, რადგან „მათ უჭირთ გაერთიანება“, რაც მისი შეფასებით, მმართველ პარტიას დამაჯერებელ გამარჯვებაში დაეხმარება.
„როგორც ჩანს, ამ საპარლამენტო არჩევნებზეც არ ცდება ძალიან ბევრი 1, 2 ან 3%-იანი ოპოზიციური პარტია. ესენი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სიებზე ვერ თანხმდებიან, კონკრეტულ დეტალებზე ვერ თანხმდებიან, მათ უჭირთ გაერთიანება.
საბოლოო ჯამში, ეს კარგ სურათს მოგვცემს. ეს სურათი იქნება ის, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს, გვექნება მანდატების სოლიდური რაოდენობა, პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასე გაგრძელდება ეს პროცესები, რაც საბოლოო ჯამში, შედეგად მოგვცემს „ქართული ოცნების“ მორიგ მე-9, ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას“, - თქვა კობახიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიცია ხვდება ასე ფრაგმენტირებულად 2024 წლის არჩევნებზე გასვლა წამგებიანი იქნება, ამიტომ გამოსავლის ძიებაშია. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ოპოზიცია ახლა ცდილობს გადაჯგუფებას, რათა უფრო უკეთესი სიტუაცია ჰქონდეს, ვიდრე ახლა არის. თუმცა ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მთავარია, რა არის ოპოზციის გაერთიანების მთავარი მიზანი.
„ოპოზიცია უნდა დაჯგუფდეს არა ისე, ვისთან უფორ ტკბილი ურთიერთობა აქვს და უფრო კომფოტრული, არამედ იმის მიხედვით, რომ მაქსიმალურად ოპოზიციური ელექტორატი აითვისოს. ოპოზიციური ელექტორატი კი ორი ნაწილსიგან შედგება, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და მეორე, რომელსაც არც ენმ უნდა და არც „ოცნება“. ე.წ. შუაშისტები არიან. თუ ოპოზიცია მოახდენს და მაქსიმალურად აითვისებს ამ ელექტორატს, რა თქმა უნდა, „ოცნება“ უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს. თუმცა არსებობს კითხვა, ვინ უნდა შეძლოს ეს?
ახლა რა ინფორმაციაც გვაქვს, არის ის, რომ მელია და გვარამია, ასევე დეკანოიძე შესაძლოა ახალ პარტიაში ერთ გუნდად მოგვევლინოს. გავყვეთ ამ თეორიას და ვთქვათ, ვინ არის ამ ხალხის ამომრჩეველი და შეძლებენ თუ არა ისინი შუაშისტების მიმხრობას. რა თქმა უნდა - ვერა, რადგან გვარამია არის წარსული 9-წლიანი რეჟიმის სახე, რომელიც ყოფილი მთავარი პროკურორია. მას თუ რამის გაკეთება უნდოდა ან შეცვლა, აქამდეც შეძლებდა პოლიტიკაში მოსვლის გარეშე. ის როგორც პოლიტიკოსი ნანახიც გვყავს და ასევე ვნახეთ, რომ ჩამოაქვეითეს სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც. ამიტომ ის ცალკე აღებული საზოგადოებაში არანაირი ავტორიტეტის მატარებელი არ არის“, - ამბობს ძაბირაძე.
რაც შეეხება მელიას, ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მელია გვარამიასთან ერთად ენმ-ს, ფაქტია, ამომრჩეველს გაუყოფს და 5%-იან ბარიერს გადალახავს, მაგრამ ის არ იქნება ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც შეძლებს და ხელისუფლებას რაიმე მნიშვნელოვან მეტოქეობას გაუწევს. ძაბირაძე ამბობს, რომ ვერ შეძლებს ვერც ხელშესახები მოცემულობის დადებას გიორგი გახარიას და ზურაბიშვილის შესაძლო ტანდემი. მის აზრით, თუკი ოპოზიციას რაიმე მნიშვნელოვანი ხმების აღება სურს, მაშინ ყველა მინუს „ნაციოანლური მოძრაობა“ უნდა გაერთიანდეს.
„სერიოზული მეტოქეობის გაწევას ერთად მხოლოდ ზურაბიშვილი და გახარია ვერ შეძლებენ. ზურაბიშვილი მაშინ იქნება ანგარიშგასაწევი ფიგურა, თუკი ის იქნება მთელს ოპოზიციასთან გარდა ენმ-ისა. სხვაგვარად არ მგონია,რომ ოპოზიციამ რამე შეძლოს. აქ ვგულისხმობ „ლელოს“, გახარიას პარტიას, მელია-გვარამიას, საპარლამენტო ოპოზიციას, ანა დოლიძეს, გარდა ენმ-ისა. მხოლოდ ამ დიდმა გაერთიანებამ შესაძლოა, შეძლოს ამ ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ყურადღების მიქცევა, სხვა მხრივ ხელისუფლება ამ მოცემულობით, ისევ უმრავლესობით მოსვლას შეძლებს“, - ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას არჩევნებამდე ძალიან ცოტა დარჩა იმისთვის, რომ საბოლოოდ გადაჯგუფდეს და საზოგადოების წინაშე წარსდგეს. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მოსახელობამ შესაძლოა იმის გააზრებაც კი ვერ მოასწროს, ვინ ვისთან არის.
„ყველაფერი მაინც ხარისხზე არის დამოკიდებული და იმაზე ვინ ვისთან ითანამშრომლებს. თუმცა ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, მაგალითად, ხელისუფლებას და „ნაციონალურ მოძრაობას“, თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს. მათ ეს ხმები გარანტირებული აქვთ, მაგრამ დანარჩენ ოპოზიციას სჭირდება მუშაობა იმაზე, რომ არჩევნების მთავარი ინტრიგა რაცაა, მიიმხროს ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი, რომლებთაც ამ პოლიტიკური პარტიებიდან არც ერთი არ უნდა. აი, აქ არის უკვე სამუშაო, რა უნდა გააკეთოს დარჩენილმა ოპოზიციამ ამისთვის. ჩნდება ვერსიები, რომ ე.წ. მესამე ძალის სახით შესაძლოა პოლიტიკურ ველზე გახარია - ზურაბიშვილი - ლომჯარია ვიხილოთ.
თუმცა, ამ პოლიტიკურ ფიგურებს არა აქვთ ის რეიტინგი და ავოტირტეტი მოსახლეობაში, რომ ეს ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი მიიმხრონ. მაგალითად, თავად გახარიას რაში სჭირდება ან ზურაბიშვილი ან ლომჯარია? არც ერთ მათგანს რეიტინგი არა აქვს. კი ბატონო, ზურაბიშვილი ბოლო დროს ცდილობდა რაღაცებს, მაგარმ კანდიდატის სტატუსი რაც მივიღეთ, ამის შემდეგ ზურაბიშვილს ხელში არ დარჩა არაფერი, რომ პოლიტიკურად იაქტიუროს. ანუ, გახარიას ტვირთად რაში სჭირდება ეს ორი ფიგურა, თუ 5%-იან ბარიერს ისედაც ფიქრობს, რომ აიღებს? ამიტომ ვაბობ, რომ აქ მთავარია ის იდეა და მიზანი, რის გარშემოც ოპოზიციამ მოსახლეობის მობილიზება უნდა შეძლოს. ასეთი იდეა ოპოზიციას არა აქვს“, - ამბობს საყვარელიძე.