2031 წლამდე თბილისში სამარშრუტო ტაქსებით რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ოთხი კომპანია განახორციელებს. ვაკე-საბურთალოსა და გლდანი ნაძალადევში - შპს „თბილ ლაინი“, ძველი თბილისი-დიდგორში - შპს „კაპიტალ გრუპი“; დიდუნე-ჩუღურეთში შპს „თბილ ქარი“ და ისანი-სამგორში - „ფაბრიქ ქარი“. ოთხივე შპს-ს დეკემბერ-იანვარშია დაარსებული, საწესდებო კაპიტალით 100 ლარი. რეფორმის თანახმად, 2012 წლამდე მათ თბილისში სამი ათასზე მეტი ყვითელი ფერის ახალი მიკროავტობუსები უნდა შემოიყვანონ.
ასეთი შედეგით დასრულდა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსი. უკვე ცნობილია, რომ ოთხივე კომპანიის უკან მმართველ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული ერთი ბიზნეს ჯგუფი დგას. თბილისის საკრებულოს წევრი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ტენდერში გამარჯვებული წინასწარ იყო ცნობილი და ეს მომგებიანი ბიზნესი თბილისის მერის სამეგობროს ხელში გადავიდა:
„ყველა ამ კომპანიას მისამართად მითითებული ჰქონდა სანაპიროს ქუჩა №3, რესტორანი „ძველი სახლი“ და დევს დოკუმენტი, რომლითაც ამ რესტორნის დირექტორი იღებს ვალდებულებას, რომ მათ მიაქირავებს ფართს. როგორც ჩანს, ვიღაც ძალიან შეწუხდა, რომ ეს ფაქტი ძალიან იყვირებდა და უკვე მოგვიანებით, ერთ-ერთ კომპანიასთან მიმართებაში შეიცვალა დოკუმენტი და უკვე ახალ დოკუმენტზე ხელს აწერს რესტორანი „ქალაქურის“ დირექტორი. ყველა ეს ფაქტი, რომელიც ამ დოკუმენტებში არის წარმოდგენილი, ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ ს თბილისს სატრანსპორტო სფეროს მონოპოლიზაცია გარანტირებული აქვს. მონოპოლია ნიშნავს უფრო მაღალ ფასებს. არსებობს ძალიან მაღალი საფრთხე რომ მცირე მეწარმოება ამ სფეროდან საერთოდ გაქრება. ეს ყველაფერი, მთელი ეს „რეფორმა“ წინასწარ იყო განზრახული, რომ იმ მიზნით, რომ ამ არარსებულ კომპანიებს მიეღოთ ტენდერში მონაწილეობა, მომხდარიყო სფეროს მონოპოლიზაცია და ერთი ადამიანის, ქალაქ თბილისის მერის და მისი ძალიან ვიწრო სამეგობროს, ხელში მოქცეულიყო ეს ძალიან მომგებიანი და მნიშვნელოვანი ბიზნესი თბილისში“.
რესტორნებს „ძველი სახლი“ და „ქალაქური“ - „ჯმს ჯგუფი“ მართავს. არაოფიციალურად ცნობილია, რომ ეს ჯგუფი ბიზნესმენებს მერაბ შარანგიას, ბუტა ელიავასა და ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნით, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებულ პირებად ითვლებიან და „ვარდების რევოლუციის“ დროს „ნაციონალურ მოძრაობას“ ფინანსურადაც ეხმარებოდნენ. ბიზნესმენთა ეს ტრიო მოიაზრება მობილური კომპანია „ბილაინის“, დეზერტირების ბაზრობისა და სასტუმრო „პარკ ჰაიათის“ უკანაც. ამ ფინანსურ ჯგუფს ის მცირე ბიზნესმენები, რომლებიც უკვე წლებია თბილისში სამარშუტო ტაქსების ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი, მხოლოდ სამ ლოტზე უწევდნენ კონკურენციას.
ჩვენთან ინტერვიუში მცირე მეწარმე ტარიელ ცომაია ამბობს: „თავიდან, როცა გამოცხადდა ტენდერი, ჩვენ შეხვედრა გვქონდა მერიაში და ვუთხარით, რომ ყველაფერს შევცლით, იქ საკმაოდ რთული პირობები იყო, ყვითელი ფერი, სალარო აპარატები შიგნით, 1995 წელს ზემოთ გამოშვებული მანქანების შეცვლა და ა.შ. ჩვენ ვთხოევთ - ოღონდ გვითხარით, თუ მოდის მონოპოლისტი და ბიზნესის ხელში ჩაგდება უნდა, ნუ გვაწვალებთ. მაგრამ გვითხრეს, რომ ასეთი არაფერი ხდება - იზრუნეთ, რომ თქვენი ბიზნესი შეინარჩუნოთო. ფაქტიურად, აქედან შევედით ორი ფირმა და იქედან დაგვხდა ოთხი ფირმა. ეს ოთხი ფირმა არის ერთი და იგივე ადამიანების, ამას არც არავინ მალავს, ესენი არიან „ჯმს ჯგუფი“, რესტორნების ქსელი აქვთ. ყველა იცნობთ მათ, როგორც „ბილაინის“ მეწილეებს საქართველოში. ესენი დაგვიჯდნენ ცალ-ცალკე ფირმებად ყველა ხუთივე ლოტზე კონკურენტებად! ჩვენ გვეწერა, რომ შევცლიდით მანქანებს 95 წლიდან და ზემოთ, ხოლო ამათ პირდაპირ დაწერეს, რომ 2011 წელს გამოშვებულ მანქანებს შემოვიყვანთო. რანაირადაც არ უნდა დაიანგარიშო, სუფთა ბიზნესის პირობებით, 2011 წლიან მანქანის ფულს ვერასოდეს ვერ ამოიღებ. მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა აზრი, თუ ხუთივე ლოტზე გაიმარჯვებდნენ და ბაზარზე მონოპოლისტი გახდებოდა. იმიტომ, რომ 20 წლიანი ლიცენზიაა და მეხუთე-მეექვსე წელს შეიძლება მოგებაზე ფიქრი. ჩვენ ვერაირად ვერ ჩავწერდით 2011 წლის მანქანებს იმიტომ, რომ ერთ ლოტზე გავდიოდით და აზრი არ ჰქონდა. აქამდე დიდი კონკურენცია იყო ამ სფეროში, ქალაქში იყო დიდი კონკურენცია და ვერ ვაძვირებდით ვერცერთი, ახლა უკვე ერთი კაცის ხელში იქნება და ფაქტიურად კონკურენცია არ იქნება“.
გამარჯვებულმა კომპანიებმა ვალდებულება აიღეს თბილისში ახალი ყვითელი მიკროავტობუსების შემოყვანა 2011 წლის შემოდგომიდან დაიწყონ. მანამდე ტენდერის პირობების თანახმად, მათ ყველა იმ მძღოლისა და მცირე მეწარმის დასაქმება უნდა უზრუნველყონ, რომლებიც ამ სფეროში დღემდე მოღვაწეობდნენ. მძღოლებისა და მცირე მეწარმეების დიდი ნაწილი ამ დაპირებას ეჭვის თვალით უყურებს. ახალმა კომპანიებმა კონტრაქტის მიხედვით, თბილისში 2011 წელს გამოშვებული, უახლესი, “ფორდ-ტრანზიტის” ტიპის, კონდიციონერით და სალარო აპარატით აღჭურვილი მანქანები უნდა შემოიყვანონ. ბევრისთვის დღემდე გაუგებარია როგორ შეძლებენ ისინი იმ მეწარმეების და მძღოლების დასაქმებას, რომლებსაც უფრო ძველი მანქანები ჰყავთ. ტარიელ ცომაია ამბობს:
„ჯერჯერობით, მათ არა ჰყავთ არცერთი მანქანა. პირველი პარტია უნდა შემოიყვანონ ოქტომბრის თვეში. ოქტომბრამდე ყველა ვარიანტში იმ მანქანებმა უნდა იმუშავონ, რომლებიც ახლა მუშაობენ. მე პირადად ამ ფირმებს ვეკითხები, მე როგორ ვიმუშავებ? ხუთი მანქანა მყავს გაქირავებული და შემომდის შემოსავალი. მე რას მიშვებით ამ დროს, მე 2011 წელს გამოშვებულ მანქანას ვერ ვიყიდი, გამორიცხულია და აზრი არ აქვს ჩემთვის. თუ ისინი მეტყვიან, რომ მე ვერაფერს ვერ გიზამთ და იმუშავეთ ვთქვათ მაისამდე და მერე წადი, მე ვეუბნები მე დღესვე ვაჩერებ მანქანებს, არ ვმუშაობ დღესვე და თქვენ რას აპირებთ?! ლიცენზია უკვე გაქვთ, პირველი პირობა ამ ლიცენზიისა არის, რომ გადაიყვანოთ მგზავრები. როგორ გადაიყვანთ მგზავრებს?! მე არ ვიმუშავებ, ჩემმნაირია სუყველა, წარმოიდგინეთ, რომ არავინ იმუშავებს, რას აპირებთ?! აი, ამ პუნქტში აქვთ მაგათ დიდი პრობლემა. მაგათ მანქანები არ ჰყავთ და ჩვენს მანქანებზე არაინ დამოკიდებულნი. ვითომ გვეუბნებიან, რომ გამუშავებთ ორი-სამი წელი, მაგრამ როგორ გვამუშავებენ სამი-ოთხი წელი, როცა 2011 წელს გამოშვებული მანქანა ერთ წელიწადში უნდა შემოიყვანო?! პირობებში უწერიათ, რომ 2011 წელს გამოშვებული მანქანა უნდა შემოიყვანონ. მაშინ მერიამ უნდა „გადააგდოს“, ან მე და ჩემმნაიარი“
თბილისის მერიამ აღნიშნული ტენდერი, ყველაზე მკვდარ დროს, წინასაახალწლო დღეებში - 6 დეკემბერს გამოაცხადა, ტენდერში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია კი 14 იანვარს შეწყდა. სპეციალისტები კონკურსის პირობებს საკმაოდ რთულს უწოდებენ. კონკურსში მონაწილეობა 100 ათასი ლარი ღირდა, პლუს საჭირო იყო მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარის საბანკო გარანტია და კიდევ 1300 დოლარის გარანტია თითოეულ მოკროავტობუსზე. ხუთივე ლოტზე, თბილისის მერიამ, ყვითელი ფერის ახალი მიკროავტობუსების რაოდენობა - 3078 ცალით განსაზღვრა.
უკვე დღეს გამარჯვებულ კომპანიებსა და ბიზნესში აქამდე მყოფ მეწარმეებსა და მძღოლებს შორის, რომლებსაც არსებული სამუშაო ლიცენზიები უკვე შეუჩერდათ, მოლაპარაკების პირველი რაუნდი გაიმართა. მასში აქტიურად არის ჩართული ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირი.
იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულებმა დამარცხებულებს სამართლიანი, გრძელვადიანი პირობები არ შესთავაზა, მძღოლთა დიდი ნაწილი, გაფიცვის მოწყობასაც არ გამორიცხავს.
ჯერჯერობით, არ გაკეთებულა კომენტარი, თუ რა ეღირება მგზავრობა ახალი მიკროავტობუსებით. ექსპერტთა გათვლებით, ძველი პარკის მთლიან განახლებას, დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტიცია სჭირდება, რაც, მგზავრობის ფასის გაძვირებასაც გამოიწვევს.