კონსულტაციები დაწყებულია, ოპოზიციურ ველზე ახალი კონფიგურაციის შესახებ, სავარაუდოდ, მარტისთვის ცნობილი გახდება. „ევროოპტიმისტები“ კონსულტაციებს აწარმოებენ ნიკა გვარამიასთან და ნიკა მელიასთან, რომელიც ასევე ახალი პარტიით უახლოეს პერიოდში წარსდგება. რაც შეეხება „ლელოს“ და მელიას გუნდის შესაძლო გაერთიანებას, სავარაუდოდ, ეს უფრო შეეხებოდა პოსტსაარჩევნო ალიანსს, ხოლო წინასაარჩევნო გაერთიანებაზე „ლელოსთან“ რაიმე სახის გაერთიანებაზე ინფორმაცია არ არის. თავად ნიკა მელია გაერთიანებაზე კომენტარს არ აკეთებს.
„ევროოპტიმისტების“ ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ გაზაფხული იქნება, ალბათ, საბოლოო ათვლის წერტილი, როცა საბოლოო კონფიგურაცია შედგება. ეს უნდა იყოს გონივრული კონფიგურაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ შედგეს მეტი გონივრული ერთობა და ალიანსები. მისი თქმით, ესაა სინერგიული ერთობა, რომელიც არ იქნება საარჩევნო სუბიექტების მხოლოდ ავტომატური დაჯგუფება, არამედ ეს იქნება სინერგია, რომელიც გაზრდის ხმების რაოდენობას.
„ამასთან დაკავშირებით არსებობს კონსულტაციები. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ბრძოლაში დავრჩები. კონსულტაციები მქონდა ნიკა მელიასთან, საუბარი და კონსულტაციები მაქვს ნიკა გვარამიასთან მათ შორის. ვფიქრობ, ყველა ადამიანი, რომელიც საკუთარ როლს ხედავს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, დარწმუნებული ვარ, მათი სინერგიული ერთობა, რომელიც შედგება, იქნება მნიშვნელოვანი.
მივიჩნევ, რომ ორივე ადამიანს აქვს დიდი რესურსი და პოტენციალი, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ მოიტანონ ის სინერგია, რომელიც უნდა ჰქონდეს ალიანსს, ერთობას. ამ ეტაპზე არის მხოლოდ საუბარი, მათ შორის, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც იყვნენ ჩემი მეგობრები წლების განმავლობაში. ვფიქრობ, საინტერესო და ცხელი გაზაფხული გველოდება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ევროოპტიმისტების“ ლიდერის განცხადებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ნიკა გვარამია, რომლის განცხადებით, მომხრეა ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის და წერს, რომ მიზნების მისაღწევად ყველას დაელაპარაკება.
„მომხრე ვარ ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. 5%-ანი ბარიერის დაძლევა, ათკაციანი, გინდაც ოცკაციანი საპარლამენტო ფრაქცია, სრულიად უინტერესოა ჩემთვის. პირადად მე მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, სხვას თუ კომპრომისებისთვის გამბედაობა, კეთილგონიერება და პირადზე მაღლა საერთო ინტერესის დაყენების პრობლემა ექნება.
მე მაინტერესებს ცვლილებები და სიახლეები. თანამდებობებიც მქონია და გავლენაც, ამისთვის პოლიტიკაში მობრუნება ნამდვილად არ მჭირდება. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ერთად შევცვალოთ, დემოკრატია და თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად მოვიპოვოთ, ქვეყნის მართვაში გზა გავუხსნათ ახალ ხალხს და პოლიტიკურ ელიტაში თაობათა ცვლა მაქსიმალურად დაჩქარდეს“, - წერს ნიკა გვარამია.
ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციაში არ მოიაზრება „გირჩი“. როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, მათი მიზანია პოლიტიკურ სპექტრი აიძულონ, „ნაცები“ წავიდნენ „ნაცებთან“, ხოლო დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც არც „ნაცობა“ უნდათ და არც „ქოცობა“, კარი გაუხსნან. ხვიჩიას თქმით, ჯერჯერობით პოლიტიკური ვაჭრობა მაინც „ნაცების“ კართან მიდის და ამიტომ მთავარი ყურადღება იქით არის გადატანილი.
„როგორც კი „ნაცებთან“ ვაჭრობა მორჩება და ვერ შეთანხმდებიან, ალბათ, შემდეგ საინტერესო იქნება, ის ვერშეთანხმებული ხალხი რას იზამს. რაზე ვაჭრობენ? ძირითადად, საარჩევნო სიაზე ვაჭრობენ. „ნაცებში“ სიას ვინ დაალაგებს, არ ვიცი, თუმცა წინა სიაც არ იყო მაინც და მაინც კარგად დალაგებული. ამიტომ თუ იგივე ხალხი აკეთებს სიას, შეიძლება, დალაგებული არ იყოს. იმედი მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარყოფით გამოცდილებას და სიაზე შეცდომას გაითვალისწინებს. პარტიის არსებული შემადგენლობა გასაახლებელია“, - ამბობს იაგო ხვიჩია.
მმართველ გუნდში თვლიან, რომ ოპოზიციაში მიმდინარე კონსულტაციებსა და გადაჯგუფებებს კეთილსინდისიერ და პრინციპულ პოლიტიკასთან არაფერი აქვს საერთო და ეს ყველაფერი ნაკარნახევია მხოლოდ მერკანტილური მიზნებით, რომ საკუთარი ვიწროპარტიული გადმოსახედიდან შესაძლებლობა ნახონ და საარჩევნო ბარიერი გადალახონ. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თვლის, რომ მელია იქნება, დეკანოიძე და გოცირიძე, „ლელო“ თუ ნიკა გვარამია, ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელთაც გათვლა აქვთ იმ ამომრჩეველზე, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. მისი თქმით, ასეთ ერთობაში სიახლე არაფერია და გადაუწყვეტელ ამომრჩეველზეც მინიმალური გავლენა ექნება.
„ადრე იყო ერთი მთლიანობა, დღეს დაიშალნენ და ცდილობენ ამ დაშლილიდან რაღაც ნაწილი შეკოწიწდეს. ეს ყველაფერი როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა დაჯდეს, გათვლა აქვთ იმ ამომრჩეველზე, რომელიც იყო ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. გვარამია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რომელიც მთელ საინფორმაციო პოლიტიკას და პროპაგანდას ადგენდა და დღესაც ადგენს, უბრალოდ, ახლა მოცემულობა შეიცვალა და შიდა დიფუზიაა ძალიან დიდი. გვარამია ახალი სახე კი არ არის, ათეული წელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდული მიმართულების მთავარი ხელმძღვანელი.
ვფიქრობ, მინიმალური ზეგავლენა ექნება ამას ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე. ესენი ყველა ის ადამიანები არიან, რომლებსაც წლების განმავლობაში ამომრჩეველი როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათთან აფილირებულ სხვადასხვა დანაყოფს ისე აღიქვამს. სიახლე არაფერია ამ გაგებით, ეს უბრალოდ არის ჩვენი პოლიტიკური მედია სივრცის, ჰაერის და გარემოს ჯანჯღარი. ამომრჩევლისთვის ამ გადაჯგუფება-გადმოჯგუფებას რაიმე თვისობრივი სიახლე არ გააჩნია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ასეთი კონფიგურაცია შედგეს ოპოზიციურ ველზე და თუ ინტელექტუალობის ნიშანი გახდება წამყვანი ოპოზიციაში, რა მოთხოვნაც არის დღეს საზოგადოებაში, ასეთ ჯგუფს ექნება უფრო მეტი პერსპექტივა.
„პრეტენზიები არის ინტელექტის მიმართ. ინტელექტუალების მოთხოვნილება არის ბევრში. საყურადღებოა ისიც, რომ გვარამია და მელია ბოლო ხანებში თითქმის არანაირ განცხადებებს არ აკეთებენ. ანუ, ელოდებიან თათბირს და ინდივიდუალური განცხადებებით არ მოიჭრეს გზა. ესეც სიფრთხილის გარკვეული ფორმაა და ინტელექტუალურ სტრატეგიაზე მიუთითებს. ინტელექტუალობის დეფიციტი არის ქართულ ოპოზიციაში, მაგრამ თუკი აღმოჩნდება რაღაცა ჯგუფი, რომელიც ამ მხრივ უფრო გააზრებულად იმოქმედებს, ნამდვილად ასეთ ჯგუფს ექნება უფრო მეტი პერსპექტივა, ვიდრე დანარჩენებს“, - აცხადებს საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, სამივე ამ ფიგურასთან არის ერთი დიდი პრობლემა - მოსახლეობის ნდობა მათ ექნებათ ძალიან დაბალი, რადგან ასოცირებული არიან სააკაშვილის სახელთან და მოღვაწეობასთან. მისი თქმით, თუკი ამ „გონიერებმა“ იმდენი გონიერება გამოიჩინეს და უარი განაცხადეს და უარყვეს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მისი წარსული და დღევანდელი მდგომარეობა, ჩამოიბანეს ნაციონალური ლაქები, მაშინ არაა გამორიცხული, რომ ხალხის ყურადღება მიიპყრონ.
„გავიხსენოთ, ასეთი განბანვის პროცედურა ჰქონდათ სააკაშვილს, ჟვანიას და ბურჯანაძეს შევარდნაძესთან დაპირისპირებაში და მოსახლეობა აყვა მათ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე 9 წელი ისინი შევარდნაძის ერთგულები იყვნენ. ანალოგიურად, თქვენს მიერ ჩამოთვლილი ფიგურები არიან მიშისტები, მაგრამ თუ განიბანებიან, ასეთ შემთხვევაში გამორიცხული არ არის მოსახლეობის ნდობის დაბრუნება.
ეს ნიშავს, რომ ისინი დაკარგავენ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, მაგრამ უნდა ჰქონდეთ გეგმა, რომლითაც ახალ ამომრჩეველს მოიზიდავენ, თორემ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი თუ დაკარეგს და ახალიც ვერ მოიპოვეს, მაშინ რაღად უნდათ არჩევნები? ასე რომ, ვერსია - ნდობა დაიბრუნონ, მარტივი ვერსია არ არის, დიდ შრომას უკავშირდება საიმისოდ, რომ უნდობლობა ჩამოიშორონ და ახალი ნდობა მოიპოვონ. არ ვიცი, ამას რამდენად მოახერხებენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, არის თეორიული შანსი იმისა, რომ ისინი ერთად წარმოჩინდნენ როგორც პოლიტიკური ძალა. არჩევნებამდე თითქოს ბევრი დროა, თუმცა მეორე მხრივ, არც ისე ბევრი დროა და, შესაბამისად, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას, მიუხედავად იმისა, რომ დეკანოიძეს, გვარამიას, მელიას და გოცირიძეს საზოგადოებაში წარდგენა არ სჭირდებათ, რადგან ცნობადობა ყველას აქვს, ანჯაფარიძის განცხადებით, ახალი პოლიტიკური ძალის პოპულარიზაციას და მისი ელექტორატის ცნობიერებაში დამკვიდრებას გარკვეული სამუშაო მაინც სჭირდება.
„ამ ხალხს საზოგადოება იცობს როგორც ყოფილ ნაციონალებს და უნდა დაარწმუნონ საზოგადოება იმაში, რომ ჩვენ, ჩვენს წარსულთან კავშირი გავწყვიტეთ და ვართ ახალი ძალა, მაგრამ როგორ გააკეთებენ ამას, აქ არის მთელი ინტრიგა. იმიტომ, რომ თუ მათ ისევ იგივე გზავნილებით დაიწყეს საზოგადოებასთან მისვლა, როგორც აკეთებდნენ ადრე, რომ ჩვენ მხოლოდ შეცდომები დავუშვით, რაც გარდაუვალი იყო რეფორმების გატარების დროს და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, არ მგონია, რომ მათ რაღაცა პერსპექტივა ჰქონდეთ. მათ რაღაცა ისეთი ახალი და განსაკუთრებული უნდა შესთავაზონ საზოგადოებას, რომ ელექტორატის რაღაც ნაწილი უნდა დააჯერონ თავის სურვილების და განზრახვების სისწორეში. რამდენად შეძლებენ ამას, ვნახავთ, როდესაც დაიწყებენ საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას“, - აცხადებს ანალიტიკოსი.
კითხვაზე, თუკი ეს კონფიგურაცია შედგა, რამდენად იქნება პრობლემა უკვე არსებული ოპოზიციური ძალისთვის და მეტ-ნაკლებად, ეს შეუქმინის თუ არა დისკონფორტს სახელისუფლებო ძალას, ზაალ ანჯაფარიძე არ ფიქრობს, რომ ამან ხელისუფლებას რაღაცა დისკომფორტი შეუქმნას ელექტორალური კუთხით.
„ვინც „ოცნების“ ამომრჩევლები იყვნენ და რაღაცა მიზეზების გამო „ოცნებაზე“ გაბრაზდნენ, ვერ გახდებიან მელიას, გვარამიას, დეკანოიძეს და გოცირიძის ამომრჩევლები, იმიტომ, რომ საზოგადოების თვალში ისინი მაინც ნაციონალები არიან და საკუთარ წარსულს ვერც ერთი მათგანი ვერ გაექცევა, რა ორიგინალური მესიჯებიც უნდა შესთავაზონ საზოგადოებას. მე ვფიქრობ, რომ გადაჭარბებულია ზოგიერთი ექსპერტის წინასწარ ავანსად გაცემული დივიდენდები ხალხის მიმართ, როდესაც ამბობენ, რომ ესენი უპრობლემოდ გადალახავენ 5%-იან ბარიერს. არ არის ასე, რადგან ძალიან მძიმე წარსული აქვს თითოეულ მათგანს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.