საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ვიზიტით იმყოფება და ერთი კვირის განმავლობაში, ჩინეთის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან შეხვედრებს გამართავს. როგორც „ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მინისტრ ლიუ ძინჩაოსთან, მინისტრის მოადგილესთან, ასევე სახელმწიფო საბჭოსთან არსებული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობასთან.
კობახიძე ამბობს, რომ ეს ვიზიტი და ქვეყნის თანამშრომლობა ჩინეთთან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სხვადასხვა თვალსაზრისით. ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის.
თუმცა, ასე სულაც არ ფიქრობენ ოპოზიციაში, რომელთაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით სრულიად სხვა ეჭვები აქვთ. მათი აზრით, არსებობს საფრთხე, რომ ამით რეგიონში ჩინური გავლენები ძლიერდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კობახიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში ქვეყანაში საპარლამენტო გუნდი „რუსეთის დავალებით“ გაემგზავრა.
ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ჩინეთში ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების შესათანხმებლად ირაკლი კობახიძე და კიდევ ხუთი დეპუტატი არ წავიდოდა და ვიზიტის მიზანი პოლიტიკურია. მათი თქმით, დიდი ალბათობით, ხელისუფლება ამერიკის გეოპოლიტიკურ მეტოქესთან ერთ მაგიდასთან დაჯდომით დასავლელი პარტნიორების შანტაჟს აგრძელებს.
მაგალითად, თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე და არჩევანი ბრიქსზე გააკეთოს. საუბარია რუსეთ-ჩინეთ-ინდოეთ-ბრაზილიიის და სამხრეთ აფრიკის ალიანსზე. ეს ის ჯგუფია, რომელიც ხუთმა ქვეყანამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპირწონედ შექმნა.
„ოცნების“ დეპუტატები შანხაისა და პეკინში შეხვედრებს ოფიციალურ პირებთან ერთი კვირის განმავლობაში გამართავენ. საპარლამენტო დელაგაციის შემადგენლობაში არ არის ოპოზიცია.
„თურმე ჩვენ აქ ჩამოვედით მოსკოვის დავალებით. ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ კი არ გვაყენებენ რაიმე ტიპის შეურაცხყოფას, არამედ ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ჩინეთს“, - ამ განცხადებით პასუხობს „ქართული ოცნების“ წევრი ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციის კრიტიკას და ამბობს, რომ „ოპოზიციას საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის გაკეთების უნარი არ აქვს“.
„რუსეთს თავისი ურთიერთობები აქვს ჩინეთთან, საკმაოდ სპეციფიური, აბსოლუტურად განსხვავდება იმ ურთიერთობებისგან, იმ ინტერესებისგან, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ჩინეთთან ორმხრივ ურთიერთობაში“, - ამ განცხადებას კი პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით აკეთებს.
ვოლსკის თქმით, ჩინეთის პოზიცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე საყოველთაოდ ცნობილია, ისევე, როგორც ჩინეთმა იცის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პოზიციები.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველო ჩინეთის ურთიერთობა იმართება იმ სტრატეგიული დოკუმენტით, რომელსაც ხელი გასულ ზაფხულს მოეწერა. ამიტომ ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ დოკუმენტში ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაზეა საუბარი და არაფერია იმაში გასაკვირი, როცა ჩინეთში პოლიტიკური დელეგაცია ამ ურთიერთობების გასამყარებლად ჩადის.
„მოვუწოდება რადიკალურ ოპოზიციას, ის დოკუმენტი წაიკითხოს, სადაც დეტალურად არის მოცემული თუ ჩინეთთან რა სახის ურთიერთობა და პარტნიორობაზეა საუბარი. შესაბამისად, კობახიძის ხელმძღვანელობით ჩასული დელეგაცია ისაუბრებს, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და კულტურულ მიმართულებებზე. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პეკინში ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგაც იყვნენ. ჩინეთის წარმომადგენლებიც საქართველოში იყვნენ. ასე რომ, აქ სიახლე არაფერია და რაიმე კონსპირაციებზე საუბარი ძალიან სასაცილოა.
იმაზე აპელირება, რომ ეს არის დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, მეტყველებს იმაზე, თუ როგორი გაუთვიცნობიერებულია ჩვენი ნაცოპოზიცია, საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებში. საქმე ისაა, რომ დასავლეთს და ჩინეთს შორის ბოლო პერიოდში გაცილებით უფრო ყოვლისმომცველი და ფორსირებული თანამშრომოლბა მიმდინარეობს, ვიდრე ეს შეიძლება საქართველო-ჩინეთის თანამშრეომლობაა. ასე რომ, ჩვენ გვესმის ბრიყვული განცხადებები, ხაზრაძის თუ გახარიას ე.წ. პარტიებიდან, რაც იაფფასიანი პოპულიზმის მატარებელია“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ოპოზიციას ამით რაღაცა ახალი თემის აგორება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა სურს. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ამ ტყუილების გამოა, რომ ოპოზიციას განულებული აქვს საზოგადოებაში ავტორიტეტი. მათი განცხადებები მოსახლეობის დღის წესრიგს არ პასუხობს და მნიშვნელოვანი არ არის.
„ოპოზიცია არის მარგინალიზებული. კანდიდატის სტატუსის შემდეგ, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებულია. ამიტომ დამატებით მხარდაჭერის მოსაპოვებლად რაღაცა აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. სამწუხაროდ, ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომ შესაძლოა საქართველომ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე და „ბრიქს“-ში გაწევრიანებაზე იფიქროს, აბსურდია. მისი პოლიტიკური პროგნოზები ელისო კილაძის პროგნოზებისგან არაფრით განსხვავდება. ეს არის ნამდვილად თინა ხიდაშელის ტრაგედია, რადგან ე.წ. ექსპერტების ნიშა დაიკავა. ეს იგივე სიბრიყვეა, როცა კანდიდატის სტატუსის მონიჭებას რომ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას უკავშირებდნენ“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი მიიჩნევს, რომ ე.წ. ოპოზიცის მიერ გაკეთებული განცხადებები იმდენად არასერიოზულია, რომ მათი შეფასებაც კი ჭირს. ქართველიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ 10 და 5-კაციანი პარტიები გამოდიან და საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის აკრიტიკებენ, რომ ჩინეთთან ამხელა პარტნიორობას მიაღწია.
„საქართველომ მიაღწია ჩინეთთან უდიდეს და მნიშვნელოვან თანამშრომლობას. როგორ შეიძლება ნორმალურმა ოპოზიციამ ხელისუფლება გაარიტიკოს ამხელა ქვეყანასთან საინვესტიციო თანამშრომლობის, ბაზრის გახსნის და უზარმაზარი შესაძლებლობების მოპოვებისთვის. იგივე სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანის კუთხით, ამახელა ბაზარზე გასვლა, როგორ შეიძლება ხელისუფლების შეცდომად იქნას აღქმული. იგივეა რაც დელეგაციის არაერთმა წევრმა ბრძანა, რომ მუშაობა მიდის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხითაც. ზუსტად არაერთმა ჩინელმა პოლიტიკოსმა განაცხადა უკვე, რომ მიდის მუშაობა საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით.
ეს კი ამ 10 და 5-კაციან პარტიებს აღიზიანებთ. ეს ის პარტიები არიან, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ვაშინგტონის და ბრიუსელის დერეფნებში დარბოდნენ, რათა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ. ეს ისევ ის ხალხია, რომლებიც დღეს ისევ გაგიჟებულია იმაზე, რომ საქართველომ დღეს და ხვალ არნახულ წარმატებას არ მიაღწიოს. როდესაც მიდის საუბარი ნატოსა და ბრიქსზე, ეს არის მათი პოლიტიკური უმეცრება. ბრიქსში გაწევრიანების ერთ-ერთი კანდიდატი საბერძნეთია, რომელიც ამავე დროს ნატოს წევრიც არის და ევროკავშირისაც. ბრიქსში გაერთიანების, თამშრომლობის ასევე მსურველი თურქეთია, რომელიც ნატოს წევრიც არის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატიც. ამიტომ სანამ რაღაცას იტყვიან, ელემენტარულად დაგუგლონ მაინც“, - ამბობს ქართველიშვილი.
მეტს ვერ ქაჩავენ.
ჰო, კიდევ ყველა ნაბიჯზე თქვან - რუსეთის დავალებით დადის რუსული ოცნებაო. :)