საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინაააღმდეგ ბრძოლის ახალი ტალღა დაიწყო. წინა პლანზე ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაახლოებული ე.წ. სამოქალო აქტივისტები არიან. 8 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო. შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება.
ფერაძის მიერ ჩარდენილმა ვანდალიზმმა საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია, მათ შორის პროტესტი ხელისუფლების მიმართ. საზოგადოების უმრავლესობისთვის ყოვლად მიუღებელია საზოგადოებისთვის სასულიერო მნიშვნელობის მქონე ადგილას, ეკლესიაში, ასეთი არაქრისტიანული ქცევა და, ზოგადად, ნებისმიერი რელიგიისთვის შეურაცხმყოფელი ქმედება, რომელიც რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების სერიოზულ და რეალურ საფუძველს ქმნის.
შესაბამისად, ამ ვანდალური ფაქტის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განცხადა, რომ მმართველი გუნდი უახლოეს პერიოდში წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის.
მაშ ასე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 12-წლიანი მმართველობის შემდეგ მკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის. აღსანიშნავია, რომ რადიკალური პოლიტიკური ძალებისა და მათი აქტივისტების მხრიდან სისტემატური ხასიათი აქვს როგორც სიწმინდეების შელახვას, ასევე ეკლესიის, პატრიარქის და სასულიერო პირების შეურაცხყოფას.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ეს ანტიეკლესიური და პროვოკაციული ქმედება საჯაროდ იქნა მოწონებული და მხარდაჭერილი ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების მხრიდან, რაც ახალისებს რელიგიური ნიშნით სხვადასხვა მძიმე ქმედების ჩადენას.
„ამას ემატება ისიც, რომ გამოჩნდნენ ცალკეული პირები, რომლებიც თავს მართლმადიდებელ სასულიერო პირებად მოიხსენიებენ და საჯაროდ გამოდიან მოწოდებით: სამების ტაძრიდან შესაბამისი ხატის „გამოთრევით და მისი საჯაროდ დაწვით“. რელიგიური ნიშნით ასეთი ძალადობრივი მოწოდებები, რა თქმა უნდა, არაქრისტიანულია და შეურაცხყოფს ჩვენს ეკლესიას, ისევე როგორც არის მძიმე პროვოკაციის შემცველი.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასეთი ქცევა და მოწოდებები შეურაცხმყოფელი და სამართლიანად აღმაშფოთებელია ნებისმიერი რელიგიისა და მისი წარმომადგენლების მიმართ. ამიტომ ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების სათანადოდ დაცვა, რათა არ დავუშვათ არცერთი რელიგიის შეურაცხყოფა.
მართალია, სამებაში მომხდარი ფაქტი, მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კანონსაწინააღმდეგოა და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას, თუმცა ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა ასეთი ქმედებებისათვის არ ითვალისწინებს პროპორციულ პასუხისმგებლობას. ამიტომ ჩვენ უკვე დავიწყეთ აღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლა. ჩვენი მიზანია, არ დავუშვათ რელიგიური ტაძრების შეურაცხყოფა და მოვახდინოთ საზოგადოებაში რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების თავიდან აცილება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცხადია, როდესაც ხდება რელიგიური დანიშნულების შენობების, ნივთების შეურაცხყოფა, ამის შედეგი არის სამოქალაქო მშვიდობის დარღვევა და ეს არის გარკვეული ინსპირაცია სამოქალაქო დაპირისპირების. შესაბამისად, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამის აღსაკვეთად არის გამიზნული ასეთი რეგულაცია. დეპუტატი დავით მათიკაშვილი განმარტავს, რომ კანონპროექტი, რომელიც ადამიანისთვის ძალიან სათუთი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ეხება, კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება და გამკაცრდება.
„კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. იქნება შესაბამისი რეგულაცია კიდევ უფრო მეტად დახვეწილი და გამკაცრებული, რომელიც ადამიანისთვის ძალიან სათუთი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ეხება. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჩვენ ვაწყდებით ისეთ მოვლენებს, ყველა ასეთი გამოვლენების მიმართ, ცხადია კანონმდებლობა ვერ იქნება გათვალისწინებული, ამიტომ პარლამენტის როლი სწორედ ის არის, რომ გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხოს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ჯერ არარსებულ კანონპროექტს უკვე ჰყავს მოწინააღმდეგეები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისათვის პასუხისმგებლობის გამკაცრება ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაა.
„ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ ტაძარში მომხდარ ფაქტზე რეაგირების შედეგად დაიწყო ეს კამპანია ხელისუფლებამ. მე ვთვლი, რომ ეს მათი მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა და ადამიანების ემოციებითა და რწმენით მანიპულირებაა. შესაბამისად, ჩვენ ამ კამპანიაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
„გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ კანონპროექტით მათი ოფისის, „ბიბლიური თავისუფლება“, წმინდა ადგილად ქცევაც მიმდინარეობს, რასაც ცნობისმოყვარეობით ადევნებენ თვალს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რით დავიმსახურეთ ეს სიურპრიზი, რომ სისხლის სამართლებრივი კუთხით, „ქართული ოცნების“ მიერ, „ბიბლიური თავისუფლების“ ოფისი წმინდა ადგილი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, „ბიბლიური თავისუფლება“ ქრისტიანული კონფესიაა, მაგრამ ცოტათი განსხვავებული. შესაბამისად, გამოდის, რომ ამ კანონპროექტებით ჩვენი ოფისის წმინდა ადგილად ქცევაც მიმდინარეობს და ამას ჩვენც ცნობისმოყვარეობით თვალს ვადევნებთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, წმინდა მატრონას ხატის შეურაცხყოფამ და ამ უდიდესმა მკრეხელობამ, რომელსაც იურიდიულ ენაზე ვანდალიზმი ეწოდება, საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში, რომლის შემდეგაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოთქვა ინიციატივა, რომ დაჩქარდეს ახალი კანონის მიღება. თუმცა, მისი თქმით, საზოგადოებაში გარკვეული ნაწილი აღნიშნავს იმას, რომ ამგვარი კანონის მიღება საკმაოდ დაგვიანებულია.
„ადრე უნდა მიღებულიყო, რადგან ჩვენ ვნახეთ ეს ნეოტროცკისტული გამოხტომები, რომელიც მახასიათებელია „ნაცმოძრაობისთვის“. ჩვენ მანამდეც ვნახეთ, რომ იყო ხატმებრძელოება, იყო ხატების შეურაცხყოფა, იყო წირვა-ლოცვების შეფერხების მცდელობა ნაცტელევიზიების ე.წ. ჟურნალისტების მხრიდან და ა.შ. გასაგებია, ლოგიკურად რომ შევხედოთ „ქართული ოცნება“ შესაძლებელია არც ფიქრობდა იმას, რომ ასე გამწვავდებოდა ვითარება და შესაძლოა, ეს არ იყო ტოპ-პრიორიტეტები საკანონმდებლო პაკეტების მიღების თვალსაზრისით, მაგრამ ამ ბოლო მოვლენას, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი და დასაგმობი, რასაკვირველია, უნდა დააჩქაროს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება და ეს ისეთი ცვლილება უნდა იყოს, რომელიც ნამდვილად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს“, - აცხადებს აბაშიძე.
ანალიტიკოსი იხსენებს რამდენიმე დღის წინ ჰოლანდიის ერთ-ერთ ქალაქში როგორ სცადეს ყურანის დაწვა რადიკალმა ნეოფაშისტებმა და როგორ მყისერად იმოქმედა პოლიციამ, როდესაც სასწრაფოდ აღკვეთა აღნიშნული მკრეხელობა.
„არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კონფენსიას აყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ასევე ძალიან მანკიერი ტენდენცია და ეს აღნიშნა მართებულად საქართველოს საპატრირქომ, რომ რატომღაც თავიანთი წუხილი, შეშოთება-აღშფოთება არ გამოხატეს უფლებადამცველებმა და უცხოელმა დიპლომატებმა, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი. ადამიანი ირჩევს თავის რწმენას მისი შეხედულებებიდან გამომდინარე, არა აქვს მნიშვნელობა ის ქრისტიანი იქნება, ბაბტისტი, მუსულმანი, თუ სხვა. ყველა თანასწორია თავის არჩევანში და ყველას რელიგიურ გრძნობებს პატივი უნდა სცეს შეგნებულმა ადამიანმა.
სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში შეგნებული ადამიანების კლასტერი არ ეწოდება „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს. ესენი არიან ის მანქურთები, რომლებიც გრანტისა და სარგებლის გამო ყველაფერს გააკეთებენ. საკუთარ ოჯახებსაც კი მიაყენებენ შეურაცხყოფას. ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი. ესენი არიან თანამედროვე პავლიკა მოროზოვები. სამწუხაროა, რომ ას წელიწადში ერთხელ საქართველოს ისტორიაში მეორდება ასეთი მკრეხელური აქტები. ამიტომ მგონია, რომ შეიგნო მმართველმა გუნდმა და ეს კანონპროექტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მიღებული. გასაგებია, რომ იქ იქნება ცალკეული ე.წ. ენჯეოების რაღაცა წუხილი და რაღაცა ტრაგიკომიკური შენიშვნები, მაგრამ საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ქრისტიანული, მუსულმანური და ყველა კონფენსიის წარმომადგენელი მოითხოვს, რომ მათი უფლებები კანონის ძალით უნდა იყოს დაცული. ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა მალე აღმოიფხვრება და დასასჯელი უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით. ეს არ არის მარტო ვანდალიზმი, ეს არის ეკლესიის, სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ის არჩვენები, სადაც „ხალხის ძალა“ მიიღებს აქტიურ მონაწილეობას და ახალი მოწვევის პარლამენტში დააინიცირებს ძალიან მნიშვნელოვან წამოწყებებს. პირველი - ეს იქნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც, ფაქტობრივად, ვერდიქტი უნდა გამოუტანოს „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც კრიმინალურ ბანდას, რეჟიმს და წარმონაქმს, რომელმაც 2008 წლის ტრაგედიაში მიიღო ძალიან ბინძური და ქვეყნისთვის დამაზიანებელი როლი.
„ეს ყველაფერი, ადრე თუ გვიან, უნდა გახდეს საგამოძიებო კომისიის განსჯის საქმე. იმ მასალებიდან გამომდინარე, რასაც ეს კომისია მოიპოვებს და, რომელიც შემდგომ გადაიგზავნება პროკურატურაში, აუცილებლად უნდა დადგეს კონკრეტული დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. მეორე - ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ ის, რომ სისხლის სამართლის კოდექსში დაბრუნდეს სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც 2008 წლის სექტემბერში ადეიშვილმა და სააკაშვილმა სპეციალურად ამოიღეს კოდექსიდან იმისთვის, რათა საკუთარ დანაშაულზე ამ კონკრეტული მუხლით არ ეგოთ პასუხი.
ჩვენ შეიძლება გადავხედოთ ძალიან ბევრ საკითხს, რომლეზეც აბსულუტურად გეთანხმებით, დაგვიანებული ხომ არაა, რაც დღესაც აწვება და ჩვენი საზოგადოების მოთმინების ფიალას ავსებს, ამიტომ, მე შემიძლია ვილაპარაკო მხოლოდ „ხალხის ძალის“ სახელით რას ვაპირებთ, თუკი ხალხის ნდობა მოგვცემს ამის საშუალებას, რომ ეს გავაკეთოთ ახალი მოწვევის პარლამენტის პოზიციებიდან. დანარჩენი, მივესალმებით ყველაფერს რასაც ხელისუფლება განახორციელებს მიუხედავად იმისა, დაგვიანებულია თუ არა ეს ნაბიჯი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.