3 წლის შემდეგ, საკუთარი ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნდა. ისაუბრა დაპირისპირების საფრთხეზე მმართველ გუნდში და კორუფციაზე. ქართულ პოლიტიკაში მესამედ მობრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა მთავარ მიზნად არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა დაასახელა. აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს და გუნდი იმ ხაზს გაყვება, რასაც 2012 წლიდან მიყვება - ქვეყანა 2030 წლამდე ევროკავშირის წევრი გახდეს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა. შესაბამისად, მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა. მისი თქმით, მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიაჩნია, რომ მის მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია.
„ამისათვის, 2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებს და კოორდინაციას საჭიროებს. ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი. ჩემი პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება და შესაბამისი რჩევები ესაჭიროება გუნდს, რათა ჩვენი ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანოთ.
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, სრულად აღვადგინოთ სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ. ჩვენი ვალია, ეს შესაძლებლობა სრულად გამოვიყენოთ და ამისათვის ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ.
ჩვენი სამშობლო, ჩვენი ღირსეული და ამაყი ერი მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, საქართველოს წინსვლისა და წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯოთ. სწორედ ამ პასუხისმგებლობამ დამაბრუნა კიდევ ერთხელ პოლიტიკაში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ წესდებაში მეშვიდე რიგგარეშე ყრილობის მიერ დამტკიცებული ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც პარტიის სტრუქტურას ემატება - პარტიის საპატიო თავმჯდომარე. პარტიის საპატიო თავმჯდომარედ პარტიის ყრილობამ შეიძლება აირჩიოს პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ქვეყნის და პარტიის წინაშე.
ახალ წესდებაში განსაზღვრულია პოლიტიკური საბჭოს ფუნქციები, მათ შორის დოკუმენტში ნათქვამია, რომ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შედიან პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე და პარტიის ყრილობის მიერ არჩეული 15 წევრი. ახალი წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭო პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკაში დაბრუნება და ცვლილება პარტიის წესდებაში მოულოდნელი იყო თავად პარტიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნდა, პარტიის მმართველობა მთლიანად გადაიბარა პარტიის ოფიციალური თავმჯდომარისგან, ირაკლი კობახიძისგან. გარდა ამისა, არაოფიციალური ინფორმაციით, ივანიშვილის გადაწყვეტილებით პარტიის არაპოპულარული წევრები და ამ შემთხვევაში საუბარია პარტიის ახალგაზრდულ გუნდზე. არსებული ინფორმაციით ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად თებერვალში გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ წესდების მიხედვით შეუძლია პრემიერ-მინისტრის განთავისუფლება, ამ ეტაპზე ირაკლი ღარიბაშვილის განთავისუფლება არ იგეგმება.
როგორ განვითარდება პროცესები პარტიის შიგნით უკვე ივანიშვილის მმართველობის შემთხვევაში, for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ, ისევე როგორც უხლოეს მომავალში ვნახავთ დაიწყება თუ არა „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილება, სადაც რამდენიმე ფრთა ნამდვილად გაჩნდა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ შეიძლება „ქართული ოცნება“ გაიყოს და ეს გაყოფა იყოს ივანიშვილის ერთ-ერთ ამოცანა. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, დღეს არსებული ოპოზიციისგან ალტერნატივა ვერ შეიქმნება და შეიძლება სწორედ ამიტომ „ქართული ოცნება“ გაორდეს, სწორედ ისე, როგორც ეს მოხდა „მოქალაქეთა კავშირის“ შემთხვევაში, როდესც შეიქმნა ზურაბ ჟვანიას და მიხეილ სააკაშვილის გუნდი.
„ის, რომ ივანიშვილის მართვის გავლენიდან შეიძლება ნელ-ნელა გასულიყვნენ ადამიანები, ეს ბუნებრივია. მოსალოდნელია ამ დიდი პარტიის დაშლა. არა იმიტომ, რომ თვითონ შიგნით აქვთ კონფლიქტები, არამედ იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სპექტრი შეიქმნას, რადგან არსებულმა ოპოზიციამ პოლიტიკური სპექტრის ფუნქცია, ანუ ხელისუფლების ალტერნატივის ფუნქცია ვერ შეასრულა.
არსებული ოპოზიციისგან ვერ შეიქმნება ალტერნატივა. „ქართული ოცნება“ გაორდება. სახელისუფლებო პარტიები არ გაორდა შევარდნაძის დროს და ზვიადის დროს? გვქონდა მაშინ ვერსია, რომ ჟვანია და სააკაშვილი დამოუკიდებელი ძალა გახდებოდნენ. ისეთი მდიდარი ისტორია გავიარეთ 30 წელიწადში, რომ კიდე არ უნდა გვიკვირდეს, არიქა, პარტია როგორ შეიძლება გაიყოსო, როცა ყველა პოლიტიკური პროგრესი საქართველოში გაყოფის ხარჯზე მოხდა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
განსხვავებული პოზიცია აქვს კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს, რომლის განცხადებით, ივანიშვილის დაბრუნებით ელექტორალური თვალსაზრისით, ბევრი არაფერი შეიცვლება. ძაბირაძის შეფასებით, ივანიშვილის მესამედ შემოსვლა პოლიტიკაში უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს და არა კორუფციასთან ბრძოლას.
„დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც სოციოლოგიურ გამოკითხვებს ყველაზე ინტენსიურად ატარებს და მოსახლეობაში განწყობები მშვენივრად იცის. მართალია, ივანიშვილის დაბრუნებით ელექტორალური თვალსაზრისით, ბევრი არაფერი შეიცვლება, თუმცა, როგორც ჩანს, ივანიშვილს ურჩევნია, თავად განაგებდეს ყველაფერს, მით უმეტეს, მნიშვნელოვანი იქნება, ალბათ, სიის დაკომპლექტება, რაზეც, არ გამოვრიცხავ, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით ჯგუფებს შორის დაპირისპირება არსებობდეს, მაგრამ არა ივანიშვილის ჩანაცვლებაზე, არამედ იმაზე, ვინ იქნება პირველი ვეზირი ივანიშვილის კარზე“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე თვლის, რომ 2024 წელს საბოლოოდ დასრულდება ლუზერ ნაცთა, მის სატელიტთა ანუ კოლექტიური მეხუთე კოლონის ბოგინი ქართულ პოლიტიკაში.
„ქართული პოლიტიკის პელე ისევ ბრუნდება დიდ სათამაშო მოედანზე! ის დროა უკვე პოლიტიკურ სამარეში ჩაწოლილი ნაცები თავად იყრიდნენ მიწას საკუთარ თავზე! 2011 წლის სექტემბრიდან დღევანდელ დღემდე, რა თამაშიც ითამაშა ამ ღირსეულმა და საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებულმა მამულიშვილმა, ყველა პირწმინდად მოიგო! ამრიგად უეჭველია, როომ 2024 წლიდან საქართველო მყარად დაადგება ჭეშმარიტად დამოუკიდებელ და სუვერენულ გზას, რაც უპირველესად გამოიხატება ეროვნული იდენტობის დაცვით, სრულყოფით და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებით“, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე.
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ძალიან ვრცელი და მნიშვნელოვანი კომენტარი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ივანიშვილის როლს ქვეყნის განმთლიანების საქმეში და იმას, რომ ეს არის უნიკალური ისტორიული მისია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში მხარს უჭერდა.
„გვიახლოვებს ამის ხორცშესხმას. ამიტომ, ქვეყანა უნდა მოემზადოს განმთლიანებისთვის - ამ პროცესში ივანიშვილს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი და უნიკალური როლი“, - ბრძანა ირაკლი ღარიბაშვილმა. არ ვიცი ამ სიტყვების უკან კონკრეტულად რა გეგმაა, რა გადასადგმელი ნაბიჯებია, მაგრამ რადგან, ფაქტობრივად, 2024 წელი დაანონსდა ისეთი დევიზით, რომ ქვეყანა უნდა მოემზადოს განმთლიანებისთვის, ვიმეორებ, ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილს ექნება მნიშვნელოვანი და უნიკალური როლი.
როგორც ჩანს, ამ როლის შესასრულებლად საჭირო იყო კულუარებიდან ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება. მე ასე გავიგე, ასე ამოვიკითხე და ფაქტობრივად, ორაზროვნადაც არ იყო ნათქვამი ეს განცხადება. საკმაოდ, ღიად, გასაგებად და თამამად გაკეთებული განცხადება იყო. ამიტომ, ეჭვი შევიტანო, რომ ის არ ითქვა, რაც უნდა თქმულიყო, ან ის ვერ გავიგე, რაც უნდა გამეგომ ამის განცდა არ მაქვს. ამიტომ, გამოვყოფდი ამ მნიშვნელოვან ელემენტს, რამაც, როგორც ჩანს, უბიძგა ბიძინა ივანიშვილს დაბრუნებულიყო აქტიურ პოლიტიკაში“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.