საკონტროლო გასროლა ნაცებისთვის - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა და ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდა ცნობილი. პოლიტიკაში ყოფნა მისთვის არაკომფორტულია, მაგრამ მაინც მიდის ამ კომპრომისზე და ამჯერად დაბრუნების მიზეზად მმართველი გუნდის „სიმძიმის ცენტრის“ საკუთარ თავზე აღებას ასახელებს. ის იქნება მმართველი გუნდის მთავარი მრჩეველი, რათა 2030 წლისთვის ქვეყანა მაღალშემოსავლიანი გახდეს, აღადგინოს სუვერენიტეტი, ქვეყნის მთლიანობა და ევროკავშირში გაწევრიანდეს. არაა გამორიცხული, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ გახდომის შემდეგ ივანიშვილი პრეზიდენტად ან პრემიერად მოგვევლინოს.
ნაცები თავს იტეხენ, რისთვის დაბრუნდა ივანიშვილი - იქნებ, „ოცნებას“ უჭირს და შიდა დაპირისპირება აქვს? იქნებ, საერთაშორისო სანქციების ეშინია და იქმნის ფორმალურ საფუძველს, რომ იგი სახელმწიფოს ფუნდამენტში მყოფი ადამიანია, რომლის დასანქცირებაც არ შეიძლება? იქნებ, სააკაშვილის ფაქტორი აფრთხობს?!
ბიძინა ივანიშვილი ამ მოსაზრებებს აბათილებს და ამბობს, რომ იგი უკვე დასანქცირებულია, მაგრამ ყველაფერი საკმარისად აქვს და პოლიტიკაში ისევ დაბრუნდა, რათა ქვეყანას კიდევ დაეხმაროს. ივანიშვილი, ასევე, ადასტურებს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში კონსულტაციები ჰქონია ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან პოლიტიკურ საკითხებზე და ეს ჩვეულებრივი ამბავია ცივილიზებულ სახელმწიფოებში.
ივანიშვილის დაბრუნება ნაცების უიღბლო წელიწადის დაგვირგვინებაა, თუ გაფრთხილება მმართველი გუნდისთვის, რომ ოპოზიციის არარსებობის პირობებში მოდუნება არ შეიძლება?
ამის შესახებ for.ge-ს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.
თუკი დავეთანხმებით ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში გარანტირებულად მაღალ შედეგს დადებს, მაშინ ივანიშვილის მესამედ მობრუნების რეალური მიზეზი კიდევ უფრო მაღალი შედეგი უნდა იყოს, ანუ საქართველოს სრული იურისდიქციის აღდგენა, რაზეც მიანიშნა კიდეც ივანიშვილმა? სხვაგვარად ფიქრობენ ნაცები, ისინი მიიჩნევენ, რომ ბიძინას დაბრუნება განაჩენია „ქართული ოცნებისთვის“, რადგან ბიძინამ ერთხელ უკვე თქვა, თუ კატასტროფა არ მოხდება, პოლიტიკაში არ დავბრუნდებიო. რეალურად რისთვის დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი და რამდენად მომგებიანია მისთვის ჩრდილიდან უკვე მესამედ გამოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე?
- ცხადია, ამას იტყოდნენ „ნაციონალები“, რომ ბიძინა გამოჩნდა იმიტომ, თითქოს სააკაშვილის გააქტიურების ეშინია. ნაცებს პრობლემა არ აქვთ, რა თქვეს და რა არა. თქვენთან საუბრისას ადრეც მითქვამს, რომ ერთპარტიულობისკენ მიდის ქვეყანა და ერთპარტიულობა ქვეყნისთვის ცუდია. ეს თქვა კიდეც ივანიშვილმა. როგორ გამოსავალს იპოვის იგი აქედან, ამას დავინახავთ, მე მგონი, ესაა ძირითადი პრობლემა, რატომაც შემოვიდა პოლიტიკაში. თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ მესამედ მოსვლა და, მე მგონი, ივანიშვილი მესამედ სწორედ იმიტომ მოდის, რომ მესამე ძალა ჩამოაყალიბოს.
სხვათა შორის, ივანიშვილმა აღნიშნა კიდეც, სამწუხაროდ, განადგურდა ოპოზიციაო. შესაძლოა, მართლაც მიანიშნებს, რომ ოპოზიციის შექმნას აპირებს. მესამე ძალას ისევ „ქართული ოცნებიდან“ გამომავალი ჯგუფების საფუძველზე ჩამოაყალიბებს?
- რა თქმა უნდა. უფრო ზუსტად, ეს მესამე ძალა არც იქნება, ეს იქნება მეორე ძალა და „ნაციონალები“ გადაიწევენ მესამე ადგილზე. ამიტომ არის ეს მათთვის კატასტროფა.
რაც შეეხება საქართველოს გაერთიანებას და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, ამის შესახებ არა მარტო ივანიშვილმა ისაუბრა, არამედ ღარიბაშვილმაც დაადასტურა ბიძინას ნათქვამი, რომ ივანიშვილის მისია იქნება ქვეყნის გაერთიანება, რომ ქვეყანა უნდა მომზადდეს გასაერთიანებლად და ეს ეროვნული საქმე ივანიშვილმა უნდა ჩაიბაროს. რა შანსები აქვს ამ თვალსაზრისით ბიძინა ივანიშვილს?
- ალბათ, რკინის ქალამნებს ბიძინა არ ჩაიცვამს და ბჟანიასთან არ ჩავა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ალბათ, იგულისხმება ის ფაქტი, საერო ძალთა განლაგებას როგორ გამოიყენებენ საქართველოს მესვეურები, მათ შორის, ივანიშვილი. მე მგონი, გამოიყენებენ იმ საერთაშორისო ძალების ბალანსით, რაც შექმნა საქართველომ ბოლო პერიოდში და ეს არ არის მარტო ევროპული მხარე. განსხვავებით, ბევრი სხვა კლიენტისგან, საქართველომ მოახერხა ევროპულ-აზიური, კერძოდ, ჩინური მხარის დაინტერესება თავისი სატრანზიტო ფუნქციით. მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ჩინეთის ელჩი შეგვპირდა კიდეც, ჩინეთი დაგეხმარებათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაშიო. მესამე მხარე ამ საკითხს ის აქვს, რომ ჩინეთს პუტინი ვერ ეკამათება. უამრავ რამეს აკეთებს ჩინეთი ისეთს, რაც პუტინის გეგმებში, ალბათ, არ ზის, ლამის წაიღოს მთელი ციმბირი და პუტინი ამაზე ხმას ვერ იღებს. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ევროპული ძალა არ არის გამანეიტრალებელი რუსეთისთვის, აგერ ვხედავთ, უკრაინაში მთელ დასავლეთს ებრძვის რუსეთი და უკან არ დაუხევია. რა გასაკვირია, ამ ფონზე ქართულ სახელმწიფოში მომწიფდა იმის უნარი, რომ დასავლეთის ძალებთან ერთად აღმოსავლეთის ძალებიც ჩართონ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს ორი ძალა ერთმანეთს არ გამორიცხავს.
უკვე კეთდება მინიშნებები, რომ „ქართულ ოცნებაში“ ახლა ყველას ეშინია, თუ ვის დაეტაკება ბიძინა ივანიშვილი. როგორ ფიქრობთ, არსებობს ამის საფუძველი, რადგან საუბარია იმაზეც, რომ „ოცნება“ კორუფციაში ეფლობა და შეიძლება ამიტომაც დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?
- სამწუხაროდ, არ ვარ კორუფციაში ისე გარკვეული, რომ კონკრეტული აზრი მქონდეს, მაგრამ ის, რაც ადრინდელი დაბრუნების დროს თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ დისტანცია ჩნდება „ოცნებასა“ და ხალხს შორის და ეს დისტანცია ამოსავსებია, შემთხვევითი არ იყო. მაშინაც ნაპრალი ხალხსა და „ოცნებას“ შორის ძირითადად ჩნდებოდა კორუფციის გამო. დიდი შანსია, ახლაც ივანიშვილის მობრუნების ერთ-ერთი მიზეზი იყოს ნაპრალი ხალხსა და ,,ოცნებას'' შორის, რომლის ძირშიც შეიძლება იყოს კორუფციის ნაღმი ჩადებული.
ივანიშვილს აღიზიანებდა, როცა მას ოლიგარქს ეძახდნენ. სულ ბოლოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც ახსენა, ერთადერთი ოლიგარქია საქართველოში - ბიძინა ივანიშვილიო. ასეთი წამოძახილების გადაფარვა ხომ არ სურდა და ამიტომაც ხომ არ გადაწყვიტა, ღიად შემოსულიყო პოლიტიკაში? ამით ხომ თავისუფლად შეძლებს არაფორმალური მმართველობის იმიჯის მოშორებას?
- იყო დრო, როდესაც დასავლეთი ბეჯითად იმეორებდა ამ საკითხს, ფორმალურია, თუ არაფორმალური ბიძინა ივანიშვილი. იმ პერიოდში ივანიშვილი გავიდა პოლიტიკიდან სწორედ იმ ფონზე, რომ შეწყვეტილიყო ეგ თემა. მართლაც შეწყდა ამაზე საუბარი, ბოლო ხანებში არავის არ გახსენებია, ივანიშვილი ფორმალურად მართავდა თუ არა „ქართულ ოცნებას“. არანაირი საყვედური დასავლეთის მხრიდან ამაზე არ იყო. რაც შეეხება ზურაბიშვილის საყვედურს ამ საკითხზე, არა მგონია, იმხელა წონა ჰქონოდა ზურაბიშვილს, ეს ნაბიჯი გადაედგა ივანიშვილს.
ფაქტია, ორად-ორმა ადამიანმა ატკინა ივანიშვილს გული და ეს ამ ყრილობაზეც გახმიანდა. ივანიშვილმა ახსენა გახარიას ღალატი და ახსენა ზურაბიშვილი, რომელიც დღეს გამოკვეთილად გვევლინება ოპოზიციის მხარდამჭერად და ეს ზურაბიშვილის არჩევანია.
- ბუნებრივია, ადამიანები, მით უმეტეს, ამ მასშტაბის ადამიანი ვერ მოახერხებს ისე ცხოვრებას, ვიღაცისგან გულნატკენი არ აღმოჩნდეს. უამრავ დიდ საქმესაა მოჭიდებული ბიძინა ივანიშვილი, მათ შორის, ქართული პოლიტიკის ბედ-იღბალს, ქართული სახელმწიფოს ბედ-იღბალს და გულისტკივილიც ექნება. ნიშანდობლივია ის, რომ ორივე შემთხვევაში, გახარიას და ზურაბიშვილის შემთხვევაშიც, ლოგიკურად ცოტა გაუგებარია, რატომ გადადგეს მათ ის ნაბიჯი, რაც გადადგეს. ერთიც და მეორეც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები იყვნენ.
გიორგი ვაშაძე „სტრატეგიულ“ პირობას აძლევს საზოგადოებას, რომ 2024-ში ხალხი ნახავს ატირებულ ივანიშვილს. სინამდვილეში, მესამე შემობრუნების ვადას როგორ ჩაათავებს ბიძინა ივანიშვილი?
- მეც მგონია, რომ ატირებულ ივანიშვილს ვნახავთ, ოღონდ სიხარულისგან ატირებულს.