„ტერიტორიის დაბრუნება არასწორი გზაა უკრაინისთვის საუკეთესო შედეგის წარმოსადგენად“, - მიანიშნებს „ნიუ იორკ თაიმსი“ და უკრაინას ურჩევს, არ გაუშვას ხელიდან რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობა სისხლისღვრის დასასრულებლად, თუნდაც ამ ზავით პუტინის კონტროლქვეშ უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 1/5 მოექცეს.
პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვოჩი რუსეთსა და უკრაინას დასავლეთის წინააღმდეგ ერთობლივი სარჩელის შეტანას სთავაზობს. ოღონდ ეს უნდა მოხდეს ზავის დადების შემდეგ.
„ახლა რუსები და უკრაინელები ერთმანეთს ვხოცავთ ავდეევკისთვის, ჩასოვ იარისთვის, მაგრამ რას ვიღებთ ამით? მოვეწონეთ ბიძიებს ვაშინგტონის და ბრიუსელის სამხარეო კომიტეტებიდან, რომლებიც ჩვენს გარშემო დგანან და ტაშს გვიკრავენ, როცა ხედავენ, როგორ ახტება ერთმანეთს ორი დანით შეიარაღებული მაიმუნი. რაში გვჭირდება ეს?“ -აინტერესებს არესტოვიჩს.
სავარაუდოდ, არესტოვოჩი ერთადერთი არ არის, ვინც ფიქრობს, რომ უკრაინელები გამოიყენეს და ორი სლავი მოძმე ხალხი ერთმანეთს ახოცვინეს. ეს აზრი, ალბათ, უკვე მომწიფდა უკრაინაში და გამორიცხული არ არის, ანტიდასავლური განწყობაც მატულობდეს დაუსრულებელ ომში ჩაფლულ ქვეყანაში.
არესტოვოჩის პროტესტი ამით არ დასრულებულა. ის ამტკიცებს, რომ ევროკავშირისა და ნატოს საფასური უზარმაზარი სისხლისმღვრელი ომია, ალბათ, ომი ბოლო უკრაინელამდე. თუ არ გსურთ ამ საფასურის გადახდა, არ იქნება ევროკავშირი ან ნატო.
ასე რომ, მარტო დასავლეთი არ არის, რომელსაც მობეზრდა უკრაინის დახმარება, სავარაუდოდ, უკმაყოფილება ორმხრივია და უკრაინაშიც მწიფდება აზრი, რომ ისინი გამოიყენეს.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არესტოვოჩი უბრალოდ პოპულისტობს, როგორც ჩანს, მას სურს, გახდეს უკრაინის შემდგომი ლიდერი და მშვიდობიანი წინადადებით გამოდის. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ, რაც დასავლეთმა გააკეთა, ეს არის ტრაგიკული შეცდომა ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან. ძნელია იმის თქმა, ვინ როგორ დაბლოკა უკრაინისთვის გადასაცემი დახმარება, მაგრამ შედეგია მთავარი, გამოდის, რომ დასავლეთმა, ფაქტობრივად, უკრაინა გაწირა, თუმცა ვახტანგ მაისაია მაინც იმედოვნებს, უკრაინას ეყოფა ის რესურსები, სიტუაცია შეინარჩუნოს თუნდაც იმ დონეზე, რაც ამ ეტაპზეა.
„ცხადია, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების მნიშვნელოვან ნაწილს, ისეთივე სიტუაციაა, როგორც ქართველები და აფხაზები ვიყავით 1993 წლის მარტის მონაცემებით. ჩვენ მაშინ აფხაზეთის ტერიტორიის დაახლოებით 60%-ს ვაკონტროლებდით და აფხაზები აკონტროლებდნენ 40%-ს. ფაქტობრივად, უკრაინელები აკონტროლებენ სეპარატისტული რეგიონების სერიოზულ სეგმენტს. ამდენად, უკრაინელებს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება არ აწყობთ, რადგან მეტი შანსი აქვთ, დაიბრუნონ თავიანთი ტერიტორიები“, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.
ანალიტიკოსის მოსაზრებით, გეოსტრატეგიული ინიციატივა დღეს უკრაინის მხარეზეა, მაგრამ აქ კიდევ ერთი მომენტია, როგორც თავის დროზე დასავლეთმა, კერძოდ, ანტანტამ სრულიად უღალატა თეთრგვარდიულ მოძრაობას და 1919 წელს არ გამოუყო არც შეიარაღება, არც ფინანსური დახმარება და მერე 1920 წელს საბჭოთა რუსეთმა გადაუარა თეთრგვარდიულ მოძრაობას, თუ ეს განმეორდა უკრაინაშიც, სახარბიელო არ იქნება.
ანალიტიკოსის აზრით, მსგავსი სამწუხარო ტენდენცია ნამდვილად იგრძნობა, რადგან, ფაქტობრივად, დასავლეთმა ვერ გამოუყო უკრაინას 115 მილიარდი დოლარი, 61 მილიარდი დოლარი უნდა გამოეყო ამერიკას, ხოლო 30 მილიარდი ევრო ევროკავშირს. ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ამის მიუხედავად, დღევანდელი სტატუს კვოს მონაცემებით, უკრაინას მომგებიანი გეოსტრატეგიული პოზიციები უჭირავს და უკრაინას უფრო მეტი შანსი აქვს, დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები დონბასში, ყირიმშიც შეუქმნას საფრთხე რუს ოკუპანტებს.
„პირდაპირ ვთქვათ, რა მოიგო რუსეთმა უკრაინაში შეჭრით? ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ რატომაც არა, რუსეთმა მოიგო, რადგან რაღაც დონეზე რუსეთის შეიარაღებული ძალები გადავიდნენ კონტრშეტევაზე, მაგრამ, საერთო ჯამში, რუსეთმა მოიგო ის, რაც ჰქონდა უკრაინაში შეჭრამდე, ანუ 2022 წლამდე. მაგალითად, დონეცკსა და ლუგანსკს აკონტროლებდნენ სეპარატისტები, ახლაც იმავე რეგიონებს აკონტროლებენ სეპარატისტები. პირიქით, რუსეთმა საკუთარი თავი წარმოაჩინა არასახარბიელო მდგომარეობაში. ანუ რუსეთი მთელი თავისი ძალებით შეიჭრა უკრაინაში, რომ მოეხდინა რეჟიმის შეცვლა, მოეხდინა აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაცია, მაგრამ ეს ვერ შეძლო. ანუ ის მდგომარეობაა ახლაც უკრაინაში, რაც იყო 2022 წლის თებერვლამდე. გამოდის, სეპარატისტები უკეთესად უმკლავდებოდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას, ვიდრე რუსეთის შეიარაღებული ძალები. ეს რუსეთისთვის სამარცხვინო ქმედებაა, ამით უკრაინამ აღიდგინა თავისი საზღვრები, რაც მანამდე რუსების შეჭრისას დაკარგა, ხარკოვსა და ოდესაში პრორუსული ოპოზიცია განადგურებულია, ანუ რაც რუსეთის საყრდენი იყო, განადგურდა. ამდენად, ვინ უფრო მოგებულია - უკრაინა, თუ რუსეთი?! ვფიქრობ, გეოპოლიტიკურად, გეოსტრატეგიულად რუსეთი აგებს უკრაინაში, რადგან რუსეთის შეიარაღებული ძალები უფრო მეტად გადასულნი არიან თავდაცვაზე, ვიდრე უკრაინის შეიარაღებული ძალები“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისივე განმარტებით, მართალია, ბოლო პერიოდში უკრაინის კონტრშეტევა ჩაიშალა, მაგრამ გეოსტრატეგიულ დონეზე უკრაინას უფრო მეტი ინიციატივა გააჩნია. უკრაინელები დღემდე სტრატეგიულ შეტევას ახორციელებენ. ამდენად, არაა გამორიცხული, პუტინი მინიშნებას მართლაც იძლეოდეს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ ეს რომ პუტინმა ხმამაღლა გააჟღეროს, საკუთარ ქულებსაც დაკარგავს. ყველაფრის გათვალისწინებით, ვახტანგ მაისაია ინტერესდება, უკრაინას სჭირდება კი ნატო, როცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უფრო მაღალი დონის ბრძოლისუნარიანობა და სამხედრო პოტენციალი აჩვენეს, ვიდრე ნატოს გაერთიანებულმა ალიანსურმა ძალებმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ არესტოვოჩი ნაკლებად უსმენს ქართულ მედიასაშუალებებს, თორემ კარგი იქნებოდა, ის ქართულ „ხალხის ძალის“ პარტიაში გაწევრიანებულიყო, რადგან მისი რიტირიკა „ხალხის ძალის“ რიტორიკის მსგავსია. ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, მუდამ პრობლემა გვქონდა, რომ რუსეთის მეხუთე კოლონა საქართველოშიც და უკრაინაშიც ძლიერი იყო. დღესაც საკმაოდ ძლიერია რუსეთის მეხუთე კოლონა ამ ქვეყნებში.
„1990 წლიდან დაწყებული დღემდე საქართველოს ხელისუფლების ფორმირებაში ან ირიბად, ან ფარულად ყოველთვის მონაწილეობდა რუსეთი. ვიზუალურად ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ეს იყო 2003 წელს, როცა შევარდნაძის გადადგომის დროს ჯერ ბეიკერი ჩამოფრინდა, შემდეგ ივანოვი. არანაკლებ ჩანდა რუსეთის როლი 2012 წელს, როცა ამერიკის ელჩი დარბოდა იქით-აქეთ, რუსეთის ელჩს, ეტყობა, სირბილი არ სჭირდებოდა. ანუ მეხუთე კოლონის წარმომადგენლები საქართველოშიც და უკრაინაშიც დღემდე არიან. ჩემი აზრით, არესტოვიჩი მეხუთე კოლონის ერთ-ერთი წარმომადგენელია და რუსეთის სასარგებლო განცხადებებს აკეთებს. მისი განცხადებები სჭირდება რუსეთს, განსაკუთრებით, დღეს, როცა რუსეთი საჭიროებს დროებით ზავს, ამ კონფლიქტის გაყინვას, როგორც ეს გააკეთა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ცხადია, გაყინული კონფლიქტის შემდეგ რუსეთი ისევ განაახლებს ომს, როცა ის კარგად მოემზადება“, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე და ეხმაურება „ნიუ იორკ თაიმსის“ განცხადებას, რომ ტერიტორიების დაბრუნება თურმე არასწორი გზა ყოფილა უკრაინისთვის.
პოლიტოლოგის აზრით, ცხადია, ამ განცხადებით უბიძგებენ უკრაინას წამგებიან პოზიციაში გამართოს მოლაპარაკებები რუსეთთან, ტერიტორიების დაბრუნების გარეშე. თუკი რუსეთს იმდენი შეუძლია, რომ ამერიკის არჩევნებშიც ერევა, რა გასაკვირია, „ნიუ იორკ თაიმსთანაც“ მოეხერხებინა საქმის დალაგება.
„რუსეთის კგბ არსად არ წასულა, მუშაობდა და მუშაობს დღესაც. აქ მთავარია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ არის ლოკალური, ეს არის ღირებულებითი ომი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის. არა მგონია, დასავლეთმა ზურგი შეაქციოს უკრაინას და ყველაფერზე ხელი დაიბანოს. თუ დასავლეთი ამას გააკეთებს, მიიღებს იმაზე უარეს შედეგს და უკრაინა-რუსეთის ომს კიდევ გაგრძელება მოჰყვება. უკრაინის დამარცხება ამ ომში, ფაქტობრივად, ნიშნავს საბჭოთა კავშირის აღდგენას პირველ ხანებში ბალტიისპირეთის გამოკლებით. ეს საქართველოსთვის საშინელება იქნება. უკრაინაში გამარჯვებულ რუსეთს საქართველო სამხედრო ძალით ვერ დაუპირისპირდება. თუმცა აქ საქართველოს პრობლემა იმდენად არაა, პრობლემა უფრო მეტია, რუსეთ-უკრაინის ომმა ისრაელ-ჰამასს შორის დაწყებული კონფლიქტის ინიცირება მოახდინა. დარწმუნებული ვარ, რუსულმა სპეცსამსახურებმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტშიც „კარგად“ იმუშავეს“, -აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას.