„ხალხის ძალა“ სააკაშვილის პოლიტიკური ძალის გასამართლებას ითხოვს

„ხალხის ძალა“ სააკაშვილის პოლიტიკური ძალის გასამართლებას ითხოვს

2024 წლის არჩევნების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტის წინაშე ოფიციალურად დადგება 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხი. „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, გამორიცხული იყო ნიურნბერგის პროცესის გარეშე გერმანული ფაშიზმის საბოლოო დამარცხება. ასევე, გამორიცხულია საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება, 2008 წლის აგვისტოს უპრეცედენტო დანაშაულზე „ნაცმოძრაობისთვის“ გამამტყუნებელი ჯერ პოლიტიკური, ხოლო შემდგომ სისხლისსამართლებრივი განაჩენის დადგომის გარეშე.

როგორც დავით ქართველიშვილი აცხადებს, „ხალხის ძალა“ აუცილებლად იქნება ის პოლიტიკური ფლაგმანი, ვინც 2008 წლის აგვისტოს უპრეცედენტო დანაშაულის ჩადენისათვის „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოუტანოს განახლებული საპარლამენტო ტრიბუნიდან.

„როდესაც 2008 წლის აგვისტომდე რამდენიმე თვით ადრე, ბელადი სააკაშვილი გვიყვებოდა მედვედევთან საერთო ჩანაფიქრებზე და ერთობლივ პროექტებზე, იმის წარმოდგენაც კი ძნელი იყო, რომ საუბარი ეხებოდა ქვეყნის საუკეთესო გენოფონდის სიცოცხლის ფასად ქართული ძირძველი რეგიონების საბოლოო ჩაბარების ლეგალიზაციის ოპერაციას. თურმე ეს ყოფილა რუსეთ-სააკაშვილის მთავარი ერთობლივი პროექტი, როდესაც კოდორის ხეობის „ზემო აფხაზეთად“ გადაკეთებას მოჰყვა რამდენიმე ათეული, ბეტონის, მიწისქვეშა ბუნკერის აშენება, შემდგომში კონდიციური იარაღის ფასად უკრაინიდან ვადაგასული ჟანგიანი საბჭოთა შეიარაღების განთავსების მიზნით - კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით, რომ ომი რუსეთთან გარდაუვალი იქნებოდა თუნდაც ამ ჟანგის ჩამოწერის მიზნით ომის ხარჯზე. კოდორი რუსებს ერთი გასროლის გარეშე ჩაბარდა, რათა საბრძოლველად უვარგისი იქ აზიდული ტონობით იარაღის ომზე ჩამოწერა დაეფიქსირებინა და ათვისებული თანხები „გაეთეთრებინა“, - აცხადებს ქართველიშვილი.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ეს იყო იმავე ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჯერ კიდევ 2006 წელს ბელადის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ხორცშესხმა, სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით სამხედრო პროვოკაციების განხორციელების თაობაზე, რასაც, მისი თქმით, შემდგომ მოჰყვა ტერმინი „სამხრეთ ოსეთის“ რეანიმირება, რუსების მიერ ნაკარნახევ განახლებულ საზღვრებში; რასაც მოჰყვა ქართველი სამხედროების, პოლიციელის, მშვიდობიანი მოსახლეობის ზვარაკად შეწირული სისხლი, ათობით ათასობით ახალი ლტოლვილი - ისევ და ისევ იმ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სადაც სააკაშვილმა ომზე ჩამოწერა სამხედრო ჯართზე მილიარდობით გაკეთებული ფული და ქვეყნის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ახალი მილიარდების ათვისებას შეუდგა.

„რა მიიღო მედვედევმა ამ ერთობლივი პროექტის დასრულებისას, ენერგეტიკულ, ეკონომიკურ სფეროებში კონტრიბუციის სახით, ჩვენ ასევე ძალიან კარგად ვიცით. ისეთ „წვრილმანებს“, როგორიც არის იმდროინდელი გუბერნატორების თუ უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ რუსი გენერლების მძღოლებად და ოფიციანტებად მუშაობა, აღარც ვეხებით.

არ ვეხებით არც საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებას ამ ომის წამოწყებაში, არც ომის შემდეგ ჩადენილ დანაშაულს და არც სსკ-დან ამ დანაშაულის ჩადენისთვის განკუთვნილი მუხლის ამოღებას. საზოგადოებაში ამ თემის წამოწყება უკვე გამაღიზიანებელ „ბლა-ბლა-ბლა“-ს ჭრილში განიხილებოდა, დამნაშავეთა დაუსჯელობის პრეზუმფციის გამო. მაგრამ, დღეს მაინც, ამაზე ღიად საუბარი პოლიტიკური ბელეტრისტიკის სფეროდან არის გამოსაყვანი“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

„ხალხის ძალის“ დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივ-მოღალატეობრივი ძალაა, რომელსაც გასამართლება სჭირდება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით. ყაველაშვილის თქმით, ეს უნდა მოხდეს 2024 წლის არჩევნების შემდეგ.

„დადგა დრო და აუცილებელია, რომ ეს ძალა გასამართლდეს. ვხედავთ, ეს ძალა რა დღეშია. უკვე ერთმანეთს აქილიკებენ და დაშლის პირას არიან, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. ამ ქვეყანაში პოლარიზაცია ვერ დასრულდება, თუ ის ძალა იარსებებს, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების მიმართ ამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომელიც პოლიტიკურ სივრცეში კიდევ არსებობს და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება სურს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის გასამართლებას მხარს უჭერს დედაქალაქის მერი, თუმცა აქვე გამოდის ინიციატივით, რომ პარტია, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, პოლიტიკურ სახელმძღვანელოებში შეიტანონ და ასწავლონ ბავშვებს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება.

„უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, იგივე 2008 წლის ომი იყო მოღალატეობრივი ქმედება, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგი იყო ის, რაც მივიღეთ - დაკარგული ტერიტორიები, განადგურებული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, დაკარგული სოფლები, უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები. ეს იყო შედეგი, რაც მივიღეთ და რასაც დღესაც ვიმკით. არ მინდა, დეტალებში შევიდე გასამართლება-არგასამართლებაზე. უამრავი დანაშაული აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. მომავალი წელი არის არჩევნების წელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და „ქართული ოცნება“ დიდ კონცენტრირებას აკეთებს იმისთვის, რომ პროცესი ღირსეულად წარმართოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ჰააგის სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება, მმართველ გუნდში თვლიან, რომ აგვისტოს ომის მიზეზების გამოძიბა და დამნაშავეთა დასჯა აუცილებელია. უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ბევრი წარუმატებლობა მოუტანა. შესაბამისად, საზოგადოებაში არსებობს კითხვები, რასაც სწორი სამართლებრივი ანალიზი სჭირდება.

„პარტიულად როცა წინაურდება ადამიანი, ვისაც ღიად აქვს დაფიქსირებული, რომ ომი საქართველომ დაიწყოო, ამ ყველაფრის ფონზე, როგორ შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით კითხვა ისმებოდეს, რა პოზიცია ჰქონდათ აგვისტოს ომზე?! ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, სამართლებრივი შეფასება მიეცეს. ფიქრობთ, რომ სამართლებრივ შეფასებას პარლამენტი არ იძლევა და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას გულისხმობს? - სამართლებრივი შეფასება რა ფორმით შეიძლება გაკეთდეს, ამის ბევრი დასახელება შემიძლია და მხოლოდ პარლამენტისა და სასამართლოს ნაწილით არ შემოვიფარგლები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა სატელიტებმა სიურეალისტურ რუსულ ოცნებებს თავი უნდა დაანებონ, რადგან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული, ევროპული კოალიციური ხელისუფლება ეყოლება.

„ადგილი აქვს რუსული პროპაგანდის გაგრძელებას, რასაც 11 წლის მანძილზე ვისმენთ და საინტერესო არ არის. აპელირებენ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, რომლის შინაარსიც არ იციან. არ გამოვრიცხავ „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ხელი შეუშალა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივებს, რუსული ნარატივის პედალირებისთვის ასეთი კომისია შექმნას. ისინი რუსული სქემით მოქმედებენ და რუსულ საქმეს აკეთებენ. დღეს „რუსული ოცნება“ კრემლის გზავნილებს აჟღერებს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ხელისუფლების შეცვლიდან 11 წლის თავზე რამდენად შეძლებს „ხალხის ძალა“ საკითხის ინიცირებას და პროცესის დაწყებას, ამ ეტაპაზე რთული სათქმელია, მით უმეტეს, რომ ამ საკითხის გამოძიებით გენერალური პროკურატურა რატომღაც არ დაინტერესებულა, რამაც, შეიძლება ითქვას, რომ გაათამამა ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც დაუშვა 2008 წლის აგვისტოს ომი. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ „ხალხის ძალის“ ინიციატივა პოლიტიკური მანევრი იყოს. პოლიტიკაში ხშირად მოსულა დაპირებების სიუხვე წინასაარჩევნოდ, მაგრამ როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, „ხალხის ძალამაც“ უნდა გააცნობიეროს, რომ დაუფიქრებელი არც ნაბიჯი ვარგა და არც დაპირება.

„ხალხის ძალის“ დაუფიქრებლობა იყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისა, რომ შემოიტანეს ის ავადსახსენებელი რუსული კანონი. არ იყო შემოსატანი, ფაქტია, რომ უკან გატანა მოუწიათ და ამით ქვეყანა არ დაინგრა, მაგრამ რომ შემოიტანეს იმ ნაბიჯმა კინაღამ დაანგრია ქვეყანა. სანამ რამე უბედურებას არ გადაეყრება, იქამდე პროგნოზი შეიძლება გააკეთოს პარტიამ.

კერძოდ, რომ დაიწყოს გასამართლება, ბრალდებული მარტო სააკაშვილი და მისი გუნდი იქნება თუ რუსეთიც? თუ რუსეთიც იქნება ბრალდებული, მაშინ გაზომონ საქართველოს შეუძლია რუსეთის ბრალდება, როგორც სახელმწიფოსი, რომელიც სხვა ქვეყნის ცხოვრებაში ერევა და რომელსაც აგენტურაც ჰყავს სხვა ქვეყნის სათავეში მყოფი ხალხი და ამ თავის აგენტებს იყენებს ისე, როგორც თვითონ სურს. ეს არის ბრალდება და თუ არ შეუძლია საქართველოს მაგ ბრალდების დაცვა და მხარდაჭერა, მერე იმ კანონივით უკან წაიღებს ამ ბრალდებას, მაშინ ფასი არ აქვს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, მარტო სააკაშვილის ძახილით უაზრობაა გამოძიების დაწყება და ამიტომაც არის, რომ გაჩერებეულია 2008 წლის ომის საქმე - სააკაშვილის ზურგს უკან, ბრალდება უნდა წაუყენონ რუსეთს.

„არ ვიცი, შეიძლება „ხალხის ძალას“ აქვს რაიმე ინფორმაცია საიმისოდ, რომ საქართველოს შეუძლია ბრალი დასდოს არა მარტო თავის წიაღში მყოფ ამ ჯგუფს, არამედ რუსეთსაც. თუ შეუძლია, კი ბატონო, მაგრამ თუ არ შეუძლია, ეს სახიფათო სტრატეგიაა. აგვისტოს ომის ერთ-ერთი წინაპირობა იყო ის, რომ სააკაშვილმა წამოიწყო რუსეთის ჯაშუშების დაჭერის კამპანია. იყვნენ ისინი ჯაშუშები თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მახსოვს საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მკაცრი რეაქცია, ეგ როგორ შეიძლებაო.

ყველა ქვეყანაში არიან სხვა ქვეყნის მომსახურე პირები და თუკი, ქვეყანა იწყებს მათ დაკავებას, ე.ი. სხვა ქვეყანას უცხადებ ომს, რადგან ეს ომის გამოცხადების ერთ-ერთი ფორმაა. აგენტურა ყველა ქვეყანაში არის, მაგრამ თუკი ხელს კიდებ ამ აგენტურას, ფაქტობრივად, ხელს კიდებ იმ სხვა ქვეყნის სამსახურში მყოფ ადამიანებს. ეს იგივეა, რომელიმე სხვა ქვეყნის საელჩოში დაიწყო ადამიანების დაკავება. შეუძლია საქართველოს შექმნას ასეთი პირობები და მერე გააგრძელოს ბრძოლა ასეთ პირობებებში? - არ ვიცი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც შეასრულებს დაპირებას, რასაც ჰქვია 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება, ის, რა თქმა უნდა, საქართველოსათვის იქნება უაღრესად პროგრესული ძალა და მიიღებს მოსახლეობის ძალიან დიდ მხარდაჭერას.

„არა მარტო 2008 წლის აგვისტო ომის გამო უნდა გასამართლდეს ეს პოლიტიკური ძალა, არამედ ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც 9 წლის განმავლობაში ჩაიდინეს. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლეს ისე, როგორც გასამართლდა ნიურნბერგის პროცესზე ფაშისტები. აი, მაშინ იქნება მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი ქვეყნის წინსვლა, წარამტება და იმ რეალური წარმატებების მოპოვება, რომლისაკენ ასე მიისწრაფის ჩვენი ხალხი.

ამიტომ, „ხალის ძალას“ აქვს ძალიან კარგი მიგნება. ამაზე კარგი პოლიტიკურ სამართლებრივი მიგნება პოლიტკური პარტიისათვის ვერ წარმომიდგენია. მაგრამ, ეს აუცილებად უნდა განხორციელდეს და არ უნდა იყოს დაპირების სახით. ქვეყნის წინსვლა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს, რომლებიც სინამდვილეში მე-5 კოლონას წარმოადგნენ საქართველოში, გაიყვანენ პოლიტიკიდან სამუდამოდ“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

 

ლაზი სწორედ იმ ჟანგიანი ტანკების ყიდვამ გადააჯაჭვა ერთმანეთს უკრაინის და საქართველოს, მაშინდელი პოლიტიკური ელიტები, თანაც ისე მაგრად, რომ ახლაც ვერ შორდებიან.
10 თვის უკან