ოკუპირებულ აფხაზეთში საშინელი ენერგოკრიზისია. სეპარატისტები იმდენად გამოუვალ მდგომარეობაში არიან, რომ დენის მიწოდებას საქართველოს ეხვეწებიან. ამისთვის ზუგდიდში საგანგებოდ იყო ჩამოსული მათი ე.წ. მინისტრი. რას გადაწყვეტს საქართველოს მთავრობა, ჯერჯერობით უცნობია.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, 22 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი, ქრისტინა ოზგანი ზუგდიდში „ენგურჰესის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. ე.წ. მინისტრმა საქართველოდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ითხოვა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებაზე უარი განაცხადა.
მედიის ინფორმაცია მოგვიანებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, ქრისტინა ოზგანმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში „ენგურჰესის“ წარმომადგენლებს შეხვდა. თუმცა, მან უარყო ინფორმაცია, რომ საქმე ელექტროენერგიის მიწოდებას ეხებოდა. ოზგანმა მხოლოდ ის თქვა, რომ საუბარი „ენგურჰესის“ კაშხალს შეეხებოდა.
„2024 წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის გამომუშავების საკითხები განვიხილეთ, ამ პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკი წყალსაცავში წყლის დონის აუცილებლად შენარჩუნების გათვალისწინებით, ასევე სხვა საკითხები, რომლებიც კომპლექსის ექსპლუატაციასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ოზგანმა და იქვე დასძინა, რომ ქართულ მხარეს ვარდნილჰესების რეკონსტრუქციის შესახებ აცნობა.
ადრე „ენგურჰესის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან მებონიამ აფხაზურ ტელეარხთან თქვა, რომ საქართველო ვარდნილჰესების აღდგენას არ აპირებს, რადგან არამოგებიან ინვესტიციად მიაჩნიათ.
საქართველოს მხრიდანაც „ენგურჰესში“ დაადასტურეს, რომ ქრისტინა ოზგანი ზუგდიდში იმყოფებოდა და მას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე შეხვდა.
„დიახ, რომეო მიქაუტაძე შეხვდა. მინისტრი იყო იქიდან წამოსული და ცხადია, აქედანაც მაღალი რანგის პირი უნდა შეხვედროდა. მე არ ვესწრებოდი, თუმცა საქმიანი შეხვედრა იყო. როგორც იცით, რუსეთმა აფხაზეთს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოსთხოვა. მათ ნოემბერ-დეკემბრის გადაიხადეს და შესაძლოა, შემდეგი თვეების გადასახადზე ისაუბრეს. ნამდვილად ვიცი, რომ ზამთარში ელექტროენერგიის მომარაგებაზე იყო საუბარი. საუბარი შეეხო გამრიცხველიანებას“, - განაცხადა „ენგურჰესის“ თანამშრომელმა.
ლევან მებონია კი მხოლოდ ის თქვა, რომ საუბარი ენგურის ექსპლუატაციას შეეხო.
სამაგირეოდ, ფაქტი დაადასტურა და თავის მხრივ შეაფასა კიდეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც. ილია დარჩიაშვილმა „ბიზნეს მედიას“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ შეხვედრის დეტალები არ იცის, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ენგურჰესის წარმატებით მუშაობისთვის კომუნიკაცია საჭიროა.
„არ ვიცი, ამ შეხვედრის კონკრეტული დეტალები, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ენგურჰესი ყოველთვის იყო შესაძლებლობა ნდობის აღდგენის, ურთიერთობის, ოკუპაციის ხაზით გაყოფილ საზოგადოებას შორის. შესაძლებელია, რომ ეს კოორდინაცია საჭიროა იმისთვის, რომ ობიექტმა იმუშაოს.
ვიცი, რომ ობიექტის წარმატებით მუშაობისთვის კომუნიკაცია საჭიროა. ყოველთვის, მას შემდეგ, რაც ოკუპაციის შედეგად საზოგადოება ორად გაიყო, ეს ობიექტი ყოველთვის ემსახურებოდა ნდობის აღდგენისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ჯერჯერობით დუმს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, რომლის მაღალი რანგის მოხელე საგანგებოდ ჩავიდა ზუგდიდში სეპარატისტ მინისტრთან შესახვედრად. ასევე კომენტარს არ აკეთებენ აფხაზეთის ოფიციალური სტრუქტურები.