რუსებმა და უკრაინელებმა საქართველო მასობრივად დატოვეს და ეს უკვე ყველა სექტორს შეეტყო. განსაკუთრებით დიდი ცვლილებები მოჰყვა მიგრანტების გადინებას აჭარაში, სადაც ბიზნესის ყველა მიმართულება მიგრანტებისგან დიდ წნეხს განიცდიდა.
რუსულენოვანი მოსახლეობა აჭარიდან აიბარგა. იკეტება და იყიდება მათ მიერ გახსნილი კაფეები და სხვადასხვა ტიპის მომსახურე ობიექტები. „აჭარა ტურის“ დირექტორი და რესტორან „აკროპოლეს“ დამფუძნებელი ირაკლი თავართქილაძე არსებულ ტენდენციას ადასტურებს და ამბობს, რომ ბოლო თვეებში მიგრანტების რიცხვი განახევრდა. მათი ნაწილი მობილიზაციის არარსებობის გამო რუსეთში დაბრუნდა, ნაწილმა კი აჭარიდან გაძვირებული ცხოვრების ხარჯის გამო, აზიურ ქვეყნებში გადაინაცვლა.
„რუსულენოვანი მოსახლეობა, არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები, არამედ ბელორუსებიც მასიურად ტოვებენ საქართველოს. თუ ბათუმში ნაქირავები ბინების რაოდენობას დავეყრდნობით, მინიმუმ რუსულენოვანი მოსახლეობის 40-50%-მა, ე.წ. ეკონომიკურმა ლტოლვილებმა უკვე დატოვეს ჩვენი ტერიტორია. ეს შეიგრძნობა ყველგან ქუჩებში, კაფეებში და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში. მცირე ზომის ობიექტები, რომელიც გახსნილი იყო ჩამოსული ადამიანების მიერ, დაიხურა, ან იყიდება.
დიდი ნაწილი დაბრუნდა სამშობლოში, რადგან აქტიური მობილიზაციის საშიშროებას ვეღარ ხედავენ. მეორე ნაწილი მიემგზავრება უფრო იაფ ქვეყანაში აზიის მიმართულებით. ვისაც ევროპა შეეძლოთ, ვიზის გათვალისწინებით, იქ წავიდნენ, განსაკუთრებით პოლონეთში. მათთვის მთავარი უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის, რომ საქართველო იყო ძვირი ქვეყანა, ბინების, სამომხმარებლო კალათის მხრივ. უკვე მწირი შემოსავლით ვეღარ აუდიოდნენ იმ სოციალურ გარემოს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მათ უქმნიდა.
აგვისტოს შემდეგ უკვე შეინიშნება უძრავი ქონების გაყიდვების შემცირება, ბევრი სამშენებლო კომპანია ამბობს ამას, ასევე მეორე დიდი დარტყმა განიცადეს ისრაელის ომის დაწყების შემდეგ. თუმცა მიუხედავად ამისა, ფასების კლება გასაყიდ უძრავ ქონებაზე არ შეინიშნება. რაც შეეხება გასაქირავებელ ბინებს, აქ ფასებმა რადიკალურად 40-50%-ით დაიკლო და დაუბრუნდა პირვანდელ მაჩვენებელს. აპარტამენტი, რომელიც ქირავდებოდა 600-700 დოლარად, ამჟამად ღირს 200-250 დოლარი.
პიკზე 20 ათასზე მეტი ადამიანი იყო ბათუმში ჩამოსული, დღეს ალბათ, ეს რიცხვი 7-8 ათასი იქნება. ახლა წინასაახალწლოდ გამოჩნდნენ ტურისტები. ვფიქრობთ, რომ ზამთარში მათი რაოდენობა დაეტყობა ჩვენს ქალაქს და რეგიონს“, - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში.
არსებული ტენდენცია შეიმჩნევა დედაქალაქშიც. ქირის ფასი იქაც შემცირებულია, მაგრამ სარეალიზაციო ღირებულება – არა. მშენებლობის მართვის განვითარების ცენტრისა და სამშენებლო კომპანია „ნიუჰაუსის“ დამფუძნებლის, კობა ქათამაძის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ სამშენებლო მასალები ძალიან გაძვირებულია, ვინაიდან მთავარი მომწოდებელი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, უკრაინა იყო, ახლა კი მასალები თურქეთიდან და ირანიდან შემოაქვთ. აქედან გამომდინარე, კომპანიებს ფასის მაღლა აწევა უწევთ. იგი უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიწის მაღალ ფასს ასახელებს, რის გამოც, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები ვერ ახერხებენ ბინების გაიაფებას.
„მიგრანტებმა გადინება დაიწყეს და ბინის ქირა 20-30%-ით გაიაფდა, მაგრამ მიწის ნაკვეთების ფასი კვადრატულზე 350-400 დოლარია, რის გამოც ძალიან ჭირს ბინების ფასის დაწევა. ეკონომ-კლასში ერთი კვადრატულის ფასი შეგვიძლია 600-650 დოლარის ფარგლებში დავიჭიროთ. სიმართლე გითხრათ, ჩვენც გვიჭირს 800-1000-დოლარიანი ბინების გაყიდვა“, - აღნიშნა კობა ქათამაძემ.
„მშენებლობის მართვის განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ 2024 წლიდან, სრულად გაკონტროლდება მშენებარე ბინების ხარისხი, სახანძრო უსაფრთხოება, გარაჟები, გამწვანება, გეოლოგიური საექსპერტო დასკვნები და შემოწმებული იქნება შენობების ყველა სართული, ჩაბარებამდე. აქედან გამომდინარე, 2024 წელი, სამშენებლო სექტორისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება.