ოპოზიცია კოალიციური მთავრობის შექმის პერსპექტივაზე ალაპარაკდა და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ გამორიცხავს - დღეს არსებული ძალთა ბალანსის პირობებში რეალურად არსებობს თუ არა მოვლენების ამ მიმართულებთ განვითარების შესაძლებლობა. ექსპერტების შეფასებით, შანსი არსებობს, მაგრამ, საეჭვოა, რომ ცალკეულმა პარტიებმა თავიანთი იდენტობა დაკარგონ და ასეთ კოალიციაში შევიდნენ.
როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ ოპოზიციასთან თანამშრომლობის საკითხზე საუბრისას, ტელეკომპანია „ პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა: „რამდენად სწორი გზაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ან „ქართული ოცნება" ლანძღო და ამით დაიმკვიდრო საკუთარი თავი პოლიტიკაში, ამას ალბათ, არჩევნების შედეგები გვაჩვენებს, თუმცა ღიად ვაცხადებთ, რომ ვემზადებით, რათა მომავალი არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა გაკეთდეს-ხელს გაწვდილს ვტოვებთ",- თქვა ნადირაძემ.
კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გაერთიანების შეთავაზების მიუხედავად, რატომ ხედავენ ოპოზიციური პარტიები პრობლემას, რომ საარჩევნო საკითხები მიხეილ სააკაშვილთან ერთად განიხილონ, ნადირაძე ამბობს, რომ ამას პატარა პარტიების მხრიდან საკუთარი თავის იდენტობის დამკვიდრების მცდელობას უკავშირებს.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს დღეს კოალიციურ მთავრობაზე მსჯელობა ნაადრევად მიაჩნია.
„დღეს, ახლა, როდესაც საარჩევნო კამპანია არ დაწყებულა, რეალურად როდესაც არ ვიცით ახალი გამოკითხვის შედეგები, არ ვიცით რომელი პარტია ვისთან გაერთიანდება, როგორ გადაჯგუფდებიან ძალები, ასეთ პროგნოზი - იქნება თუ არა კოალიციური მთავრობა, რთული გასაკეთებელია. ეს გამოჩნდება როდესაც გვექნება მკაფიო სურათი, რა ძალები გავლენ არჩევნებზე 2024 წელს, როცა ეს გვექნება, ამის შემდეგ შეიძლება პერსპექტივებზე ვისაუბროთ", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამ ეტაპზე კოალიციური მთავრობის შექმნის პერსპექტივა არ არის, რადგან „ოცნებას" თავისუფლად შეუძლია მოვიდეს უმრავლესობაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის რესურსი არ არსებობს.
„ჩემი შეფასებით, დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრიდან გამომდინარე „ქართული ოცნება" მოიგებს ამ არჩევნებს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ამიტომ, არანაირი პერსპექტივა ამ ეტაპზე, რომ შეიქმნას კოალიციური მთავრობა, არ არსებობს. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის რესურსი არ არსებობს. ახლა ყველაფერი დამოკიდებული არის ოპოზიციაზე, შეძლებს ოპოზიცია საკუთარი ამბიციები მოთოკოს და წინ ქვეყნის ინტერესები დააყენოს (მე არ ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას"), მაშინ ამის პერსპექტივა არსებობს - არამარტო კოალიციურის, არამედ სერიოზული განაცხადის გაკეთებაც შეიძლება.
„თუ ყველა „მე ვარ და ჩემი ნაბადის" პრინციპით იმოქმედებს, მაშინ ყველა წააგებს და „ქართული ოცნება" მოვა უმრავლესობაში" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნებას" თუ ექნება ხმათა უმრავლესობა, მან უნდა შექმნას კოალიცია.
„დღეს არსებულ ძალთა ბალანსში, მმართველ პარტიას აქვს, სულ მცირე 35%-ზე მეტი. ამასთანავე, ბევრი პარტიაა ძალიან მცირე მხარდამჭერებით, ისინი 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ. მცირე პარტიების ხმები პროპორციულად დაემატება გადამლახველ პარტიებს. ამით „ოცნება" აიღებს ხმების ნახევარზე მეტს და კოალიციის შექმნა მას არ დასჭირდება.
„დავუშვათ, რომ ნახევარზე მეტი ვერ აიღო, ხმების უმრავლესობა თუ მას ექნება, მან უნდა შექმნას კოალიცია, ანუ აირჩიოს პარტნიორი ოპოზიციური პარტიები" - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.