2023 წელიც მიილია და ის, რაც წლის დასაწყისში აღმავალი რეიტინგით გამოირჩეოდა, წლის ბოლოს დაღმავალი ინერციით წამოვიდა. თუ შარშან ამ დროს წლის პიროვნებად დაასახელეს ზელენსკი და „უკრაინის სული“, წელს უკვე დასავლეთს ზელენსკი თავის ტკივილად ექცა და უკრაინის დახმარებაც ზედმეტ ტვირთად მიაჩნია.
ზელენსკის მსგავსად, მოხდა სააკაშვილის გადაფასებაც. ერთადერთი ადამიანი, ვინც სააკაშვილს გამბედაობასა და თავისუფალი საქართველოს შენების ხედვას უქებს, ბორის ჯონსონია, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, რომელიც თავადაც ერთი დიდი გამოცანაა.
2023 წელს მსოფლიოს სერიოზული პოლიტიკოსები აღარ იკვებებიან წარმოსახვებით, თითქოს სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია და მას ციხეში კლავენ, რადგან კლინიკა „ვივამედში“ „დემენციისგან განკურნებული“ პატიმარი სააკაშვილი შესაშურ მეხსიერებას ავლენს და პოლიტიკურ დირექტივებსაც იძლევა.
2023 წელს პოლიტიკაში საეტაპო მნიშვნელობის მოვლენები განვითარდა: საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, მოხდა ჩინეთთან სტრატეგიული დაახლოება, მეორე ფრონტის აცილება, ჩვენს მეზობლად კი ალიევ-ერდოღანის ალიანსმა მოახერხა და რუსეთისგან დაკონსერვებული ყარაბაღის პრობლემა ისე გადაწყვიტა, რუსეთს ხმის ამოღების საშუალებაც არ დაუტოვა. ამ წელმა მოიტანა ისიც, რომ სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის გაძევების მცდელობა შეინიშნება, ყარაბაღის ომში რუსეთისგან მიტოვებულმა სომხეთმა ევროპისკენ დაიწყო ყურება და შეუერთდა რომის სტატუტს, რითაც სომხეთის ტერიტორიაზე ჩასვლის შემთხვევაში, პუტინის დაკავების უფლება მოიპოვა.
ამ წლის გამოწვევად კვლავაც დარჩა უკრაინის ავღანეთიზაცია და მოულოდნელად დაწყებული ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, რომლის მომზადებაც ისრაელის სახელგანთქმულ სადაზვერვო სამსახურს - „მოსადს“ გამორჩა.
2023 წელმა ჩაიარა ე.წ. აგენტების შესახებ კანონის გაპროტესტებით და მარტის არეულობით, რომლის მიზანიც ხელისუფლების აყირავება იყო. ამ წელს სამშვიდობოს გავუშვით კელი დეგნანი, რომელიც მურმანის ეკლის როლს ასრულებდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში. ეს წელი აღინიშნა ხაბეიშვილ-მელიას დაპირისპირებით და ფულის გადამხდელ კეზერაშვილის მხრიდან მუსიკის დაკვეთით „ნაცმოძრაობაში“.
არც ამ წელს აკლდა ემოციები, მათ შორის, ფეხბურთის კუთხით, ხვიჩა კვარაცხელიამ გამოაცოცხლა სპორტის ეს მიძინებული სახეობა და ქართველი გულშემატკივრები „ნაპოლის“ გულშემატკივრებად აქცია.
ემოციებზე როცა ვსაუბრობთ, გვახსენდება, რომ 2023 წელს ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფამ და პროტესტმა პიკს მიაღწია, როცა ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეფის მოღალატედ გამოცხადება მოითხოვა რუსეთთან მიერთების გამო. ასევე, ტრადიციების დამცველი ადამიანები აღაშფოთა თემურ ჭყონიას მაკდონალდსის ქსელში ლგბტ პროპაგანდის შემცველი წიგნის გამოჩენამ ელტონ ჯონის სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ, რომლითაც ბავშვებს მოუთხრობდნენ ისტორიას ცნობილი ადამიანების შესახებ.
2023 წელსაც, 2022 წლის მსგავსად, ზელენსკისა და მისი გარემოცვის გული ვერ მოვიგეთ. სააკაშვილით დამუხტული უკრაინის ხელისუფლება, მთელი თავისი არახამიებით, არ ცნობს საქართველოს სუვერენულ უფლებას, იმოქმედოს საკუთარი ინტერესების შესაბამისად.
შოვის ტრაგედია და ღვარცოფში დაღუპულები, კირბალის ტრაგედია და თამაზ გინტურის მკვლელობა, მეუფე შიოს მოწამვლა, ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების ნაწილის დატბორვა, პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი, - ეს ყველაფერი გავიარეთ და, შესაბამისად, წლის ნომინაციებიც გამოვლინდა.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე წლის პოლიტიკოსად ირაკლი ღარიბაშვილს ასახელებს. For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა წლევანდელ წელს დაანახა მსოფლიოს, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, არსებობს, რომელსაც გააჩნია სუვერენული დამოუკიდებლობა და ლეგიტიმური ამბიციები მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე. ამავე დროს, ირაკლი ღარიბაშვილის უდიდესი დამსახურებაა, რომ მან ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან - ბორელთან ჩვენი ქვეყანა იმ ღირსებით წარმოაჩინა, რომლითაც დღევანდელ დღემდე მოვიდა საქართველო.
„ირაკლი ღარიბაშვილის გარდა სხვა პერსონას ვერ დავასახელებდი წლის ადამიანად, ღარიბაშვილი დღეს უპირობო ლიდერია. წლის კურიოზად კი შეგვიძლია დავასახელოთ ხაბეიშვილი, როგორც „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე. 2023 წელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, როცა ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რაც არ უნდა მოხდეს, საქართველო იქნება ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი. ეს წლის განცხადებად მიმაჩნია, რადგან ეს განაცხადა მილიარდნახევრიანი, მზარდი ქვეყნის პრეზიდენტმა, როცა ჩვენი ქვეყნის პრემიერი ჩავიდა ჩინეთში. 2023 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო უპირველესად იმის გამო, რაც ჩინეთმა ჩვენს მიმართ განაცხადა და როგორი ვიზიტიც ჰქონდა ჩვენს პრემიერს ჩინეთში. უმთავრესი კი ის არის, რომ ჩვენ ეს წელი ჩავათავეთ მშვიდობიანად, მიუხედავად უდიდესი მცდელობისა, საქართველოც ჩაერთოთ ომში და დესტაბილიზაცია გამოეწვიათ ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ეს სურდათ 7-8 მარტის მოვლენების დროს აქაურ მეხუთე კოლონას და გარეშე გლობალურ ომის პარტიას“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.
ამასთან, განმარტავს, რომ არაფერს არ ნიშნავს, რომ წელსაც უკრაინის ხელისუფლების გული ვერ მოვიგეთ, რადგან, მისივე სიტყვებით, უკრაინას მართავს არა უკრაინელებზე ორიენტირებული ხელისუფლება, არამედ ზელენსკის სახელისუფლებო ხროვა, რომელმაც გაწირა უკრაინელი ხალხი. ეს ადამიანები საშინლად არიან განწყობილნი ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ. ედიშერ გვენეტაძის აზრით, ამის დამადასტურებელი იყო არესტოვიჩის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ ჩვენ მილიონიანი ჯარი გვყავს, მოვათავებთ რუსეთთან ამბებს და მერე გავისეირნებთ საქართველოშიო.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამ ტურბულენტურ მსოფლიოში წლის მოვლენად ასახელებს იმ ფაქტს, რომ საღად მოაზროვნე საქართველოს საზოგადოებამ და ხელისუფლებამ მოახერხეს მშვიდობის ოაზისის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში. მისი აზრით, ეს უმთავრესი მოვლენაა და როცა ქვეყანაში მშვიდობაა, იქ არის განვითარებაც, ევროინტეგრაციაც, მრავალვექტორული პოლიტიკის განვითარებაც. ამ სიკეთით სარგებლობს ყველა, იმის მიუხედავად, ვინ ვისი მომხრეა და როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს.
„წლის ადამიანებად დავასახელებდი ჯანსაღად მოაზროვნე ქრისტიანულ საქართველოს, ჩვენს ერს. პერსონალურად წლის ადამიანად ვერავის გამოვარჩევ, არ მინდა, ვინმეს ეწყინოს. ძალიან ბევრი იმსახურებს ამ ტიტულს, ამიტომ ყველას შევაჯამებ ერთი დასახელებით - ჯანსაღად მოაზროვნე ქრისტიანული ერი. პოლიტიკაში წლის აღმოჩენად შეიძლება გამოვყოთ ის უცნობი საჯარო მოხელეები, რომლებიც რეკლამის, თვალთმაქცობის გარეშე აკეთებენ პროფესიონალურ საქმეს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სფეროში იქნებიან - საჯარო სფეროში, კერძო სექტორში, ისინი დღედაღამ მუშაობენ საქართველოს კეთილდღეობისთვის“, - აცხადებს გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას.
პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე წლის პოლიტიკოსად ირაკლი ღარიბაშვილს, წლის მოვლენად კი ევროკავშირის სტატუსის მინიჭებას ასახელებს.
„რაც მთავარია, 2023 წელმა უმტკივნეულოდ ჩაიარა, კატაკლიზმების გარეშე და ეს, ალბათ, ხელისუფლების დამსახურებაა. წლის აღმოჩენა ჩემთვის არავინ ყოფილა, მაგრამ შემიძლია ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამოვარჩიო „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი, ვფიქრობ, მისი შეხედულებები საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის აზრს შეესაბამება“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ ჩვენთან საუბრისას.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ წლის აღმოჩენა არავინაა, რადგან ყველანი ყავლგასული შემადგენლობის არიან. ანალიტიკოსის განმარტებით, 2023 წელი გამოირჩეოდა იმით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ირგვლივ ვითარდებოდა ყველა პროცესი, მათ შორის, იმპიჩმენტის საკითხი და საქართველოში 30 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყეს. აქედან გამომდინარე, ვახტანგ მაისაია თვლის, რომ მოვლენების ეპიცენტრში წელს სააკაშვილი ნამდვილად არ ყოფილა, სააკაშვილი კარგა ხანია, დამწნილებული, დამჟავებული პოლიტიკოსია, ის იმდენად ვადაგასულია, ყველას მობეზრებული აქვს, პოლიტიკური კლოუნადისა და სატირის ნიმუშად კი შეიძლება გამოვიყენოთ.
„წლის მოვლენად უდავოდ უნდა დასახელდეს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მოპოვება, ეს იყო ისტორიული მოვლენა, ეს იყო ის, რისკენაც 1992 წლიდან მივისწრაფვოდით, ეს იყო ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი. სხვათა შორის, მაშინ ჯერ კიდევ ნატოსკენ სწრაფვა საქართველოს არ ჰქონდა, ნატოსკენ სწრაფვა საქართველოს გაუჩნდა 2002 წელს, როდესაც შევარდნაძემ პრაღის ნატოს სამიტზე ოფიციალურად განაცხადა, ჩვენ ვაკაკუნებთ ნატოს კარზეო. ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულება საქართველოს ყოველთვის ჰქონდა. ჩვენ უკვე ძალიან ახლოს ვართ ევროკავშირის წევრობასთან. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ უკვე ევროკავშირის წევრები ვართ იმ კონტექსტში, რომ 2030 წლამდე ევროკავშირმა მიიღო გაფართოების სტრატეგია. შესაბამისად, ოთხი სახელმწიფო, საქართველოს ჩათვლით, ყველა ვარიანტში გახდება ევროკავშირის წევრი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი წლის მოვლენად ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებას გამოარჩევს, ხოლო წლის ტრაგიკულ მოვლენად რაჭის ტრაგედიას ასახელებს.
წლის პერსონასთან დაკავშირებით პაატა ზაქარეიშვილს დაკონკრეტება არ უყვარს, მისი აზრით, რომელიმე პერსონას ვერ გამოვყოფთ ისევე, როგორც არ შეიძლება ყველაფრის პერსონალიებზე დაყვანა და იმის თქმა, საქართველოს მტერი უშუალოდ პუტინია, თუ მთლიანად რუსეთი.
„პიროვნება თავისთავად არაფერი არაა, აქ ინსტიტუტებია მთავარი. დიდ პერსონებს დღეს ვერ ვხედავ ქართულ პოლიტიკაში, ერთადერთი, სააკაშვილის გარშემო იყო ხმაური. გარდა ამისა, ბევრი კრიტიკული მომენტის მიუხედავად, მაინც გამოვარჩევდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, არა როგორც პრეზიდენტს, არამედ იმ ფაქტს, რომ მან კრიტიკულ სიტუაციაში გამოიჩინა სერიოზული სითამამე. ევროკავშირმა ორი მიზეზის გამო მოგვცა კანდიდატობის სტატუსი, პირველი, ეს იყო პოლიტიკური გამოწვევა, ანუ უკრაინელების ბრძოლამ შექმნა ახალი რეალობა და ევროკავშირმა დაინახა, რომ საქართველოსაც სჭირდებოდა ეს სტატუსი და მეორე იყო ქართველი ხალხის ნება, სწორედ ამ დროს ზურაბიშვილი ხალხის გვერდით დადგა“, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.