„ლელო“ არის ხაზარაძის და ჯაფარიძის ფინანსებზე ჩამოკიდებული, ცალკეული სუბიექტები, რომლებიც იმეორებენ და ასრულებენ მათ ბრიყვულ გზავნილებს“

„ლელო“ არის ხაზარაძის და ჯაფარიძის ფინანსებზე ჩამოკიდებული, ცალკეული სუბიექტები, რომლებიც იმეორებენ და ასრულებენ მათ ბრიყვულ გზავნილებს“

პარტია „ლელო“ პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ამბიციებით და განცხადებებით გამოდის. როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ პარტიის ლიდერები ეცდებიან, რომ ე.წ. მესამე ძალის იმიჯი მოირგონ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ მაქსიმალურად დისტანცირდნენ. მამუკა ხაზარაძე ირწმუნება, რომ მხოლოდ „ლელოა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც „ქართულ ოცნების“ ალტერნატიული ძალაა, ამასთანავე აკრიტიკებს ოპოზიციას და მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ფლანგზე ძველი სახეების ადგილი აღარ არის.

„ჩვენ ერთ წელიწადში თქვენთან ერთად, მთელ საქართველოსთან ერთად ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას. ეს გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც დამთავრებული იქნება მომავალი წლის არჩევნები და „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, ბიძინა ივანიშვილი კი იქნება მოსკოვში... ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში! 2024 წელი არის გადამწყვეტი წელი ჩვენი ქვეყნისთვის, სად იქნება ქვეყანა - იქნება დამოუკიდებელ და თავისუფალ სამყაროში, რეალურად და არა მხოლოდ წარწერით, თუ წავა ნელი სვლით ისევ იმ ჯურღმულში, რომელსაც ჩვენ 30 წლის წინ თავი დავაღწიეთ“, - ამბობს ხაზარაძე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე კი ხაზარაძის განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ „ლელოს“ ლიდერი მსგავსი განცხადებებით ყურადღების მიქცევას ცდილობს.

„სამწუხაროდ, ოპოზიციაში პოლიტიკოსებს ახასიათებთ გაუთავებელი მცდელობები პოლიტიკაში ადგილის ძიებისა. ყველა კარგად ხვდება, რომ როდესაც საუბარია ახალ სახეებზე და შეთავაზებულია ისევ ძველი სახეები, რასაკვირველია, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მორიგი ფარსი და უბრალო მცდელობა, რომ რაღაც ფორმით ყურადღება მიიქციონ.

უმჯობესია საზოგადოებას კონკრეტული არგუმენტებით ესაუბრონ და სულაც არ არის აუცილებელი ამისთვის დაყოფა და დიფერენცირება ძველი მენტალიტეტის, ახალი მენტალიტეტის და ა.შ. მარტივად დგას საკითხი, მარკეტინგს თავი უნდა დაანებონ და რეალურად დისკუსიაში შემოვიდნენ კონკრეტულ საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ოპოზიციურ პარტიებშიც ხაზარაძის განცხადებებმა კრიტიკა გამოიწვია. ოპოზიციონერი კოლეგები „ლელოს“ ურჩევენ, პოლიტიკური ვექტორი გაასწოროს და „ქართული ოცნების“ კრიტიკით დაკავდეს.

პარტია „საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბექა ლილუაშვილის შეფასებით, „ლელოს“ განცხადება პოპულისტურია, თუმცა იმედოვნებს, რომ შინაარსობრივად გაასწორებენ.

„როცა განცხადებას აკეთებენ ახალ სახეებზე და მეორე მხრივ, პოლიტსაბჭოში ყველაზე ძველი სახეები შეჰყავთ, ეს ერთმანეთთან თავსებადი არ არის, თუმცა „ლელოს“ მიდგომაც მესმის. ეს განცხადება პოპულისტურად გამოუვიდათ და იმედია, გაასწორებენ და უფრო შინაარსობრივ საკითხებზე გააკეთებენ აქცენტს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

„ყველას მოვუწოდებ, რომ სამიზნე გაასწორონ. არ უნდა დადგეს რიგში და ლანძღოს „ნაციონალური მოძრობა“. ნუ გახდებიან ოპოზიციის ოპოზიცია. მთავარი არის ჩვენი ამომრჩეველი, მათი ინტერესები და ის პერსპექტივა, რომელი ევროკავშირის კუთხით გვაქვს“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ „ლელოს“ დაარსეების დღიდან, მის ლიდერს მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკოსობაზე აქვს თვითილუზია. აბაშიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ხაზარაძე საკუთარ თავს ატყუებს, როცა ჰგონია, რომ რაიმე პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს.

„როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენეს, რომ „ლელო“ საარჩევნო კამპანიის მხრივ ყველაზე ბევრს ხარჯავს, თუმცა პოლიტიკურ დივიდენდებს ყველაზე ნაკლებს იღებს. მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში აბსოლუტურად არაპროფესიონალია, ამაზე მის პოპულისტური და არარეალური დაპირებები მეტყველებს. მას აქვს რეალობას აცდენილი განცხადებები, რომელიც არა ერთია. ბოლო განცხადება, მაგალითად, სადაც ამბობს, რომ პოლიტიკიდან ძველი სახეები უნდა წავიდნენ. მის პოლიტიკურ საბჭოს გადავხედოთ, იქ არის ფიქრია ჩიხლაძე, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, მამუკა კაციტაძე და სხვები. თუნდაც გავიხსენოთ მამუკა ხაზარაძის აფერა, რომელიც მან ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩაატარა. როცა რუსი ოლიგარქების შემოჩეჩება უნდოდა სახელმწიფოსთვის. ეს ვითომ პროევროპელი მამუკა ხაზარაძე ლაპარაკობს, რომ ავტომაგისტრალები საქართველოში იმიტომ შენდება, რომ ეს არის რუსული ტანკების შემოსასვლელად. არაერთი ასეთი პოლიტიკური შარლატანი გვინახია, მაგრამ სად არიან ახლა, არავინ იცის“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, „ლელო“ მამუკა ხაზარაძის კანტორაა, რომელიც არ არის პარტიული სტრუქტურა. აბაშიძე ამბობს, რომ ეს არის ხაზარძის და ჯაფარიძის ფინანსებზე ჩამოკიდებული, ცალკეული სუბიექტები, რომლებიც იმეორებენ და ასრულებენ მის ბრიყვულ გზავნილებს.

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი კი ხაზარაძე - ჯაფარიძის პოლიტიკაში მოსვლის რეალურ მიზეზად მართლმსაჯულებისთვის თავის არიდებას მიიჩნევს. ნიკოლეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ მათი მიზანი იყო, პოლიტიკოსების მანტიით შემოსილიყვნენ, რათა დანაშაული ამ ფორმით გადაეფარათ.

„მართალია, ეს ხალხი ციხის გისოსების მიღმა არ არიან, მაგრამ განაჩენი ცნობილია და მათ თაღლითები ეწოდათ. ამის გარდა, ნაცებიდან გადმოსულ ადამიანებს თუ შევხედავთ, მივხვდებით, რომ მათთვის ღირსება არაფერს წარმოადგენს. მათთვის არის მთავარი საკუთარი ეგო, რომ როგორმე პარლამენტში რამდენიმე კაცით მაინც შევიდნენ. ესენი პოლიტიკოსები არ არიან. ესენი არიან თაღლითები, რომელთა პოლიტიკაში მოსვლის მიზანი იყო, რომ სასამართლოსთვის თავი აერიდებინათ.

თან, ვითომ უნდათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განერიდონ. არადა ესენი არიან ნეონაცები, რომლებიც კოალიციაში მათთან ერთად იყვნენ და ვინც თანამშრომლობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათთან. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ახალ სახედ უნდათ თავი წარმოაჩინონ. აქედან გამომდინარე, ისინი პარლამენტში შესაძლოა, რამდენიმე კაცით მართლაც მოხვდნენ და მერე ისევ პოლიტიკოსების მანტიით მოსხმულები სხვა საქმეებით დაკავდებიან. თუმცა ეცდებიან, რომ დაქუცმაცებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩევლის რაღაცა სეგმენტი წაართვან“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.

 

 

Gami ხაზარაძეს უმკურნალონ დროზე, მაგრამ ვაი, რომ აფერიზმის კეთრი ძნელი მოსაშორებელია.
10 თვის უკან