დიდგაბარიტიანი მანქანების გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ, დისტრიბუტორები პროდუქციის გაძვირებით იმუქრებიან

დიდგაბარიტიანი მანქანების გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ, დისტრიბუტორები პროდუქციის გაძვირებით იმუქრებიან

პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს. ამას სადისტრიბუციო კომპანიების უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც ისინი აღნიშნავენ, საშეღავათო პერიოდის (2024 წლის სექტემბრამდე) გასვლის შემდეგ, სავაჭრო ქსელებისთვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულება გაიზრდება.

როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, შეზღუდვა მ3, ნ2 და ნ3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს. იქნება გარკვეული გამონაკლისები, რაზეც ეს რეგულაცია არ გავრცელდება.

„რეგულაცია არ გავრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო

საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში; ასევე, გამონაკლისი დაიშვება სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმაც. პირველ შემთხვევაზე 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე - 3 000 ლარის ოდენობით.

მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადი და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამასთან, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში.

მერიის მიერ ამ ეტაპზე შემუშავებული გეგმით, დიდი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება, შემდეგ მისამართებზე: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია; აღმაშენებლის გამზირი; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები; მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარედ.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას აზრით, ახალი გადაწყვეტილება პროდუქციის ღირებულებას 10-იდან 20%-მდე გააძვირებს.

„ვფიქრობ, საკრებულოს ეყოფა კეთილგონიერება, რომ ეს უგუნური გადაწყვეტილების პროექტი, რაც დაიწერა, არ იქნება დამტკიცებული, ყოველ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ჩვენი სექტორი. უსერიოზულესი პრობლემის წინაშე დავდგებით. ეს იქნება ფასებზე წნეხი და მინდა ვუთხრა პრემიერს, რომელსაც ვაპირებთ წერილიც გავუგზავნოთ, ის აქტიურად იყო ჩართული ფასების განხილვის ნაწილში, რომ თუ არ იქნება მისი მხრიდან აქტიურობა, პრობლემის წინაშე დავდგებით, ეს იქნება არასწორი გადაწყვეტილება. პრობლემებს შეუქმნის კომპანიებს და გაუზრდის მათ ხარჯებს.

ჩვენ ვითხოვთ რომ 8-დან 11-სთ-მდე პერიოდში დაუშვან. ხელოვნურად ნუ შევქმნით საფუძველს, რომ ფასების ზრდა მოხდეს არასწორი გადაწყვეტილების გამო. 1 თვის წინ ჩვენ გვქონდა მერიასთან, მის სატრანსპორტო სამსახურთან საუბარი, მაგრამ ნული გამოხმაურება, პასუხიც არ გაუციათ.

ვფიქრობ, ასეთი კომუნიკაცია ძალიან ცუდია, არაერთხელ დავმდგარვართ სახელმწიფოს გვერდით, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, იგივე ომის დაწყების პერიოდში და ჩვენს ქვეყანას არ უგრძვნია ამ სექტორში არანაირი შეფერხება. ეს ამ ადამიანების დამსახურებაა, ამიტომ კეთილი ინებონ და მოგვაქციონ ყურადღება“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ჭყონიამ.

იგივე პოზიციას იზიარებენ სადისტრიბუციო კამპანიების წარმომადგენლებიც. ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ლაშა რიჟამაძემ აღნიშნა კიდეც, რომ სექტემბრიდან შექმნილი ეს მოცემულობა შეუძლებელს გახდის პროდუქციის გაძვირების გარეშე სადისტრიბუციო საქმიანობის გაგრძელებას.

„როდესაც ადამიანი დილით მაღაზიაში შევა, არც პური და არც ახალი პროდუქტი არ დახვდება. პრაქტიკული თვალსაზრისით რომ შევხედოთ, კომპანიამ 11 საათზე რომ დაიწყოს მუშაობა 4 საათზე უნდა დაასრულოს, მერე საცობში რომ არ გაიჭედოს და არ დაჯარიმდეს. ეს არის დროის ძალიან მცირე ინტერვალი.

როგორ წარმოგიდგენიათ, 4 საათი გაჩერდეს მუშაობა, 8 საათს დაელოდოს და მერე გააგრძელოს? გამოდის, მეორე თანამშრომლის აყვანა უწევს კომპანიას. გარდა ამისა, მეორე ასპექტია, რომ ქსელებიც არ მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში და პროდუქციის მიმღებიც არავინაა. ყველაფრიდან გამომდინარე, გარდაუვალი იქნება ფასის ზრდა“, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

ლევკოთეა რანაირად გამოიწვევს ფასების ზრდას, იქნებ უფრო კონკრეტულად ახსნან ამათმა.
ისიც საინტერესოა, ჯერ რატომ უნდა დაემატოს ამის გამო თანამშრომელი და პლიუს, რამდენია ხელფასის წილი პროდუქციის ფასში.
პურის დისტრიბუცია ისეც მსუბუქი მანქანებით ხდება, რასაც ვხედავ და კიდევ რომელი ,,ახალი პროდუქციაა", რომლის დისტრიბუციაც უჭველი დილის ადრიან საათებში უნდა მოხდეს?
სულ ახალი კი არა, რაც ვადაგასული პროდუქცია მინახავს დახლებზე, იმდენი სიკეთე ყველას.
10 თვის უკან
თომა მიეცათ მიზეზი, არადა გულში უხარიათ. წუნკალი ჭყონია.
10 თვის უკან
mamuka დილით ადრე ადგომა ეზარებათ ეს ერთი მეორე მაღაზიებმა კეთილი ინებონ და დილის საათებში უზრუნველყონ პროდუქციის მიღება.......ვერ გავიგე ევასებათ ამ საცობებში ყოფნა ?
10 თვის უკან