ვის დაასახელებდა 2023 წლის ადამიანად და რით დაამახსოვრა თავი მიმდინარე წელმა, ამის შესახებ for.ge-ს „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ესაუბრა, რომელიც თვლის, რომ ახდა პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, „ჩემი მისიაა, საქართველოში აღარ იყოს მესია“.
- 2023 წელს ძლიერად ჩანდა, როგორც პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რადგან თანმიმდევრულად, მტკიცედ ატარებდა პოლიტიკას და ამ პოლიტიკას დასაბუთებულად აჟღერებდა. ამ პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესი იყო სტრატეგიული მოთმინება, რომ უნდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოში, ამისთვის საჭიროა სტრატეგიული მოთმინება და არა რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება. „ოცნება“ ნაცების არც ერთ პროვოკაციას არ წამოეგო გაქანებული საინფორმაციო ომის დროს, როცა მოდიოდა ცილისწამების ნიაღვარი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ამისთვის მილიონები იყო გადახდილი, მთელი მსოფლიოს ლობისტები მუშაობდნენ და „სიენენი“ თუ სხვა საშუალებები გადასცემდნენ, როგორ შიმშილობდა სააკაშვილი. აშიმშილებდნენ ექსპრეზიდენტს, ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი ეს ვითომც პოლიტპატიმარი. ყველაფერ ამას გაუძლო საქართველოს ხელისუფლებამ და შედეგიც დადგა. გარდა ამისა, საერთაშორისო ასპარეზზე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ასევე, პაპუაშვილისა და სხვების მონაწილეობით, „ოცნებამ“ შეძლო საქართველოს წარდგენა და დიდ ფორუმებში წარმატებული მონაწილეობა და ეს განხორციელდა საინფორმაციო ომის ფონზე. საუბარია რეგიონალურ და საერთაშორისო დონის ფორუმებზე, ასევე, თბილისში მსგავსი ღონისძიებების ჩატარებაზე. ყველაფერმა ამან იმუშავა და მინუსებიდან ამოვედით. ის, რომ შარშან უსამართლობა იყო და საქართველოს გაცილებით უფრო მეტად ეკუთვნოდა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, ვიდრე უკრაინა-მოლდოვას ერთად აღებულს, წელს ეს გამოსწორდა, ევროპამაც დაინახა და შეწყდა საინფორმაციო ომი. მართალია, ბოდიშს არავინ იხდის ცილისწამებებისთვის, მაგრამ ბოლო პერიოდში არ მახსენდება, ვინმე გამოსულიყო და ეყვირა, აწამებენ სააკაშვილს. არადა, ყველას გვახსოვს, ევროკავშირიდან ხმები გაისმოდა, ან გაათავისუფლებთ სააკაშვილს და ევროპაში შესვლის შანსი გექნებათ, ან სტატუსის მონიჭებაზე პრობლემა შეგექმნებათ.
ეს ნიშნავს, რომ ლობისტებზე აგებული კამპანია უაზრო ფულის ხარჯვაა და სააკაშვილის ლობისტებიც დაამარცხა „ქართულმა ოცნებამ“ მდუმარების პოლიტიკით?
- დიახ, განეიტრალება ნამდვილად მოხდა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორი. დღეს ქართველი ამომრჩევლისგან არ მოდის დაკვეთა ქარიზმატულ პოპულიზმსა და დემაგოგიაზე, ეს განპირობებულია სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკით, რომელიც მთავრობამ ჩაატარა.
ადრე ქართული პოლიტიკა ქარიზმატულ ლიდერებზე იყო აგებული, განსაკუთრებით, ეროვნული მოძრაობის დროს იყო ამ ტიპის ლიდერებზე მოთხოვნილება. თუმცა სააკაშვილის მოსვლამ ხელისუფლებაში ქარიზმატული ლიდერების საჭიროება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. პოლიტიკა ხშირად ქარიზმაზეა აგებული, რადგან პოლიტიკოსმა ხალხს ემოცია უნდა გადასცეს, რომ მასები აიყოლიოს. ფიქრობთ, რომ ქარიზმატულების ეპოქა დასასრულისკენ მიექანება?
- არასოდეს და არსად არ ბარდება წარსულს ერთხელ და სამუდამოდ ეს მოთხოვნა, შეერთებულ შტატებში ტრამპი მოიყვანეს, ბორის ჯონსონი - ეს სრულიად სამარცხვინო ადამიანი ლონდონში მოიყვანეს ხელისუფლებაში, საფრანგეთში მაკრონმა ძლივს გაიმარჯვა, რადგან რომ გაერთიანებულიყვნენ რადიკალები და პოპულისტები, ისინი იმარჯვებდნენ. როგორც კი სოციალ-ეკონომიკური ფაქტორი იცვლება, იწყება დაკვეთა ქარიზმატულ ლიდერზე, ეს ყოველთვის შეიძლება მოხდეს, არავინ დაზღვეული არაა. ამიტომ ამ ეტაპზე ქარიზმატულ ლიდერებზე მოთხოვნა არაა. გავიხსენოთ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული ცნობილი განცხადება, როცა წავიდა პოლიტიკიდან, „ჩემი მისიაა, საქართველოში აღარ იყოს მესია“. ჯერჯერობით, უკვე რამდენი წელიწადია გასული და ეს სიტყვები სრულდება. ქართველი ხალხი არ დარბის ქუჩაში და არ ყვირის „მიშა-მიშა“.
ხომ არ ფიქრობთ, რომ წლის ვაჭრობად შეიძლება დასახელდეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ლაბირინთული პასუხები-შევიწყალებ, არ შევიწყალებ მიშას. ამდენი ხალხის ნერვები იხარჯება ამაზე, ყოფილი პოლიტპატიმრების ახლობლებიც შეხვდნენ ზურაბიშვილს და სთხოვენ, მისცეს პირობა, რომ არ შეიწყალებს სააკაშვილს. რას ემსახურება ხალხის ნერვებზე თამაში?
- შეიწყალებს თუ არა ზურაბიშვილი სააკაშვილს, ამას უფრო მედიის მხრიდან სენსაციაზე მოთხოვნად აღვიქვამ. აქ დიდ ფაქტორს ვერ ვხედავ. რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოქმედებას, აქ ყველაფერი გასაგებია. საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც ფიცი აქვს დადებული და ამ ფიცში მკვეთრად წერია, რომ კონსტიტუცია უნდა დაიცვას, სახელმწიფო ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე იდგეს, ყველაფერი საწინააღმდეგო გააკეთა. მას ფიცი ავალებდა, რომ პირველს სწორედ მას აემაღლებინა ხმა, როცა საქართველოს ხელისუფლებისა და ქვეყნის მიმართ საშინელი ცილისწამება მოდიოდა. ზურაბიშვილი უნდა გამოსულიყო და ეთქვა, ეს არის ტყუილი, სააკაშვილი შემოიპარა, არავინ მას არ აწამებს, ფეშენებელურ კლინიკაში წევს, საუკეთესო ლუქს სასტუმროს პირობები აქვს შექმნილი, რას არ იტანს მედპერსონალი მისგან, დედამისის მიერ შერჩეული 11 თუ 12 ექიმი თავს ევლება და დედამისი დღეში ორჯერ ნახულობს შვილს. ამას ინტერვიუებში თავად ამბობს ალასანია, დღეში ორჯერ დავდივარ და მიმაქვს საჭმელიო. ადამიანი თვითდაზიანებას თუ ეწევა, რა უნდა ქნა?! ეს ყველაფერი უნდა აეხსნა მოქმედ პრეზიდენტს, ზურაბიშვილს უნდა ეთქვა, რომ 2008 წელს სააკაშვილის სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის შემდეგ და მისი ავტორიტარული რეჟიმის ფონზე მთლიანად ჩაეხერგა საქართველოს გზა ევროპისკენ. სააკაშვილმა ჩაკეტა ეს გზა. რამდენი პუბლიკაცია იყო ამ თემაზე, ძალიან ცნობილი დასავლელი ანალიტიკოსების მხრიდან, მორჩა და გათავდა, თვითონ სააკაშვილმა აღიარა, „ნატოში აღარასდროს მიგვიღებთ, პუტინი მართალი ყოფილა“. სააკაშვილის ამ ნათქვამს სკანდალი მოჰყვა. იგივე თქვა ევროგაერთიანებამ, ყოვლად კორუმპირებული იანუკოვიჩი ხელს აწერდა ასოციაციის ხელშეკრულებას, ბოლო მომენტში გადაიფიქრა, ამის გამო მოხდა მაიდანი 2014 წელს, საქართველო საერთოდ რიგშიც აღარ იყო.
ყოველ შემთხვევაში, ახლახანს სააკაშვილი საზეიმოდ გამოეწყო პიჯაკში და ასე გამოხატა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღების მიმართ საკუთარი განწყობა. თუმცა რეალურად რამდენად ახარებს ეს სტატუსი, სხვა თემაა.
- სააკაშვილის მიდგომა ყოველთვის ასეთი იყო, ამიტომ ეძახდნენ მას პოლიტიკურ ცხოველს, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო გარშემო, ყოველთვის ცდილობდა, თავის სასიკეთოდ გამოეყენებინა. თავის დროზე სააკაშვილის ჯინაზე ნამდვილი ამბოხი მოხდა მის მიერვე შექმნილ დაჯგუფებაში - ნაცებში, სააკაშვილს უნდოდა ვარშალომიძე და აირჩიეს მელია, ეს მისთვის საშინელი დარტყმა იყო, ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რომ საქართველოში ჩამოვიდა, რათა მელია გაენულებინა, როგორც თვითონ თქვა, თუმცა რა გააკეთა მაშინ სააკაშვილმა? როგორ მიესალმა ამ არჩევნებს და თქვა, მთელმა საქართველომ ნახა, რომ ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, დემოკრატიულად ვირჩევთ პარტიაში ადამიანებს და მე გპირდებით, როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ყველა არჩევნები საქართველოში ასე დემოკრატიულად ჩატარდება, ნებისმიერ თანამდებობაზე ასე იქნება, აი ნიმუში ამისა. ამდენად, სააკაშვილს გულში რა აქვს, სხვა საქმეა, მაგრამ ყველაფერს იყენებს თავის სასარგებლოდ. სტატუსი მისცეს საქართველოს? სააკაშვილი გამოვიდა და თქვა, „ერთით ნული ქართველი ხალხის სასარგებლოდ და ხელისუფლების წინააღმდეგოდ“.