„შესაძლოა, სააკაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიცია დაქსაქსულია, დაბნეულია და დასუსტებულია, განსაკუთრებით კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ და იპოვა მომენტი, რომ სათავეში ჩაუდგეს“

„შესაძლოა, სააკაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიცია დაქსაქსულია, დაბნეულია და დასუსტებულია, განსაკუთრებით კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ და იპოვა მომენტი, რომ სათავეში ჩაუდგეს“

მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე, მიმდინარე სასამართლო პროცესი პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა და კლინიკა „ვივა მედიდან“ ახალი იდეით - „სუპერ პაკის“, იგივე პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ექსპრეზიდენტმა, ოპოზიციას წყენის დავიწყებისა და ახალი იდეის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა, თუმცა იქვე ისიც დააკონკრეტა, რომ ახალი გაერთიანების ბირთვი „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს.

სააკაშვილის „სუპერ პაკის“ ინიციატივა არასერიოზულია, როგორც მმართველი გუნდისთვის, ასევე ოპოზიციის უმრავლესობისთვის. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტმა ოპოზიციის მისამართით ახალი დავალება გასცა და მათი გაერთიანების შემთხვევაში, საზოგადოებას არჩევანის გაკეთებაც გაუადვილდება. საჯარო შეთავაზებას არ იღებს ოპოზიციის დიდი ნაწილი და სააკაშვილის იდეას ხელოვნურს და არასერიოზულს უწოდებს. „ლელოს“, „გირჩის“ და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულია და წარსულში უნდა დარჩეს.

ყოფილი პრეზიდენტის იდეის არსი სასამართლოშივე განმარტეს პარტიის ლიდერებმა. თქვეს, რომ ახალი კომიტეტი ერთიანობის და დიალოგის ადგილი უნდა იყოს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციის მისამართით საჯარო შეთავაზება უკვე გაგზავნილია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ეცდება, დისტანცირება მოახდინოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილისგან.

როგორც ქადაგიშვილმა განმარტა, წინასაარჩევნოდ ყველა ოპოზიციური პარტია შეეცდება ამომრჩეველს თავი მოაწონოს, აქედან გამომდინარე, ის ფიქრობს, რომ გახშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ დამგმობი განცხადებებიც.

„სააკაშვილს ახლა ამოცანა უდგას, რომ მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ კონტროლის ქვეშ ჰყავდეს. ოპოზიცია ახლა არანაირ ერთობაზე არ ფიქრობს, მათი ყველა ნაწილი საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს. ამიტომ, ის რაც 3 წლის წინათ სააკაშვილით დაწყებული იყო წმინდა, დღეს იქნება საგინებელი. მიხეილ სააკაშვილი ვითარებას ბოლომდე ვეღარ აკონტროლებს, ამიტომ სთავაზობს ამ კომიტეტის შექმნას, რომელიც იქნება პოლიტიკური პარტიების ზემდგომი კიდევ ერთი ორგანო. ეს არის სააკაშვილის მცდელობა რამენაირად კონტროლი დაიბრუნოს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს აღარ გამოუვა. მისი ციხეში გადაყვანის მოთხოვნა სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე მათ ინტერესებში აღარ არის“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობას როგორმე მიაღწიოს. მისი აზრით, ნაწილებად დაშლილი პარტიის შეკოწიწებას სხვადასხვა ინიციატვებით ცდილობს, თუმცა მის განცხადებებს სერიოზულად თავად პარტიაშიც არ აღიქვამენ.

„სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უკვე დიდი პოლიტიკური ტვირთია. აქ არ დაგვავიწყდეს, ასევე რომ ჩრდილოვანი და ფინანსური ბოსი დავით კეზერაშვილი პარტიას დიდი ხანია მართავს და სააკაშვილი მათი ლიდერი მხოლოდ ფორმლაურად არის. დიდი ალბათობით, მელია უკვე პარტიას შექმნის. სააკაშვილი მას შემდეგ, რაც რეალურ ცხოვრებას მოწყდა, გავლენა დაკარგა. ამავე დროს, ისიც ჩანს, რომ სააკაშვილის ყოფილი და ამჟამინდელი ლიდერები გაწბილდნენ დიდი აფიორით, სადაც ვითომ, დიდი ალბათობით, სააკაშვილი კვდებოდა, ვითომ დღე-დღეზე აღარ იქნებოდა. არადა, ბოლო სასამართლოზე ყველამ ნახა, როგორ კარგად გამოიყურება. ასევე დაიწყო პოლიტიკური აქტიურობა და წინასაარჩევნო განცხადებებს აკეთებს. საზოგადოებაში მორიგი აღშფოთება გაჩნდა, რომ ადამიანი იტყუებოდა“, - ამბობს გია აბაშიძე.

მისივე თქმით, ასევე არ არის გამორიცხული, მესამე ცენტრი შეიქმნას, სადაც სალომე ზურაბიშვილი, გახარია და სხვები იქნებიან. ეს არის მთლიანად რადიკალური ოპოზიციისგან უშედეგო მცდელობები. ნებისმიერი გადაადგილება შესაძლებელია, მაგრამ ეს უშედეგო იქნება. აბაშიძე ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციას დიდი წერტილი დაესვა მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. წლების გნმავლობაში ეს ძალა ცდილობდა საკუთარი თავი პროევროპულ ძალად წარმოეჩინა, მაგრამ მათ ტყუილებს ბოლო მოეღო.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფრიძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ცდილობს საკუთარი თავი საზოგადოებას არ დაავიწყოს. ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ მისი სურვილია, ოპოზიციის პოლიტიკური მართვის სადავეები თავად აიღოს და ლიდერი იყოს.

„მიხეილ სააკაშვილს ეჭვი გაუჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილს გაერთიანებული მომავალი ოპოზიციის ლიდერად წარმოაჩენენ. ამიტომაც მან გადაწყვიტა წინა პლანზე მსგავსი ინიციატივებით წამოვიდეს, რასაც სერიოზული პერსპექტივა არ გააჩნია. ოპოზიციის დიდ ნაწილში სააკაშვილს განცახდებას დიდი ენთუზიაზმი არ გამოუწვევია. ადამიანების უმრავლესობა რომ გააჩერო, ვერ გეტყვით, რაში მდგომარეობს „სუპერ პაკის“ იდეა. როცა პოლიტიკოსი საზოგადოებას სთავაზობს იმას, რომელთა უმეტესობისთვისაც შინაარსი უცნობია, რატომ უნდა გქონდეს იმის იმედი, რომ ეს ინიციატივა მხარდაჭერას ჰპოვებს?! ეს მაგონებს იმას, „ლელომ“, რომ მარშალის გეგმა წარმოადგინა. საზოგადოებას წარმოდგენაც არ ჰქონდა რა იყო ეს მარშალის გეგმა.

აქ საუბარია კიდევ ერთ მცდელობაზე, რომ სააკაშვილმა ოპოზიციის კონსოლიდაცია მოახდინოს და მის ფრთის ქვეშ მოაქციოს, რათა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მათი აპელირება მოხდეს. მე მგონია, რომ ეს მესიჯი და ინიციატივა, ერთნაირად არის მიმართული ყველა ოპოზიციური პარტიის მიმართ. შესაძლოა, სააკაშვილი ფიქრობს, რომ რადგან ოპოზიცია დაქსაქსულია, დაბნეულია და დასუსტებულია, განსაკუთრებით კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, იპოვა მომენტი, რომ ოპოზიციას სათავეში ჩაუდგეს“, - ამბობს ანჯაფარიძე.