განგებ გაავრცელა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის შესახებ, რომ ხაზარაძე უცხოეთში თავად მიავლინა ემიგრანტებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაოდ?! ამით გადაუხადა თუ არა სამაგიერო ერთ დროს საკუთარი ხელით ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოებულ ხაზარაძეს, რომელიც მის მიმართ უმადური აღმოჩნდა და დღეს ნაცების ბელადისგან დისტანცირებას ცდილობს?
„მიშა თვითაღიარების დიდოსტატია. დღესაც ჩაუშვა ხაზარაძე, შიკრიკად ჰყოლია გამწესებული“, - ასე ეხმიანება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სააკაშვილის ნათქვამს ხაზარაძის მივლინების შესახებ უცხოეთში.
დაარსების დღიდან დღემდე „ლელო“ აფიქსირებს, რომ „ნაცმოძრაობას“ უღირსი ლიდერები ჰყავს და მათთან საერთო ვერ ექნება. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „ლელო“ საარჩევნო მიზნებისთვის სწორედ „ნაცმოძრაობასთანაა“ ალიანსში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა დარწმუნებულია, რომ შემთხვევითი არ არის ხაზარაძის გაშვება ემიგრანტებთან სამუშაოდ, რადგან ხაბემ ენა არ იცის, სამაგიეროდ, „ლელო“ და ნაცები ერთი მთლიანი ორგანიზმია - ერთი ღირებულების.
„პარტიაში რომ სამადაშვილი გეყოლება, რანაირად უნდა იფიქრო რომ ნაცებისგან განსხვავებულია?!“- ამბობს ირაკლი ზარქუა.
რას შემატებს ხაზარაძე ნაცების საერთო ყულაბას მაშინ, როცა ბევრი ადამიანი სწორედ ხაზარაძის მევახშეობას უკავშირებს ბინების გაყიდვას და ემიგრაციაში წასვლას? თუკი მართლაც მიშამ წარგზავნა უცხოეთში, ხაზარაძისთვის რამდენად მომგებიანია „ნაცმოძრაობასთან“ აფილირება? ეს ნიშნავს თუ არა „ლელოსა“ და „ნაციონალების“ გაერთიანებას?
ხაზარაძესთან დაკავშირებით ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძეს ახსენდება ქართული ანდაზა, „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო“, მისი აზრით, ანალოგიური სიტუაციაა ახლა ხაზარაძესა და ვაშაძესთან მიმართებით. ვაშაძე მუდამ მიშას „შისტიორკა“ იყო და ნაცებისგან მის გასვლას ფორმალური ხასიათი ჰქონდა, ვინაიდან უნდოდათ არა „ნაცმოძრაობის“ დაშლა, არამედ გაშლა. რაც შეეხება ხაზარაძეს, რა უნდა მოიპოვოს ამ ადამიანმა ემიგრანტებისგან, როცა საქართველოში არ მოუპოვებია არაფერი ელექტორალური თვალსაზრისით, დახარჯა მილიარდები და ძლივს აიღო 3%. ხაზარაძემ უცხოეთში რა უნდა მიიღოს? მით უმეტეს, როდესაც მის მიერ გამწარებული ათი ათასობით ადამიანი საქართველოს გარეთაა, ეს ადამიანები იძულებულნი გახდნენ „თიბისი ბანკში“ ჩადებული ბინა გაეყიდათ და წასულიყვნენ ქვეყნიდან.
„არ მიკვირს, რომ სააკაშვილი და ხაზარაძე ერთად არიან. კომუნისტების დროს ორივე იყო კომკავშირის კომიტეტის მდივანი, ორივე ფიქრობდა რაიკომის მდივნობას, ცეკას მდივნობას, მათი აზრები იმთავითვე ემთხვეოდა ერთმანეთს. მოგვიანებით მედლებით და ორდენებით დაუმშვენა მკერდი სააკაშვილმა ხაზარაძეს, რადგან ხაზარაძე უპრობლემოდ თანხმდებოდა ყველა სისაძაგლეს, რასაც ჩადიოდა სააკაშვილი. როდესაც ადამიანებს უკანონოდ ჩამორთმევდნენ ქონებას, იფორმებდა ხაზარაძე. მართალია, ახლა ხაზარაძე ფიქრობდა, დისტანცირება მოეხდინა სააკაშვილისგან, რადგან სააკაშვილი ტალახიანი პოლიტიკური ღორის მსგავსად ყველას გასვრას ცდილობს ტალახით, თუმცა განზე ყოფნა არ აცალა სააკაშვილმა და უმძიმესი დარტყმა მიაყენა ხაზარაძეს. სააკაშვილმა ბეჭედი დაასვა ხაზარაძეს, რომ ისიც მისნაირია. ამდენად, ხაზარაძეს სააკაშვილისგან დისტანცირება აღარ გამოუვა. უფრო მეტიც, სულ რაღაც ერთი თვის წინ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა პირდაპირ ეთერში ისიც თქვა, გახარია ჩვენთან თანამშრომლობსო, ახლა უკვე მესამე ტრიადა ჩამოყალიბდა მიშასთან და გახარიასთან ერთად. ეს არის ხაზარაძე. ასე რომ, სერზე უკვე მიდის სამი ხელმოცარული მგელი“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე for.ge- სთან საუბრისას.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე არ გამორიცხავს, ხაზარაძემ სააკაშვილის ნათქვამი უარყოს და თქვას, რომ სისულელეა „ვივამედის“ პაციენტის ნათქვამი, თითქოს სააკაშვილმა ხაზარაძე ემიგრანტებთან გაგზავნა.
„თუკი ხაზარაძე სააკაშვილის ნათქვამს დაადასტურებს, მაშინ უცნაურია, „ნაცმოძრაობის“ ერთიან პარტიულ სიაში რატომ არ შედის ხაზარაძე?! ვაშაძე არის ამ პარტიულ სიაში. ნაციონალებთან დაახლოება ხაზარაძეს არაფერს მოუტანს, 28 ადამიანი რომ შეიყვანა სააკაშვილმა პარლამენტში, სულ რაღაც ერთი თვე იყო გასული და ძალიან მცირე დროში 21 ადამიანი გაექცა, ბოკერიასთან ერთად წავიდნენ. ადამიანები, ვინც პირადად სააკაშვილს აძლევენ ხმას, აღიქვამენ, რომ ბოკერია მოღალატეა და ბოკერიასთვის ხმის მიცემა არ ნიშნავს სააკაშვილისთვის ხმის მიცემას. დავით ბაქრაძეს, პრეზიდენტად კენჭს რომ იყრიდა სააკაშვილის დავალებით, ხმას აძლევდნენ მიშისტები იმის გამო, რომ იცოდნენ, ეს მიშას ნება იყო. გრიგოლ ვაშაძესაც მისცეს ხმა, რადგან იცოდნენ, რომ გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილს წარმოადგენდა. იმ პერიოდში „ოცნებას“ მთელი ძალისხმევა დასჭირდა პრეზიდენტად ზურაბიშვილის გასაყვანად, ახლაც იგივე ვითარებაა“, - აცხადებს პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას.
მისივე თქმით, ემიგრანტებში სააკაშვილის ავტორიტეტი მაღალია, ეს ფენომენი ნამდვილად არსებობს, ემიგრანტებს შორის ბევრი ადამიანი ხმას აძლევს სააკაშვილს, რადგან ემიგრანტები არ ცხოვრობდნენ საქართველოში, არასწორ ინფორმაციას ღებულობდნენ საქართველოს შესახებ, თითქოს საქართველო აყვავებული იყო, რადგან ნაცები სააკაშვილის დავალებით სწორედ ემიგრანტებზე მუშაობდნენ.
პეტრე მამრაძე არც იმას გამორიცხავს, რომ ხაზარაძე თავისით წავიდა ემიგრანტებთან სამუშაოდ, რათა ემიგრანტებისგან მაინც მიიღოს ხმები, სააკაშვილმა კი ეს რომ გაიგო, მაშინვე გამოაცხადა, ხაზარაძე მე გავუშვიო. ამის შემდეგ ხაზარაძე თუ იტყვის, რა შუაშია სააკაშვილი, ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო „ნაცმოძრაობასთან“, ამით არაფერს არ მოიგებს. თუ არ იტყვის ამას, კიდევ უარესი, რადგან დაიწყება მსჯელობა, რომ, ერთი მხრივ, ხაზარაძე ნაცებთან ალიანსში არ შედის, მაგრამ, მეორე მხრივ, სააკაშვილის დავალებას ასრულებს.
„არ გამოვრიცხავ, სააკაშვილი ცდილობდეს ემიგრანტებთან წასული ხაზარაძის ჩაძირვას. სააკაშვილი ცდილობს, აჩვენოს, რომ ემიგრანტები მისი მონაპოვარია და მის გარეშე ვერავინ ვერ დაელაპარაკება. ასე რომ, უნდა ვაცალოთ ხაზარაძეს, ახსნას სიტუაცია“, - ამბობს ანალიტიკოსი.
ეხერხება ჩოყლაყს სხვების გასვრა. ხაზარაძეს მეტი რაღა გასვრა უნდა, მაგრამ მაინც.