რა განსხვავებაა საბჭოთა ფსიქიატრებსა და სააკაშვილის ექიმებს შორის? – „თაღლითობის მუხლით უნდა აღძრან საქმე სააკაშვილის ექიმების წინააღმდეგ“

რა განსხვავებაა საბჭოთა ფსიქიატრებსა და სააკაშვილის ექიმებს შორის? – „თაღლითობის მუხლით უნდა აღძრან საქმე სააკაშვილის ექიმების წინააღმდეგ“

„მიშას ადგილი ციხეში ნამდვილად არ არის - არ უნდა დავივიწყოთ მისი ღვაწლი“, - აცხადებს ექს-პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი, რომლის სურვილია, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც დაეთანხმოს მის პოზიციას. ქართული საზოგადოების უმრავლესობა კი თანხმდება იმაზე, რომ მიხიელ სააკაშვილის ადგილი ციხეშია და არა „ვივამედში“. მით უმეტეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, სასჯელი ციხის პირობებში მოიხადოს.

სააკაშვილის მდგომარეობის გათვალისწინებით, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ პატიმარი კლინიკა „ვივამედიდან“ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანონ. როგორც დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება ეძლეოდეს. დაუშვილის თქმით, ადგილი აქვს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ სისტემატურ დარღვევას, რაც უნდა შეწყდეს და ახალი წლების შემდეგ მაინც გადაყვანილ იქნას მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

„მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია, რომლის ორგანიზატორიცაა დღევანდელი „ოცნება“ და რომელიც ტარდება კორუფიისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლო სისტემის გამოყენებით. სამსახურებრივი უფლებასილების გადამეტებისთვის ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მართლმსაჯულებას პასუხები უნდა გასცეს, სასამართლო სხდომაზე, პალატიდან, პირდაპირ ეთერში ატარებს პარტიულ თათბირს.

უკრაინულ ენაზე აკეთებდა განცხადებებს, ანუ ლაპარაკობს გარემოებებზე, რომელიც არანაირ კავშირში არ არის განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, რისი უფლებაც მას არ აქვს და ასეთ დროს მოსამართლე მას უნდა აჩერებდეს. სააკაშვილის ეს წინასაარჩევნო აგიტაციია პირდაპირ ეთერებში გადაიცემა, მათ შორის, სააკაშვილისვე დარბეული ტელეკომპანია „იმედის“ საშუალებით“, - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

როგორც ჩანს, ხელისუფლება არ ჩაქარობს პატიმრის ციხეში გადაყვანას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მსჯავრდებულთა გადაყვანაზე გადაწყვეტილებას არა პოლიტიკოსები, არამედ მართლმსაჯულების სტრუქტურები იღებენ. როგორც თალაკვაძე აცხადებს, ოპოზიცია ცდილობს, პარტნიორებს შეუქმნან განცდა, თითქოს პატიმრების გადაყვანა არის პოლიტიკური განხილვის საგანი.

„ასეთი განცხადებები შემთხვევითი არ არის. ოპოზიცია ცდილობს, უცხოელ პარტნიორებს განცდა შეუქმნან, თითქოს საქართველოში პატიმრების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა არის პოლიტიკური განხილვის საგანი და ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მოწოდებების დონეზე ხდება, რაც ზიანს აყენებს ქვეყანას და ასეთი განცხადებების მიზანიც ეს არის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო დიეტაზე, შესანიშნავ ფორმაშია, კარგად გამოიყურება და ალბათ, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას.

„მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არასდროს ჰქონია. უბრალოდ, ის კამპანიას აწარმოებდა ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. თუკი რაიმე დაავადება არსებობს მსოფლიოში, ყველა ამ ადამიანს ჰქონდა თითქოს. ასე საუბრობდნენ და ამბობდნენ მისი მხარდამჭერები და ოჯახის წევრები. რეალურად, ეს ადამიანი იყო დიეტაზე. შესანიშნავ ფორმაშია, კარგად გამოიყურება. ალბათ, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი თვლიან, რომ გახარიას და მისი გუნდის ხელწერა არის პატრიოტების დასჯა და დასახიჩრება კრემლის ბრძანებით, ამიტომ ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პუტინის ტყვის წინააღმდეგ მათი გალაშქრება მოულოდნელი არ არის. მისივე თქმით, საშუალება რომ ჰქონდეთ, შეიძლება თვალებიც დათხარონ მიხეილ სააკაშვილს და დაასახიჩრონ კიდეც, რადგან ეს არის მათი ხელწერა - პატრიოტების წინააღმდეგ ბრძოლა.

„გახარიას და მისი გუნდის ხელწერა არის პატრიოტების დასჯა და დასახიჩრება კრემლის ბრძანებით. ადამიანური თვალსაზრისით, პატიმრის დაბადების დღეზე საქართველოში პატიმრის წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი ღონისძიებების მოთხოვნა, რომელ ადამიანობაში, რომელ ქართულ ეთიკაში ჯდება, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანები კრემლის ბრძანებას ასრულებენ ხოლმე პატრიოტების წინააღმდეგ. მათ თუ დავუჯერებთ, მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არ აქვს საქართველოში ცხოვრების და პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება, რაც არის კრემლის მთავარი ინსტრუქცია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდეს საშუალება ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მოთხოვნას მავნებლურს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი რომან გოცირიძე და მიაჩნია, რომ ეს არის ძალიან მდარე საარჩევნო პროპაგანდა.

„გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია კი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილისნაირი კაცი ციხეში კარგად ვერ იქნება.

„ჩემი საქმე არ არის მოვითხოვო მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა, არასდროს ეს არ მომითხოვია და არც მომავალში მოვითხოვ. მგონია, რომ ჩვენი, პოლიტიკოსების საქმე არ არის პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანა, მაგრამ აზრის გამოთქმას ხომ არ დაუშლი გიორგი გახარიას?

ჩემი საქმე არ არის მიხეილ სააკაშვილი სად მოიხდის სასჯელს. მიხეილ სააკაშვილისნაირი კაცი ციხეში კარგად ვერ იქნება, შესაბამისად, იმის თქმა, რომ კარგად არის და ვინმეს შურს, არადამაჯერებელია ჩემთვის. ადამიანი, რომელიც ციხეში ზის, ზოგადად, გაჭირვებულად მიიჩნევა. გაჭირვებულ ადამიანზე კიდევ წიხლის მიჭერა, რომ შენ აქ კი არა უარეს ციხეში უნდა იჯდე, არ მგონია სწორი“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ერთ-ერთია, რომელიც თვეების განმავლობაში უშედეგოთ ითხოვს სააკაშვილის ციხეზე გადაყვანას. რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიის მოთხოვნას, ანალიტიკოსს ეჭვი ეპარება მათ გულწრფელობაში და აცხადებს, რომ გასაკვირია, როცა გახარიას პარტიაში ითხოვენ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას, მაშინ როდესაც ამ პარტიის ლიდერმა უარი თქვა მელიას დაკავებაზე.

„როგორ წარმოგიდგენიათ, კაცმა მელია არ დაიჭირა და ახლა იძახის სააკაშვილი ციხეში გადაიყვანეთო, რა უნდა? - მისი პარტია ძალიან მძიმე დღეშია, კრზისი უდგას და აქიდან გამომდინარე, პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად აკეთებს ამ განცხადებას. სააკაშვილი რომ ციხეში იყოს, იტყვიან გაათავისუფლეთო. აი, ასეთი არის გახარიას პარტია. გახარიას შეეძლო მისი შინაგანი ენერგია ჩაედო იმ პროცესში, რომლესაც საქართველოს შემდგომი წინსვლა ჰქვია, მაგრამ ეს არ გააკეთა. ეს ის პიროვნებაა, რომელიც გამოვა, დააბრეხვებს რაღაცას და შედეგ შეძვრება ჩირგვებში. ცდილობს აიმაღლოს პოლიტიკური დივიდენდები და ამიტომ გააკეთა ეს განცხადება. თუმცა, გახარიასგან გასაკვირია ეს განცხადება, როცა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა თქვეს - გახარიას პარტიასთან ჩვენ ვთანამშრომლობთო. ასე რომ, მეფე შიშველია, ყველამ ყველაფერი იცის. ქართველი კაცი არის ბრძენი და მისი მოტყუება ყოვლად წარმოუდგენელია“, - აცხადებს გვენეტაძე.

ანალიტიკოსი მოითხოვს, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ასევე, სისხლის სამართლის საქმე იქნას აღძრული იმ ექიმების წინააღმდეგ, რომლებმაც ყალბი ცნობები გასცეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„სააკაშვილი არის დამნაშავე, უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და მისი დაპატიმრების დღიდან ვლაპარაკობ, რომ ის უნდა იყოს ციხეში, ვინაიდან ეს არის პოლიტიკური შარლატანი. სად ბრძანდება ლომჯარია, რომელმაც შექმნა კომისია და ამ კომისიის მეშვეობით ლაპარაკობდნენ, რომ ეს გამოდემენცებულიაო. სად არის ნიკოლოზ ყიფშიძე, რომელიც ამტკიცებდა, რომ კვდება, საათები აქვს დარჩენილიო? სად არის მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც იძახდა გიჟია, გააფრინა, აღარ არის თავის ჭკუაზეო? ამიტომ, თაღლითობის მუხლით აღძრული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის ექიმების წინააღმდეგ, რომლებმაც გასცეს ყალბი ცნობა. იმიტომ, რომ ესენი ისეთივე დამნაშავეები არიან.

ასეთი ყალბი ცნობებით ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და დისიდენტებს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აგზავნიდნენ. მითხარით, რა განსხვავებაა მათ შორის? ისინიც სიყალბეს აწერდნენ ხელს და ყალბ ცნობებს იძლეოდნენ, როგორც ესენი. იმ საბჭოთა ჯალათ ფსიქიატრებსა და სააკაშვილის ექიმებს შორის განსხვავებას ვერ ვხედავ. მათ სამოქალაქო დანაშაული აქვთ ჩადენილი საქართველოს მოსახლეობის წინაშე, ვინაიდან ესენი არიან ექიმი შარლატანები, რომლებიც ამას აკეთებდნენ მიზანმიმართულად და რომლებსაც მოსახლოების გარკვეული ნაწილი შეჰყავდათ შეცდომაში.

ამიტომ, სააკაშვილის ადგილი არის იქ, სადაც თავად ტანჯავდა ადამიანებს, მაგრამ განსხვავდება იმ პირობებისგან, რომელიც მას ჰქონდა შექმნილი. როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი მოვითხოვ, რომ ამ ადამიანმა სასჯელი მოიხადოს ციხეში. უნდა შევახსენო ხელისუფლებას, რომ მას მოსამართლემ არ უნდა მისცეს უფლება პოლიტიკური განცხადებები აკეთოს სასამართლოზე და მერე წავიდეს. მან უნდა ისაუბრობს იმ ბრალდებაზე, რაც მას აქვს წარდგენილი. ეს შარლატანი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და არ აქვს უფლება საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.