ვენეციის კომისია წუხს, მმართველი გუნდი შფოთავს, ოპოზიცია კმაყოფილია - საარჩევნო კოდექსი კვლავ საჯილდაო ქვად იქცა

ვენეციის კომისია წუხს, მმართველი გუნდი შფოთავს, ოპოზიცია კმაყოფილია - საარჩევნო კოდექსი კვლავ საჯილდაო ქვად იქცა

ვენეციის კომისიისა და „ოდირის“ ერთობლივი დასკვნით, შემოთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის. 2023 წლის 22 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიას სთხოვა მოსაზრება საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე.

ვინაიდან ეს დასკვნა ეხება საარჩევნო სფეროს, იგი მომზადდა ერთობლივად ვენეციის კომისიისა და ოდირის მიერ. ვენეციის კომისია და ოდირი აღიარებენ, რომ არსებობს მოქმედი საარჩევნო ჩარჩოს ზოგიერთი ხარვეზის მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე აღმოფხვრის მიზანი, მაგრამ წუხან, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ჯერ კიდევ არ არის შესრულებული.

ვენეციის კომისია აცხადებს, რომ არსებული ინსტიტუციური პროექტი არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი დონის თანამდებობის პირების ქონებრივი და ინტერესების დეკლარაციების მონიტორინგთან დაკავშირებით, მისი კომპეტენციები კანონში დამატებით გარანტიების შეტანას მოითხოვს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ვენეციის კომისია სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის არჩევასთან დაკავშირებით 19 აპრილის სქემას უნდა დავუბრუნდნენ. როგორც გივი მიქანაძე აცხადებს, ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია, რადგან პროცესი დეტალურად და არგუმენტირებულად იქნა ახსნილი.

„ჩვენ მათ დეტალურად განვუმარტეთ იმის თაობაზე, რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების შერჩევის პროცესი პრეზიდენტიდან პარლამენტში გადმოსულიყო. პრეზიდენტმა პროცესი ჩიხში შეიყვანა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებმა დემარში მოაწყვეს, რათა პრეზიდენტის კომისიაში მონაწილეობა არ მიეღოთ. პროცესი წინ ვერ წავიდა იმის გამოც, რომ ხუთი თვის განმავლობაში გამოცხადებულ კონკურსზე, უნდობლობიდან გამომდინარე, განაცხადი ერთმა ადამიანმაც კი არ შეიტანა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

„გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია თვლის, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება, რომ ადრე ცუდი სისტემა „შემოგვტენეს“ და ამ მოტივით არ მივიღებთო, ეს არც ერთი ნორმალური ადამიანისთვის მისაღები არგუმენტი არ არის.

„კორექტული არ არის, რომ ხალხს, რომელმაც ეს-ესაა კანდიდატის სტატუსი მოგვცა, უთხრა, შენ რომ ცოტა ხნის წინ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მეხმარებოდი და პირობებს მიყენებდი, თურმე ის უპრეცედენტოდ უვარგისი ყოფილა და მის გამოსწორებაზე ვზრუნავთ. ეს არც ერთი ნორმალური ადამიანისთვის მისაღები არგუმენტი არ არის.

პრობლემას იმაში ვხედავ, რომ სხვადასხვა თანამდებობის პირები, რომელთაც სხვადასხვა პარტიების მხრიდან მაღალი ნდობა სჭირდება, კონსენსუსის გარეშე ინიშნებიან. საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი პრობლემა არის ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნის წესი, მთავარი პრობლემაა 5%-იანი ბარიერი და პარტიების დაფინანსების არსებული წესი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დასკვნა, რაც ვენეციის კომისიამ დადო, ოპოზიციის შეფასებით მნიშვნელოვანია. „ნაციონაალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიამ კიდევ ერთი „ალიყური აარტყა რუსულ პარტიას“, რადგან ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე, რომელიც დღეს არის, არ უნდა იყოს, უნდა გადადგეს, ასევე ვენეციის კომისია ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიურო ფასადურია.

თავის მხრივ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ბუტაფორიულ რეფორმებს აკეთებს და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მომზადებული კანონი არაფერ შუაშია იმ მოთხოვნასთან, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს.

„ვენეციის კომისიის დასკვნაც ხომ იმას მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროკავშირი, არ უნდა კანდიდატის სტატუსი. ამიტომაა, რომ ასეთ ბუტაფორიულ რეფორმებს აკეთებს და ეს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კანონი არაფერ შუაში არ არის იმ კონკრეტულ მოთხოვნასთან, რაც ევროკავშირთან დაგვაახლოებს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ცხადი იყო, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა იქნებოდა მკაცრი, იმიტომ, რომ ცეესკო არ ეკუთვნის ხელისუფლებას, ის არის პოლიტიკური პარტიების თამაშის წესის განმსაზღვრელი. ამიტომ, მარტო ხელისუფლება როდესაც ნიშნავს და როგორი პრინციპითაც არ უნდა იყოს, ის ვერ იქნება მიღებული. მისი თქმით, თუ ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებისადმი ნდობა იყოს ძალიან მაღალი, მაშინ ცეესკოს თავმჯდომარე არჩეული უნდა იყოს კონსენსუსის საფუძველზე, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება.

„ალბათ, მოიძებნება რაღაცნაირი ფორმა, რომელიც მისაღები იქნება როგორც ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, ისე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. რაც შეეხება ზურაბიშვილს და მის დამოკიდებულებას, მას აბრალებდნენ, რომ დრო გაწელა და ა.შ. მაგრამ ხომ აღმოჩნდა, რომ ზურაბიშვილის მიერ დაწუნებული კანონპროექტები ვენეციის კომისიამაც დაიწუნა? აღარაფერს ვლაპარაობ ანტიკორუფციულის ბიუროს თავმჯდომარის არჩევაზე, რომელიც ვითონ პარლამენტს ექვემდებარება, მაგრამ პრემიერი ნიშნავს. დღეს, ჩვენი პრობლემა არის ელიტური კორუფცია.

ზოგადად, საზოგადოება ვართ კორუფციული მენტალობის მატარებელი. მაგრამ ამ კონტექსით სრულიად წარმოუდგენელია, როგორი დამოუკიდებელი შეიძლება იყოს ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარე, რომელსაც პრემიერი ნიშნავს - ეს გამორიცხულია. სულ რომ ანგელოზები იყვნენ ხელისუფლებაში, ჩვენ მოვდივართ იმ ქვეყნიდან და იმ საზოგადოებიდან, სადაც ყველაფერს უყურებდნენ სკეპტიკურად“, - აცხადებს ძაბირაძე.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის მთავარია როგორც სასამართლოსთან, ისე ცეესკოს თავმჯდომარესთან და ბევრ სხვა საკითხებთან მიმართებაში იყოს ნდობა. რამდენად ენდობა მოსახლეობა ამ ადამიანებს და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც ძაბირაძე აცხადებს, როდესაც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, გასაგებია, რომ ის კორუფციასთან მებრძოლი უბრალოდ ვერ იქნება.

„შეიძლება მეოთხე და მეხუთე ხარისხის ჩინოვნიკები დაიჭირონ, მაგრამ ეს ხომ კორუფციასთან ეფექტური ბრძოლა არ იქნება. ჩვენი მთავარი პრობლემაა როგორ დავძლიოთ კორუფცია. ქვეყანაში არც ერთი პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია სერიოზული კონცეფცია იმისა, თუ როგორ დავძლიოთ და როგორ გამოვიდეთ ამ კორუფციული მენტალობიდან, რაც უდიდესი პრობლემაა. ამას არავინ არ ფიქრობს.

ჩვენი უბედურებაც სწორედ ის არის, რომ მუდმივად ვტრიალებთ ამ წრეზე და ეს არის ყველაზე კორუფციული წრე. დღეს, როცა ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს წარმატებულ ბიზნესს, იქ ყველანაირ დემოკრატიაზე, არჩევნებზე და სამართლიანობაზე ლაპარაკი მთავრდება. ჩვენთან კორუფცია არ შეწყვეტილა. ჩვენი საზოგადოების უმთავრესი პრობლემაა კორუფცია და კორუფციული სენი. ამიტომ, ცხადია, რომ ასეთი დანიშვნები არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

 

ცუგო- ძაბირიძე!
უფრო კონკრეტულად ილაპარაკე, დაარქვი სახელი სად ხედავ კორუფციას?
ასევე, ვენეციის კომისიას და მათ პატრონებს ნაცების პარტიის დაქვემდებარებაში რომ უნდა ცესკოს მოხვედრა და ა. შ....
კონკრეტიკის და ფაქტების გარეშე ეს არის ჭორაობა და ბოდიალი.
11 თვის უკან