მიშას Superpac ხელმოცარულ ოპოზიციას ვერ წაადგება

მიშას Superpac ხელმოცარულ ოპოზიციას ვერ წაადგება

სააკაშვილი ახალი იდეების გენერატორობას არ ეშვება. წარუმატებელი ერთიანობის მანიფესტის შემდეგ სუპერ პაკის შექმნაზე ალაპარაკდა და ხელმოცარულების გაერთიანებას აპირებს. სუპერ პაკი, მისეული ახსნით, ნიშნავს პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტს, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ ერთად უნდა შეიქმნას. სააკაშვილის ვარაუდით, კომიტეტში 20-25 ადამიანი უნდა იყოს და მათ მუდმივი სათათბირო უნდა ჰქონდეთ. ეს იქნება ამერიკული კომიტეტის მსგავსი ორგანიზაცია, სადაც შევლენ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, რომლებიც აუცილებელი არ არის, „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენდნენ.

„ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის სრული კოორდინაცია, მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება. ძალა ერთობაშია“, - ამბობს პრეზიდენტყოფილი.

რა თქმა უნდა, კომიტეტში იქნება თავად, როგორც „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, ასევე, აქ იქნება მიშასთვის ამ ეტაპზე შეუცვლელი სოფო ჯაფარიძე, გარდა ამისა, დიასპორის ერთი წარმომადგენელი ამერიკიდან და ორი წარმომადგენელი ევროპიდან და სხვა. ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, ყოველგვარი ბიუროკრატიისგან თავისუფალი, მოქნილი სტრუქტურა.

ერთობის კომიტეტის შექმნას ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე და ამბობს, რომ სააკაშვილის განაცხადი მხოლოდ პიარსვლაა, რაც წყალს ასხამს ხელისუფლების პროპაგანდაზე, რომლის თანახმადაც, ამ ქვეყანაში მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალაა -„ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“. ბობოხიძე იხსენებს უახლოეს პოლიტიკურ წარსულს, როდესაც ოპოზიციის შეთანხმებული და კოორდინირებული მოქმედების ერთ-ერთი მთავარი ჩამშლელი და პირობების დამრღვევი სწორედ „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი იყვნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ სააკაშვილი ჯანზეა და სუპერ პაკ-ზე ფიქრობს, ამდენად, ზარქუა მიმართავს ჭიჭეს, ხაბეს, ხოშტარიას, ჯაფარიძეს, შეასრულონ თავიანთი ბელადის დაკვეთა და მიაწვნენ სუპერ პაკ-ს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ერთ-ერთია, ვინც „ვივამედის“ პაციენტის დაკვეთას შეასრულებს. ვაშაძე სხვებსაც მოუწოდებს, ვინც დაინახავს ამ ინიციატივაში თავის თავს, კარი ყველასთვის ღიაა.

„რა სუპერ პაკი“, რის „სუპერ პაკი“, ცოტა ზეციდან დაეშვან, მიწაზე ჩამოვიდნენ და რაც რეალურია, იმაზე ისაუბრონ. ჩვენი მოქალაქეებსთვის „ნაცმოძრაობა“ წარსულის პოლიტიკური ძალაა. უნდა დაიშალონ“, - აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი მიხეილ დაუშვილი.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სააკაშვილის ინიციატივაში ვერავითარ პერსპექტივას ვერ ხედავს. ანალიტიკოსის აზრით, უბრალოდ, ეს არის სააკაშვილის მცდელობა, რაღაცნაირად ისევ იტივტივოს საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე, რადგან ის არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოველი და, აქედან გამომდინარე, მას არ შეუძლია პასიურად ადევნოს თვალი პოლიტიკურ ცხოვრებას.

ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებით, სააკაშვილი ახლა ცდილობს საკუთარი პერსონის წარმოჩენას, თითქოს მას ისევ აქვს პოლიტიკური გავლენები, თითქოს ისევ პოპულარულია, ისევ შეუძლია ხალხის წაძღოლა. თუმცა მისი პოლიტიკური აქციები იმდენად დაცემულია და მისი ავტორიტეტი იმდენად გაუფერულებულია, რომ შეიძლება, მხოლოდ სააკაშვილის ფანატებისგან იყოს გამოხმაურება და გაერთიანების შექმნის მცდელობა, მაგრამ საბოლოო ანგარიშით, ამას სერიოზული მომავალი არ ექნება. ამ უპერსპექტივობის მიზეზი ერთია - დღეს „ნაცმოძრაობასთან“ და სააკაშვილთან ასეთი პირდაპირი ასიმილაცია ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის პოლიტიკურად, რეპუტაციულად, ელექტორალურად წამგებიანია. არაერთი პოლიტიკური პარტიის მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, რომ მას შემდეგ, რაც მათ „ნაცმოძრაობასთან“ პოლიტიკური ფლირტი გააბეს, დაკარგეს ამომრჩევლები, პარტიიდან წავიდა ხალხი. ასე მოხდა „ლელოს“, გახარიას პარტიის შემთხვევაში.

„შეიძლება მოხდეს საზოგადოებრივი ცნობადი სახეების თავყრილობა პაკ-ის გარშემო, ანუ ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც ტრადიციულად „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულნი არიან, მათ შორის, კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. მათი ერთად თავმოყრის მცდელობა იქნება, მაგრამ არა მგონია, ამას სერიოზული პოლიტიკური პერსპექტივა ჰქონდეს. სულ ახლანდელ ფაქტს გავიხსენებ, სააკაშვილმა რომ დიდი ხმაურით შეიმუშავა ერთიანობის მანიფესტი, რა მოჰყვა ამ მანიფესტს? შეძლო „ნაცმოძრაობის“ გაერთიანება? ვერ შეძლო, იგივე ეფექტი ექნება მის ამ მოწოდებას ერთიანობის კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან საუბრისას.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ „ვივამედის“ პაციენტის გზავნილი პაკ-ის შექმნის შესახებ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილს სურს, ყველას უჩვენოს, რომ რჩება ლიდერად, რომელიც ზრუნავს გაერთიანებაზე, არადაქსაქსულობაზე. თუმცა მისი ეს გეგმა მოწყვეტილია რეალობას, რეალობა კი საქართველოში ასეთია - ხმას აძლევენ პიროვნებას და არა პარტიას, თავისი პროგრამით, გეგმებით.

„სააკაშვილი სწორედ ის ადამიანია, რომელიც წლიდან წლამდე, საქართველოდან სამარცხვინოდ გაქცევის მიუხედავადაც კი, მაინც აგროვებდა გარკვეული რაოდენობის ხმებს. 2016 წელს პირადად მან გაიყვანა 28 ადამიანი პარლამენტში, ხოლო 2020 წელს-36 ადამიანი, რაც მეტია, ვიდრე ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის მიერ ერთად გაყვანილი ადამიანები. მაგალითად, ბოკერია 5 ადგილით გავიდა, ანუ 7-ჯერ ნაკლებით. ამჯერად არჩევნებზე ბლოკები აკრძალულია, უნდა იყოს ერთიანი სია. ამ სიის სათავეში თუ იქნება სააკაშვილი, რა თქმა უნდა, გარკვეულ ხმებს მიიღებენ და ბარიერს გადალახავენ. ამდენად, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ამ სიაში ვინ მოხვდება პირველ, მეორე და გამსვლელ ადგილებზე. ეს არ აწყობთ იმ დაჯგუფებებს, რომლებმაც იციან, რომ გამსვლელ ადგილებზე ვერ ჩასვამენ, რადგან ამდენი გამსვლელი ადგილი არ არის. ამიტომ სააკაშვილის მოწოდება არ შესრულდება და გაერთიანება ვერ მოხდება. როდესაც არსებობს ადამიანი, რომელსაც ბევრი ამომრჩეველი მისცემს ხმას, როგორიც იყო პირადად ივანიშვილი 2012 წელს, მაშინ პატარ-პატარა პარტიების ლიდერები ივიწყებენ თუნდაც იმას, რომ მანამდე ერთმანეთს ლანძღავდნენ უკანასკნელი სიტყვებით, ყველაფერს გვერდზე გადადებენ, ოღონდ მოხვდნენ პარლამენტში. საქართველოში ეს ყოველთვის ასე ხდებოდა, ასე მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, სააკაშვილის არჩევნებისას. თუმცა ახლა ასეთი ვითარება არ იქნება“, - აცხადებს პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას და, შეკითხვის საპასუხოდ, რამდენად აწყობს ოპოზიციას, ნაცებს მიჰყავდეთ პარადი, აცხადებს, რომ აწყობთ თუ არა ეს ნაცებს, აქ მთავარია, რომ ოპოზიციაში არავის არ ჰყავს ისეთი ქარიზმატული ლიდერი, რომელსაც ხალხი მისცემს ხმას.

პეტრე მამრაძის შეფასებით, 2020 წელს რომ ყოფილიყო 4-5%-იანი ბარიერი, ნაცების გარდა ვერც ერთი დაჯგუფება ვერ შევიდოდა პარლამენტში, რადგან ყველამ დააგროვა 3% და ნაკლები, ახლა უფრო უარესი ვითარებაა მათთვის. მართალია, ოპოზიცია ირწმუნება, რომ პატიოსნად გადალახავს ბარიერს, მაგრამ გაერთიანებები მათ ვერ უშველის, გაერთიანებები მაშინ მუშაობს, როდესაც არსებობს ლოკომოტივი, რომელიც ყველას შეიყვანს პარლამენტში, ასეთი ადამიანი ოპოზიციაში ერთადერთია - სააკაშვილი, თუმცა ისიც არ ვიცით, რამდენი ხმა დააკლდა სააკაშვილს საქართველოში ქურდულად შემოპარვის შემდეგ.