კეზერიანელები და კეზერაშვილი - რა ჯგუფი მართავს ოლიგარქს?

კეზერიანელები და კეზერაშვილი - რა ჯგუფი მართავს ოლიგარქს?

მიხეილ სააკაშვილის ერთიანობის გეგმამ არ იმუშავა. „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი გრძელდება. მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები, ასევე მათი მხარდამჭერები ერთმანეთს ღიად უპირისპირდებიან. ყოფილები პარტიაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პარტიის თავმჯდომარე და პოლიტსაბჭო მხოლოდ ფორმალურად არსებობს. რეალურად, გადაწყვეტილებებს ჩრდილში მყოფი ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და კვიპროსში მოკალათებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი იღებენ.

პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც პარტია დატოვა, თუმცა ახალ პარტიას ჯერჯერობით არ ქმნის, აცხადებს, რომ პარტიის მენეჯმენტი არაფორმალურად იმართება და ამტკიცებს, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილის კრიტიკა არ არის პარტიის კრიტიკა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის კეზერაშვილ-მერაბიშვილი.

ყოფილ ძალოვნებს გადანაწილებული აქვთ პარტიის მართვის ბერკეტები. ტრადიციულად, ფარდის მიღმა დგას მერაბიშვილი, რომელიც პარტიის დღის წესრიგს განაგებს, რასაც ვერ ვიტყვით კეზერაშვილზე, რომელიც ღიად მოქმედებს და აცხადებს, რომ აფინანსებს პარტიას, მათ შორის სხვა ოპოზიციურ პარტებს და არასამთავრობო სექტორს, რომელთაც უხერხულობას არ უქმნით ის ფაქტი, რომ მათ სწორედ კეზერაშვილი აფინანსებთ.

შეგახსენებთ, რომ „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიების მასალების მიხედვით, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების ძარცვის სქემა, თაღლითური სქემის ორგანიზატორად სწორედ დავით კეზერაშვილია დასახელებული. სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ კეზერაშვილის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე. თუმცა, გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში კეზერაშვილმა დიდი ბრიტანეთის ტერიტორია დატოვა და კვიპროსში გადასახლდა.

„ქოლცენტრების“ გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოულოდნელად, ოლიგარქ კეზერაშვილის სახელს უკავშირდება იარაღის ბიზნესი. აგვისტოს ომიდან ძალიან მალე, მას სამი ოფშორული კომპანია გაუხსნეს, საიდანაც ნავთობის ვაჭრობიდან მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლის ტრანზიტი გახდა შესაძლებელი. კეზერაშვილის გამდიდრების ისტორიას უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ომი, რომლის შემდეგაც გაირკვა, რომ იარაღი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ ომამდე შეიძინა, უხარისხო იყო, ხოლო იარაღის ნაწილი, რომელიც საქართველომ დაახლოებით 11 000 000 დოლარად შეიძინა გვატემალაში, კერძო პირებს აღმოაჩნდათ. შეგახსენებთ, რომ უკანონო და უხარისხო იარაღის შესყიდვების შესახებ „ვიკილიკსში“ გამოქვეყნდა შტატების მაშინდელი ელჩის ჯონ ტაფტის მიმოწერა, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ ქართული მხარე და მათ შორის, დავით კეზერაშვილი ეჭვმიტანილია იარაღით ვაჭრობაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური თავმჯდომარე და „ფორმულას“ ასევე არაფორმალური მფლობელი კეზერაშვილი არის ამ კრიმინალური უზამაზარი ბორბლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კეზერაშვილი ხარჯავს ფულს „ნაცმოძრაობაში“, თუმცა საინტერესოა კეზერაშვილს ვინ მართავს?

როგორც კობახიძე აცხადებს, „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი კოორდინირებულია გარკვეული ძალების მხრიდან, რომლებიც კეზერაშვილს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის საშუალებას აძლევენ. მისი თქმით, გარკვეული გარე ძალების ინტერესშია, რომ საარჩევნო ბარიერი მესამე პარტიამაც გადალახოს, სადაც მისივე მოსაზრებით, კონკრეტული სუბიექტები გაერთიანდებიან.

„საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ დაშლის პროცესი კოორდინირებულია გარკვეული ძალების მხრიდან და გეგმაა ასეთი, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ბარიერი გადალახოს კიდევ ერთმა „ნაცურმა“ პოლიტიკურმა ძალამ, ოღონდ არ უნდა ერქვას მას „ნაციონალური მოძრაობა“. აქ მოიაზრებენ კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის - „ლელო“, გახარია, სალომე ზურაბიშვილი, ლომჯარია და ამას ემატება უკვე მელია. ეს გეგმა იკვრება, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ბარიერი რომ გადალახოს ამ სუბიექტმა, ამაზე მუშაობენ ვიღაცები.

იმედი აქვთ 6-7 პროცენტს აიღებენ და არა მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტია შევა პარლამენტში, ამას დაემატება მეორე პოლიტიკური პარტია, მაგრამ მე მეეჭვება „ნაცმოძრაობის“ მეორე ფრონტმა შეძლოს ბარიერის გადალახვა. რეალურად, კეზერაშვილი ხარჯავს ფულს „ნაცმოძრაობაში“ და ბუნებრივია, ის წარმართავს პროცესებს. თუმცა, მთავარი ის არის, კეზერაშვილს ვინ მართავს? როცა ვამბობ, რომ კოორდინირებულია „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი, ეს არის კრიზისის გამოხატულება, მაგრამ თან კოორდინირებულია დაშლის პროცესი.

ის, რომ კეზერაშვილმა თავის დროზე ხაბეიშვილი დანიშნა თავმჯდომარედ, ესეც მიუთითებს კოორდინაციაზე, რომელიც ამ პროცესის გარშემო შეინიშნება. ვიღაცების ინტერესებშია, რომ დაბლა დაიწიოს „ნაცმოძრაობის“ პროცენტმა, რომ მესამე პარტიამ მოახერხოს ბარიერის გადალახვა“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ არიან „ვიღაცები“, რომლებიც მართავენ კეზერაშვილს, კობახიძემ აღნიშნა, რომ არიან გარკვეული გარე ძალები, რომლებიც კეზერაშვილს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის საშუალებას აძლევენ და ამის სანაცვლოდ უწევს კეზერაშვილს ფულის დახარჯვა.

„დარწმუნებული ვარ, მას საერთოდ არ სიამოვნებს ფულის ხარჯვა საქართველოში, ურჩევნია მეტი ფული აკეთოს და თავისთვის დაიტოვოს, მაგრამ უწევს ფულის ხარჯვა სწორედ ამ გარანტიების სანაცვლოდ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ამ ძალების მიერ არის კოორდინირებული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის შეფასებით, რომ არა კეზერაშვილის ძირითადი სტატუსი - „გლობალური ომის პარტიის გავლენის აგენტი“ - „ნაცური“ თავხედობა ასე დიდი ხნით ვერ გახანგრძლივდებოდა. მისი თქმით, დღეს ევროპელი პენსიონერების მძარცველის მიმართ დასავლეთს სამართლებრივი პრეტენზია რომ არ გააჩნია, ესეც დასავლეთის „გლობალური ომის პარტიის“ მძევლობაში ყოფნის შედეგია.

„სწორედ, ამ კონტექსტში მესმის მე ირაკლი კობახიძის სიტყვები: „არჩევნების შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი“. ამ არჩევნებში მე არა მხოლოდ საქართველოს საპარლამენტო, არამედ გაისად ჩასატარებელი ყველა ის არჩევნები ამოვიკითხე, რომლებმაც „გლობალური ომის პარტიის“ პოზიციები უნდა შეასუსტოს მთელს მსოფლიოში.

ის ძალები, რომლებიც დღეს გავლენის აგენტს და კრიმინალ კეზერაშვილს აფარებენ ხელს, პლანეტის ყველა კუთხეში აუცილებლად დამარცხდებიან და მათ აგენტურასაც მოეხსნება დაუსჯელობის პრეზუმფცია. ამის საფრთხე შეუძლებელია არ ესმოდეს თვით კეზერაშვილსაც, რომლისთვისაც უდარდელობის დროის ათვლის უკუსვლის მექანიზმი იმავე მოქმედებაშია მოყვანილი, როგორც თვითლიკვიდაციისკენ მიმავალი მისი ჯიბის პარტიის“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, როგორც წესი, მძევალი უკმაყოფილოა თავისი მდგომარეობით, რასაც ვერ ვიტყვით კეზერაშვილის შემთხვევაში, რომელიც ამ უკმაყოფილობას არ ავლენს. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ალბათ, არის საკმაოდ დიდი წრე ორგანიზაციებისა და ადამინებისა, რომლებიც კეზერაშვილის მოღვაწეობის წილში არიან. კერძოდ, მეწილეები არიან იმისა, რასაც კეზერაშვილი აკეთებს.

„თვითონ კეზერაშვილი მათთვის შინაური ადამიანია და შესაბამისად, იცავენ ნებისმიერი თავდასხმისგან, დაჭერისგან და ა.შ. ანუ, ეს კეზერიანელები რაოდენობითაც და გავლენების მხრიდანაც არ იქნებიან ცოტანი, არც სუსტები და მათ ბევრი რამ მიეწერებათ.

კერძოდ, მარტო ის, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ალბათ, უფრო მეტიც არსებობს ობიექტურადაც. მარტო „ქოლცენტრებისა“ და იარაღის თემებში კეზერიანელების ასეთი მხრადამჭერები რომ არ ჰყავდეს გარშემო, ისე ვერ შეძლებდა ამ ტიპის ბიზნესების გაშლას და წარმოებას, თან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასე რომ, როგორც ჩანს, კეზერაშვილი მხარდამჭერთა საკმაოდ დიდი ქსელით სარგებლობს და მის პიროვნებაში არ არის მარტო საქმე, სწორედ, ეს ქსელი მუშაობს მის გარშემო“, - აცხადებს საყვარელიძე.

რაც შეეხება გარე ძალებს, პოლიტოლოგი ეჭვობს, რომ ასეთი გარე ძალები სჭირდებოდეს კეზერაშვილს, თუ ნებისმიერ სხვას იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გააჩინოს ურთიერთ გამომრიცხავი პროცესები და დაპირისპირებები.

„ისინი, ასეთ დაპირისპირბებს, გარედან ჩარევის გარეშე, თვითონაც ძალიან კარგად ახერხებენ და პირველად არ ხდება. ამიტომ, ის ძალები, ვინც ხელს უწყობენ კეზერაშვილს გადაადგილებაში მსოფლიოს მასშტაბით, სხვა დონის ძალებია. ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ პროცესებზე გავლენის მქონე ძალები სხვა არის და აქ უფრო ადგილობრივი ძალები მოქმედებენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ვფიქრობს, რომ საუბარია „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლებზე, რომლის მეშვეობით მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი და რომლის შედეგადაც განუზომლად მდიდრდებიან.

„მოდით, მივყვეთ ლოგიკას - ცალი კალოშით მოვიდა ხელისუფლებაში, გაანადაგურა ქართული ჯარი და როდესაც თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წავიდა, გახდა მილიონერი სააკაშვილთან ერთად. მათ საქართველოში ფულს არც ერთ შემთხვევაში არავინ არ გააკეთებინებდა დამოუკიდებლად. გააკეთებინეს მხოლოდ და მხოლოდ იმ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ წილებში იყვნენ სააკაშვილთან და კეზერაშვილთან. მათ ერთი რამ აკავშირებთ და ეს არ არის საქართველოს დაცვა.

ჯერ ქართული ჯარის გაცამტვერება და მომავალში მათ გეგმაში არის საქართველოს გაცამტვერება, ამას ლობიერებს გლობალური ომის პარტია, რომლის ორგანული ნაწილი იყო სააკაშვილის არაჟნებთან ერთად შემოტანა საქართველოში და, რომლის მიზანი იყო საქართველოს ჩართვა ომში. ვფიქრობ, რომ სააკაშვილი, კეზერაშვილი, ზურაბიშვილი და ა.შ. ესენი არიან გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები საქართველოში, რომელთა მიზანია პროცესების რადიკალიზაცია“, - აცხადებს გვენეტაძე.

აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ შლიან, არამედ აპირებენ გაშლას და ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებას რადიკალური გზით.

„კეზერაშვილი ნულოვანი განათლებით გამოირჩევა, რომელიც ორიენტირებულია ფულის შოვნაზე და მას რომ ვინმე არ ავალებდეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფულის ჩადებას და ისეთ ოდიოზურ ფიგურებში, როგორიც არის ხაბეიშვილი, დეკანოიძე, ბოკუჩავა და წითლიძე, როგორც ყვავს ვერ გააგდებინებ კაკალს პირიდან, ისე მაგას ფულს ვერ გააგდებინებენ ხელიდან, მაგრამ იძულებულია, რომ ჩადოს ფული. ამიტომ, ეს პროცესები მიდის გლობალური ომის პარტიამდე, რომელთა მხრდიან საშიშიროება საქართველოს არ მოხსნია“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

ლევკოთეა ძალიან ახუჭუჭებს კობახიძე. :) უბრალოდ, უნდა, რომ ზურაბუშვილი და გახარია კეზერაშვილთან დააკავშიროს რამენაირად.
არ მგონია, რომ ზურაბიშვილს და კეზერაშვილს ერთი ხელი მართავდეს.
გახარიას კი, უფრო მეტი აკავშირებს რუსეთთან, ვიდრე გარედან ჩანს.
11 თვის უკან