[ნინო ჯაფარიძე]
2011 წელი ინფლაციის თვალსაზრისით გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე 2010. ასეთია როგორც ეკონომისტებისა და ფინანსისტების, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელთა გათვლებიც.
ოფიციალური მონაცემებით 2010 წლის დეკემბერში ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 11,2 % შეადგინა, ხოლო იანვარ-დეკემბრის თვის საშუალო ინფლაცია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,1%-ით გაიზარდა.
შარშან, დეკემბერში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2011 წელი ინფლაციური იქნება და მთავრობას პრობლემების ტავიდან არიდებისთვის სპეციალური პროგრამის მომზადებაც დაავალა.
თუმცა, ამ საკითხზე მთავრობის წევრებს რაიმე სახის კომენტარი არ გაუკეთებიათ და, როგორც ჩანს, არც რაიმე სახის ეკონომიკურ გეგმაზე დაუწყია მუშაობა, რომელშიც ანტიინფლაციური თემაც იქნებოდა გათვალისწინებული. ერთადერთი, ვინც ამ საკითხზე სპეციალისტებთან შეხვედრა გამართა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იყო. ითქვა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ის ანტიინფლაციური ნაბიჯები განიხილეს, რომლის გადადგმასაც ეროვნული ბანკი გეგმავს.
შეხვედრიდან ორიოდე დღეში კი, საქართველოს პრეზიდენტმა, „პირველი კავკასიურის“ მიერ ორგანიზებული ტელეხიდისას განაცხადა, რომ ფასების და ინფლაციის ზრდა გლობალური პრობლემაა და საქართველოს ხელისუფლებას მის შესაჩერებლად ბერკეტები არ გააჩნია.
აქვს თუ არა საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს რეალური ბერკეტები იმისთვის, რომ ინფლაციის პროცესი შეაჩეროს, მის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შექმნილი რეალობის რამდენად ადეკვატურია და კიდევ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ინფლაციისა და სასურსათო თუ, სხვა სახის პროდუქციაზე ფასების ზრდის ტენდენცია შეჩერდეს ან, შემცირდეს მაინც – პრესაგე.ტვ ეკონომიკის ექსპერტს ლადო პაპავას ესაუბრა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ეკონომიკის ექსპერტებთან შეხვედრისას ითქვა, რომ მან სპეციალისტებს ის ანტიინფლაციური ნაბიჯები გააცნო, რომლის გადადგმასაც ეროვნული ბანკი გეგმავს. რამდენად რეალისტურია ეს გეგმა?
- ეროვნულ ბანკს არავითარი ანტიინფლაციური გეგმა არ აქვს. მისმა პრეზიდენტმა უბრალოდ საქართველოში ინფლაციის მაღალი დონის მიზეზების შესახებ საკუთარი შეხედულებები გაგვაცნო. შემდეგ კი, იმ ღონისძიებებზე ისაუბრა რომლის გატარებასაც აპირებს ან, რაც უკვე გაატარა ეროვნულმა ბანკმა.
მივიღეთ ინფორმაცია, ეროვნულმა ბანკმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც კანონით აქვს მინიჭებული, თუ რა ზომები გაატარა მან. ასე, რომ დაზუსტებისთვის, აქ არანაირი გეგმაზე საუბარი არ არის.
კონკრეტულად რა წარუდგინა გიორგი ქადაგიძემ ექსპერტებს?
- ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მთავარი გამომწვევი მიზეზების საკმაოდ საინტერესო ხედვა წარმოადგინა და მასში ეჭვს ვერ შეიტან. ამის მიზეზია ის, რომ მსოფლიოში ფასები თითქმის ყველა სასურსათო პროდუქტზე მატულობს. განსაკუთრებით ისეთზე, როგორიც არის პური, შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი. ეს სხვა და სხვა მოვლენებმა განაპირობა, როგორიც იყო ხანძარი რუსეთში, წყალდიდობა ბრაზილიაში თუ, ავსტრალიაში. ამის გამო, კვების პროდუქტების მიწოდება შემცირდა, რასაც ფასის ზრდა მოჰყვა.
იმის გამო, რომ ჩვენს სასურსათო კალათაში 80% იმპორტირებულია, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასები იზრდება, სურსათი საქართველოს მოსახლეობისთვისაც ძვირდება.
არასასურსათო კალათას თუ გადავხედავთ, აქ ფასების ასეთი მატება არ შეინიშნება, ხოლო ცალკეული მიმართულებებით ადგილი აქვს ფასების კლებასაც. ეროვნული ბანკის ხედვა ასეთია - ის, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით მიმოქცევაში არსებული ფულის მასის შემცირებას მაქსიმალურად ცდილობს. ამისთვის გაზარდა უცხოური ვალუტის სარეზერვო ნორმა. ადრე ის თუ 5% იყო, დღეს – 15% გახადა.
მკითხველს რომ განვუმარტოთ, კომერციულ ბანკს ზედმეტი 100 აშშ დოლარი თუ გაუჩნდება, ადრინდელი 95-ის ნაცვლად მხოლოდ 85 დოლარის გამოყენება შეეძლება. რა თქმა უნდა, ესეც სერიოზული ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით ფულის მასა შემცირდეს.
აი, ამ თემებზე იყო საუბარი. შეხვედრაზე ექსპერტთა საკმაოდ ჭრელი წარმომადგენლობა იყო. იყვნენ პროფესიონალები და იყო შემთხვევითი ხალხიც, რომლებიც რატომ მოიწვიეს მართლაც არ ვიცი.
მაგრამ ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ეროვნული ბანკის პოზიცია – როგორ ხედავს ის ინფლაციის გამომწვევ მიზეზებს და რა მექანიზმებს იყენებს მის შესამცირებლად, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორია.
შეხვედრიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს არც გეგმა და არც მექანიზმები, რომ თავიდან აირიდოს ინფლაციის პროცესები...
- პრეზიდენტის ეს განცხადება უჩვეულო იყო, რადგან სადღაც დეკემბრის შუა რიცხვებში მან მთავრობას ანტიინფლაციური პროგრამის დასაწერად ორკვირიანი ვადა მისცა. მას შემდეგ თვენახევარი გავიდა. მთავრობას კი არანაირი გეგმა არ დაუწერია.
ამის უნარი რომ არ ჰქონდა, თავიდანვე ვიცოდი. მთავრობას არანაირი პროგრამის დაწერის უნარი არ აქვს, არასდროს არანაირი პროგრამა არ დაუწერია და რაღა ამას დაწერდა.
ამ ამბავში გასაკვირი ის არის, რომ პრეზიდენტმა არა თუ არ მოკითხა ეს პროგრამა და დავალების შეუსრულებლობის გამო ვინმეს დასჯა მოითხოვა, არამედ პირიქით, ისიც კი თქვა, რომ საქართველოს მთავრობას ამის წინააღმდეგ თურმე არანაირი ინსტრუმენტი არ გააჩნია.
ანუ, მან პრაქტიკულად თვითონვე უარყო მთავრობისთვის მიცემული დავალება. ასეთი „კეთილგანწყობილი“ დამოკიდებულება მთავრობის საქმიანობისადმი აშკარად გასაოცარია.
რეალურად აქვს თუ არა ხელისუფლებას ასეთი ინსტრუმენტები?
- ინფლაციის დარეგულირების ინსტრუმენტები ორი ინსტიტუტის ხელშია. ერთი გახლავთ საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე და მეორე - მთავრობა, თავისი საბიუჯეტო პოლიტიკით. დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ, რომ ეროვნული ბანკი წარმატებით ცდილობს ინფლაციური პროცესების დარეგულირებას, მაშინ, როდესაც აბსოლუტურად არათანმხვედრია მთავრობის ქმედებები ამ მიმართულებით და საერთოდ, ეჭვიც კი შეიძლება შეგეპაროს მთავრობას ბოლომდე აქვს თუ არა გააზრებული რა პროცესებთან აქვს საქმე.
ამ ეჭვის კონკრეტული მიზეზები შეგიძლიათ დაასახელოთ?
- პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ ინფლაციური პროცესების შენელების მიზნით, მთავრობა ოჯახებს ზამთარში ელექტროენერგიის შესაბამისი წილის დასაფარად 20 ლარიან ვაუჩერებს დაურიგებს. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ოჯახს დამატებითი 20 ლარი გაუჩნდება, რომელიც ელექტროენერგიაზე არ გაიხარჯება. ბუნებრივია ამ ფულს არც ბანკში დააგროვებს ვინმე ანაბრის სახით. ესეც ხელს შეუწყობს ინფლაციის ზრდას.
ანუ, იმის ნაცვლად, რომ ანტიინფლაციური ღონისძიება შეემუშავებინა, მთავრობამ საზოგადოებას ვაუჩერების გამოყენების ინფლაციური მექანიზმი შესთავაზა.
ამ თვალსაზრისით არანაკლებ ყურადსაღებია განცხადებები, რომელსაც მთავრობა ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით აკეთებს. რადგან ტურიზმის განვითარება საერთოდაც არ არის ინფლაციის შემაჩერებელი.
ხელისუფლება ტურისტული ბიზნესის განვითარებაზე დიდ იმედებს ამყარებს, იქნებ განმარტოთ რატომ შეიძლება ჰქონდეს მას უარყოფითი ეფექტი?
- თავი დავანებოთ იმას, რომ აქამდე უთოვლობის გამო სეზონი ლამის ჩავარდა. მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა და ტურისტები ალბათ ჩამოვლენ. ტურისტი რომ ჩამოდის საქართველოში ჩამოაქვს დოლარი და იწყებს მის გადაცვლას ლარზე. ამით მიმოქცევაში დოლარის მასა იზრდება, რაც ხელს უწყობს ლართან მიმართებაში დოლარის გაუფასურებას. ქართული ეკონომიკისთვის ეს აშკარად ცუდია.
რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა?
- ეროვნულმა ბანკმა უნდა დაიწყოს დოლარების შესყიდვა და ლარის გაყიდვა. ანუ, ხელი შეუწყოს ინფლაციის ზრდას. შესაბამისად, ტურიზმის განვითარება ინფლაციის ხელშემწყობი ფაქტორი ხდება. სად არის აქ მთავრობის პროფესიონალიზმი მე, უბრალოდ არ ვიცი.
საბერძნეთის დეფოლტის შემდეგ ევროპულმა ინსტიტუტებმა სერიოზული მუშაობა დაიწყეს ანტიკრიზისული და ანტიინფლაციური პროგრამების შესამუშავებლად. ხელისუფლებას ამ გამოცდილების გაზიარების ან, თუნდაც ქართველი სპეციალისტების აზრის მოსმენის სურვილი თუ გამოუთქვამს?
- დასავლეთში ასეთი პროგრამებზე კი მუშაობენ, მაგრამ საქართველოში მას წამკითხველი და გამგები სჭირდება. ჩვენი მთავრობის ქმედებები ძირითადად წერტილოვანია. ტურიზმზე უკვე ვისაუბრეთ, მეორე აქტუალური თემა სოფლის მეურნეობის განვითარებაა. მთავრობის აზრით თურმე ბურებმა უნდა გადაარჩინონ საქართველო რაც, აბსოლუტურად გაუგებარია. ჩვენ გვყავს ჩვენივე მოსახლეობა, თუნდაც დევნილები, რომელთაც საარსებო სივრცე არ აქვთ. ჩვენს მიწებზე ბურები კი არა დაე, ჩვენი ხალხი დავასახლოთ და მათ იცხოვრონ უკეთესად.
ყველაფრის გათვალისწინებით მთავრობას გააზრებული აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულება?
- ეს პრობლემა ბუნებრივია ჩნდება. სოფლის მეურნეობა არ შეიძლება იყოს ჩვენი მომავალი და პრიორიტეტი. პრიორიტეტში შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა. ანუ, ინდუსტრიალიზაციის გარეშე, მარტივი შრომის იარაღებით სასოფლო- სამეურნეო წარმოება ქვეყანას სასიკეთოს არაფერს მოუტანს.
25 იანვარს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა ნაშრომის – საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგრამის - პრეზენტაცია. მისი ავტორები გახლავან ქართველი მეცნიერები სანდრო თვალჭრელიძის და ავთანდილ სილაგაძის ხელმძღვანელობით. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ეს მეცნიერების მიერ დაწერილი პირველი რეალური პროგრამაა. ეს არის არა პოლიტიკური დოკუმენტი, არამედ სპეციალისტთა ხედვა, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა ქვეყანაში არსებული რესურსების გამოყენებით. იმედი მაქვს, ხელისუფლება ამ დოკუმენტს ყურადღებას მიაქცევს და გამოიყენებს.
მხოლოდ ეკონომიკის კომპლექსური განვითარების შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ ქვეყანამ დაძლიოს პრობლემები, რომელიც აქვს. ხოლო ისეთი წერტილოვანი მოქმედებები, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, თანაც აბსოლუტურად გაუაზრებლად, ინფლაციის არა შეჩერებას, არამედ გაღრმავებას უწყობს ხელს.
ინფლაციის შეჩერების საკუთარი 5 პუნქტიანი გეგმა „ახალმა მემარჯვენეებმაც“ გაახმიანეს. მათ შეთავაზებაში თუა რამე ყურადსაღები?
- ეს შეთავაზება საინტერესო ნამდვილად იყო. ორშაბათს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ შედგება მისი განხილვა. ბატონ დავით გამყრელიძეს შესაძლებლობა ექნება ექსპერტებს ეს გეგმა უფრო დეტალურად გააცნოს. ვიდრე მას არ მოვისმენ, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ეს წინადადებები საინტერესოა.
ამ პროგრამაში ერთ-ერთი პუნქტია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება. ხელისუფლებას ამ რჩევის გათვალისწინებას თუ ურჩევთ?
- ხელისუფლებამ პირველ რიგში სწორედ საბიუჯეტო პოლიტიკა უნდა შეცვალოს და ამის საფუძველზე ბიუჯეტსაც გადახედოს. როდესაც ქვეყანაში კრიზისია, არ შეიძლება ბიუჯეტის თანხებს პარლამენტის მეორე შენობის მშენებლობისთვის ხარჯავდე. ეს წყალში გადაყრილი ფულია. თანაც აბსოლუტურად ინფლაციური ხარჯია.
წარმოიდგინეთ, ამ მშენებლობით პრაქტიკულად ახალს არაფერს ქმნი, რადგან ქვეყანას ისედაც აქვს პარლამენტის შენობა. ხოლო ხალხს, რომელსაც აძლევ ამ ფულს, უჩნდება დამატებითი მოთხოვნა. მთლიანობაში ამით სასაქონლო მასა არ იზრდება, სამაგიეროდ ინფლაციას ხელი ეწყობა. ასეთი ხარჯები ბიუჯეტიდან ნამდვილად ამოსაღებია.
ამას გარდა, ახალი პარლამენტის შენობის ხარჯები გაწერილია არა სახელმწიფო, არამედ ქუთაისის ბიუჯეტში, რაც თავისთავად კურიოზულია. მაგრამ, ამ შემთხვევაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან წავა ხარჯი თუ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეს, ქვეყნის ერთიანი პრობლემაა და ერთნაირად უწყობს ხელს ინფლაციის გაღრმავებას.
ამ შემთხვევაში, ის, რასაც ბატონი გამყრელიძე ამბობს აბსოლუტურად სწორია. საბიუჯეტო ხარჯვის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. მაგრამ ეს მთავრობა ამას ვერ შეძლებს. ამ მთავრობის შეცვლა გაცილებით ადვილია, ვიდრე ის, რომ მას საბიუჯეტო პოლიტიკა შეაცვლევინო.