„ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის ნივერილება შეძლო, ხოლო ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილის - ვერა“

„ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის ნივერილება შეძლო, ხოლო ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილის - ვერა“

ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის „ტრიუკის“ მოლოდინშია. უკვე მეორე დღეა, რაც მისმა საჯაროდ გამოჩენამ, რამაზ ჩხიკვაძის 95 წლის საიუბილეო საღამოზე რუსთაველის თეატრში, სრული ისტერიკა გამოიწვია. ოპოზიცია შიშობს, რომ შესაძლოა, ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდეს.მათივე ვერსიით, თუ ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ის ამჟამინდელი „ოცნების“ გვერდით აღარ დადგება. მაგალითად ეკა ბესელია ფიქრობს, რომ თუ ივანიშვილი პოლიტიკაში ისევ მოვა, სულ სხვა გუნდთან ერთად გამოჩნდება. ამ ნაბიჯით კი ივანიშვილი შეეცდება, დისტანცირდეს „ოცნებისგან“ და მისი ლიდერების დაშვებული შეცდომებისგან.

ამ ვერსიას ანალიტიკოსები for.ge-სთან გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე „ოცნებას“ ივანიშვილის დახმარება არ სჭირდება. ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ ენმ-ის დაშლის ფონზე, მმართველ გუნდს რეალური კონკურენტი აღარ ჰყავს. ამიტომ, ჯერჯერობით, ივანიშვილის შემობრუნების მიზეზი არ არსებობს. თუმცა ასახელებენ იმ მოტივს, რის გამოც შესაძლოა ის უკან დაბრუნდეს, თანაც ახალი გუნდით.

„ჩვენი რეიტინგი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გვაქვს მოლოდინი, კიდევ უფრო მეტი, მყარი უმრავლესობით მოვიდეთ ხელისუფლებაში - ისეთი წონის და პოლიტიკური რეიტინგის მქონე პირის ჩართვის საჭიროება, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არ არის“, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური, რითაც პასუხობს კითხვას - ხომ არ აპირებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას, გამომდინარე იქიდან, რომ „ის გუშინ საზოგადოებაში ღიად რუსთაველის თეატრში გამოჩნდა“.

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, აჟიოტაჟი, რაც ივანიშვილის გამოჩენას მოჰყვება ხოლმე, მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა ავტორიტეტი აქვს მას.

„ის, რომ ბიძინა ივანიშვილი სარგებლობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პატივისცემით და სიყვარულით და მას აქვს მოქალაქეების განუზომლად დიდი მხარდაჭერა, ეს ფაქტია. ის, რომ მისი რამდენიმე წუთით თუ საათით გამოჩენას აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე რადიკალური ოპოზიციის თუ ტელევიზიების მხრიდან, ესეც მეტყველებს, რაოდენ დიდია მისი ავტორიტეტი ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება მის პოლიტიკაში შემობრუნებაზე კითხვას, არ მგონია დღეს „ქართულ ოცნებას“ ამის საჭიროება ჰქონდეს. ჩვენი რეიტინგი ნამდვილად იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გვაქვს მოლოდინი, კიდევ უფრო მეტი, მყარი უმრავლესობით მოვიდეთ ხელისუფლებაში და 2024 წლის არჩევნებზე კიდევ უფრო წარმატებული შედეგი დავდოთ. ისეთი წონის და პოლიტიკური რეიტინგის მქონე პირის ჩართვის საჭიროება, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არ არის“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე თუკი ჩავთვლით, რომ ხვალ არჩევნები უნდა ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის დახმარებას ნამდვილად არ საჭიროებს. არა იმიტომ, რომ ხელისუფლებას დიდი რეიტინგი აქვს, უბრალოდ იმიტომ, რომ უმრავლესობას ისედაც აიღებს.

„ყველა გამოკითხვით, ზონდირებით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას უპრობლემოდ „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებენ. მაშინაც კი თუ, როგორც გახარია და მისი გუნდი ამბობს, მათ 10% აქვთ და ბარიერსაც უპრობლემოდ გადალახავენ, „ოცნება“ უმრავლესობას მაინც იღებს. 76-მანდატზე მეტს აიღებს, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მთავრობის ფორმირება მოახდინოს. ამიტომ, ამ ეტაპზე, მათ ბიძინა ივანიშვილის დახმარება არაფერში სჭირდებათ.

თუმცა, თუკი ოპოზიციურ ფლანგზე გაჩნდება ორი ან სამი ჯგუფი მაინც, რომელსაც გარანტირებული ექნება 5%-იანი ბარიერის დაძლევა, მაშინ „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება სხვა გზით წავიდეს. მაშინ მას ბიძინა ივანიშვილის დახმარება ნამდვილად დასჭირდება. ასეთ შემთხვევაში, მეც ვფიქრობ, რომ ივანიშვილი უკან ამ გუნდით არ მოვა. ის შეცვლის, როგორც ხელისუფლებას, ასევე პარლამენტის შემადგენლობას. თუმცა, მოვა „ოცნების“ სახელით და არა ახალი პარტიის შექმნით. ვიღაცები ფიქრობენ, თითქოს „ოცნებას“ დაუპირისპირდება და ა.შ. ეს არის აბსურდი“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ძველ გუნდთან ერთად ის არ ითამაშებს. ამიტომ თუ გადაწყვიტა შემობრუნება, ის ამ ფორმით დაბრუნდება და ამის პრობლემაც არ ექნება. რაც შეეხება ოპოზიციას, ძაბირაძე ფიქრობს, რომ მათი პანიკა ივანიშვილის გამოჩენაზე ძალიან ცუდად მათზევე მოქმედებს.

„ოპოზიციამ ვაი-ვიში კი არ უნდა ატეხოს იმაზე, რომ სადღაც ივანიშვილი თეატრში გამოჩნდა, ვაიმე ხომ არ ბრუნდება და... ისტერიკაში არიან უკვე. „ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის ნივერილება შეძლო, მაგრამ ოპოზიციამ ივანიშვილის - ვერა. ოპოზიციას სჭირდება მეტი დაფიქრება, რადგან „რუსი ოლიგარქი“ აღარ მუშაობს. სხვაგვარად უნდა იფიქრობს. არ ჭრის იმის ძახილი, რომ „ოცნება“ რუსულია. ამით ამომრჩეველი არ მოემატებათ. ხალხი ამ ვერსიას არ ღებულობს. ხმა იმ ხალხმა უნდა მისცეს, ამიტომ ივანიშვილის სადღაც გამოჩენაზე ისტერიკაში არ უნდა ვარდებოდნენ“, - ამბობს ძაბირაძე.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა რუსთაველის თეატრში შემთხვევითი არ იყო. მისი აზრით, ივანიშვილმა, როდესაც შოვის ტრაგედია მოხდა, გამოჩენა საჭიროდ არ ჩათვალა, ახლა კი მოულოდნელად ღიად ჩნდება. ამიტომ ამით ივანიშვილმა რაღაცა განაცხადი გააკეთა და საზოგადოებას აჩვენა, რომ ის აქ არის და არსად წასულა.

„მე ვფიქრობ, რომ „ოცნებას“ ივანიშვილის დახმარება სჭირდება. რამაზ ჩხიკვაძის საღამო ისეთი სულაც არ იყო, რომ ივანიშვილი გამოჩენილიყო. ეტყობა, რომ რაღაცა მიზეზების გამო, მან ჩათვალა, ახლა მისი ღიად გამოჩენა საჭირო იყო. წელს იმხელა მძიმე ტრაგედია მოხდა შოვში, რომ მან ამაზე ქართველი ხალხისთვის მისამძიმერებაც კი საჭიროდ არ ჩათვალა. ახლა კი, ვფიქრობ, მან რაღაცა გათვლა გააკეთა. გამოკითხულთა 40%, რომელიც მიიჩნევს, რომ არ იცის ხმა ჯერ ვის მისცეს, შესაძლოა ამ ადამიანებმა არჩევნებზე მისვლა გადაწყვიტონ.

„ოცნებას“ აწყობს, რომ არჩევნებზე ეს ხალხი არ მივიდეს და მხოლოდ მისი ამომრჩეველი მიიყვანოს. „ოცნებამ“ კანდიდატის სტატუსი კი მიითვალა, რომ მისი წარმატებაა, მაგრამ ეს სტატუსი ქართველ ხალხს მისცეს. ამით ჩვენი საზოგადოება გაძლიერდა. მოსახლეობას იმედი მიეცა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიღაც ანგარიშს უწევს და მხარში უდგას. ეს კი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს მისცემს მოტივაციას, რომ არჩევნებზე მივიდეს. აი, აქ ხვდება უკვე „ოცნება“, რომ რისკი გაჩნდა ამ ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის გააქტიურების, ამიტომ უკვე ბიძინა ივანიშვილის სახით მძიმე არტილერიის ჩართვაა საჭირო. გამოიყენეს რამაზ ჩხიკვაძის საღამო, სადაც პირველად ივანიშვილი ჯერ ინტელიგენციის წინაშე გამოჩნდა“,-ამბობს ზაქარეიშვილი.

ის არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს თუკი დასჭირდა, მან გააქტიურება კიდევ უფრო დაიწყოს. არც ის იქნება გასაკვირი, თუ რამდენიმე განცახდებას გააკეთებს, ან ინტერვიუს მისცემს. ასევე, ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილი შეცვლის ევროპისკენ და დასავლეთისკენ რიტორიკას, რადგან ევროპამ სტატუსი მაინც მოგვცა. ამიტომ მას დასავლეთის კრიტიკა არაფერში აღარ სჭირდება. თუმცა, ზაქარეიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ის გაზაფხულზე, თუკი საჭიროდ მიიჩნევს, ახალი გუნდით გამოჩნდეს და ძველი სრულიად ჩაანაცვლოს.

Gami ზაქარეიშვილმა ძაბირაძეს "გადაუჯოკრა".
11 თვის უკან
ლაზი ძაბირაძე და ზაქარეიშვილი კი არა, ამერიკის და ევროპის დიპლომატები ვერ ხვდებიან ამ კაცის სვლებს. აქაურები ტყავიდან ძვრებიან დასმენებით, ათასნაირ ინფორმაციას აწვდიან თავიანთ პატრონებს. ისინიც ყველა მხრიდან უჩხიკინებენ, მაგრამ ვერაფერი გაუჩალიჩეს. იქეთ უგებთ სასამართლოებს.
სხვა გუნდი რაში სჭირდება, ამ გუნდში ვინმე, რაიმე პრობლემას ხედავს?
თუ დასჭირდება, ის ახალი ძალაც ისევე არსაიდან გაჩნდება, როგორც ძველი ოცნება.
11 თვის უკან