2023 წელი საქართველოსთვის პოლიტიკურად საკმაოდ ცხელი აღმოჩნდა. იყო აქციები, რომელიც დარბევებით და დაპატიმრებითაც დასრულდა. ქვეყნის ისტორიაში პირველად დადგა პრეზიდნეტის იმპიჩმენტის საკითხი და ბოლოს, წელი სასიხარულო ამბით - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით დაგვირგვინდა.
რითი დაამახსოვრდათ 2023 წელი და რა იყო მნიშვნელოვანი საკითხი? - for.ge ექსპერტებს ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი რესპოდენტები ერთხმად აღნიშნავენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მის მნიშვნელობაზე საუბრობენ, თუმცა არც შიდა პოლიტიკურ მოვლენები ავიწყდებათ.
რამაზ საყვარელიძე: 2023 წელს პოლიტიკურად ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. უმნიშვნელოვანესი დღე ახლახანს გადავიტანეთ - ევროპის კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს. ბუნებრივია, ეს ერთ-ერთი ცენტრალური მოვლენა გახდა. ასევე, გამოვყოფდი მოვლენსას, რომელსაც კანდიდატის სტატუსთან კავშირი აქვს - საქართველოზე გაივლის ევროპისკენ მიმავალი საქონლის ტრანზიტი. ჩინეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც უდავოდ შესაშური და აღნიშვნის ღირსია. ეს ორი შტრიხი საკმარისია“.
ანალიტიკოსი თვლის, რომ 2024 წელი 2023 წელთან შედარებით პოლიტიკურად უფრო მშვიდი იქნება.
„არ მგონია 2024 დიდად ცხელი პოლიტიკური წელი აღმოჩნდეს, რადგან ძალთა თანაფარდობა არ არის ისეთი, როგორც სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა. პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან ახლოს არ დგანან. ამიტომ მათი გულშემატკივრობა დიდ მღელვარებას არ გამოიწვევს“, - აღნიშნა საყვარელიძემ.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს წლის შეჯამება გაუჭირდა, თუმცა კანდიდატის სტატუსის მინიჭება მისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
„სიმართლე გითხრათ, მთლიანი წელი არ გამიანალიზებია. თუმცა, 2023 წელი ჩვენს ისტორიაში შევა - დიდი მღელვარების მიუხედავად, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამ მოვლნამ სხვა ყველა პოლიტიკური მოვლენა გადაფარა“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, 2024 წელი იმდენად ცხელი პოლიტიკური მოვლენებით იქნება დატვირთული, რომ შესაძლოა, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდეც კი მივიდეს.
„2024 წელს არჩევნები გველის, ამიტომ ცხელი პოლიტიკური წელი იქნება. ველოდები, რომ ჩვენს ქვეყანაში რაც კი ნეგატიური რამ მომხდარა, ყველაფერს ფარდა აეხდება. გველის საკმაოდ მძიმე დაპირისპირებები. ეს უკვე ნათლად ჩანს და დადასტურდა კიდეც 15 დეკემბერს ხელისუფლების მიერ გამართულ ღონისძიებაზე, სადაც არც ერთი ოპოზციური წარმომადგენელი და მათ შორის არც პრეზიდენტი ტრიბუნაზე არ მიიწვიეს. როდესაც ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი რამ ხდება და ეს იქცევა პარტიულ ღონისძიებად, იმაზე მეტყველებს, თუ რა ორიენტირი აქვს „ქართულ ოცნებას“ აღებული. აღარაფერს ვამბობ ოპოზიციაზე, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ასე რომ, წელი იქნება ძალიან მძიმე და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გავივლით სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე“, - განუცხადა ვახტანგ ძაბირაძემ FOR.GE-ს.
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე კანდიდატის სტატუსთან ერთად, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ საგარეო პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას.
„უპირველეს ყოვლისა, ათვლის წერტილი უნდა დავიწყოთ იქიდან, თუ საიდან მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. სტატუსი მოიტანა სწორმა, რაციონალურმა საგარეო პოლიტიკამ. სტატუსს ქვეყანა საკუთარი სწორი პოლიტიკით გასულ წელსაც იმსახურებდა, მაგრამ ეს წელს დაგვირგვინდა. ყველაფრი განისაზღვრა იმით, რომ საქართველოს აქვს საშუალება, იყოს არა მხოლოდ ერთ საერთაშორისო აქტორზე დამოკიდებული, პირიქით, გარკვეულწილად საკუთარი თამაშის წესები შესთავაზოს მსოფლიოს გარკვეულ ძლიერ აქტორებს.
ასევე, ჩვენ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ეკონომიკური წინსვლა, რომელიც სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოიტანა. ყველა სექტორში ხელფასები იმატებს. საკმაოდ ბევრი ინფრასტრუქტურული და რეგიონალური პროექტი ხორციელდება. აქედან გამომდინარე, მივიღეთ ის, რომ 28 მილიარდია ქვეყნის ბიუჯეტი. წინა ხელისუფლების ბიუჯეტს თუ შევადარებთ 9 მილიარდიდან გასსამაგებულია. გასსამაგბულია სოციალური დახმარებები, სხვადასხვა ხელმშემწყობი პროგრამები, რეგიონალური განვითარების ბიუჯეტი - ეს მოიტანა 2023 წელმა. რა თქმა უნდა, შიდა პოლიტიკური რყევების მცდელობებიც ბევრი იყო, რაც ქართული პოლიტიკის თანმდევია. ოპოზიციამ საკუთარ გზას არ გადაუხვია, მარტში მოაწყო ქვეყნის გადასატრიალებელი აქცია, რადგან ვითომდა ხელისუფლება „რუსულ კანონს“ იღებდა და სურდათ 2003 წლის ფარსი დაედგათ. მაგრამ, ახლა, 2023 წელია და ფარსი ჩაუვარდათ. მარტის აქციებმა მოიტანა ის, რომ მათ ყველანაირი რესურსი ფუჭად დახარჯეს. ფუჭად იმიტომ, რომ თავიდანვე მარტის აქციების დროს საზოგადოებას წაუკითხავი კანონპროექტები აპროტესტებინეს. აგერ, ახლა ვხედავთ, რომ ანალოგიურ და უფრო მკაცრ კანონს ევროკავშირი იღებს. ანუ, რეალურად პრობლემა სხვა რამეში იყო - ეცადნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანით პოლიტიკური დუღილი აეწიათ. ამაში იყო ჩართული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. პრეზიდენტი ოპოზიციის მხარდაჭერით იმპიჩმენტამდეც კი მივიდა. იმპიჩმენტი შედგებოდა თუ არ შედგებოდა, მეათე ხარისხოვანია. რეალურად, 2023 წელს ხელისუფლებამ იმდენად სწორი პოლიტიკა აწარმოა, რომ შიდა პოლიტიკური რეალური რყევები არ ყოფილა“, - აღნიშნა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, 2024 წელს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მეოთხედ მოვა და ეს იქნება მსოფლოში უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მმართველ გუნდი პოზიციას არ თმობს.
„ცხელი პოლიტიკური წელი გველის, გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნები გველის. ამ საპარალმეტო არჩევნებზე გადაწყდება ხელისუფლება მეოთხე ვადით „ქართული ოცნება“ მოვა თუ არა. ოპოზიციაში გადააგილებები არაფერს შეცვლის. რადიკალები ისევ რადიკალებად დარჩებიან, მაგრამ მათ არ აქვთ ისეთი რესურსი, რომ ხელისუფლებას გაუწიონ წინააღმდეგობა. ოპოზიციის კვლევებიდანაც ჩანს, რომ ხელისუფლება მესამე ვადას ასრულებდეს და მისი რეიტინგი კვლავ მაღალი იყოს, ასეთი ფაქტი მსოფლიოში არ არსებობს. არადა კანონზიომიერებიდან გამომდინარე, პირიქით ხდება ხოლმე. წარმოიდინეთ, რა დონეზეა დაცემული რადიკალური ოპოზიციის რეიტინგი. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური დაძაბულობა გველის“, - განუცხადა ზურაბ ქადაგიძემ for.ge-ს.
ანალიტიკოს ლადო ბოჟაძისთვის კი შიდა პოლიტიკურ მოვლენებთან ერთად, მნიშვნელოვანია საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც 2024 წლის არჩევნები ჩატარდება.
„უპირველეს ყოვლისა, მთელს საქართველოს მინდა კანდიდატის სტატუსის მიღება მივულოცო. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 12 რეკომენდაციიდან მაქსიმალურად ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნა. მათ შორის ოპოზიციის არა მხოლოდ ჩაურთველობის, არამედ საბოტაჟის ფონზე. ოპოზიციამ ფინანსური თუ სხვა სახის რესურსი დახარჯა იმაზე, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. თუმცა, ხელისუფლებამ არ დატოვა რეფორმა, რომლის შესრულებაც მნიშვნელოვანი იყო. ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამავდროულად 9 ახალი რეკომენდაცია მოგვენიჭა, საიდანაც რამდენიმე ახალია, რამდენიმეც ძველი.
რა თქმა უნდა, წელი ასევე მნიშვნელოვანი იყო შიდა პოლიტიკური მოვლენებითაც. თავად ოპოზიციისთვის 2023 წელი ურთულესი აღმოჩნდა. ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა და ეს პროცესი გრძელდება. ზოგადად, არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ მთლინად ოპოზიციას რომ პრობლემები აქვს, ეს ფაქტია და ამას საზოგადოებაც ხედავს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, გუნდი ერთიანად მუშაობს და რეფორმების განხორციელებაში თვითმართველობამაც თავისი წვლილი შეიტანა.
ასევე მნიშვნელოვანია საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტრონული ხმის მიცემა და ხმის ელექტრონული დათვლა, რაც გამორიცხავს გაყალბებას, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებას ხშირად აბრალებს. კენჭისყრის დასრულებიდან ნახევარ საათში გახდება ცნობილი არჩევნების წინასწარი შედეგი. 26 ოქტომბერს არც ერთი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგება და ვისაც ამომრჩეველი გადაწყვეტს, ის იქნება ხელისუფლებაში.
სამწუხაროდ, 2023 წელის პოლიტიკურ ისტორიას შემორჩება პრეზდენტის იმპიჩმენტის საკითხი, რომელიც აქამდე არასდროს დამდგარა. იმპიჩმენტის საფუძველი წმინდა სამართლებრივად დადგა. თუმცა პოლიტიკური გადაყვეტილება იქნა მიღებული საქართველოს პარლამეტის მიერ და ფაქტობრივად, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი პოსტზე დატოვა რადიკალურმა ოპოზიციამ. არადა, ეს ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არასდროს აღიარებდა. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი ვერ აღმოჩნდა და ბოლო ორი წელია „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტად გვევლინება“, - ამბობს ლადო ბოჟაძე პოლიტიკური წლის შეფასებისას.
მისივე თქმით, 2024 წელს ოპოზიცია კვლავ ყველანაირი ხერხით ეცდება ხელისუფლებაში დაბრუნებას.
„ველით ცხელ პოლიტიკურ წელს, რადგან საპარლამენტო წელია. ოპოზიციისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ - მიღებულ თუ მიუღებელ ბრძოლის წესებს. მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ომისთვისაც კი მზად არიან. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებიან. ამ თვალსაზრისით, ცხელ პოლიტიკურ წელს ველოდებით. მეორე მხრივ ხელისუფლება მშვიდად გააგრძელებს ქვეყნის მართვას“, - განუცხადა ბოჟაძემ for.ge-ს.