ტენდერის მეშვეობით მონოპოლიამ სამაშრუტო ბიზნესშიც შეაღწია

ტენდერის მეშვეობით მონოპოლიამ სამაშრუტო ბიზნესშიც შეაღწია

სამარშრუტო ბიზნესი ხელში მონოპოლისტებმა ჩაიგდეს. ასეთი ეჭვი თავად მძოღლებს კარგა ხანია ჰქონდათ, მაგრამ ახლა უკვე ოპოზიციასაც გაუჩნდა და თუკი ტენდერის შედეგებს, პირობებს და გამარჯვებული კომპანიების სიას გადავხედავთ, ვინძლო ამგვარი ეჭვი ჩვეულებრივ მოქალაქესაც გაუმძაფრდეს. 

თბილისის მერიის მიერ საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთათვის გამოცხადებული კონკურსის შედეგი უკვე ცნობილია. 5 ლოტზე გამარჯვებული 4 კომპანია გამოვლინდა, ესენია: შპს “თბილ ლაინი”, შპს “კაპიტალ გრუპი”, შპს “თბილ ქარი” და შპს “ფაბლიქ ქარი”. 

საკონკურსო განაცხადში აღნიშნულმა კომპანიებმა თანამედროვე სტანდარტის, 2011 წელს წარმოებული მანქანები წარადგინეს. ამასთან, მიკროავტობუსში ელექტრონული გადახდის აპარატი დამონტაჟდება, რადგან დაგეგმილია სამარშრუტო ტაქსების გადახდის ერთიან საბარათე სისტემაში გაერთიანება. 

ახალი მიკროავტობუსით მგზავრობისას თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირები ყველა იმ შეღავათით ისარგებლებენ, რომლითაც დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას სარგებლობენ.

გამარჯვებული კომპანიები ვალდებულებას იღებენ, რომ პირველ ეტაპზე ამ სფეროში მომუშავე ყველა მძღოლი დაასაქმონ. ეს პირობა კონკურსანტებს თბილისის მერიამ საკონკურსო განაცხადში დაუწესა. 

ასე რომ, თბილისში 15 ოქტომბრიდან ყვითელი ფერის სამარშრუტო ტაქსები იმოძრავებენ. მათ კონდიცირების სისტემაც უნდა გააჩნდეს.  სამარშრუტო ტაქსები 2011 წლის გამოშვების “ფორდტრანზიტის” მარკის იქნება, რაც გადამყვანი კომპანიის გამოსავლენად მერიის მიერ გამართული ტენდერის პირობებითაა გათვალისწინებული. 

როგორც მერიაში შექმნილი სპეციალური სატენდერო კომისიის წევრმა, ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელმა ლავრენტი ალანიამ განაცხადა, ტენდერში გამარჯვებულ ოთხ კომპანიასთან მერია ხელშეკრულებას ერთი თვის შემდეგ გააფორმებს.  

ტრანსპორტის პროფავშირსა და მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ გადამზიდავ კომპანიებთან მემორანდუმი ფორმდება. მემორანდუმის ხელმოწერას თბილისის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძეც დაესწრება.  

“მემორანდუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამარშრუტო ტაქსებზე მომუშავე მძღოლებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა. დოკუმენტის სხვა დეტალებს კი, ხელმოწერის შემდეგ გავახმაურებთ”, - აცხადებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია. 

ტენდერის შედეგებმა ოპოზიციის ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ოპოზიციონერი დეპუტატის ჯაბა სამუშიას შეფასებით, დედაქალაქის სატრანსპორტო გადაზიდვის ქსელში მონოპოლისტი შემოდის. 

როგორც სამუშაიამ განაცხადა, მერიაში გამართულ დღევანდელი სატენდერო კომისიის სხდომაზე მან გამარჯვებულ კომპანიებს მხარი არ დაუჭირა, რადგან მათ წარმომავლობასა და ფინანსურ შესაძლებლობებს ეჭვქვეშ აყენებს. მისი თქმით, სამარშრუტო ტაქსების ქსელი, დაახლოებით, 100 მლნ ლარამდე ინვესტიციას საჭიროებს, რათა მათ ტენდერით გათვალისწინებული პირობები დააკმაყოფილონ. 

“ჩემთვის გაურვეველია, საიდან აპირებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები 100 მლნ ლარის ოდენობის თანხის მოტანას. მე ფინანსებთან დაკავშირებით მათ კითხვები დავუსვი, მაგრამ პასუხები ვერ მივიღე. შესაბამისად, სატენდერო კომისიის სხდომაზე მათთვის მხარი არ დამიჭერია. ვფიქრობ, სამარშრუტო ქსელში მონოპოლისტი კომპანიები შემოვიდნენ”, - აღნიშნა სამუშიამ. 

სამარშრუტო ტაქსებით მგზავრთა გადაყვანის ტენდერს ლეიბორისტული პარტიაც ეწინააღმდეგება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის პაატა ჯიბლაძის აზრით, ტენდერი მიკერძოებულად ტარდება და მისი დასრულების შემდეგ სამარშრუტო ტაქსების მძღოლების დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩება. 

თბილისის მერიამ ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსი 2010 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა, რაც თბილისელებისთვის კომფორტული, უსაფრთხო და უკეთესი სატრანსპორტო მომსახურების შეთავაზებით ახსნა. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საბუთების წარსადგენად 40-დღიანი ვადა დაუწესდათ, რომელიც 14 იანვარს ამოიწურა. იანვრის ბოლოს კი გამარჯვებუელბიც გამოვლინდნენ.