კრემლი გეგმას არ ცვლის, უკრაინის დენაციფიკაციის ამოცანა აქტუალური რჩება. ამის ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტმა აშშ-ში უკრაინისთვის დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემა კიდევ უფრო გაართულა. „რესპუბლიკური პარტიისთვის“ მთავარ საზრუნავს საზღვრის დაცვის საკითხი წარმოადგენს. როგორც ირკვევა, ვიზიტის ფარგლებში საერთოდ არ განხილულა პრობლემა, რომელიც უთანხმოების მთავარ მიზეზს წარმოადგენს.
ვაშინგტონში ზელენსკის მოკავშირეები ფიქრობდნენ, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტი სწორი სიტყვით გამოვიდოდა, „რესპუბლიკელები“ გვერდზე გადადებდნენ საზღვრის დაცვის საკითხზე მოლაპარაკებებს და დააჩქარებდნენ უკრაინის დახმარების დამტკიცებას.
როგორც გამოცემა Foreign Policy წერს, პოლიტიკური გადასახედიდან ეს შეუძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ საზღვრის დაცვის საკითხი ცხარე პოლიტიკური დისკუსიების საგნად იქცა, განსაკუთრებით წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონისთვის, რომელიც ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი მყიფე უმრავლესობის ერთიანობა.
შემცირებული დახმარების მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ახალ კონტრშეტევას გეგმავს. გერმანულ გამოცემა Welt-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, 2024 წელს მოაგროვებს რესურსებს ახალი ოპერაციებისთვის. როგორც Welt წერს, ზალუჟნი ზაფხულის კონტრშეტევაზე მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო დათანხმდა. მთავარსარდალი არ ხედავდა წარმატების შანსს საკმარისი საჰაერო მხარდაჭერის გარეშე. ამიტომ, მან შეცვალა შეტევა მცირე ქვეითი ჯგუფების თავდასხმისთვის აღჭურვილობის გამოყენებით, რაც ჭკვიანური ნაბიჯი იყო. მცირე დანაყოფებზე თავდასხმით მან თავისი ჯარისკაცები, იარაღის სისტემები დასავლეთიდან შეინარჩუნა და მნიშვნელოვანი დრო მოიგო. როგორც ირკვევა, უკრაინა აგროვებს რესურსებს ახალი კონტრშეტევისთვის მომავალ წელს და შეტევის ერთ-ერთი მიმართულება შესაძლოა, ხერსონის რეგიონი იყოს. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, აუცილებელი გამანადგურებელი თვითმფრინავების, თავდასხმის შვეულმფრენების და უპილოტო თვითმფრინავების არსებობით, უკრაინას შეუძლია მხარი დაუჭიროს თავისი ჯარების წინსვლას, მით უმეტეს, რომ ამ რეგიონში რუსული სიმაგრეები თითქმის არ არის, თუმცა პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ეს ყველაფერი უკრაინას არ აქვს.
პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან დაპირისირებული ზალუჟნი შეძლებს თუ არა ახალი კოტრშეტევის დაგეგმვას, ამასთან დაკავშირებით, სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ სამხედროები ემორჩილებიან პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და ეს სისტემა ძალიან კარგად არის უკრაინაში დამუშავებული, რომლის მოშლა კრემლმა ვერც ერთ ნაწილში ვერ შეძლო.
„მოხდება კოორდინირებული დაგეგმვა. რა თქმა უნდა, შეტევის რესურსი უკრაინელებსაც გააჩნიათ და რუსულ საოკუპაციო ძალებსაც. პრინციპში, ამ ეტაპზე ძალთა ბალანსი არის თანაბარი - ორივეს გააჩნია კონტრშეტევის განხორციელების შანსი. უკრაინას აქვს შანსი, რომ დაგეგმოს და განახორციელოს კონტრშეტევა, მაგრამ როგორ დაგეგმავენ და როგორ გააკეთებენ ამას, ეს სხვა საკითხია. ვიმეორებ, პოტენციალი და საშუალება უკრაინის ხელისუფლებას და შეიარაღებულ ძალებს გააჩნია.
ახალი კონტრშეტევა იქნება თუ არა წარმატებული, არსებული წარუმატებლობის ფონზე, მიჭირს ამაზე საუბარი - სპეციფიკის საკითხია. სამხედრო დონეზე ამის განხილვა ცოტა რთულია ამ ეტაპზე, მაგრამ თავისუფლად შეიძლება სხვადასხვა გარკვეული ფრონტის მიმართულებით კონტრშეტევაზე გადასვლა. რუსებსაც არ აქვთ კარგი სიტუაცია ხერსონი-ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზებზე. მათ შეძლეს დონბასის, ლუგანსკის და ხარკოვის მიმართულებით ე.წ. სუროვიკინის თავდაცვითი ხაზის შექმნა და სულ ეს არის. სხვა მიმართულებით საკმაოდ მყიფე პოზიციები აქვთ. ასე რომ, იქ სავსებით შესაძლებელია ახალი შეტევის განხორციელება. როგორ განახორციელებს უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევას, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ პოტენციალი და საშუალება უკრაინელებს გააჩნიათ“, - აცხადებს მაისია.
როგორც სამხედრო ექსპერტი აცხადებს, უკრაინელების მიერ წარუმატებელმა კონტრშეტევამ სიტუაცია ვერ შეცვალა, სიტუაცია თანაბარია და გარკვეული მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გარკვეულ პარამეტრებში მეტი წარმატება აქვს, ვიდრე რუსეთის საოკუპაციო ძალებს.
„არაფერს არ ნიშნავს ის, რომ ამ წელს უკრაინელებს ჰქონდათ ჩავარდნა, მანამდე სულ რუსებს ჰქონდათ ჩავარდნა. უკრაინელებმა შეძლეს და კიევის სამხედრო საფრთხე გადაწიეს, შეძლეს სახელმწიფო საზღვრების აღდგენა, განსკუთრებით ჩრდილო დასავლეთის მიმართულებით, რაც საკმაოდ დიდი მიღწევაა - ხარკოვი დაიცვეს და მოუხსენს პირდაპირი სამხედრო საფრთხე.
რუსებმა წაიწიეს ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით, თუმცა ვერ შეძლეს, რომ დიდი ტერიტორია დაეკავებინათ. სიტუაცია არის თანაბარი, ამიტომ უკრაინელებს აქვთ საკმაოდ კარგი კარტ-ბლანში, მაგრამ როგორ გამოიყენებენ, ეს მათზეა დამოკიდებული“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისია.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი არ გამორიცხავს, რომ ახალი კონტრშეტევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გარკვეულ დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებდეს, რომლის დანიშნულება იყოს დემოლარიზაციის ფონის ნეიტრალიზება, რომელიც უკრაინის ხელისუფლებაში შეიარაღებულ ძალებში და საერთოდ, საერთაშორისო საზოგადოებაში დამკვიდრდა მას შემდეგ რაც დაფიქსირდა აშშ-ს ხელისუფლების ოფიციალური უარი საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის დახმარების შესახებ.
„მეორე ვერსიად შესაძლებელია განვიხილოთ გარკვეული ფინანსური, სამხედრო და კრიმინალური ჯგუფების გაერთიანება. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ორი ტიპის დახმარება, ეს შეიძლება იყოს ლეგალური და არალეგალური. ამ შემთხვევაში, როდესაც აშშ იძულებული გახდა, რომ ლეგალურ დახმარებაზე უარი ეთქვა, შესაძლებელია, რომ გარკვეულმა წრეებმა მნიშვნელოვანი დახმარება განახორციელონ უკრაინასთან მიმართებაში. ეს არის ვერსიების დონზე, თუმცა რეალობის დაზუსტება ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ძალიან გაგვიჭირდება.
ფაქტი სახეზეა აშშ-ის აღნიშნული დამოკიდებულება, ალბათობის მაღალი ხარისხით, უკავშირდება იმ მოვლენებს, რაც მსოფლიოში ვითარდება. ეს არის მსოფლიოს ახალი გადანაწილების პროცესი და ვფიქრობ, რომ უფრო მაღალი ფსონი არის დადებული გარკვეულ გეოგრაფიულ მონაკვეთებზე, სადაც აშშ-ის კონტროლის ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე უკრაინის. ამიტომ, თუ მოვლენები ასე განვითარდა, ვფიქრობ და არსებობს იმის ალბათობა, რომ ზოგადად, უკრაინამ, როგორც სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტოს და მისი ტერიტორიების გადანაწილება მოხდეს არა მარტო რუსეთის ფედერაციის, არამედ განსაკუთებით სხვა მეზობელი სახელმწიფოების მიერ. მათ ასეთი პრეტენზიები შესაძლებელია უკვე აქვთ კიდევაც“, - ამბობს კუხალაშვილი.
რაც შეეხება არალეგალურ გზას, დავით კუხალაშვილის განცხადებით, ეს არის გარკვეული ფინანსური და სამხედრო წრეები, რომლებიც შესაძლებელია ამ კონფლიქტში ჩაერთონ როგორც სპონსორები. ეს შეიძლება იყოს რიგ სახელმწიფოთა მონაწილეობითაც, მაგრამ, მისი თქმით, გადაფარული იყოს სწორედ კონკრეტული წრეების მიერ და ამ შემთხვევაში, ძირითადად, გამოყენებული იქნას შავი ხვრელებიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც სპეციალურად იწყობა.
„ამას აწყობენ უცხო ქვეყნის სადაზვრევო სამსახურები, რომ კონკრეტული აუცილებლობის შემთხვევაში, ფინანსური შემოსავლები მოხმარდეს ასეთი ტიპის კონფლიქტებში სხვადასხვა სახის მხარდაჭერას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ ვერსიის გამორიცხვაც არ შეიძლება. ამიტომ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე უკარაინას კონტრშეტევის წამოწყება და წარმატების მნიშვნელოვანი საფუძვლები არ გააჩნია. ამაზე მეტყველებს ის ოპერატიული ვითარება, რომელიც არის უკრაინის შიგნით.
ის საერთაშორისო ვითარება, რომელიც თანამედროვე ეტაპზეა, წარმატებაზე ფიქრი ცოტა ზედმეტია. მით უმეტეს ასეთ არალეგალურ დახმარებას ყოველთვის აქვს თავისი დადებითი შედეგები, მაგრამ განსაკუთრებული შედეგი და წარმატების იმედი სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მაშინ, როდესაც მის მიმართ გამოხატავენ ლეგალურ მხარდაჭერას, ეს იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის დახმარება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.