გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ გიორგი კობერიძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 11 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა
- რას ელით ზამთრის ოპერაციისგან და როგორი შეიძლება იყოს 2024 წლის მიწურულს პოლიტიკური სურათი?
- 2023 წლის მსგავსად ზამთრის ოპერაცია წელსაც აქტიური იქნება. რუსეთი ახლაც აქტიურობს ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით. დონეცკის გარეუბნის, მარინკის 95%-ის დასაკავებლად რუსეთმა დიდი რესურსი გაიღო. ავდეევკაც დიდი დასახლებაა, სხვათა შორის, მას დონეცკის ყელზე მიდებულ დანას უწოდებენ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. ამ მიმართულებით რუსებს დიდი დანაკარგი აქვთ, შედეგი კი არსებითად არა. რას ნიშნავს ეს? ან მთელი ზამთრის ოპერაცია გაგრძელდება ისეთი შეტევებით, როგორიც ავდეევკაზე, მარინკაზე და მანამდე ხარკოვის ოლქის მიმართულებით კუპიანსკის ოლქში მიმდინარეობდა, ან ეს არის მოთელვა და რუსეთი რაღაც ძალიან დიდი ამბისთვის ემზადება. გაზაფხულისთვის რომ საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება, ცხადია, მაგრამ რა მასშტაბის იქნება და ვინ იქნება შემტევი, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. რაც შეეხება 2024 წლის პოლიტიკურ ვითარებას, ამის კონტურები უკვე ჩანს - მსოფლიო ორ ბანაკად იყოფა. რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზის არ იყოს, ამაშიც ის იქნება მთავარი, ვინ დაიღლება პირველად. დასავლეთში უფრო მოხშირდა საუბრები იმის შესახებ, მოდი, უკრაინა დავივიწყოთო. რუსეთს მოქმედების უფრო მეტი თავისუფლება აქვს - შეუძლია ისრაელში არიოს სიტუაცია, ირანის კარტი გაათამაშოს ან ვენესუელაში კრიტიკული ვითარებით ისარგებლოს. დასავლეთს ამის ფუფუნება არა აქვს.
- ბაიდენის ადმინისტრაციაშიც მატულობს რწმენა, რომ კიევს ომში გამარჯვებისთვის მცირე შანსი რჩება, ხომ არ არის შესაძლებელი ზელენსკის ტრამპის გაპრეზიდენტებამდე აიძულონ პუტინთან ზავის დადება?
- ზელენსკი კი არა, ახლა ზავის დადებას პუტინი არ დათანხმდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა ყირიმს დათმობს. რატომ? თუ დასავლეთი დაიწყებს უკრაინის დარწმუნებას, რომ დაზავდეს, რუსეთი ჩათვლის, რომ ომს იგებს და დასაზავებელი არაფერი აქვს. პუტინი ზავსა და ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამოსუნთქვა დასჭირდება, თუ ომი ძალიან გაგრძელდა, ძალთა ბალანსი დიდხანს არ შეიცვალა და სიტუაცია ჩიხში შევა, ან თუ რუსეთის მდგომარეობა დამძიმდება და უკრაინელებს უპირატესობა ექნებათ. ასეთ სიტუაციაში რუსეთი შეიძლება თავად იყოს ინიციატორი, მაგრამ გამორიცხულია, დასავლეთის ინიცირებულ ზავს დათანხმდეს.
- რა არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება რუსეთმა ზავის დადების შემთხვევაში მოითხოვოს?
- იმ ტერიტორიების სრულად დაცლა, რაც ანექსირებულად აქვს გამოცხადებული. შეგახსენებთ, რუსეთს ანექსირებულად აქვს გამოცხადებული ხერსონიც, ზაპოროჟიეც და დონეცკიც, ასევე ლუგანსკის მთელი ოლქი, რომლის დიდი ნაწილი ისედაც მიტაცებული აქვს. თუ რუსეთის მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობას ძალიან დიდი კითხვის ნიშანი დაესმება. ამასთან ეს იქნება პრეცედენტი იმისა, რომ მსოფლიოში დაპყრობითი ომები დაბრუნდება.
- რისი ტოლფასი იქნება ეს ყველაფერი დასავლეთისთვის?
- ეს იქნება ევროპის სუიციდი! არა მარტო დიდი ქვეყნებისთვის, არამედ ყველა პატარა მეზობელი სახელმწიფოსთვის. უპირველესად ბელარუსი გაქრება რუკიდან, მას მიჰყვება ლატვია. ამ ქვეყნის დიდი ნაწილი მაინც რუსულენოვანია და დიდი პროტესტიც არ ექნებათ. იმავე მოცემულობის წინაშე აღმოჩნდება ესტონეთის აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც რუსები კომპაქტურად არიან დასახლებული. თუ გამოკითხვებს დავუჯერებთ, რუსეთში ომის მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდა. ამ მოცემულობით რუსეთ-უკრაინის ზავის დადების შედეგი იქნება არა ომის დასასრული, არამედ ახალი ომების დასაწყისი.
- ამ დროს როგორი შეიძლება იყოს ამერიკის პოზიცია? ამ შემთხვევაში ნატო არ უახლოვდება რუსეთს, პირიქით, რუსეთი უახლოვდება ნატოს.
- კი ბატონო, ნატოს უსაფრთხოების ქოლგას დიდი საფრთხე დაემუქრება. არ არის გამორიცხული, ამ ამბავმა წააქეზოს ჩინეთი. ოფიციალური პეკინი დაიჯერებს, რომ კონსოლიდირებული დასავლეთის დამარცხება შესაძლებელია და აუცილებლად დაესხმება ტაივანს. თუ ჩინეთი ტაივანს დაიპყრობს, ჩათვალეთ, რომ ამერიკას ფარი ჩამოეშლება წყნარი ოკეანის აუზში. არც ის დაგვავიწყდეს, რომ დავის საგანი არის არქტიკა. რუსეთს ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის მიდამოებში რესურსების საძიებო სამუშაოები აქვს და სამხედრო ინფრასტრუქტურასაც აშენებს. ეს ნიშნავს, რომ კანადის საზღვარს უახლოვდება. რუსეთი ნორვეგიასაც ედავება რამდენიმე კუნძულს... თუ რუსეთმა უკრაინის სახით კოლექტიური დასავლეთი დაამარცხა, მას აუცილებლად გაეზრდება მადა, რომელიც შეიძლება ვერასდროს დაიოკოს. საქართველოზე აღარც ვლაპარაკობ.
- მართალია, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი დროა, მაგრამ მაინც საინტერესოა, პრეზიდენტობის რეალური კანდიდატის, ტრამპის პოზიცია. რას უნდა მივაწეროთ მისი ლოიალურობა რუსეთთან, ამერიკის სახელმწიფოებრივ ინტერესებს სწორად ვერ აღიქვამს?
- დონალდ ტრამპი არაპროგნოზირებადი ფიგურაა. მისი პოლიტიკა ძალიან ორაზროვანი და ცვალებადია, არავინ იცის, კრიტიკულ ვითარებაში როგორ მოიქცევა. არ არის გამორიცხული, თუ პრეზიდენტი გახდა და რუსეთ-უკრაინის საკითხის გადაწყვეტამ მოუწია, ძალზე მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღოს. სხვათა შორის, ბაიდენზე უფრო სხვაგვარი მოლოდინი იყო, ყველას ეგონა, რომ ის რუსეთთან გაცილებით ხისტი იქნებოდა, ვიდრე არის. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბაიდენის პარტიის წევრები, მათ შორის, კონგრესის ახალი თავმჯდომარე, არც ისეთი ანტიუკრაინელი აღმოჩნდა, როგორიც ეგონათ. მათი პოლიტიკა ცნობილია იმით, რომ ძალიან არაორდინარულები არიან, და ეს ნამდვილად ქმნის პრობლემას, ძალიან რთულია განსაზღვრა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამა თუ იმ ვითარებაში. სხვათა შორის, ისიც ცნობილია, რომ ტრამპს პუტინი პერსონალურად ესიმპათიურება და ბევრ რამეში ჰბაძავს კიდეც.