როგორც ანალიტიკოსები ფიქრობენ, ბოლო ყველა კვლევის მიხედვით, ოპოზიცია ასეთ მძიმე მდგომარეობაშია, ამგვარად სუსტი არასდროს ყოფილა. მათი აზრით, თუკი ოპოზიცია ამ მოცემულობით მივიდა 2024 წლისთვის, მაშინ „ოცნებას“, კვლავ, ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლის შანსი აქვს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ სუსტი ოპოზიცია კიდევ უფრო საშიშია, რადგან მათ ქვეყანაში დესტრუქციის მოწყობის სხვა რესურსი აღარ გაააჩნიათ.
ბოლოს გამოქვეყნებული NDI-ის უახლესი კვლევის მიხედვით უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 4% უჭერს. დანარჩენ ოპოზიციას კი ამაზე მძიმე მდგომარეობა აქვს.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო კვლევების მიხედვით, ოპოზიციის ელექტორალური მხარდაჭერა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც ნიშნავს, რომ მათ ქუჩის რესურსიც არ აქვთ.
„ბოლო წელიწად-ნახევარია, რამდენიმე კვლევა ჩატარდა და არც ერთხელ არ გვქონია 50 პროცენტზე დაბალი მაჩვენებელი და ჩვენი მაჩვენებელი 50 პროცენტს კარგად იყო აცილებული. ეს, მათ შორის, განპირობებულია იმით, რომ ოპოზიციური ელექტორატი ვეღარ ხედავს საკუთარ არჩევანს ოპოზიციის შიგნით, რადგან ადამიანები ხედავენ ყველაფერს. ხაბეიშვილს იმაზე ნაკლები აძლევს ხმას, ვიდრე თავის დროზე თუნდაც მელიას აძლევდა. წარმოიდგინეთ, რა მძიმე არჩევანია, ერთ მხარეს არის ერთი უბედურება და მეორე მხარეს მელიაზე მეტი უბედურება. მელიაზე მეტი უბედურება როგორ შეიძლება კაცმა წარმოიდგინოს, მაგრამ არის - ხაბეიშვილი“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, არსებობს თუ არა არსებულ რეალობაში სრულიად ახალი ძალების გამოჩენის პერსპექტივა, რომელმაც შესაძლოა, ელექტორალური მხარდაჭერის სურათი მთლიანად შეცვალოს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სისტემა ხელოვნურად არის ჩაკეტილი და ეს 2013 წლიდან მოყოლებული პირდაპირ გარედან არის თავს მოხვეული, როდესაც ცდილობდნენ, მესამე ძალად გაესაღებინათ ჯერ „ლელო“, შემდეგ კი – გახარიას პარტია, რომლებიც სინამდვილეში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გაგრძელებაა“.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ქვეყნისთვისვე არ არის კარგი, როდესაც ხელისუფლებას ასეთი სუსტი ოპოზიცია ჰყავს. აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნებისთვისაც“ კი არ შეიძლება ასე, მონოპოლურად გამარჯვებადი პარტია იყოს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები იმდენად განულებულები არიან, რომ მოსახლეობას მათი არსებობაც კი დაავიწყდა.
„ოპოზიციის მუდმივი დღის წესრიგი არის ქვეყნის დესტრუქციისკენ წაყვანა, არევა და როგორმე ხელისუფლებაში მოსვლა. მათ, რეალურად, ქართველი ხალხი არ ადარდებთ. არც ერთი მათგანი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საჭირბოროტო საკითხებზე არ საუბრობს. ხალხმა დაინახა, რომ რეგიონში შემქნილი უმძიმესი სიტუაციიდან გამომდინარე, „ოცნებამ“ აწარმოა მშვიდობის პოლიტიკა, რაც ძალიან კარგად გამოუვიდა. ამის მიუხედავად, ოპოზიცია მუდმივად აპელირებდა იმაზე, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო ჩვენს ქვეყანაში და ომის პროპაგანდას ეწეოდნენ. ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, ვის რა უნდოდა და საით მიჰყავდათ ქვეყანა. ამიტომ „ოცნების“ რეალური კონკურენტი ოპოზიციურ ფლანგზე არ არის. მთავარი ოპოზიციური პარტია ენმ ხელსა და თვალს შუა იშლება. შესაძლოა, სამ ნაწილადაც კი გაიყოს. დანარჩენ პატარა პარტიებს კი პულსიც აღარ ესინჯებათ და განულებულები არიან. ვნახეთ გამოკითხვები, სადაც უმძიმესი რეალობაა მოცემული. გაყალბებულ კვლევაშიც კი ვერ დამალეს ის უბედურება, რაც ოპოზიციას სჭირს. არ ვიცი 2024 წლამდე საერთოდ ასე როგორ და რა ფორმით მიაღწევენ“, - ამბობს აბაშიძე.
ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია იმდენად სუსტია, ამაზე მძიმე სიტუაციაში ჯერ არ ყოფილან. გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს არ არის ოპოზიცია, ესენი არიან მე-5 კოლონა, რომელსაც კონკრეტული მიზნებისთვის აფინანსებენ, ამიტომ მათ მიმართ ხელისუფლება მაინც ფრთხილად უნდა იყოს.
„ეს ადამიანები ბენზინის ავზთან დგანან და მათ პატრონებს ასანთი აქვთ მიცემული. რა წუთშიც ეტყვიან, იმ წუთიდან ქვეყანას არევენ. ჩვენ 7-8 მარტს ძალიან მძიმე სიტუაციას გადავურჩით. გრიგორიადისმა აღიარა, რომ აპირებდა პოლიციის დაწვას. ეს არის ეშმაკური სვლები, რომელსაც თავის ჭკუით აკეთებენ. ძალიან ცუდ დღეში არიან და ვფიქრობ, ასეთ დროს, უფრო საშიშები არიან. რა დროს რა დავალებას მიიღებენ და რას მოიმოქმედებენ, კაცმა არ იცის.
ყველა ღონე უნდა ვიმხაროთ იმისთვის, იქნება ეს ამომრჩეველი, სახელმწიფო სტრუქტურები თუ სხვადასხვა, აუცილებლად ეს რადიკალური ძალა დაბლოკილი უნდა იყოს კონსტიტუციის ფარგლებში. ეს ხალხი წავა ყველაფერზე, ამიტომ უნდა გამოჩნდეს ქვეყანაში ის ძალა, რომელიც რეალური ოპოზიცია იქნება. გააკრიტიკებს ხელისუფლებას, მაგრამ ქვეყნის დესტრუქციაზე წამსვლელი არ იქნება. ესენი არიან ის ძალა, რომელიც საქართველოს პოლიტიკას უნდა ჩამოშორდნენ. ამის გამკეთებელი კი ქართველი ხალხია. როცა მივა ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან, დარმწუნებული ვარ, ამ ხალხს ისტორიულ სანაგვეზე გაუშვებს“, - ამბობს გვენეტაძე.