ჯო ბაიდენმა ვერ შეაჩერა რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ყოყმანობდა, როდესაც საქმე ეხებოდა იმ იარაღის მიწოდებას, რომელსაც უფრო ადრე შეეძლო სიტუაციის არსებითად შეცვლა, - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი სარედაქციო სტატიაში.
"გავრცელებული აზრი ის არის, რომ ბაიდენი უკრაინას დაეხმარა და ამასთანავე ფრთხილად მოქმედებდა, რათა თავიდან აეცილებინა რუსეთთან უფრო ფართო ომი, თუმცა ეს აზრი უგულებელყოფს იმას, რომ ბაიდენმა ვერ შეაჩერა [უკრაინაში რუსეთის] შეჭრა და ყოყმანობდა იმ იარაღის მიწოდებაზე, რომელსაც უფრო ადრე შეეძლო სიტუაციის არსებითად შეცვლა. ომი ახლა სისხლისმღვრელ ჩიხში შევიდა, რამაც ძირი გამოუთხარა კონგრესში რწმენას, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს", - ნათქვამია სტატიაში.
როგორც გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს, ბაიდენის ყოყმანისა და [სამხედრო დახმარების] მიწოდების დაგვიანების ქრონოლოგია შემდეგია:
მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები. უკრაინელებმა გენიალურად გამოიყენეს HIMARS-ის სისტემა, მაგრამ ბაიდენი ყოყმანობდა აღნიშნული შეიარაღების გაგზავნაზე.
Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემა. მიწოდება მხოლოდ 2023 წლის აპრილს მოხდა.
ტანკები. Abrams-ის პირველი ტანკები ბრძოლის ველზე უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყებიდან რამდენიმე თვეში გამოჩნდნენ. თეთრი სახლი მიწოდების ამ რვათვიან განრიგს წარმოაჩენს, როგორც წარმატების ისტორიას.
გამანადგურებლები. ბაიდენი 2023 წლის იანვარში ეწინააღმდეგებოდა გამანადგურებლების მიწოდებას, როდესაც უკრაინის მოთხოვნა უფრო დაჟინებული გახდა. "არა", - განაცხადა მან, როდესაც ჰკითხეს, მიაწოდებდა თუ არა აშშ უკრაინას F-16-ს. "არა", - განუცხადა მან ABC News-ს თებერვალში და დასძინა, რომ "უკრაინას „ახლა F-16-ი არ სჭირდება".
არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა შარშან განაცხადა, რომ ATACMS-ის მიწოდებამ აშშ შესაძლოა "მესამე მსოფლიო ომისკენ მიმავალ გზაზე" დააყენოს, თუ უკრაინა დაარტყამს სამიზნეებს რუსეთის შიგნით.
გაზეთი The Wall Street Journal-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ყველაფერმა შეანელა უკრაინის წინსვლა და პუტინს აფიქრებინა, რომ მას შეუძლია გაუმკლავდეს დასავლეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერას.
"უფრო მეტი სიმტკიცის მქონე მთავარსარდალი იმუშავებდა ორპარტიული კოალიციის ჩამოყალიბებაზე იმ სტრატეგიის შემუშავებით, რომელიც დაეხმარებოდა უკრაინას ბრძოლის ველზე გამარჯვებაში", - წერს გაზეთი.