NDI-ის კვლევის თანახმად, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებს არც ერთი პარტია არ ემსახურება. თუკი NDI-ის მონაცემებს დავეყრდნობით, „ქართული ოცნების“ ყოველი მეხუთე მხარდამჭერი, თითქმის ყოველი მეორე ოპოზიციის მხარდამჭერი და გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა უმრავლესობა ამბობს, რომ არ არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2%-ია.
როგორც NDI-ის კვლევა ამბობს, გამოკითხვის მიხედვით, უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 47% ამბობს, რომ არც ერთი; 19% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს; 4% „ნაციონალურ მოძრაობას“; 13%-მა უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე, 6%-მა - არ იცის. როგორც ირკვევა, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.
გარდა ამისა, უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებს არც ერთი პარტია არ ემსახურება. კითხვაზე - „არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს?“ - გამოკითხული პირების 62% პასუხობს - „არა“; 29% ამბობს კი; 7%-მა არ იცის; 2% პასუხზე უარს ამბობს.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 19%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 4%; სხვა პარტიები - 12%; არც ერთი პარტია - 47%; 13% კი უარს ამბობს პასუხზე.
რაც შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობას, გამოკითხულთან 16% კარგად აფასებს პრეზიდენტის საქმიანობას; 41% საშუალოდ, 30% კი ცუდად. გამოკითხულთა 29% დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, 37% საშუალოდ; ხოლო 26% უარყოფითად აფასებს. ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის მარტთან შედარებით ორი პროცენტით შემცირდა. ექვსი პროცენტით გაიზარდა მაჩვენებელი, რომელიც საშუალოდ აფასებს პრემიერის საქმიანობას, ხოლო ერთი პროცენტით შემცირდა მაჩვენებელი, რომელიც მუშაობას კარგად აფასებს.
რაც შეეხება ქვეყნის საგარეო ვექტორს, შარშანდელთან შედარებით 10%-ით შემცირდა მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს. პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან - ასე ფიქრობს 36%. ეს მაჩვენებელი გასული წლის ივლისთან შედარებით 5%-ით გაიზარდა. 14%-მა არ იცის. 8% ამბობს, რომ პრორუსული უნდა იყოს, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატო-სთან. 2% კი ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრორუსული.
ასეთია NDI-ის, ერთი შეხედვით, საკმაოდ უცნაური კვლევის შედეგები. როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, ადრე უფრო დალაგებული იყო სურათი, როდესაც NDI და IRI ცდილობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებზე აეწყოთ შედეგები. ახლა უკვე ეს სურათი არც IRI-ის კვლევაში იკითხება ასე ცალსახად და მით უმეტეს NDI-ის ამ ბოლო კვლევაში. მისი თქმით, ძირითადი ტენდენცია იგივეა. წამყვანი არის „ქართული ოცნება“ და პატარა პარტიები კიდევ უფრო დაპატარავდნენ, მაგრამ საითკენ მიდის ეს ტენდენციები, ეს არის ძნელი სათქმელი.
„რამე გამიზნული აქვთ ამ უცხოელ სოციოლოგიურ ჯგუფებს, თუ შემთხვევითი არის ეს არეულობა, ამის თქმა მიჭირს. შეიძლება მიზანი იყოს საზოგადოებრივი აზრის შეჩვევა. პრაქტიკულად, ამ ჯგუფებს არასოდეს პოლიტიკურად ნეიტრალური ნაბიჯები არ გადაუდგიათ და ისინი გარკვეულ პოლიტიკურ კალაპოტში ექცეოდნენ. ახლა რას აკეთებენ, აი, ეს არის გაუგებარი. ეს რომ იყოს სრულიად ნეიტრალურად ჩატარებული გამოკვლევები, მაშინ არ უნდა იყოს ამხელა სხვაობები.
2-5% ცდომილება უწერიათ და თან, თითოეულზე, ეს ნიშნავს, რომ ობიექტური რეალობიდან შეიძლება აცდენა ჰქონდეს მაქსიმუმ 5%. ახლა ვხედავთ, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული არიან 10-20%-ით. რა რეალობიდან არინ აცდენილები, კაცმა არ იცის და ამიტომ, არ ჯდება იმ ვერსიაში, რომ გამოკვლევების ეს რაუნდი არის დაუინტერესებელი, ხელით გაკეთებული, მაგრამ რა ინტერესი დგას ამათ უკან, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ძნელი მისახვედრია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ კვლევები, ალბათ, ზუსტად არ ასახავს იმ განწყობებს, რაც არის მოსახლეობაში, მაგრამ ტენდეციებს და განწყობებს ასახავს ყოველთვის. ამ ტენდეციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მისი თქმით, ეს კვლევა წინა კვლევებისგან განსხვავებით დიდად განსხვავებული არ არის. პროცენტებით განსხვავებულია, თუმცა ამ პროცენტებსაც თავისი ახსნა შეიძლება ჰქონდეს და იმ დამოკიდებულებასაც, რაც არის დღეს საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური სპექტრის მიმართ.
„ერთადერთი, რაც სერიოზულია და რაც წინა კვლევებში არსად არ მინახავს, „ნაციონალური მოძრაობის“ 4%, ეს არის კატასტროფა. არასოდეს ჰქონია ასეთი დაბალი რეიტინგი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ პროცესებს, რაც ხდება ამ პარტიაში ბოლო ათი თვის განმავლობაში, თითქოს ესეც არ უნდა იყოს გასაკვირი.
რაც შეეხება ნდობას, მოსახლეობას არ აქვს ნდობა ამ პოლიტიკური სპექტრისადმი და ეს ფაქტია. წინა კვლევებში ცოტა დიდი პროცენტები იყო - 29% იყო „ქართული ოცნების“ და 13% „ნაციონალური მოძრაობა“ - „გახარიას საქართველოსათვის“, მაგრამ პოლიტიკური სპექტრი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ასეთი გამანადგურებელი პროცენტები ჰქონდეს. შესაბამისია კვლევაც“, - ამბობს ძაბირაძე.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, თუ, ოპოზიცია არ ჩამოყალიბდა და რაღაცა რადიკალური ზომები არ მიიღო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ გარანტირებული აქვს უმრავლესობა და ასევე არ გამორიცხავს, რომ 5%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს.
„ნაცმოძრაობაში“ როგორც კი გაყოფის პროცესი დასრულდება, შემდეგ გამოჩნდება სურათი. არ ველოდი, მოულოდნელი იყო, ვფიქრობდი და ახლაც მგონია, არჩევნები რომ იყოს ხაბეიშვილის და მელიას ნაწილმა პრინციპში უნდა გადალახოს 5%-იანი ბარიერი. მაგრამ, თუ ასეთი ვითარება დარჩა და რაიმე სიახლე არ შესთავაზეს თავის ამომრჩეველს, ძალიან გაჭირდება, რომ მათ რაიმე რეიტნგი შეინარჩუნონ, ისევე როგორც მთელმა ოპოზიციამ. კატასტროფული შედეგებია. არ ვიცი კვლევის ასეთი შედეგები ოდესმე იყო თუ არა. ხელისუფლების რეიტინგი 20%-მდეა, დანარჩენი ოპოზიციის რეიტინგი საკმაოდ დაბალია. ძალიან მძიმე კვლევაა, მაგრამ ამასთანავე, სამწუხაროდ, რეალობასთან ახლოს არის “, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია მათი ჩატარების პერიოდი - 2023 წლის ოქტომბერი. მისი თქმით, ეს ის დროა, როდესაც მავნებელთა ლეგიონი სერგი კაპანაძის მეთაურობით ჯერ კიდევ არწმუნებს ევროპას, რომ საქართველო არაა სტატუსის მინიჭების ღირსი, ხოლო მაკკეინის ინსტიტუტი კვლავ პუტინის დამარცხების მიმართულებით აწვება საქართველოს.
„ეს ის პერიოდია, როდესაც ევროკომისიას ჯერ არ გამოუცხადებია თავისი გადაწყვეტილება - საქართველოსთვის EU სტატუსის მინიჭების თაობაზე. სულ რაღაც ერთი თვე და კვლევების შედეგები, ალბათ, სულ სხვა იქნებოდა. ერთ წელიწადში 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, გაიზარდა იმ რესპოდენტთა რიცხვი, ვინც საქართველოში დაცულად გრძნობს თავს - 69%. ქვეყნის მომავლის მიმართ მხოლოდ 14% არაა ოპტიმისტურად განწყობილი. მთავარ ეკონომიკურ გამოწვევებს შორის „კორუფცია/ნეპოტიზმი“ დასახელებულია ბოლო ადგილას. გაიზარდა და უმრავლესობაშია მოსახლეობის იმ კატეგორიის რიცხვი, ვისაც დამაკმაყოფილებელი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს.
შემცირდა გამოკითხულთა რიცხვი, ვინც თვლის რომ ქვეყნის საგარეო კურსი ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს: აქ კვლავ ლიდერობენ ევროკავშირი და აშშ, მაგრამ NATO-ს - რუსეთმა გაასწრო. საინტერესოა, რომ ჩინეთის თაობაზე მკვლევარებს კითხვა არ დაუსვამთ. გამოკითხულ ოპოზიციის მომხრეთა ყოველი მეხუთე, ხოლო ხელისუფლების მხარდამჭერთა ყოველი მესამე - რუსეთთან ურთიერთობების დამყარებას უჭერს მხარს.
NDI ტრადიციული რჩება თავის გამოკითხვებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის პრიორიტეტულობის განსაზღვრისას - წელსაც ეს თემა რატომღაც მხოლოდ 23%-ს აღელვებს, რაც პირადად ჩემში მთლიანად ამ მკვლევარის მიმართ კვლავინდებურად დიდ უნდობლობას იწვევს. კვლავ „ბალასტად“ სურთ წარმოაჩინონ სოხუმიც და ცხინვალიც“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
ასე იცის ევრო დეპუტატების და მთავრობის ბლატაობამ!
ეფემერული სტატუსის მოლოდინმა ერი გამოაფხიზლა, დააფიქრა და გადაწყვეტილებაც მიაღებინა: მიშმაკ I სოციოპატ-ნაცარასტის შემოტენამ, არამ ევროებზე და დოლარებზე დახარბებამ, ერის ცალ ფეხზე დაყენების და დაჩოქების დაუძინებელი მეგობრების აუხდენელმა სურვილმა!
მთავრობას პრაგმატული გადაწყვეტილება მიაღებინა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორების ხელშეკრულების დასადებად!
ანუ, არც რუსეთის ვარ, არც დასავლეთის, გყავდეთ უკრაინა და მოლდავეთი, ვისთანაც მინდა იმასთან ვიმეგობრებ ქვეყნის მომავალისათვისო!