მოულოდნელად მესამე კვარტალში უცხოური ინვესტიციების რაოდენობა შემცირდა. მართალია შედეგი მანიც სახარბიელოა, მაგრამ კლება აშკარაა. მიუხედავად ამისა, მთავრობაში პოზიტიურ პროგნოზს ინარჩუნებენ.
2023 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა – 316.0 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სამი კვარტლის ჯამში 1,388 მლრდ დოლარი შეადგინა. „საქსტატის“ ცნობით, ინვესტორი ქვეყნების მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია აშშ-დან განხორციელდა, შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და თურქეთი. 2023 წლის სამ კვარტალში ასევე ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში, სადაც ინვესტიციამ მთლიანი ინვესტიციის 24.6% შეადგინა. შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი და ენერგეტიკა.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების კუთხით მომავალ წლებშიც გაგრძელდება.
„ინვესტიციის არსებული მაჩვენებელი უკავშირდება რამდენიმე კომპონენტს, კერძოდ, სააქციო კაპიტალში ინვესტიციები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 2,5-ჯერ მეტია. ასევე, სააქციო კაპიტალისა და რეინვესტირების ჯამური მოცულობა 30 პროცენტითაა გაზრდილი, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კვარტალურ ჭრილში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კიდევ ერთი დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა – საუბარია კომპანიების მიერ სავალო ვალდებულებების გასტუმრებაზე დამფუძნებელი კომპანიების მიმართ, რაც განაპირობა ხელსაყრელმა ბიზნესგარემომ და კომპანიების მიერ შემოსავლების გენერირებამ.
„საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების კუთხით მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ჩვენი პრიორიტეტია ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, რაც ქვეყანაში ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, მოაქვს ცოდნა და ახალი ტექნოლოგიები“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მთავრობის ოპტიმიზმი გასაგებია, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. საქმე ისაა, რომ 2023 წლის III კვარტალში ინვესტიციებმა, წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მკვეთრი კლება განიცადა. ცვლილება 60%-ს აჭარბებს, რისი მიზეზიც, გასულ წელს განხორციელებული მსხვილი გარიგება გახდა.
კერძოდ, როგორც PMC კვლევითი ცენტრის კერძო სექტორის კვლევის ხელმძღვანელმა ნიკა კაპანაძემ აღნიშნა, წელს ესპანური კომპანია აქუალიას მიერ GWP-ის წილის შესყიდვამ ინვესტიციებზე დიდი გავლენა მოახდინა და სტატისტიკურ მონაცემებზეც შესაბამისად აისახა.
„2022 წელს ინვესტიციების ძალიან მაღალი მოცულობა დაფიქსირდა, რადგან ესპანურმა „აქუალიამ“ GWP-ის 80%-იანი წილი იყიდა. ეს ტრანზაქცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რამაც მთელი ინვესტიციების დაახლოებით 22% შეადგინა, ამიტომ არის კლება ასეთი გამოკვეთილი“, - განმარტა კაპანაძემ.
მისი თქმით, ინვესტიციებზე მიგრანტების გავლენა ნაკლებად იგრძნობა, თუმცა წინა წელს უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტირებაში ამ ფაქტორის აშკარა გავლენა გამოიკვეთა.
„მიგრანტების ეფექტი ნაკლებად ჩანს, მსხვილი ტრანზაქციები რაც არის, ის უფრო მოქმედებს მთლიან სურათზე. ამიტომ მიგრანტებზე ცალსახად ვერ ვიტყოდით, ჩაშლილად არც გვაქვს ეს სტატისტიკა. თუმცა 2022 წელს უძრავ ქონებაში იყო ყველაზე დიდი ინვესტიცია. ალბათ, სპეკულაციური ფაქტორიცაა, არ ვიცით, ნამდვილად იყო თუ არა ეს ეფექტი მიგრანტების ხარჯზე, თუმცა ამ ვარაუდს არსებობის უფლება ნამდვილად აქვს. მთლიანობაში, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში საინვესტიციო გარემო არც ისე პერსპექტულია, რა სიტუაციაშიც ახლა ვართ, კარგი მაჩვენებლებია“, - ამბობს ნიკა კაპანაძე.
რაც შეეხება განხორციელებულ ტრანზაქციას, ცნობილია, რომ გასულ წელს ესპანურმა კომპანია „აქუალიამ“ 180 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რის სანაცვლოდაც შეიძინა კომპანია Georgian Water and Power-ის 80%-იანი წილი. დანარჩენი 20%-იანი წილის ფლობას კვლავ საქართველოს კაპიტალი განაგრძობს.