ილჰამ ალიევმა, რომელიც ქვეყანას 20 წელია მართავს, მოულოდნელად, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. უცნობია ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზეზი. საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2025 წელს უნდა ჩატარებულიყო. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს გაიმართა, მომდევნო არჩევნები 7 წლის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო. ილჰამ ალიევი პრეზიდენტად პირველად 2003 წელს აირჩიეს, მამის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე.
პრეზიდენტად არჩევიდან პირველი რაც გააკეთა, გააუქმა კანონი, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის პრეზიდენტობა მხოლოდ ზედიზედ ორი ვადით იყო შესაძლებელი. ამის შემდეგ კი პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაზარდა. ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ილჰამ ალიევი აპირებს თანამდებობა შვილს, ჰეიდარ ალიევ უმცროსს გადასცეს.
მაშ ასე, 2024 წლის 7 თებერვალს აზერბაიჯანის მოსახლეობა ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო ვადას კიდევ 7 წლით გაუგრძელებს. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, ალიევს საპრეზიდენტო ვადა 2025 წელს ეწურებოდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელსაც მოსახლეობამ ალიევი სწორედ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში აირჩია. ამის შემდეგ კი აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, ის 2020 წლის ნოემბრის ნაცვლად 2020 წლის 9 თებერვალს გაიმართა და უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ალიევის პარტიამ აიღო.
ბოლო 20 წელია აზერბაიჯანში ოპოზიციას გავლენა არ აქვს. ალიევს კონკურენტები ჰყავს, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ აქვთ და მით უმეტეს ახლა, როდესაც რუსეთთან დაახლოების ფონზე, ილჰამ ალიევა შეძლო და აღადგინა ყარაბახის ტერიტორიული მთლიანობა. მოქმედი პრეზიდნტის განცხადებით, მაშინ, როდესაც სომხები და აზერბაიჯანელები გვერდიგვერდ ცხოვრობენ საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში, რატომ არ შეუძლიათ ყარაბაღიდან წასულ სომხებს იგივენაირად იცხოვრონ სომხეთსა და აზერბაიჯანში?!
„აზერბაიჯანი მრავალეთნიკური ქვეყანაა და არც ერთ ეთნიკურ ჯგუფს აზერბაიჯანში არასოდეს განუცდია რაიმე შიში ან პრობლემა რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნით. ამის დადასტურება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც იცნობს აზერბაიჯანს. სხვათა შორის, სომეხი მოსახლეობა დღეს უპრობლემოდ ცხოვრობს აზერბაიჯანის სხვადასხვა კუთხეში“, - აცხადებს ილჰამ ალიევი.
აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის „სახალხო ფრონტის“ ხელმძღვანელი ალი ქერიმლი ამბობს, რომ ილჰამ ალიევის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა 2024 წლის 7 თებერვალს ამ საკითხის ყოველგვარი სახალხო განხილვის გარეშე, არის რეჟიმის მიერ არჩევნების ფალსიფიკაციისთვის მზადება. მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და ჟურნალისტების გახშირებული დაკავებები ბოლო თვეებში სწორედ ამ ფალსიფიკაციისთვის მზადებას ნიშნავს. ხოლო ის ფაქტი, რომ არჩევნები მოულოდნელად ჩატარდება, ოპოზიციას მათთვის მომზადების შესაძლებლობას ართმევს, ანუ არჩევნები უკონკურენტო იქნება. ქერიმლი ასევე არჩევნების გადატანას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს, რომელიც მარტში ჩატარდება.
„თუ პუტინი, რომელსაც ალიევი ბოლო დროს ძალიან დაუახლოვდა, ახლო მომავალში სამხედრო მარცხს განიცდის და რუსეთში პოლიტიკური კრიზისი დაიწყება, ილჰამ ალიევი თავის უფლებამოსილებას უკონკურენტო და გაყალბებული არჩევნების გზით გააგრძელებს, ვიდრე პუტინის რეჟიმი ჯერ კიდევ არსებობს“, - ამბობს ალი ქერმილი.
აზერბაიჯანი რომ რუსეთს უწევს ანგარიშს, ამის შესახებ საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, თუ ამ კუთხით შევხედავთ, შეიძლება, საფიქარელი იყოს ეს და ბევრი სხვა ასპექტი. მისი თქმით, ნიშანდობლივია განცხადებები პუტინის ჯანმრთელობაზე, თუკი რუსული პოლიტიკისკენ ორიენტაციის კუთხით გავაანალიზებთ, არ არის გამორიცხული, რომ ალიევის მიზანი იყოს პუტინის სიცოცხლეშივე გაიმყაროს პოზიციები.
„შეიძლება სხვა ვერსიებიც იყოს, რომელსაც ისე ცხადად ვერ ვხედავთ და მაგალითად, თურქული ინტერესები. ნებისმიერ ანალოგიურ ნაბიჯს და უფრო მცირე მასშტაბის ნაბიჯსაც კი საეჭვოა, რომ ალიევი ერდოღანთან შეთანხმების გარეშე გადააგამს. ასე რომ, შეიძლება რაღაცა სხვა ტიპის თამაშები მწიფდებოდეს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ერდოღანი ძალიან აქტიურ პოზიციებს იკავებს ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებაში.
ამ დაპირისპირების ჭრილშიდაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს იმას, რა მდგომარეობაში იქნება აზერბაიჯანი, თუ მაგალითად, ერდოღანს პარტნიორ ქვეყნად დასჭირდა აზერბაიჯანი. ერდოღანს შეიძლება დასჭირდეს სრულფასოვანი პრეზიდენტი და არა კოჭლი იხვი. ანუ, ისეთი პრეზიდენტი, რომელიც დღე-დღეზე უნდა წავიდეს თანამდებობიდან. შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც დანიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს, პოლიტოლოგის შეფასებით, ლაპარაკი ოპოზიციის შანსებზე, ბევრი თვალსაზრისით, ცოტა გაზვიადებულია, რადგან მოსახლეობას აქვს ორიენტაცია ოფიციალურ ლიდერზე და ეს მუსულმანური მოსახლეობაა, რომლისთვისაც უპირველესად არსებობს ოფიციალური ლიდერი.
„მეორე - მეეჭვება, რომ ამ დარჩენილ დროში რომელიმე ოპოზიციურმა ჯგუფმა, რომც წითელი ხალიჩა დაუგონ და მაქსიმალურად გაანებივრონ, მოახერხოს ისე წარმოაჩინოს თავის თავი, რომ მის კანდიდატურას რეალური წონა ჰქონდეს ალიევის პარტიის საპირწონედ. ჩვენ, ჩვენს ოპოზიციას დავტირით, რომ შემოგვადნა ხელშიო და აზერბაიჯანში უკვე დიდი ხნის დამდნარია. ამიტომ, ლაპარაკი ოპოზიციის შანსებზე, ბევრი თვალსაზრისით, ცოტა გაზვიადებულია. მით უმეტეს, თქვენ ხაზი გაუსვით იმას, რომ ბოლოს და ბოლოს ეს აზერბაიჯანის განმთლიანების წელია, რომელშიდაც ლომის წვლილი მიუძღვის ალიევს და საეჭვოა, რომ მისი ეს დიდი კოზირი არ გამოიყენოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი თვლის, რომ აზერბაიჯანში განვითარებული მოვლენების ანალიზი და წარმატებები საგარეო ფრონტზე, ალიევს გარადმავალ უპირატესობას მიანიჭებს და მისი პოლიტიკური ბლოკი გამარჯვებული გამოვა. შესაბამისად, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ წარმატების ფონზე, ალიევი ამ ქმედებით, მართალია, ასწრებს მოვლენებს, რაღაცა პერიოდს იჭრის, მაგრამ მეორე მხრიდანაც რაღაცა პერიოდს იმატებს.
„ამ ეტპაზე ჩვენ ვსაუბრობთ საგარეო ფრონტზე წარმატებაზე, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარებოს ახალი გადანაწილების პროცესი მსოფლიო არენაზე. მე, მაინც ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი წარმატება არის აზერბაიჯანისათვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა გარკვეული თანაფარდობა შეიცვლება, სომხეთი კვლავ იბრძოლებს იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რაც დღეს მის კონტროლს უკვე აღარ ექვემდებარება.
ვფიქრობ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა გარკვეული პროცესებისადამი, ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო ასპარეზზე დადებითი იმიჯის შექმნისათვის ნებისმიერი პოლიტიკოსისათვის არის ხელსაყრელი პირობების შექმნა, მათ შორის პოლიტიკური დაზვერვის ინტერესების განსახორციელებლად. მე ამას მივაწერ ალიევის გადაწყვეტილებას. მას სჭირდება საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ ის მხარდაჭერილია საკუთარი ერის მიერ.
ამ მდგომარეობით, რაც ალევმა განახორციელა ყარაბახის შემთხვევაში, ამ ეტაპზე ალტერნატივა არ ჰყავს, მიუხედავად იმისა, თუ გავითვალისწინებთ ოპერატიული ვითარების ყველა ელემენტს, საზოგადოების უმრავლესობაში მაინც ექნება მხარდაჭერა, ყველა იმ უარყოფითი პროცესების გათვალისწინებით, რაც აზერბაიჯანში მიმდინარეობს და ხდება“, - აცხადებს კუხალაშვილი.
რაც შეეხება ალიევის გონივრულ პოლიტიკას, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თვლის, რომ მან სწორი ნაბიჯები გადადგა, იპოვა ქოლგა, რომლის მეშვეობითაც მისი ეროვნული უსაფრთხოების მდგრადობა გარკვეული და მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში შეინარჩუნა, რაც, სამწუხაროდ, ვერ გააკეთა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ და ისე დაიწყო საომარი მოქმედებები, რომ რეალურად, საქართველოს არ გაგვაჩნდა იმ დონის სტრატეგიული პარტნიორი, რომლის მხარდაჭერით შევძლებდით დაგვებრუნებინა ის ტერიტორიები, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით.
„ეს განსხვავებაა აზერბაიჯანის პრეზიდენტის გონივრულ პოლიტიკასა და ჩვენს ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული საგარეო და საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეული რელიგიური თანხვედრა მონათესავე ჯგუფების კუთხით, აზერბაიჯანის ოპერატიული ვითარებისათვის ერთ-ერთი ხელსაყრელი გარემოება გახდა და, პრაქტიკულად, შესაძლებელია, რომ მოვლენთა დაძაბვის შემთხვევაში, ჩვენი რეგიონი კვლავ იქცეს ფეთქებად საშიშ ზონად. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მოვლენების განვითარება კიდევ წინა გვაქვს.
თანამედროვე ეტაპზე დიდი აფეთქების მოლოდინი ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია საერთაშორისო არენაზე განვითარებულ მოვლენებზე. სომხეთის ხელისუფლების არასწორმა საგარეო პოლიტიკამ, პრაქტიკულად, საფრთხის ქვეშ დააყენა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოება. სომხეთში უკვე არის ყველა კომპონენტი და ალბათობის მაღალი ხარისხი არსებობს იმისა, რომ ხელისუფლება ძალადობრივად იქნას დამხობილი.
ამიტომ მოვლენათა განვითარება ჯერ კიდევ წინ გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიმორებ - როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური დაზვერვის მიმართულებით, სომხეთს გააჩნია მნიშვნელოვანი ლობი. ამ ლობის მიერ სხვა და სხვა ინტერესების გაჟღერება და მათი მხარდაჭერა შესაძლებელია გარკვეული ცვლილებების საფუძველიც კი გახდეს სამხრეთ კავკასიაში“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
თუ მართლა ჩვენი მეგობარია დაგვიბრუნოს გარეჯი ....... ხო ისედაც ძალიან კარგად იცის სინამდვილეში ვისიცაა??..... შარშან ეს ოცნება ჯიგარზე ხელს რო ირტყამდა გარეჯს დავიბრუნებთო და ეხლა რატო არიან გაჩუმებულები??
რაო .... არაოოოოო ??
მიშასგან თუ ალიევმა 80 მილიონად იყიდა ბიძომ 160 მისცეს და დაუბრუნოს გარეჯი საქარეთველოს
ეს როგოა...............ჩვენ ვართ ყველას მეგობარი და ჩვენი კიდევ არავიინ???
და კიდევ............ მე მაწუხებს ეს ამბავი და მთავრობაში არაააა???
თუ აწუხებთ კიდევ რას უყურებენ, რატო არიან ესე გასუსულები??
საინგილო ხო წაღებული აქვთ და ნახევარი მარნეულიც(საცაა ავტონომიას მოგვთხოვენ) ...................... დაგვიბრუნონ გარეჯი
რატო მარტო რუსეთი ოკუპანტი და თურქეთი კიდევ ჩვენი მეგობარი??
თურქეთს ორჯერ მეტი აქვს ჩვენზე წართმეულ;ი და ის მეგობარიაააა????
დადგა დრო დავჯდეთ რიონის სანაპირუზე, რომელიც მთავარი ქართული მდინარეა და დაველოდოთ საქართველის შინაური და გარეული დაუძინებელი "მეგობრების" შავი ზღვის ნაპირებზე გვამების ჩამოტანას!!!!!!!!!!
სანამ პეტრე მოვიდა, პავლეს ტყავი გაააძრესო....როდისღა ???
ისიც ხომ გვითხრეს ცოტა ხელი შენც გაანძრიეო...როდისღა ??
.მარტო მდინარის ყურება ხეირს არ მოგვცემს